პოტსდამი
From Wikipedia, the free encyclopedia
პოტსდამი (გერმ. Potsdam) — ქალაქი გერმანიაში, ქვეყნის ფედერალური მიწის, ბრანდენბურგის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი. ქალაქი პირდაპირ ესაზღვრება გერმანიის დედაქალაქ ბერლინს და არის ბერლინ-ბრანდენბურგის მიტროპოლიტი რეგიონის ნაწილი. მდებარეობს მდინარე ჰაფელზე, ბერლინის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კილომეტრის მოშორებით.
პოტსდამი, 1918 წლამდე პრუსიის მეფეებისა და გერმანელი კაიზერების რეზიდენცია იყო. ქალაქის დაგეგმარება განმანათლებლობის ეპოქის ხორცშესხმა იყო: პოტსდამის არქიტექტურისა და ლანდშაფტის ფრთხილი ბალანსი, ქალაქს „თვალწარმტაც, პასტორალურ ოცნებად“ აქცევს, რომელიც ახსენებს თავის მაცხოვრებლებს ბუნებასთან და გონებასთან ურთიერთობას.[3]
ქალაქის გარშემო მდებარეობს ერთმანეთთან დაკავშირებული ტბები და კულტურული ღირშესანიშნაობები, კერძოდ, გერმანიის უმსხვილესი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სანსუსის სასახლეები და პარკები. აღსანიშნავია, რომ 1945 წელს პოტსდამის კონფერენცია აქ, ცეცილიენჰოფის სასახლეში ჩატარდა.
ბაბელსბერგის რაიონი, რომელიც პოტსდამის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, 1930-იან წლებამდე კინოწარმოების ძირითადი სტუდია იყო და ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ევროპის კინემატოგრაფიის მთავარი ცენტრის სტატუსით სარგებლობს. ბაბელსბერგის კინოსტუდია მსოფლიოს უძველესი ფართომასშტაბიანი კინოსტუდიაა.
პოტსდამი XIX საუკუნეში გერმანიის სამეცნიერო ცენტრად გადაიქცა. დღეს ქალაქში სამი საჯარო კოლეჯი, პოტსდამის უნივერსიტეტი და 30-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი მოქმედებს.