პანამის არხი
From Wikipedia, the free encyclopedia
პანამის არხი (ესპ. Canal de Panamá) — სანაოსნო არხი პანამაში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს. არხი ჭრის პანამის ყელს და წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს არტერიას. არხის ორივე დაბოლოება სპეციალური რაბებითაა დაკეტილი, რათა მოხდეს გემების აწევა გატუნის ტბის სიმაღლემდე, ზღვის დონიდან 26 მეტრზე. გატუნის ტბა ხელოვნურად შეიქმნა არხის მშენებლობისას, სამუშაოს შემცირების მიზნით. ამჟამინდელი საკეტების სიგანე 33,5 მეტრია. მესამე, უფრო ფართო საკეტი ამჟამად მშენებლობის პროცესშია და მისი გახსნა 2015 წლისთვის იგეგმება. არხის სიგრძე 77,1 კილომეტრია.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პანამის არხი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პანამის არხი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
პანამის არხი | |
---|---|
პანამის არხის სქემა | |
9°04′48″ ჩ. გ. 79°40′48″ დ. გ. | |
თავდაპირველი მფლობელი | La Société internationale du Canal |
მთავრი ინჟინერი |
ჯონ ფინდლი უელასი (1904–05) ჯონ ფრენკ სტივენსი (1905–07) ჯორჯ ვაშინგტონ გოეთალსი (1907–14) |
მშენებლობის დაწყება | 1881 |
პირველი გამოყენების თარიღი | 15 აგვისტო, 1914 |
დასრულების თარიღი | 1914 |
გაფართოების თარიღი | 2007-2015 |
საწყისი წერტილი | წყნარი ოკეანე |
საბოლოო წერტილი | ატლანტის ოკეანე |
ჩამკეტები | 2 (შენდება მესამე წყვილიც) |
თავდაპირველი ჩამკეტები | (თავდაპირველი 2) |
სიგრძე | 77 კმ |
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან | 26 მ |
სტატუსი | მოქმედი |
სანაოსნო სამმართველო | პანამის არხის სამმართველო |
არხის მშენებლობა 1881 წელს საფრანგეთმა დაიწყო, თუმცა საინჟინრო პრობლემებისა და გავრცელებული დაავადებებით გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობის გამო პროექტზე მუშაობა შეჩერდა. ამის შემდეგ, პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ხელში გადავიდა, რომელმაც მშენებლობა ათ წელში, 1914 წელს დაასრულა. არხის გახსნით გემებმა თავიდან აიცილეს გრძელი, სახიფათო ჰორნის კონცხის გზა, სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთი წერტილის შემოვლით (დრეიკის სრუტეში) ან მაგელანის სრუტის გავლით. ამ ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ურთულესმა საინჟინრო პროექტმა, რაც კი კაცობრიობას ოდესმე განუხორციელებია, გემებს საშუალება მისცა, იმოძრაონ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის იმის ნახევარ დროში, რაც მანამდე სჭირდებოდათ. მოკლე, სწრაფმა და უსაფრთხო გზამ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსა და წყნარი ოკეანის ნაპირზე მდებარე ქვეყნებს შორის, ამ უკანასკნელთ საშუალება მისცა, უფრო ინტეგრირებულნი გამხდარიყვნენ მსოფლიო ეკონომიკაში.
ამ პერიოდის განმავლობაში, დღევანდელი პანამის არხის ტერიტორია ჯერ კოლუმბიას ეკუთვნოდა, შემდეგ საფრანგეთს, შემდეგ კი აშშ-ს, რომელმაც მისი მშენებლობა დაასრულა. 1999 წელს არხი პანამის მთავრობას გადაეცა, როგორც დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. არხის გახსნიდან, 1914 წლიდან, 2008 წლამდე გემების წლიური ტრაფიკი 1000-დან 14 702-მდე გაიზარდა, მოცულობა კი პანამის არხის უნივერსალური საზომი სისტემით (PC/UMS) 309,6 მილიონ ტონამდე. 2008 წლისთვის, არხში გავლილი იყო 815 000 გემი, რომელთაგან ბევრი იმაზე დიდი მოცულობის იყო, ვიდრე თავდაპირველად იგეგმებოდა. უმსხვილეს გემებს, რომლებსაც დღეს არხში გავლა შეუძლიათ პანამაქსს უწოდებენ.[1] ამერიკის სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოებამ პანამის არხი მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათა შორის დაასახელა.[2]