ჰააგის კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰააგის კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ (ინგლ. Hague Convention for the Protection of Cultural Property in the Event of Armed Conflict) ― პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვას ეხება. განსაზღრავს კულტურულ ფასეულობათა ცნებას, მათი დაცვისა და პატივისცემის პრინციპებს და კრძალავს შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების ხელყოფას. კონვენციას ხელი მოეწერა ჰააგაში (ნიდერლანდები) 1954 წლის 14 მაისს და ძალაში შევიდა 1956 წლის 7 აგვისტოს. 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, კონვენცია რატიფიცირებულია 133 სახელმწიფოს მიერ.[1]
1954 წლის კონვენციას ორი ოქმი დაემატა: პირველი იმავე წელს, ხოლო მეორე ― 1999 წელს. სამივე შეთანხმება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნაწილია, რომელიც შემდგომი შეთანხმებების ფორმით, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრავს ომის დროს დასაშვებ საშუალებებსა და მეთოდებს და მიზნად ისახავს ომში ჩაურთველი ადამიანების მაქსიმალურად დაცვას. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ამ ნაწილებისგან განსხვავებით, კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ შეთანხმებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით გაფორმდა. მოთხოვნების გავრცელებასა და შესაბამისობის მონიტორინგზე გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაა პასუხისმგებელი. შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვისა და პატივისცემის მოთხოვნებთან ერთად, ეს ხელშეკრულებები უზრუნველყოფს აღნიშნული ფასეულობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებებს მშვიდობის დროსაც.
ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი ჰააგაში დაფუძნებული კომიტეტია, რომელიც სამხედრო და სამოქალაქო სტრუქტურების კულტურული ღირებულებების დაცვაში საერთაშორისო კოორდინატორის როლს ასრულებს.