რომის კათოლიკური ეკლესია
From Wikipedia, the free encyclopedia
რომის კათოლიკური ეკლესია — ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმსარებლობა მსოფლიოში არსებულ რელიგიათა შორის. სხვა ქრისტიანული დენომინაციებისგან გამოირჩევა ინსტიტუციური ერთიანობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა კათოლიკე თავის ამქვეყნიურ მეთაურად მიიჩნევს რომის პაპს. 2018 წლის მონაცემებით კათოლიკეთა რიცხვი მსოფლიოში შეადგენს 1,329 მილიარდ ადამიანს, რაც მსოფლიოში ქრისტიანების 50,1 %-ია. კათოლიკეები მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ყველა ქვეყანაში არიან წარმოდგენილნი. კათოლიკეებს სწამთ, რომ ეკლესია დაარსებულია იესო ქრისტეს მიერ და თავად მეთაურობს მას. მათი რწმენით, ქრისტე მართავს ეკლესიას რომის პაპისა და ეპისკოპოსთა დასის მეშვეობით. ქრისტემ წმინდა პეტრეს, როგორც მოციქულთა მეთაურს, მიანდო, ყოფილიყო ეკლესიის პირველი მოძღვარი. მის შემდეგ კი მსახურებას ქრისტეს მეორედ მოსვლამდე გააგრძელებენ პეტრეს უშუალო და უწყვეტი მემკვიდრეები, რომის ეპისკოპოსები, ანუ პაპები. კათოლიკური ეკლესიის იერარქიას სათავეში უდგას რომის პაპი, ამჟამად ფრანცისკე, რომელიც ირჩევა კარდინალთა კოლეგიის მიერ. კარდინლების შემდეგ პასუხისმგებლობა აკისრიათ სხვადასხვა რანგის ეპისკოპოსებს.
სიტყვა „კათოლიკე“ ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს ყოვლის მომცველს, „საყოველთაოს“, „მსოფლიოს“. 1054 წელს მომხდარი დიდი სქიზმის, ანუ ქრისტიანული სამყაროს ორად გაყოფის შემდეგ „კათოლიკე ეკლესიის“ სახელწოდება შეინარჩუნა ქრისტიანული სამყაროს დასავლეთ ნაწილმა, რომელიც ექვემდებარებოდა რომის პაპს.