From Wikipedia, the free encyclopedia
კრეტა (ბერძ. Κρήτη) — კუნძული ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ეკუთვნის საბერძნეთს. სიგრძე 260 კმ, სიგანე 12-იდან 55 კმ-მდე. ფართობი 8336 კმ². ჩრდილოეთი ნაპირი შეჭრილ-შემოჭრილია, სამხრეთი — ფლატოვანი. რელიეფი მთაგორიანია. მთები უმთავრესად აგებულია კირქვებით. განვითარებულია კარსტი. ხშირია მიწისძვრა. ჰავა ხმელთაშუა ზღვისაა. სანაპიროზე იანვრის საშუალო ტემპერატურა 12 °C, ივლისის 26 °C. ნალექები 600-700 მმ (მთაში 1000-1600 მმ) წელიწადში. განვითარებულია მევენახეობა, მეციტრუსეობა, მესაქონლეობა; თევზჭერა, ზღვის ღრუბლის რეწვა. არის რკინის მადნისა და მურა ნახშირის საბადოები. კრეტაზეა ნავსადგურები ჰერაკლიონი და ხანია.
მშობ. სახელი: Κρήτη | |
---|---|
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 35°12′ ჩ. გ. 24°54′ ა. გ. |
ფართობი | 8,336 კმ² |
სიგრძე | 260 კმ |
სიგანე | 12-55 კმ |
უმაღლესი წერტილი | 2456 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 623,065 (2011) |
სიმჭიდროვე | 75 /კმ² |
ოფიციალური საიტი | crete.gov.gr |
კრეტა ძველი წელთაღრიცხვის III-II ათასწლეულში ეგეოსის კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. შუამავლის როლს ასრულებდა დასავლეთი (ბალკანეთის ნახევარკუნძულის) და აღმოსავლეთის ქვეყნების ურთიერთობაში. ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის მიწურულში დაეცა კრეტის ძველი ცენტრები — ლოსი, ფსირა და პალეკასტრა, ძველი წელთაღრიცხვის XXI-XX საუკუნეებში დაწინაურდა ახალი ცენტრები (უძველესი სახელმწიფოები ევროპაში) — კნოსოსი, ფესტოსი და სხვა. კრეტა კნოსოსის მეთაურობით ხმელთაშუა ზღვის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში გაბატონდა, იგი ამ დროს ძლიერი სამხედრო-საზღვაო სახელმწიფო და კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა იყო. ჰომეროსი მას „ასქალაქიანს“ უწოდებდა. ძველი წელთაღრიცხვის XIV საუკუნეში კუნძულის ტერიტორიის ნაწილი აქაველებმა დაიპყრეს. დორიელები აქ პირველად ძველი წელთაღრიცხვის XII საუკუნის დასაწყისში შეიჭრნენ.
ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში მთელ კრეტაზე დორიელები გაბატონდნენ და მრავალი ქალაქი დააარსეს, მათ შორის გორტინაც. კრეტის ისტორიის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს გორტინის კანონებს. კრეტის პოლისები არისტოკრატიული რესპუბლიკები იყო. სათავეში ედგა 9 კაცისაგან შემდგარი კოლეგია და უხუცესთა საბჭო. იწვევდნენ სახალხო კრებას. ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან მოყოლებული კრეტის პოლისები აქტიურად მონაწილეობდნენ საერთო ელინურ ცხოვრებაში. ძველი წელთაღრიცხვის 67 წელს კრეტა რომმა დაიპყრო. ახალი წელთაღრიცხვის 395 წლიდან შედიოდა ბიზანტიის შემადგენლობაში, 823-961 წლებში არაბების ხელში მოექცა, 961-1204 წლებში კი მას კვლავ ბიზანტია დაეპატრონა. 1204 წელს იგი ჯვაროსნებმა დაიპყრეს და ვენეციას მიჰყიდეს. 1669 წელს, საბოლოოდ კი 1715 წელს, ოსმალთა იმპერიამ დაიმორჩილა. XIX საუკუნეში კრეტაზე თურქების საწინააღმდეგო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა გაიშალა. 1912-1913 წლებში ბალკანეთის ომების შემდეგ ლონდონის საზავო ხელშეკრულებით (1913) და საბერძნეთ-ოსმალეთის ხელშეკრულებით (1913) კრეტა საბერძნეთს შეუერთდა. 1941 წლის 20 მაისს — 1 ივნისს კრეტა დაიკავეს გერმანულმა ფაშისტთა ჯარებმა. 1944 წლის ნოემბერში კრეტა ოკუპანტებისაგან გათავისუფლდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.