ჯურჯენები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯურჯენები (ნიუჯები, ნიუჯენი, ჩინ. ტრად. 女眞, გამარტ. 女真, ფინინი: nǚzhēn) — შუა საუკუნეების ტუნგუსური წარმოშობის ტომები. ცხოვრობდნენ მანჯურიის, ამურისპირეთის, პრიმორიესა და კორეის ჩრდილოეთი ნაწილის ტერიტორიაზე; ლაპარაკობდნენ ჯურჯენულ ენაზე. მათი ეთნოგენეზი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მოხეს ჯგუფებთან. ჯურჯენებისათვის დამახასიათებელი იყო ნახევრად მომთაბარე მეურნეობა, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ციხესიმაგრეები. ჩინურ წყაროებში ტერმინი „ჯურჯენები“ VI–VII საუკუნეებში გაჩნდა; X საუკუნემდე დამოუკიდებლები იყვნენ, ურთიერთობა ჰქონდათ ჩინეთთან და კორეასთან.[1] X საუკუნეში კიდანთა იმპერიის — ლიაოს მიერ ჯურჯენთა დამორჩილების შემდეგ რეგიონის ტუნგუსურენოვანი ხალხების აღმნიშვნელი გახდა. 1114 წელს ჯურჯენები აჯანყდნენ აგუდას ხელმძღვანელობით და საკუთარი სახელმწიფო ე. წ. ოქროს სახელმწიფო (ძინი) დააარსეს,[1] 1119 წელს შემოიღეს ჯურჯენული დამწერლობა (იხ. აგრ. ჯურჯენული სტელები). ძინის არსებობის პერიოდში ბევრი ჯურჯენი ჩრდილოეთ ჩინეთში გადასახლდა და ჩინელებთან ასიმილირდნენ; მცირე რაოდენობით ჩრდილოელ ჯურჯენებსაც შეეხოთ ასიმილაცია. ძინის დაცემის შემდეგ ჯურჯენებმა მონღოლთა სამსახურში გადასვლა დაიწყეს, ზოგიერთმა მათგანმა იუანის იმპერიის მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა; ამ დროს კვლავ დაიშალნენ რამდენიმე ტომობრივ ჯგუფად;[1] ჩრდილოელები ტომობრივ ორგანიზაციას დაუბრუნდნენ. მინის ეპოქაში სამხრეთელი ჯურჯენები ხშირად იყვნენ დამოკიდებულები კორეასა და ჩინეთზე; მათ მეურნეობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ცხენების მოშენება ჩინეთში გასაყიდად. XVI საუკუნის ბოლოს დაიწყო ჯურჯენთა გაერთიანების პროცესი გიოროს საგვარეულოს ხელისუფლების ქვეშ ნურხაცის მეთაურობით, რომელმაც საკუთარი, ძიანჯოუს ტომები სხვა ტომებთან გააერთიანა (1583–1625).[1] 1635 წელს ეთნონიმი „ჯურჯენები“ ოფიციალურად შეიცვალა „მანჯურიელებით“ (შესაძლოა, ჯურჯენთა ნაწილის ყოფილი თვითსახელწოდებით). მანჯურიელთა ცინის იმპერია XVIII საუკუნის ბოლოსკენ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო იყო. ჯურჯენთა უმრავლესობა ჩინეთში გადასახლდა; ამურისპირეთის ჯურჯენების უმრავლესობა, რომლებიც ნადირობით, თევზაობითა და მეირმეობით ირჩენდნენ თავს, განადგურდნენ რუსეთის მიერ ციმბირის ათვისების დროს. XIX–XX საუკუნისათვის ჯურჯენები ასიმილირდნენ, მათ შთამომავლებს განეკუთვნებიან მანჯურიელები და სიბო, აგრეთვე ევენკები და უდეგეელები.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/67/Jurchen_woodblock_print.png/200px-Jurchen_woodblock_print.png)