სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა (1920) — ქართველი ბოლშევიკების წამოწყება, რომლებსაც სურდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დამხობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მეზობელ აზერბაიჯანში მოქმედი ბოლშევიკების XI წითელი არმიის იმედით, ბოლშევიკებმა 3 მაისს, საქართველოს დედაქალაქ ტფილისში, სამხედრო სკოლასა და სამთავრობო უწყებებზე კონტროლის დამყარება სცადეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ, თბილისში ამბოხის ჩახშობის შემდეგ, წარმატებით შეაჩერა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე რუსული ჯარის წინსვლა. საქართველოს წინააღმდეგობამ და პოლონეთთან მძიმე ომმა შეაფერხა ბოლშევიკთა გეგმების განხორციელება, შედეგად, საბჭოთა რუსეთმა დროებით გადადო საქართველოს გასაბჭოების გეგმა და აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა მოსკოვის 7 მაისის ხელშეკრულებით.[1][2][3]
საქართველოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა (1920) | |||
---|---|---|---|
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა | |||
თარიღი | 3 მაისი 1920 | ||
მდებარეობა | თბილისი, სდრ | ||
Casus belli | სოციალისტური რევოლუცია | ||
შედეგი |
საქართველოს გამარჯვება
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ, ქართველმა ბოლშევიკებმა საქართველოში ხელისუფლების თავიანთი კონტროლის ქვეშ მოქცევა ვერ მოახერხეს, ისინი იძულებული გახდნენ რევოლუციურ რუსეთში გადასულიყვნენ საიდანაც იატაკქვეშა საქმიანობით ხელმძღვანელობდნენ მოვლენებს, რომლის მიზანიც იყო ტიფლისში მოქმედი მენშევიკური მთავრობის დამხობა. ბოლშევიკებმა 1918-1919 წლებში, რამდენიმეჯერ სცადეს გლეხების რევოლუციის მოწყობა, რაც ყოველ ჯერზე წარუმატებელი იყო, თუმცა მალევე დაიწყო მზადება ფართომასშტაბიანი აჯანყებისთვის.[1][2]
1920 წლის აპრილში, წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დამხობა სერიოზულ პრეცედენტს წარმოადგენდა ქართველი ბოლშევიკებისთვის. საქართველო 1919 წლიდან აზერბაიჯანთან თავდაცვის ალიანსში იმყოფებოდა, მაგრამ მენშევიკური ხელისუფლება არ ჩაერთო კონფლიქტში. 30 აპრილის გამოსვლისას, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად იყო აზერბაიჯანისთვის დახმარების გასაწევად, იმ პირობით, რომ ამ უკანასკნელის მოსახლეობაც იბრძოლებდა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის. იმის გამო, რომ წითელ არმიას ბაქოში მინიმალური წინააღმდეგობა დახვდა, საქართველოს მთავრობა არ დაეხმარა აზერბაიჯანს, ამის საპასუხოდ ოპოზიციამ მყისიერად გააკრიტიკა მთავრობა.[4] გამოსვლის დასასრულს ჟორდანიამ განაცხადა, რომ საქართველო, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესხმევა თავს წითელ არმიას, თუ ეს ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იქნება საჭირო.[1]
კავკასიაში წითელი არმიის და იოსებ სტალინის ახლო მოკავშირე ბოლშევიკი, სერგო ორჯონიკიძე, ლენინის დარწმუნებას ცდილობდა საქართველოში შესვლის აუცილებლობაზე. 1 მაისს, საქართველოს მთავრობამ მობილიზაცია გამოაცხადა და თბილისის სამხედრო კოლეჯის გენერალური დირექტორი, გიორგი კვინიტაძე მთავარსარდალად დანიშნა. ქართველი ბოლშევიკები დარწმუნებულები იყვნენ, რომ წითელი არმია გააგრძელებდა სვლას საქართველოსკენ. 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მანიფესტაციებისა და არეულობის შემდეგ, ბოლშევიკებმა შექმნეს და მხარი დაუჭირეს შეიარაღებულ ჯგუფებს, იმისათვის რომ სახელმწიფო შენობები და უწყებები ხელში ჩაეგდოთ. 2-3 მაისს ღამით, 25 ბოლშევიკი მებრძოლი, ტიფლისის სამხედრო კოლეჯს თავს დაესხა, რაც პირველი ნაბიჯი იყო ძალაუფლების მოსაპოვებლად. აღნიშნული ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც გენერალი კვინიტაძე შენობაში იმყოფებოდა. გენერალმა და მისმა კადეტებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ბოლშევიკებს, მათ მოკლეს და დაჭრეს რამდენიმე თავდამსხმელი, შედეგად, თავდასხმის ორგანიზატორები, სამი სომეხი ბოლშევიკი, სასამართლოს განაჩენით სიკვდილით დასაჯეს. ძალაუფლების ხელში აღების მცდელობა ჩაიშალა, ტიფლისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბოლშევიკების დევნა დაიწყო.[1][2][5]
წითელი არმიის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე მიღწევის შემდეგ, არმია კვლავ განაგრძობდა სვლას და შეიჭრა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, ორჯონიკიძის პირადი ინიციატივით. ტიფლისში აჯანყების წარმატებით ჩახშობის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანთან საზღვარზე სამხედრო ძალის კონცენტრირება მოახდინა და კონტრშეტევით წითელი არმიის ნაწილები უკუაგდო საქართველოს ტერიტორიიდან. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, რომ ამ ბრძოლისთვის ადგილობრივი კონფლიქტის სახე მიეცა. პოლონეთთან განახლებული საომარი მოქმედებების ფონზე, საბჭოელებმა დაასკვნეს, რომ ამ პირობებში მეორე ფრონტის გახსნა ადვილი არ იქნებოდა და საქართველოს ოკუპაცია ძალიან ძვირი დაჯდებოდა. ლენინმა გადაწყვიტა დაეწყო მოლაპარაკებები, რისთვისაც ქართული დელეგაცია მოსკოვში აპრილის ბოლოს ჩავიდა, შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე. 1920 წლის 7 მაისს, რუსეთმა და საქართველომ ორმხრივი აღიარების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.[1][2][6][7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.