From Wikipedia, the free encyclopedia
ბრაუნშვაიგი (გერმ. Braunschweig) — დიდი ქალაქია გერმანიაში, ქვემო საქსონიის მხარის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში. ჰანოვერის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქია ქვემო საქსონიაში. ბრაუნშვაიგი არის 2005 წელს დაარსებული მეტროპოლიტური რეგიონის – ჰანოვერი–ბრაუნშვაიგი–გეტინგენი–ვოფსბურგის ნაწილი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბრაუნშვაიგი Braunschweig | |||||
ბრაუნშვაიგი | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | ქვემო საქსონია | ||||
შიდა დაყოფა | 22 საქალაქო რაიონი | ||||
კოორდინატები | 52°16′09″ ჩ. გ. 10°31′16″ ა. გ. | ||||
მმართველი | Thorsten Kornblum[1] | ||||
დაარსდა | 861 | ||||
ფართობი | 192,13 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 70 მ | ||||
მოსახლეობა | 245 810 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 1279 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | გერმანელები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, UTC+2 და ზაფხულის დრო | ||||
სატელეფონო კოდი | +1 | ||||
საფოსტო ინდექსი |
0531, 05300, 05303, 05307, 05309, 05341 | ||||
საავტომობილო კოდი | BS | ||||
ოფიციალური საიტი | braunschweig.de | ||||
ქალაქის ისტორია იწყება XI საუკუნიდან. ჰაინრიხ ლომის დროს ქალაქი სწრაფად განვითარდა და ძლიერ, მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად იქცა, რომელიც XIII საუკუნის შუა წლებიდან ჰანზას კავშირს ესუთვნოდა. ბრაუნშვაიგი იყო ამავე სახელწოდების მხარის (მიწის) დედაქალაქი, სანამ იგი 1945 წელს ახლად შექმნილ ქვემო საქსონიის მიწას არ შეუერთდა.
დღეს ბრაუნშვაიგი მნიშვნელოვანი დასახლებაა მეცნიერებისა და კვლევებისათვის. მას მინიჭებული აქვს ტიტული „მეცნიერების ქალაქი 2007“.
ბრაუნშვაიგი მდებარეობს ჰარცის მთისწინეთის ჩრდილოეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობს შორის, წინათ ჭაობიან მიწაზე, მდინარე ოკერის ორივე ნაირზე. ქალაქის სამხრეთით მდებარე კაშხლის გავლის შემდეგ ოკერი ორ ტოტად იყოფა, ბრაუნშვაიგის ცენტრს გარშემო უვლის (აღმოსავლეთით და დასავლეთით) და ჩრდილოეთით ისევ ერთდება. მდინარის ამგვარი დინება შუა საუკუნეებში ქალაქის უკეთ დაცვას უწყობდა ხელს. კიდევ ორი კაშხლის საშუალებით ქალაქში მდინარის წყლის დონე რეგულირდება. ბრაუნშვაიგის სხვა მდინარეებია ვაბე და მიტელრიბე, რომლებიც შუნტერში ჩაედინებიან.
ქალაქის ფართობი შეადგენს 192 კმ2–ს, საზღვრის სიგრძე – 89 კმ–ს. ჩრდილოეთიდან სამხრეთ საზღვრამდე 19,1 კმ–ია, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე – 15,7 კმ. ბრაუნშვაიგის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 70 მეტრია. უმაღლესი წერტილია მთა გაიტელდერი 111 მ სიმაღლით, ხოლო ყველაზე დაბალი წერტილი 62 მ სიმაღლეზეა ზღვის დონიდან.
საათის ისრის მიმართულებით (ჩრდილოეთიდან დაწყებული) ბრაუნშვაიგს ესაზღვრება შემდეგი დასახლებები: ლერე (ჰელმშტედტის რაიონი), კრემლინგენი, ზიკტე და ვოლფენბიუტელი (ვოლფენბიუტელის რაიონი), ზალცგიტერი (თვითმმართველი ქალაქი), ვეხელდე და ვენდებურგი (პაინეს რაიონი), შვიულპერი, ფორდორფი და მაინე (გიფჰორნის რაიონი).
ახლოს მდებარე დიდი ქალაქებია: ვოლფსბურგი, 35 კმ ჩრდილო–აღმოსავლეთით; ჰანოვერი, 65 კმ ჩრდილო–დასავლეთით; ჰილდეშაიმი, 45 კმ დასავლეთით; მაგდებურგი, 90 კმ აღმოსავლეთით; ასევე სამხრეთით მდებარე ორი ქალაქი – ზალცგიტერი (23 კმ) და გეტინგენი (110 კმ).
ბრაუნშვაიგი 1981 წელს დაიყო 22 საქალაქო რაიონად (მიკრორაიონად). თითოეულ რაიონს გააჩნია ხალხის მიერ არჩეული საკუთარი მუნიციპალური საბჭო და მისი თავმჯდომარე. მუნიციპალური საბჭოს წევრების რაოდენობა, მიკრორაიონის მოსახლეობის მიხედვით, 7–დან 19–მდე მერყეობს. საქალაქო რაიონების თავდაპირველი რიცხვი ათი წლის შემდეგ 21–მდე შემცირდა, ხოლო მომდევნო 10 წლის შემდეგ 20–მდე. ტერიტორიულ ცვლილებებთან ერთად ზოგიერთ მიკრორაიონს შეეცვალა ნომერიც. ქვემოთ მოცემულია ბრაუნშვაიგის 20 ტერიტორიული ერთეული ძველი და ახალი (ახალი/ძველი) ნომრებითურთ:
ბრაუნშვაიგი მოქცეულია ზომიერ სარტყელში და წარმოდგენილია გარდამავალი კლიმატი ოკეანურსა და კონტინენტურს შორის. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 8,8 °C-ს, ჰაერის საშუალო ტენიანობა – 79%. ცივი დღეები უფრო მეტია (0 °C–ზე დაბალი ტემპერატურა, საშუალოდ 74 დღე), ვიდრე ცხელი (25 °C-ზე მაღალი ტემპერატურა, საშუალოდ 25 დღე). საშუალოდ, 189 დღეში მოდის 618 მმ ნალექი.
1867 წლისათვის ბრაუნშვაიგის მოსახლეობა 50 000–ზე მეტი იყო. 1890 წელს გაიზარდა 100 000–მდე, ამგვარად ბრაუნშვაიგი გერმანიის დიდი ქალაქების სიაში შევიდა. 1939 წლამდე ეს რიცხვი გაორმაგდა და 200 000 შეადგინა. 1944 წლის ოქტომბერში, ომის გამო უკვე თითქმის ბოლომდე დანგრეულ ქალაქს ჯერ კიდევ 150 000 მოსახლე ჰყავდა. 1974 წელს ბრაუნშვაიგის მოსახლეობამ, ტერიტორიული რეფორმის შედეგად მაქსიმუმს მიაღწია და 271 213 შეადგინა, რის შემდეგაც მასიური მიგრაციისა და სხვა დემოგრაფიული კომპონენტების გამო ქალაქში დაიწყო მაცხოვრებელთა რაოდენობის შემცირება და 2004 წლის ბოლოსთვის 240 000–მდე დაეცა. 2006 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით ბრაუნშვაიგის მოსახლეობა შეადგენს 245 467 კაცს, ხოლო სიმჭიდროვე – 1278 კაცს ერთ კვადრატულ კილომეტრზე.
მოსახლეობის ნაწილი საუბრობს ქვემო საქსონური ენის ერთ–ერთ დიალექტზე – ოსტფალურზე. ლიტერატურული გერმანულის (ზემო გერმანულის) დიალექტურ სახესხვაობას ბრაუნშვაიგში „ბრაუნშვაიგულს“ უწოდებენ. ზემო გერმანული ენის „ბრაუნშვაიგული“ დიალექტი ხასიათდება “A” ბგერის გრძელი გამოთქმით (“Klare A” – სიტყვასიტყვით – გამჭვირვალე A).
ქალაქის ადგილობრივი სახელწოდებაა ბრუნსვიკი (Brunswiek, სავარაუდოდ მომდინარეობს Bruns Wik–იდან, საიდანაც Wik უნდა ნიშნავდეს სავაჭრო ადგილს, ქალაქს.). Brunswiek-ის ლიტერატურული გერმანული ვარიანტი – Braunschweig, პირველად 1573 წელს გამოჩნდა და XIX-XX საუკუნეებში ხალხში გავრცელდა, თუმცა მიღებულია ასევე ქალაქის ძველი, ისტორიული სახელიც.
ბრაუნშვაიგის მიდამოებში აღმოჩენილ ნივთებს შორის ყველაზე ძველია 270 000 წლის წინანდელი ე. წ. შენინგერის შუბი. თვითონ ქალაქშიც, განსაკუთრებით ვენდენის უბანში ნაპოვნია ქვისა და ბრინჯაოს ხანისა, ასევე გამყინვარების დროინდელი ექსპონატები, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე ძველი დასახლები, კოლონიის არსებობას ამტკიცებს.
ძველი გერმანელების დროს ბრაუნშვაიგის მიდამოები სავარაუდოდ დასახლებული იყო ხერუსკებითა და ანგრივარიებით, შესაძლოა ელბეს გერმანელებითაც, რომლებიც დროთა განმავლობაში გაიფანტნენ და შეერივნენ საქსებს. საქსონური ტომები, ჩვ. წ. 500 წლისთვის იყვნენ ამ რეგიონში გაბატონებული. ამ დროდან გამოვლენილია საქსონური დასახლებებიც. დაუდგენელია იყო თუ არა დღევანდელი ქალაქი ბრაუნშვაიგის ტერიტორიაზე საქსური დასახლება, რომელიც საქსონური ომების შედეგდ განადგურდა.
ქალაქის დაასრებასა და შემდგომ განვითარებაში დიდი გავლენა იქონია მდინარე ოკერმა. იგი ჩვ. წ. 800 წლიდან წარმოადგენდა საზღვარს ჰალბერშტადტისა და ჰილდეშაიმის საეპისკოპოსოებს შორის და ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას ქალაქში. სავარაუდოდ IX საუკუნეში მდინარის ორივე მხარეს შეიქმნა დასახლებები – ბრუნსვიკი და დანკვარდეროდე. ბრაუნშვაიგული ლეგენდის თნახმად, პირველი დასახლება აქ 861 წელს დაარსდა. თუმცა ამ წყაროს ჭეშმარიტებაში დღეს ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რადგან პირველი უტყუარი წყარო აქ დასახლების არსებობის შესახებ 1031 წელს ეკუთვნის.
ბრაუნშვაიგის მმართველები X საუკუნიდან იყვნენ ბრუნონები, ბრუნოს (თქმულების თანახმად, ქალაქის დამაარსებლის) შთამომავლები. 1142 წელს ბრაუნშვაიგისა და მთლიანი საქსონიის მმართველი გახდა ჰაინრიხ ლომი, საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგი.
ჰაინრიხ ლომის მმართველობის დროს ბრაუნშვაიგი ძლიერ ქალაქად იქცა. ჰაინრიხი ქალაქს საკუთარ რეზიდენციად აშენებდა. მან გაადიდებინა დანკვარდეროდეს ციხე–სიმაგრე და ააშენა ბრაუნშვაიგის ტაძარი. ჰაინრიხმა საკუთარ სიმბოლოდ აირჩია ლომი, და თავისივე აშენებული ტაძრის წინ 1166 წელს ბრინჯაოს ლომის ქანდაკება დაადგმევინა. ამ დროიდან ლომი ბრაუნშვაიგის სიმბოლოდ იქცა.
ბრაუნშვაიგ–ლიუნებურგის საჰერცოგო, რომელიც ველფების საგვარეულო ტერიტორიებს ეკუთვნოდა, 1267–1269 წლებში დაიშალა ლიუნებურგისა და ბრაუნშვაიგის სამთავროებად. ბრაუნშვაიგი გახდა სამთავროს მთავარი ქალაქი და ასევე ველფების საგვარეულოს ბრაუნშვაიგული შტოს რეზიდენცია.
1432 წელს ბრაუნშვაიგმა მიიღო საკუთარი ქალაქური დამოუკუდებლობა, რის შემდეგაც ქალაქის მმართველებმა მზარდი დაძაბულობის გამო რეზიდენცია ბრაუნშვაიგის ახლოს, ვოლფენბიუტელში გადაიტანეს. ძველი დროისა და შუა საუკუნების ბრაუნშვაიგი, პარიზთან და გენტთან ერთად ევროპის ერთ–ერთი არეული ქალაქი იყო, სადაც ხშირად ხდებოდა კონფლიქტები და სამოქალაქო განხეთქილებები.
ბრაუნშვაიგი ეკონომიკურად ვითარდებოდა თავისი მოხერხებული მდებარეობის წყალობით მდინარე ოკერზე, რომელიც ბრაუნშვაიგიდან სანაოსნოდ გამოიყენებოდა. ამის გამო ბრაუნშვაიგი მალე მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქად გადაიქცა, რომელიც XIII საუკუნის შუა წლებიდან ჰანზას კავშირის წევრი გახდა.
თავდაპირველად ქალაქის სათავეში ფოგტები იდგნენ, უკვე XII საუკუნიდან კი თანამდებობებს ქალაქის მაცხოვრებლები იკავებენ. 1386 წლისათვის ქალაქის საბჭოში 105 წევრი იყო, 1614 წლიდან კი – 54.
1671 წელს ბრაუნშვაიგი კვლავ ბრაუნშვაიგ–ვოლფენბიუტელის საგრაფოს დაუქვემდებარდა, რითაც მისი ქალაქური თვითმყოფადობა დასრულდა. 1753 წელს კი რეზიდენცია ისევ ბრაუნშვაიგში, ახლად აშენებულ ბრაუნშვაიგის სასახლეში განთავსდა. ჰერცოგის ოჯახს ბრაუნშვაიგში დაბრუნებისას ვოლფენბიუტელის 4000–ზე მეტი მცხოვრები გამოჰყვა და ბრაუნშვაიგში დასახლდა, რასაც ვოლფენბიუტელის მოსახლეობის შემცირება მოჰყვა.
მას შემდეგ, რაც ქალაქმა დამოუკიდებლობა დაკარგა (1671), მას გააჩნდა 16 წევრისაგან შემდგარი საჭო, რომელსაც ჰერცოგი ამტკიცებდა. საბჭოს სათავეში იდგა ბიურგერმაისტერი (Bürgermeister – ქალაქის მერი).
ტილზიტის ზავისა (1807) და ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ ვესტფალიის სამეფოს შექმნის შემდეგ ქალაქი ბრაუნშვაიგი და ბრაუნშვაიგის საჰერცოგო ფრანგებმა დაიკავეს. ქალაქი ბრაუნშვაიგი ახლად დაარსებული ოკერის დეპარტამენტის დედაქალაქი გახდა. შეიქმნა ახალი, ე. წ. „მარიების წესდება“, ქალაქის სათავეში „მარიე“ (მერი) იდგა.
მეექვსე კოალიციის ომის დროს, 1813 წელს ბრაუნშვაიგის შეიარაღებული ჯარები იოჰან ელიას ოლფერმანის ხელმძღვანელობის ქვეშ გადავიდნენ. ამავე დროს აღდგა ბრაუნშვაიგის საჰერცოგოც, რომლის ჰერცოგიც ფრიდრიხ ვილჰემი გახდა. მომდევნო წელს, ვენის კონგრესმა ეს გადაწყვეტილება დააკანონა.
ძველი კანონმდებლობა და საბჭო, რომელსაც „შტადტგერიხტი“ (Stadtgericht – ქალაქის სასამართლო) ეწოდა, ისევ ამოქმედდა. იუსტიციისა და ადმინისტრაციის გამიჯვნის შემდეგ, 1825 წელს საბჭოს, მთავრობას (Rat) მაგისტრატი ეწოდა (Magistrat). უკვე 1813 წლიდან ბრაუნშვაიგის პირველი პირი „შტადტდირექტორის“ (Stadtdirektor - ქალაქის დირექტორი) ტიტულს ატარებდა, 1848 წლიდან კი ბრაუნშვაიგის სათავეში „ობერბიურგერმაისტერი“ დგას.
1833 წელს ბრაუნშვაიგი გახდა ცენტრი საკუთარი რაიონული მმართველობისა (Kreisdirektion), რომლისაგანაც მოგვიანებით ბრაუნშვაიგის რაიონი შეიქმნა. 1871 წელს ბრაუნშვაიგის საჰერცოგო გერმანიის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბრაუნშვაიგში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რომელიც ბრაუნშვაიგის ოქტომბრის რევოლუციაში გადაიზარდა. 1918 წელს მუშებმა და ჯარისკაცებმა აუგუსტ მერგესის ხელმძღვანელობით ბრაუნშვაიგის უკანასკნელი ჰერცოგი – ერნსტ აუგუსტი იძულებით გადააყენეს. ქალაქის საბჭომ პოლიტიკური საქმიანობაც შეითავსა, ხოლო „ბრაუნშვაიგის სოციალისტური რესპუბლიკის“ პრეზიდენტი მერგესი გახდა.
ბრაუნშვაიგში სიტუაცია თანდათან უარესდებოდა, 1919 წლის 9 აპრილს სპარტაკისტებმა გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცულებმა შეაფერხეს მატარებელთა მოძრაობა და გადაკეტეს აღმოსავლეთი–დასავლეთის მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხაზი, რასაც შედეგად მთელს გერმანიაში სატრანსპორტო ქაოსი მოჰყვა. 11 აპრილიდან ქალაქში საზოგადო მღელვარება ჩაწყნარდა. 17 აპრილს ფრაიკორპის ჯარი 10 000 კაცით ქალაქში მარშით შევიდა და მშვიდობიანად დაიკავა იგი. პრემიერმინისტრ ჰაინრიხ იასპერის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ბრაუნშვაიგი ჯარებმა დატოვეს (მაისში). 1922 წლის ინფლაციას, როგორც ევროპაში, ისე მთელს მსოფლიოში შედეგად მოჰყვა უმუშევრობა, სიღარიბე, არეულობა და პოლიტიკური კრიზისი; ეს საერთო არეულობა და მღელვარება ბრაუნშვაიგსაც შეეხო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.