![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d2/Matsoni.jpg/640px-Matsoni.jpg&w=640&q=50)
მაწონი
რძის პროდუქტი / From Wikipedia, the free encyclopedia
მაწონი — ქართული ტრადიციული რძემჟავა პროდუქტი, რომელიც ძროხის, კამეჩის, თხის და, იშვიათად, ცხვრის რძისაგან, ან მათი ნარევისაგან მიიღება.[1] ქართული მაწვნის მომზადებისა და მოხმარების ტრადიციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით 2020 წლის 22 ივლისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[2]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d2/Matsoni.jpg/640px-Matsoni.jpg)
მისი წარმოშობის ზუსტი დრო უცნობია, ინფორმაცია ამის შესახებ ისტორიულ წყაროებში არ მოიპოვება. სავარაუდოდ, მაწვნის ტრადიცია საქართველოში ანტიკური ხანიდან მოდის. ლეგენდების თანახმად, საუკუნეთა განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო მაწვნის მომზადების რეცეპტი, რადგან მასში იყო დამალული კავკასიელთა დღეგრძელობის საიდუმლო. საქართველოდან იგი მოგვიანებით გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად სომხეთში.[3] ამჟამად მაწონი ფართოდ გამოიყენება ბევრ აღმოსავლურ სამზარეულოში სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად. უხსოვარი დროიდან მაწონი საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტია და სამკურნალო საშუალება. გამოიყენება როგორც ყოველდღიურ კვებით რაციონში, ასევე დაავადებების დროს როგორც დიეტური საკვები. განსაკუთრებულად გამოიყენება ბავშვთა, მათ შორის ჩვილთა და ხანდაზმულთა კვებაში.[4]
აღსანიშნავია, რომ უკვე XIX საუკუნეში, საქართველოში, მაწონი კულტურულ მემკვიდრეობად მიაჩნდათ. ამაზე მეტყველებს პარიზის 1900 წლის მსოფლიო გამოფენის ქართული განყოფილებისათვის მაწვნის კულტურის საპრეზენტაციოდ სპეციალურად დამზადებული დახვეწილი დიზაინის მინის ქილები, (იდეის ავტორის და განმახორციელებლის ინიციალებით R. I. – რაფიელ ისარლიშვილი). მაწვნის პოპულარიზაციით ქვეყანა ცდილობდა ტრადიციული წესით დამზადებული უნიკალური თვისებების მქონე რძის ნაწარმი მსოფლიოს ფართო საზოგადოებისათვის გაეცნო.[5]
მაწონი მზადდება ძროხის, კამეჩის, ცხვრის ან თხის რძიდან სპეციალური დამამჟავებელი დედოს დამატებით; შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, A, B2, PP ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს და მინერალებს, მასში შემავალი შემადედებელი ცოცხალი მიკროორგანიზმები ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის.