From Wikipedia, the free encyclopedia
სან-ჯიმინიანო (იტალ. San Gimignano) — იტალიური კომუნა (ქალაქი) ტოსკანაში, სიენის პროვინციაში. მდებარეობს 334 მ სიმაღლის ბორცვის თავზე, ფლორენციიდან სამხრეთ-დასავლეთით — 56 კმ-ის დაშორებით. 2018 წლის მონაცემებით კომუნის მოსახლეობის რაოდენობა 7 743 ადამიანს შეადგენდა.[1] ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო თვალწარმტაც, სანახაობრივად და ტურისტულად მიმზიდველ ქალაქად ტოსკანაში. ცნობილია შუა საუკუნეების არქიტექტურის უნიკალური ძეგლებით, მათ შორის ქალაქის გალავნებითა და კოშკებით. სან-ჯიმინიანო, XX საუკუნეში ჩატარებული გარკვეული სარესტავრაციო სამუშაობის მიუხედავად, XIV საუკუნიდან ძირითადად ხელუხლებლად რჩება და ევროპაში კომუნების ეპოქის ქალაქების ორგანიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.
კომუნა | |||
---|---|---|---|
სან-ჯიმინიანო San Gimignano | |||
ქალაქის ხედი სამხრეთიდან | |||
| |||
ქვეყანა | იტალია | ||
დაქვემდებარება | იტალიის კომუნა | ||
რეგიონი | ტოსკანა | ||
პროვინცია | სიენის პროვინცია | ||
კოორდინატები | 43°28′03″ ჩ. გ. 11°02′35″ ა. გ. | ||
კომუნის მერი | ანდრეა მარუჩი | ||
ფართობი | 138 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 324 მ | ||
მოსახლეობა | 7 743 კაცი (2018) | ||
სიმჭიდროვე | 55,87 კაცი/კმ² | ||
ეთნოქორონიმი | Sangimignanesi | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | +39 0577 | ||
საფოსტო ინდექსი | 53037 | ||
საავტომობილო კოდი | SI | ||
ოფიციალური საიტი | comune.sangimignano.si.it | ||
1990 წლიდან სან-ჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.[2][3]
სან-ჯიმინიანო, როგორც პატარა სოფელი დაარსდა ძვ. წ. III საუკუნეში ეტრუსკების მიერ. ეტრუსკების ძლიერების დაცემის შემდეგ, ამ ადგილას აშენდა რომაული ფორტი სილვია. დასახლება ქალაქის იერსახეს და ამჟამინდელ სახელწოდებას X საუკუნიდან იძენს. ქალაქს სან-ჯიმინიანო მოდენის ეპისკოპოსის გემინიან მოდენელის (320–397) პატივსაცემად უწოდეს, რომელმაც ლეგენდის თანახმად, ქალაქის კედლებთან ატილას მეთაურობით მომდგარი ჰუნების ურდოები შეაჩერა V საუკუნეში.
მოგვიანებით, ქალაქი სწრაფად იზრდება მასზე გამავალი იმ დროის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამომლოცველო მარშრუტის ე.წ. ფრანკების გზის წყალობით. ამ პერიოდისთვის მისი მოსახლეობის რაოდენობა 15 ათას ადამიანს აღწევს, რაც ორჯერ აღემატება ამჟამინდელი მოსახლეობის რაოდენობას.[4]
1262 წელს ქალაქს 2 177 მ სიგრძის გალავანი შემოავლეს, რომელიც მოგვიანებით ხუთი ცილინდრული კოშკით გააძლიერეს. ამავე პერიოდში, სან-ჯიმინიანო არდინგელისა (გიბელინები) და სალვუჩის (გველფები) ოჯახებს შორის უწყვეტი ბრძოლის არენა ხდება. 1238–1253 წლებში სან-ჯიმინიანოში ცხოვრობდა და აქვე გარდაიცვალა კათოლიკე წმინდანი წმ. ფინა (სერაფიმა),[5] რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. გადმოცემის მიხედვით, სიღარიბის მიუხედავად, იგი თავის წილ საკვებს ღარიბებს უნაწილებდა, მშობლების სახლში მონასტრული ცხოვრებით ცხოვრობდა და იყო მოკრძალების, ღვთისმოსაობისა და შრომისმოყვარეობის მაგალითი. გმირული მოთმინებით უძლებდა თავის დაავადებებსა და სნეულებას. გარდაიცვალა 15 წლის ასაკში. მისი წმინდა ნაწილები სან-ჯიმინიანოს ეკლესიაში განისვენებს.[6]
ცნობილია, რომ 1300 წლის 7 მაისს დანტე ალიგიერი, მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიის შესრულებისას, რომელიც ეხებოდა მზარდი წინააღმდეგობების დაძლევას პაპსა და ფლორენციის მმართველებს შორის, — დანტე სიტყვით გამოვიდა სან-ჯიმინიანოს პალაცოში.[7]
ფეოდალურმა შინაბრძოლებმა და 1348 წლის შავი ჭირის ეპიდემიამ ქალაქის მოსახლეობა 60 %-ზე მეტით შეამცირა. 1352 წელს ქალაქი ფლორენციის მმართველობის ქვეშ მოექცა.[8]
შავი ჭირის ეპიდემიამ კიდევ ორჯერ მოიცვა ეს ადგილები — 1464 და 1631 წლებში, რასაც ეკონომიკის ყველაზე მძიმე ვარდნა მოჰყვა. შედეგად სან-ჯიმინიანო უღარიბეს დასახლებად და მივარდნილ ადგილად გადაიქცა.[9]
ახალ მშენებლობათა არარსებობამ ფაქტობრივად დააკონსერვა შუა საუკუნეების ქალაქი, რამაც მოგზაურთა ყურადღება ჯერ კიდევ XIX საუკუნეშივე მიიპყრო, მას შემდეგ სან-ჯიმინიანო ტოსკანაში ჩასული მოგზაურებისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს.
სან-ჯიმინიანოს ეკონომიკა უმთავრესად ტურიზმსა და ტურიზმთან დაკავშირებულ სფეროებს უკავშირდება. კომუნის მოსახლეობაც ძირითადად ამ მიმართულებით სპეციალიზდება და ტურისტების მომსახურებითაა დაკავებული: სან-ჯიმინიანო და მისი შემოგარენი ცნობილია თავისი სასტუმროებითა და სასტუმრო სახლებით, რესტორნებითა და სუვენირების მაღაზიებით.
ქალაქი ასევე ცნობილია თავისი თეთრი ღვინით ვერნაჩა დი სან-ჯიმინიანო (Vernaccia di San Gimignano), რომელსაც მიმდებარე ტერიტორიაზე მოყვანილი ვერნაჩას ჯიშის ყურძნისგან ამზადებენ. 1993 წლიდან, ღვინოს მინიჭებული აქვს ყველაზე მაღალი DOCG კატეგორია და წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ ტოსკანურ თეთრ ღვინოს.[10][11]
სან-ჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 43°28′00″ ჩ. გ. 11°03′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1990 (მე-14 სესია) |
ნომერი | 550 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 550 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სან-ჯიმინიანოს არქიტექტურულ ღირშესანიშნაობებს შორის უმთავრესი ადგილი უკავია შუა საუკუნეების თოთხმეტ კოშკს, ისინი XI–XIII საუკუნეებში ქალაქის ყველაზე ცნობილი და დაწინაურებული ოჯახების მიერ აშენდა, რომელთაც, როგორც მიიჩნევენ ამით თავიანთი სოციალური მდგომარეობის ხაზგასმა სურდათ. სხვადასხვა წყაროს თანახმად, სულ 70-დან 76-მდე კოშკი აშენდა, თუმცა დღემდე მხოლოდ რამდენიმე მათგანი შემორჩა. მათ შორის კუნიანეზისა და პესჩიოლინის სახლები, ასევე ასიმეტრიული ფასადის მქონე ფრანჩეზი-ჩეკარელის სასახლე და სხვ. იტალიის სხვა ქალაქებში კოშკების უმეტესობა ომების, კატასტროფებისა და ურბანული განახლების შედეგად განდგურდა, სან-ჯიმინიანომ მოახერხა თოთხმეტი სხვადასხვა სიმაღლის კოშკის შენარჩუნება, რომელთაგან ზოგიერთი „ცათამბჯენის“ სიმაღლე 50-მეტრზე მეტსაც აღწევს.[12]
სან-ჯიმინიანოს დემოგრაფიული ევოლუციის გრაფიკული გამოსახულება (1861–2011)[15] |
ბროკჰაუზის ენციკლოპედია · კატალანური დიდი ენციკლოპედია · დიდი ნორვეგიული ენციკლოპედია · დიდი რუსული ენციკლოპედია დაარქივებული 2021-09-29 საიტზე Wayback Machine. · ენციკლოპედია ბრიტანიკა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.