From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტინა ლოთარინგიელი (იტალ. Cristina di Lorena; დ. 16 აგვისტო 1565 — გ. 19 დეკემბერი 1637) — ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუას უფროსი ქალიშვილი. ტოსკანის დიდ ჰერცოგინია 1589 - 1609 წლებში როგორც ფერდინანდო I-ის მეუღლე. ტოსკანის დიდი ჰერცოგის კოზიმო II-ის დედა. თავისი შვილიშვილის ფერდინანდო II-ის რეგენტი 1621-1630 წლებში.
კრისტინა ლოთარინგიელი | |
---|---|
ტოსკანის დიდ ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 3 მაისი 1589 |
მმართ. დასასრული: | 17 თებერვალი 1609 |
წინამორბედი: | ბიანკა კაპელო |
მემკვიდრე: | მარია მაგდალინა ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 აგვისტო 1565 |
დაბ. ადგილი: | სტანისლას სასახლე, ნანსი, ლოთარინგიის საჰერცოგო |
გარდ. თარიღი: | 19 დეკემბერი 1637 (72 წლის) |
გარდ. ადგილი: | პიტის სასახლე, ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო |
მეუღლე: | ფერდინანდო I მედიჩი |
შვილები: |
კოზიმო II მედიჩი ელეონორა მედიჩი კატერინა მედიჩი ფრანჩესკო მედიჩი კარლო მედიჩი ფილიპინა მედიჩი ლორენცო მედიჩი მარია მადალენა კლაუდია მედიჩი |
დინასტია: |
ლოთარინგიული დინასტია (დაბადებით) მედიჩების დინასტია (ქორწინებით) |
მამა: | შარლ III ლოთარინგიელი |
დედა: | კლაუდია ვალუა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
კრისტინა დაიბადა 1565 წლის 16 აგვისტოს, ლოთარინგიის საჰერცოგოს დედაქალაქ ნანტში. იგი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუას მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი.
დედის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ საფრანგეთის მეფე ანრი II და დედოფალი ეკატერინე მედიჩი. ამავე ხაზით მისი ბიძები საფრანგეთის მეფე ფრანსუა II, შარლ IX და ანრი III, ხოლო დეიდები ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტ ვალუა და ნავარის დედოფალი მარგარიტა ვალუები იყვნენ. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ ლოთარინგიის ჰერცოგი ფრანსუა I და მისი ცოლი, კრისტინა დანიელი (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი და რომელსაც თავისი ბებიის, დანიის დედოფალ კრისტინა საქსონიელის პატივსაცემად ერქვა სახელი), რომელიც თავის მხრივ დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე კრისტიან II-ისა და დედოფალ იზაბელა ავსტრიელის ქალიშვილი იყო. ამრიგად კრისტინას დიდ ბებიად ერგებოდა ესპანეთის გამაერთიანებელი დედოფალი ისაბელ კასტილიელი.
ამგვარი დიდი წარმომავლობის გამო, იგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საპატარძლო იყო. ამის გამო, იგი ბავშვობიდანვე იღებდა საუკეთესო განათლებას, ასევე სწავლობდა რამდენიმე უცხო ენას.
როდესაც კრისტინა ათი წლის იყო, 1575 წელს, დედამისი, კლაუდია ვალუა 28 წლის ასაკში გადაჰყვა მეცხრე მშობიარობას. ამის შემდეგ მამამისი მეორედ აღარ დაქორწინებულა.
1587 წელს, უძეოდ გარდაიცვალა ტოსკანის დიდი ჰერცოგი ფრანჩესკო I მედიჩი, რის გამოც, ტახტზე მისი ძმა, ფერდინანდო I ავიდა, რომელიც მალევე შეუდგა საცოლის ძიებას. მან თავის საცოლედ კრისტინა ლოთარინგიელი შეარჩია. აღსანიშნავია, რომ ფერნანდოს მამა, კოზიმო I და კრისტინას ბებია, ეკატერინე მედიჩი ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ. ფერდინანდოს ამ არჩევანზე დიდი გავლენა სწორედ ეკატერინემ მოახდინა, რადგან დიდი ჰერცოგი საცოლეს ესპანეთში უფრო ეძებდა, რადგან სურდა ესპანელ პრინცესაზე ქორწინებით შეემსუბუქებინა ის მძიმე ტვირთი, რაც ტოსკანის ესპანეთის ვასლად გახდომას ახლდა.
1589 წლის 3 მაისს, ფლორენციის საკათედრო ტაძარში შედგა კრისტინასა და ფერდინანდო I-ის ქორწინება. მათ ჯვარი თავად პაპმა დასწერათ, რის გამოც ქორწინებას არაერთი ევროპელი მონარქი და დელეგატი ესწრებოდა. ჯვრისწერას ფლორენციაში დიდი გასართობი ღონისძიება მოჰყვა. ამ დროს გაიმართა ბანკეტი, ბურთით თამაშობები, დაიდგა კომედიები და მუსიკალური წარმოდგენები. განსაკუთრებულად მაღალი წრის სტუმრებისათვის, მეტად დახვეწილი ბანკეტი გაიმართა პიტის სამეფო სასახლეში. სასახლის ეზოში გაიმართა იმიტირებული საზღვაო ბრძოლაც. დღევანდელ ვალუტაში გადაყვანით, ეს ქორწილი დაახლოებით თხუთმეტი მილიონი დოლარი დაჯდა. თავად კრისტინას მზითვში 600,000 დუკატი და 50,000 ფლორინი გაატანეს. ამას გარდა, საქორწინო საჩუქრის სახით, ეკატერინე მედიჩიმ თავის მფლობელობაში მყოფი ურბინოს საჰერცოგო უანდერძათ.
კრისტინასა და ფერდინანდოს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც მან ცხრა ბავშვი გააჩინა, აქედან ოთხი ვაჟი და ხუთი გოგონა. როგორც ცნობილია, კრისტინა ტოსკანაში მფარველობდა ხელოვნებასა და მეცნიერებას, მასვე მიეწერება გალილეო გალილეის სამეცნიერო წამოწყების დაფინანსება.
1609 წელს, ფერდინანდო I-ის გარდაცვალების შემდეგ, დიდი ჰერცოგი მისი და კრისტინას უფროსი ვაჟი, კოზიმო II გახდა. კრისტინას ახლო და მეტად თბილი ურთიერთობა ჰქონდა თავის რძალთან, ახალ ჰერცოგინია მარია მაგდალინა ავსტრიელთან. კოზიმო II-ის მმართველობა არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. იგი 1621 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი 10 წლის ვაჟი, ფერდინანდო II ავიდა. ტრადიციისა და კანონის მიხედვით, მის სრულწლოვანებამდე ქვეყანას რეგენტის სტატუსით მართავდა დედამისი, მარია მაგდალინა, თუმცა მან თავისზე დაკისრებულ უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო, ამიტომაც თანა-რეგენტად კრისტინა დაინიშნა. ამრიგად, კრისტინა ტოსკანის რეგენტი გახდა, თუმცა ყველაფერს რძალთან ერთად აკეთებდა. მათი ცხრაწლიანი კოლექტივური რეგენტობა, იტალიის ისტორიაში „ტუტრიჩი“-ს სახელითაა ცნობილი. რადგანაც კრისტინა და მარია მაგდალინა ერთმანეთის ანალოგიური პიროვნებები იყვნენ, თითქმის არასოდეს კამათობდნენ გადაწყვეტილების მიღებისას. მალე მათ ფერდინანდო II დააქორწინეს რომის პაპ ურბან VIII-ის ბიძაშვილ ვიტორია დელა როვერეზე, რომელიც ასევე კრისტინას ქალიშვილ კლაუდია მედიჩის ასული და ურბინოს ერთადერთი მემკვიდრე იყო, რითაც ურბინოს საჰერცოგო საბოლოოდ მიუერთდა ტოსკანას.
1626 წელს, მან და მისმა რძალმა, გამოსცეს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ტოსკანის ყველა მოქალაქეს, საჰერცოგოს საზღვრებს გარეთ განათლების მიღება აეკრძალა. 1630 წელს ფერდინანდო II სრულწლოვანი გახდა, რითაც დასრულდა მათი რეგენტობა. ამ ამბიდან სულ მალე, 1631 წელს გარდაიცვალა მარია მაგდალინა ავსტრიელიც. დარჩენილი წლები კრისტინამ ფუფუნებასა და სიმშვიდეში გაატარა. იგი გარდაიცვალა 1637 წლის 19 დეკემბერს პიტის სასახლეში, ფლორენციაში, 72 წლის ასაკში. კრისტინა ლოთარინგიელი დაკრძალეს ფლორენციაში, სან-ლორენცოს სახელობის ბაზილიკაში, მისივე მეუღლის გვერდით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.