არგონავტები
From Wikipedia, the free encyclopedia
არგონავტები (ძვ. ბერძნ. Αργοναύται) — ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელი მოდის მათივე გემის, არგო, სახელწოდებიდან, რომელიც თავის მხრივ მისი ამშენებელი არგოსის სახელს ატარებდა. არგონავტებს ასევე მინიელებს უწოდებენ, მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით. თქმულებაში ორი ძირითადი ნაწილია: ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და ამბავი იასონისა და მედეასი.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „არგონავტები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. არგონავტები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
არგონავტთა ლაშქრობა | |
---|---|
არგონავტთა ლაშქრობა | |
მდებარეობა | კოლხეთის სამეფო |
დაგეგმა | იასონმა |
მიზანი | ოქროს საწმისის ხელში ჩაგდება |
თარიღი | ძვ. წ. 1292[1] ძვ. წ. 1246[2]. |
განახორციელა | არგონავტებმა |
შედეგი | არგონავტებმა მოიპოვეს ოქროს საწმისი |
არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების — აიას ანუ ძველი კოლხეთის — შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა შესახებ. აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) „არგონავტიკაში“[3] პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია (ქუთაისი), დამოწმებულია კოლხეთის სხვა გეოგრაფიული პუნქტები.
არგონავტების თქმულება ანტიკური ხანის მწერლობის ერთგვარ მუზად იქცა. არ დარჩენილა ამ ეპოქის ხელოვნების სფერო, სადაც ეს თქმულება მთლიანად ან ცალკე ეპიზოდად არ დაემუშავებინოთ. ანტიკური ეპოქის ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან არგონავტების თქმულების მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით უმთავრესია: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, პინდარეს „IV პითიური ეპინიკი“, ევრიპიდეს „მედეა“, აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“ და რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა“.
არგონავტთა ლაშქრობას, რომლის შესახებ გადმოცემებმა საგრძნობლად იცვალა სახე, თავისი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან მას სავაჭრო-პოლიტიკური მიზნები განსაზღვრავდა: საქმე ეხებოდა ფინიკიელთა გაძევებას პონტოს ევქსინოსიდან.
ფინიკიელები თავიანთი გალერებით მცირე აზიის ჩრდილო სანაპიროებს მისდევდნენ და გზადაგზა ქვეყნის მნიშვნელოვან სიმდიდრეს ხელთ იგდებდნენ, ისინი კოლხეთის სანაპიროებისკენ მიეშურებოდნენ, სადაც იზიდავდა ამ ქვეყნის განძი, რომელში სახელგანთქმული ოქროს საწმისი იგულისხმებოდა. კოლხეთში თავიანთ ხომალდებს ტვირთავდნენ ძვირფასი ლითონებით, რომლებსაც კოლხები უხსოვარი დროიდან ამუშავებდნენ. ზღვით ამგვარი მოგზაურობის შედეგად ფინიკიელებს თავიანთ ქვეყანაში გაჰქონდათ თინუსი, სარდიონი, პორფირი, ამბრი, ოქრო, ვერცხლი, ტყვია და კალა ბრინჯაოს ნაკეთობებისათვის[4].
კოლხეთის ბუნებრივ სიმდიდრეებზე ფინიკიელთა მონათხრობი მეტოქეობას აღუძრავდა ბერძნებს, რომლებმაც საზღაო ფლოტის შექმნისთანავე მოინდომეს, თავად დაპატრონებოდნენ ამ სიმდიდრეებს[5].