From Wikipedia, the free encyclopedia
ნეტარყუჩობა ან ორგაზმი, სექსუალური კლიმაქსი (ძვ. ბერძნ. ὀργασμός; ὀργάω — სითხეთი ვიწვი ვნებისაგან) — სქესობრივი აქტის კულმინაციური ფაზა, უკიდურესი აგზნება, რასაც მოყვება ნერვული დაცლა. ის შეიძლება გამოცდილი იყოს როგორც მამაკაცის, ასევე, ქალის მიერ. გამოიხატება მამაკაცის მიერ თესლის ეაკულაციაში. განასხვავებენ ქალის შემდეგი სახის ორგაზმებს: კლიტორულს, ვაგინალურს და შერეულს (კლიტორულ-ვაგინალურს).[1] ორგაზმი გამოხატულია ინტენსიური ფიზიკური სიამოვნების[2][3] შედეგად, ის კონტროლდება უნებლიეთ ან განზრახ ნერვული სისტემის მიერ. მას თან ახლავს მცირე მენჯის კუნთების შეკუმშვა, რომელიც ძირითადი სექსუალური ორგანოების გარშემოა. ხშირად ორგაზმი ასოცირებულია სხვა უნებლიე მოქმედებებთან, მათ შორის სხეულის სხვა ადგილებში კუნთების სპაზმებთან, ზოგად ეიფორიულ შეგრძნებებთან და ასევე, ხშირად ხმასთან, ხმის ჟღერადობასთან — ე. წ. ვოკალიზაციასთან.
ორგაზმის მიღწევა მრავალი სხვადასხვა აქტივობითაა შესაძლებელი, მათ შორის ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსით, არაპენეტრაციული სექსით ან მასტურბაციით, ასევე სექს-სათამაშოს, მაგალითად, ვიბრატორის ან ეროტიკული ელექტროსტიმულაციის, დახმარებით. ძუძუსთავების ან სხვა ეროგენული ზონების სტიმულაციით ორგაზმის მიღწევა უფრო იშვიათია.[4] შესაძლებელია ასევე მრავალჯერადი ორგაზმების მიღწევა, განსაკუთრებით ქალებში, თუმცა ეს მოვლენაც საკმაოდ იშვიათია.[5] მრავალჯერადი ორგაზმები არის ორგაზმები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით დროის მოკლე მონაკვეთში დგება.[5]
ფიზიკურ სტიმულაციასთან ერთად ორგაზმის მიღწევა ასევე შესაძლებელია მხოლოდ ფსიქოლოგიური აღგზნებითაც, მაგალითად, სიზმარში (ე.წ. „სველი სიზმარი“ კაცებსა და ქალებში)[6].
კაცებში ორგაზმის მიღწევის ყველაზე გავრცელებული გზაა პენისის ფიზიკური სექსუალური სტიმულაცია. ამას, ჩვეულებრივ, მოსდევს ეაკულაცია, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება კაცმა ორგაზმს ეაკულაციის გარეშეც მიაღწიოს (ე.წ. „მშრალი ორგაზმი“).[5] გარდატეხის ასაკს მიუღწეველ ბიჭებს მშრალი ორგაზმები აქვთ.[7] კაცებს ორგაზმის მიღწევა ასევე შეუძლიათ პროსტატის სტიმულაციით.[8]
ქალებში ორგაზმის მიღწევის ყველაზე გავრცელებული გზაა კლიტორის პირდაპირი სექსუალური სტიმულაცია (მაგალითად, განგრძობითი მასტურბაცია, თითაობა, ორალური ან სხვა ფორმის შეხებითი სტიმულაცია კლიტორის გარე ნაწილზე). ზოგადი სტატისტიკა მეტყველებს, რომ ქალების 70-80%-ს ორგაზმის მისაღწევად სჭირდება პირდაპირი კლიტორული სტიმულაცია,[9] თუმცა ზოგჯერ არაპირდაპირი კლიტორული სტიმულაციაც (მაგალითად, ვაგინალური პენეტრაციისას) საკმარისია.[10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.