From Wikipedia, the free encyclopedia
მარწუხებში (ინგლ. The turn of the Screw) — ამერიკელი ავტორის, ჰენრი ჯეიმზის 1898 წლის ჰორორის ჟანრში დაწერილი ნაწარმოები, რომელიც თავდაპირველად სერიებად იბეჭდებოდა. ნოველა მოგვითხრობს გუვერნანტზე, რომელსაც შორეულ მამულში ორ შვილზე ზრუნვა დაევალება, თუმცა მალევე აღმოაჩენს, რომ სახლი დაწყევლილია. აღნიშნული წიგნი აღიქმება როგორც გოთიკური, ისე საშინელებათა ლიტერატურის ნიმუშად.
„მარწუხებში“ | |
---|---|
| |
ავტორი | ჰენრი ჯეიმზი |
ენა | ინგლისური ენა |
გამომცემელი | Macmillan Inc. |
გამოცემის თარიღი | 1898 |
რომანის გამოცემიდან ერთი საუკუნის განმავლობაში მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მკვეთრად იცვლებოდა - თუ თავიდან ლიტერატურათმცოდნეები მას ჩვეულებრივ ისტორიად აღიქვამდნენ მოჩვენებების შესახებ, 30-იან წლებში ზოგიერთი კრიტიკოსი ვარაუდობდა, რომ ნაწარმოებში ხსენებული ზებუნებრივი ელემენტები გუვერნანტის ფანტაზიის ნაყოფი იყო. 1970-იანი წლების დასაწყისში, სტრუქტურალიზმის გავლენით, მრავალი წიგნის მთავარ მახასიათებელს მის ბუნდოვანებაში ხედავდა. უფრო მოგვიანებით, მსგავსი შეფასებები გაკეთდა მარქსისტული და ფემინისტური თვალსაწიერიდან გამომდინარე.
ნაწარმოები არაერთხელ ადაპტირდა ეკრანებსა თუ სცენაზე, დაიდგა ბროდვეიზეც. აღნიშნულ ნაწარმოებზე დაყრდნობით შეიქმნა ეკრანიზაცია 1961 წელს, ხოლო 2020 წელს Netflix-მა წიგნზე დაყრდნობით გადაიღო მინი სერიალი.
უსახელო პროტაგონისტი გადმოგვცემს მოჩვენებათა ისტორიას, რომელსაც ვინმე დუგლასი წაუკითხავს ბუხრის გარშემო მჯდომარე, აგარაკზე ყოფნისას. ეს არის ამბავი გუვერნანტზე, რომელიც პასუხისმგებელია ორი ბავშვის - მაილსისა და ფლორას - აღზრდაზე, რომლებიც ობლად იზრდებიან ბლაის მამულში. გუვერნანტი მღვდლის ქალიშვილია, რომელსაც არანაირი ქონებრივი თუ ქორწინებითი პერსპექტივა გააჩნია, ამიტომ იგი დაინტერესებულია საკუთარი კლიენტის - ბავშვების ბიძის - მიერ დავალებული საქმეების შესრულებით, რასაც თავდადებითაც აკეთებს. მოულოდნელად, მაილსი, გაურკვეველი მიზეზისდა გამო, გააძევეს პანსიონიდან. დროთა განმავლობაში, მთხრობელი არაერთხელ აკვირდება მოჩვენებებს მამულში. ის მათ ამოიცნობს კიდეც - ყოფილი მსახურები, რომლებიც, ასევე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ. აღმოჩნდება, რომ მისი "წინამორბედები" საკმაოდ დაახლოებულნი იყვნენ ბავშვებთან, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია მათზე და დაღი დაასვა მათ სუსტ ფსიქიკას. გუვერნანტი დარწმუნებულია, რომ ბავშვებიც ხედავენ ამ მოჩვენებებს და კონტაქტში არიან სულებთან, მაგრამ ისინი ამის შესახებ არაფერს ამბობენ. ბავშვების დაცვის მიზნით, ის იძულებით მეთვალყურეობას წამოიწყებს, რაც საბოლოოდ გამოიწვევს მაილსის სიკვდილსა და ფლორას ნერვულ აშლილობას.
1890-იან წლებში, ნაწარმოების − დეიზი მილერი (1878) − წარმატებამ არ გაამართლა და ავტორი კვლავაც ფინანსურ გასაჭირში ჩავარდა. ამას მოჰყვა ჯანმრთელობის გაუარესებაც, განუვითარდა ჩიყვი[1] და გარდაეცვალა რამდენიმე უახლოესი მეგობარი, მათ შორის ცნობილი შოტლანდიელი ავტორი რობერტ ლუის სტივენსონი. 1895 წლის წერილში ჯეიმზი წერდა:[2]
"მე ყველგან მოჩვენებებს ვხედავ".
1895 წლის 12 იანვარს გამოქვეყნებულ ჟურნალის ერთ-ერთ ჩანაწერში ჰენრი ჯეიმზი ყვება ერთ საშინელებათა ისტორიას, რომელიც მან კენტერბერის არქიეპისკოპოსისგან - ედუარდ უაიტ ბენსონისგან - მოისმინა. არსებობს ვერსია, რომ სწორედ ამ ისტორიით შთაგონებულმა ჯეიმზმა დაიწყო ზემოხსენებული წიგნის შეთხზვა.[3] მაშინ, როცა ავტორმა ამ ნაწარმობზე დაიწყო მუშაობა, არ შეეძლო წერა, მაჯის დაზიანებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ახალი შემოსული იყო საბეჭდი მანქანა, შესაბამისად ნაწერებს ის საკუთარ მოახლეს უკითხავდა, რომელიც მანქანაზე ბეჭდავდა. გარდა ამისა, მისი შექმნის პერიოდში საშინელებათა ნაწარმოებებისადმი საზოგადოების დიდი ინტერესი არსებობდა, რაც ამ თემასთან დაკავშირებულ მრავალ ჟურნალისტურ თუ სამეცნიერო ნაშრომშიც აისახა, თავად ჯეიმზი კი გაწევრიანებული იყო ე.წ. "ფსიქიკური კვლევის საზოგადოებაში", რამაც, გარკვეულწილად, გავლენა იქონია ნაწარმოების სტილზეც.
როგორც გოთიკური ლიტერატურის ნაწილი, კრიტიკოსები ხაზს უსვამენ შარლოტ ბრონტეს მაგნუმ ოპუსს - ჯეინ ეარი -, რომლის გავლენაც იგრძნობა წიგნზე.[4] მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები აშკარად გოთიკურ ჟანრს განეკუთვნება, უნდა აღინიშნოს, რომ, ავტორის წერის მანერიდან გამომდინარე, ნოველა უარს ამბობს გოთიკურ რომანებთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა ლირიკული დიგრესია, რასაც ვერ ვიტყვით სხვა გოთიკურ ნაწარმოებებზე, მაგალითად ფრანკენშტაინი (1818) და დრაკულა (1897).[5]
რამდენიმე ბიოგრაფმა აღნიშნა, რომ ჯეიმზი ეცნობოდა სპირიტუალიზმს, რომელსაც განტვირთვის მიზნით ეუფლებოდა. შეიძლება ეს გამოწვეული იყო იმითაც, რომ მისი ძმა, უილიამი, ზებუნებრივი ფენომენების აქტიური მკვლევარი იყო. უცნობია, სჯეროდა თუ არა ჯეიმზს მოჩვენებების, თუმცა ნაწარმოებზე ეს გამოცდილებაც ნათლად აისახა.
მარწუხებში თამამად მიიჩნევა ჯეიმზის ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ განხილულ ნაშრომად.
თავის 1983 წლის საშინელებათა ჟანრის არამხატვრულ გამოკითხვაში სტივენ კინგმა მარწუხებში, შირლი ჯექსონის ჰილჰაუსის მოჩვენებასთან (1959) ერთად მოიხსენია, როგორც საუკუნის ყველაზე გამორჩეული საშინელებათა ჟანრის ნაწარმოები. არანაკლებ ცნობილმა ავტორმა, გილიან ფლინმა აღნიშნული ტექსტი მოიხსენია, როგორც ერთ-ერთ ყველაზე შემზარავი წიგნი, რომელიც მოჩვენებებს შეეხება.[6] The New York Times Review of Books-ის ერთ-ერთ ადრეულ მიმოხილვაში ხსენებული წიგნი რობერტ ლუის სტივენსონის ფიქციასთან - დოქტორი ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი (1886) - დააკავშირეს. მიმომხილველმა აღნიშნა, რომ ეს იყო მსგავსი "ბოროტების წარმატებული შესწავლა", ოღონდ ამჯერად ბავშვებზე და გუვერნანტზე მოჩვენებების გავლენის შესახებ. [7]არსებობს ამ ისტორიის სხვადასხვაგვარი ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტეცია, მაგალითად 1934 წელს ამერიკელმა ავტორმა ედმუნდ უილსონმა, რომელზეც დიდი გავლენა იქონია ფროიდის შემოქმედებამ, ივარაუდა, რომ ნებისმიერი სახის მოჩვენება, რომელიც წიგნში იყრის თავს, მხოლოდ და მხოლოდ ძიძის ჰალუცინაციის ნაყოფია, რაც, მისი აზრით, გამოწვეული იყო სექსუალური დაუკმაყოფილებლობით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.