კლარჯეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
კლარჯეთი — ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კლარჯეთი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კლარჯეთი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კლარჯეთი (მრავალმნიშვნელოვანი). |
განასხვავებენ კლარჯეთის ვიწრო და ფართო გაგებას. ფართო გაგებით კლარჯეთი ესაა ტერიტორია ზღვიდან არსიანის მთამდე, ანუ ჭანეთი და მთელი ჭოროხის ბასეინი, ხოლო ვიწრო გაგებით კი ის აჭარისწყლიდან არსიანამდეა და მოიცავს: ლიმანს, აჭარას, მაჭახელას, შავშეთს და არტანუჯს. კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნის II ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო (ცენტრი ახიზაში). კლარჯეთი ამავე დროს გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. IX საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. XI-XIII საუკუნეებში კლარჯეთში ფართოდ გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იგი განთქმული იყო ეკლესია-მონასტრებით, რომელთაც კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს („ათორმეტი უდაბნო“) უწოდებდნენ. XVI საუკუნეში კლარჯეთი სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია[1].