ტროპიკები
From Wikipedia, the free encyclopedia
სიტყვა „ტროპიკი“ მოდის ძველი ბერძნული სიტყვიდან τροπή (tropē), რაც მობრუნებას ან მიმართულების ცვლილებას ნიშნავს, რადგან ტროპიკების მიღმა მზე ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს[1].
ტროპიკები არის დედამიწის ზონა, რომელიც ეკვატორის გასწვრივაა განლაგებული. ტროპიკული ზონის საზღვარს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჩრდილოეთის, ანუ კირჩხიბის ტროპიკი ეწოდება და ის 23°26′11.9″ ჩ.გ.-ზე მდებარეობს. სამხრეთ ნახევარსფეროში კი ტროპიკულ ზონას სამხრეთის, ანუ თხის რქის ტროპიკი შემოფარგლავს, რომელიც 23°26′11.9″ ს.გ-ზე მდებარეობს.[2] ტროპიკულ ზონად ითვლება ის ადგილები, სადაც წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც აღმოჩნდება მზე ზენიტში. მაგალითად, კირჩხიბის ტროპიკი ყველაზე ჩრდილოეთი განედია დედამიწაზე, რომლის გასწვრივაც მზე ივნისის ბუნიობის დროს ზენიტშია. ამ დროს ჩრდილოეთი ნახევარსფერო ყველაზე მეტადაა მზისკენ დახრილი. თხის რქის ტროპიკის გასწვრივ კი მზე დეკემბრის ბუნიობისას ხვდება ზენიტში. ამრიგად, კირჩხიბისა და თხის რქის ტროპიკების განედები ემთხვევა დედამიწის ღერძის მზის მიმართ დახრის კუთხეს.
ტროპიკებს დედამიწის მთელი ზედაპირის 40 % უკავიათ, ხოლო ხმელეთის - 36 %. 2014 წლის მონაცემების თანახმად, ამჟამად ტროპიკულ ზონებში დედამიწის მოსახლეობის 40 % ცხოვრობს[3], თუმცა 2050 წლამდე ამ ციფრის 50 % გაზრდაა მოსალოდნელი[4].