ჭიბონიაჭარაში გავრცელებული ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი.[1] ძირითადად, ჭიბონზე სრულდება საცეკვაო მელოდიები ფანდურის, ჩონგურის ან დოლის თანხლებით. მასზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ და გამოიყენება როგორც სააკომპანემენტო ინსტრუმენტი.[2]

აღწერა

ჭიბონი უძველესი ხალხური საკრავია, ის გუდასტვირის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. წერილობითი წყაროებისა და ზეპირი გადმოცემების თანახმად, ეს საკრავი წინათ მთელ საქართველოში ყოფილა გავრცელებული. ჭიბონი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან – გუდისაგან და სტვირებისაგან. გუდა მზადდება თხის, ცხვრის, ხბოს ან პატარა კრავ-თიკანის ტყავისაგან, რომელიც ბალნიდან კარგად არის გასუფთავებული. გუდას ერთ ფეხში დატანებული აქვს ხის პატარა მილი, რომლითაც მას ბერავენ. მას სარქველის ფუნქცია აკისრია. გაბერილ გუდას კისრის ზედა მხარეს უკეთდება ხის საცობი, რომელსაც ხშირად ფარავენ სარკით. გუდაში ჩასმულია ბუდე, რომელშიც ჩადგმულია ე.წ. დედნები ანუ ლერწმები - თანაბარი სიგრძისა და სისქის ორი ხის მილი. მარცხენა მილს ეწოდება „დამწყები“ და აქვს ხუთი სახმო ნახვრეტი (თვალი), ხოლო მარჯვენას ეწოდება „მოძახილი“, „მებანე“ და აქვს სამი სახმო თვალი. მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ლერწმების განლაგება პირიქითაა. გუდასტვირისაგან განსხვავებით, გუდას არ სვამენ პერანგში.

ჭიბონზე დამკვრელები

პროფესიონალი მეჭიბონეები სასურველი სტუმრები იყვნენ ქორწილში, წვეულებებსა და ხალხურ დღესასწაულებზე. თუ ორი ან მეტი მეჭიბონე ერთად აღმოჩნდებოდა, მათ შორის შეჯიბრიც იმართებოდა. ქორწილში მიღებული იყო მეჭიბონისათვის გასამრჯელოს მიცემა - დამკვრელის წინ დაფენილ „მანდილზე“ ფულის დადება. იყო შემთხვევები, როცა მეჭიბონეს ოჯახი წინასწარ საგანგებოდ იწვევდა და გასამრჯელოსაც აძლევდა. მეჭიბონეები ნახევრად პროფესიონალები იყვნენ. ჭიბონი იშვიათად სიმღერის თანმხლებიც იყო. აჭარაში გავრცელებული წესით, მეჭიბონე უკრავდა და სიმღერას სხვა ასრულებდა (განსხვავებით რაჭულისაგან, სადაც მესტვირე თავად მღერის). არც ის იყო უჩვეულო, როცა მეჭიბონე ერთდროულად უკრავდა, მღეროდა და ცეკვავდა.

ლიტერატურა

  • ვ. ახობაძე, ქართული (აჭარული) ხალხური სიმღერები, ბათუმი, 1961

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.