ცაცხვი
ფოთოლმცვენი ხეების გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. / From Wikipedia, the free encyclopedia
ცაცხვი (ლათ. Tilia) — ფოთოლმცვენი ხეების გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. ტანის სიმაღლე 40 მეტრამდეა. ფოთლები მორიგეობით განლაგებული, გულისებრი, ჩვეულებრივ დაკბილულკიდეებიანი და გრძელყუნწიანია. ყვავილები ხუთნაკვთიანი, ორსქესიანი, მოთეთრო ან მოყვითალოა; შეკრებილია ფარისებრ ან ქოლგისებრ, იშვიათად მტევნისებრ ყვავილედებში, რომელთა საერთო საყვავილე ყლორტი ქვედა ნაწილში შეზრდილია მოგრძო-ელიფსური ფოთლის მთავარ ძარღვთან. ყვავილობის დროს გამოყოფს სასიამოვნო ტკბილ (თაფლისებრ) არომატს, რომელიც გარშემო ყველა სხვა სუნს ფარავს. ფესვთა სისტემა მძლავრი და ღრმაა, ამიტომ მტკიცედაა მიწაზე „დამაგრებული“ და ქარგამძლეა. მრავლდება თესლით, ამონაყრით და გადაწიდვნით. ჩრდილამტანი (განსაკუთრებით მსხვილფოთოლა ცაცხვი, T. platyphyllos) და ზამთარგამძლეა. ჩვეულებრივ ცოცხლობს 150 წლამდე (ზოგჯერ 300 და მეტ წელსაც).[1]
ცაცხვი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მსხვილფოთოლა ცაცხვი (Tilia platyphyllos) | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Tilia L., 1753 | ||||||||||||||
|
ცნობილია 30-მდე სახეობა.[2] გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ თბილ ოლქებში; გვხვდება ტროპიკების (სამხრეთ-აღმოსავლეთი ჩინეთი) და სუბტროპიკების (ჩინეთი, ინდოჩინეთი) მთიან რაიონებში. იზრდებიან შერეულ და ფართოფოთლოვან ტყეებში, მთების კალთებზე, მდინარეთა ხეობებში, აგრეთვე ბაღებსა და პარკებში, გზისპირა ნარგავებსა და ტყის ზოლებში.[1]
საქართველოში გავრცელებულია მთის შუა, იშვიათად ზედა სარტყელში, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეში.[3] აქ ბუნებრივად გავრცელებული სახეობები და ქვესახეობებია:
- Tilia dasystyla Steven, 1832
- Tilia dasystyla subsp. multiflora (Ledeb.) Pigott, 2012 – მრავალყვავილა ცაცხვი, ლედებურის ცაცხვი[3]
- Tilia dasystyla subsp. caucasica (V.Engl.) Pigott, 1999 – კავკასიური ცაცხვი, ბეგონიაფოთოლა ცაცხვი[3]
- Tilia cordata Mill., 1768[8][9] – გულფოთოლა ცაცხვი, წვრილფოთოლა ცაცხვი
- Tilia platyphyllos Scop., 1771[9] – მსხვილფოთოლა ცაცხვი
ცაცხვის მერქანი თეთრია, დაჰკრავს მოვარდისფრო ელფერი, არ სკდება და არ იბრიცება, ადვილად დამუშავებადია. მისგან ამზადებენ კასრებს, ხის ჭურჭელს, ფანერს, ასანთს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ავეჯს. ახალგაზრდა ხეების ლაფანს ფართოდ იყენებდნენ ქალამნების და გლეხური ყოფის სხვა ნაკეთობების დასაწნავად. ბებერი ხის ლაფანს ალბობდნენ წყალში და იღებდნენ ხრალს, რომლისგანაც ქსოვდნენ ჭილობებს.[1]
ცაცხვი ძველთაგან იწოდება საუკეთესო თაფლოვან მცენარედ, მისი თაფლი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. გულფოთოლა ცაცხვის მასობრივი გავრცელების რაიონებში ფუტკრის ერთი ოჯახი დღეში გამოიმუშავებს 10–15 კგ თაფლს. ცაცხვის თაფლის ან ყვავილის ჩაი ძველი ოფლმდენი საშუალებაა.[1] ყვავილს აგრეთვე ხმარობენ ღვინის არომატიზაციისათვის.[3] ცაცხვი დეკორატიული ხეა, ფართოდ იყენებენ გამწვანებაში. მისი ხშირი ვარჯი იძლევა ჩრდილსა და სიგრილეს, წმენდს ჰაერს მტვრისა და გაზისგან. ჩამონაცვენი სწრაფად ლპება და ნიადაგს უბრუნებს საკვებ ნივთიერებებს.[1]