წახები
From Wikipedia, the free encyclopedia
წახები, წახურები — დაღესტნის მაღალმთიანეთის (მდინარე სამურის ზემო წელის) მკვიდრი მოსახლეობაა. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით, ისინი რუთულის რაიონის დასავლეთ ნაწილის მკვიდრნი არიან. ამ ტერიტორიას წარსულში რუთულის მაგალი ეწოდებოდა. დაღესტანში წახურების რაოდენობა 5,2 ათასი კაცია (რუსეთის ფედერაციაში 6,5 ათასი კაცი). მაგრამ წახურების უმეტესობა თავისი ისტორიული სამშობლოს გარეთ არის განსახლებული დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (13,6 ათასი კაცი). აზერბაიჯანში კი ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ კახეთში ანუ დღევანდელ საინგილოში ბინადრობენ, რომელიც ადმინისტრაციული დაყოფით ზაქათალას, კახისა და ბელაქნის რაიონებს მოიცავს. წახურების საერთო რაოდენობა 20,1 ათასი კაცია.
ლაპარაკობენ წახურ ენაზე, რომელიც განეკუთვნება ნახურ-დაღესტნური ენების ლეზგიურ ქვეჯგუფს. დაღესტანში წახების ლიტერატურული ენაა რუსული, აზერბაიჯანში — აზერბაიჯანული. სუნიტი მუსლიმანები არიან. ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა (ძირითადად მეცხვარეობა), აგრეთვე მიწათმოქმედება. განვითარებულია მატყლის დამუშავება და ფეიქრობა.