From Wikipedia, the free encyclopedia
კიევის ბრძოლა — ბრძოლა უკრაინის დედაქალაქ კიევზე კონტროლისთვის; რუსეთის მიერ კიევზე შეტევის ნაწილი 2022 წელს უკრაინაში შეჭრის დროს.
კიევის ბრძოლა | |||||
---|---|---|---|---|---|
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი | |||||
საცხოვრებელი კორპუსი სარაკეტო დარტყმის შემდეგ, 26 თებერვალი | |||||
თარიღი |
25 თებერვალი, 2022 – 31 მარტი, 2022 (1 თვე და 6 დღე) | ||||
მდებარეობა | კიევი, უკრაინა | ||||
შედეგი |
უკრაინის გამარჯვება[1] | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
სამხედრო ნაწილები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
კიევის ბრძოლა ვიკისაწყობში |
25 თებერვალს, დილით, უკრაინელი ჯარისკაცების ფორმაში ჩაცმული სამი რუსი დივერსანტი ობოლონის რაიონში შევიდა. ქალაქის ეს ჩრდილოეთი უბანი უმაღლესი რადის შენობიდან (უკრაინის პარლამენტის შეკრების ადგილი) დაახლოებით 10 კმ-შია.[35][36] სამივე დივერსანტი უკრაინულმა ძალებმა მოკლეს.[37][38] გვიან დილით, უკრაინული გამანადგურებელი სუ-27 ჩამოაგდეს ქალაქის თავზე, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.[32]
ქალაქის რამდენიმე რაიონში მთელი დღის განმავლობაში ისმოდა სროლის ხმა; უკრაინის ოფიციალური პირების სროლა რუსულ ჯარებთან შეტაკების შედეგად წარმოიშვა.[39][40]
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ პირობა დადო, რომ იარაღს აიღებდა და იბრძოლებდა. მისი ძმამაც, ვოლოდიმირ კლიჩკომ, რომელიც რეზერვისტებს რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა, იგივე გააკეთა.[41]
რუსეთის შეიარაღებული ძალები გამაგრდნენ ანტონოვის აეროპორტში, რომელიც კიევის გარეუბან ჰოსტომელში მდებარეობს. ანტონოვის აეროპორტის ბრძოლის ფარგლებში, აეროპორტზე კონტროლი ორჯერ გადავიდა ხელიდან ხელში.[42] უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის მოსახლეობას მოუწოდა, რუსეთის თავდასხმისთვის მოლოტოვის კოქტეილებით ეპასუხათ.[43][44] მოქალაქეებს დაურიგდათ ჯამში 18000 ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე გააქტიურდა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალები, რომლებიც ჩვეულებრივ რეზერვში იმყოფებიან ხოლმე.[25]
კიევში 25 თებერვლის ღამით ძლიერი სროლა იყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დაახლოებით 60 რუსი დივერსანტი მოკლეს.[27]
26 თებერვლის დილას რუსეთის არტილერია ქალაქს 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ბომბავდა.[45] ჭურვი ან რაკეტა მოხვდა ლობონოვსკის გამზირზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსს. ოფიციალური უწყებების განცხადებით, იყვნენ დაშავებულები, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.[46] პარალელურად, უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს ელექტროსადგურზე თავდასხმა ჩრდილო-აღმოსავლეთ უბან ტროეშჩინაში; BBC-ის ვარაუდით, თავდასხმა შესაძლოა ყოფილიყო „ქალაქისათვის ელექტროენერგიის გათიშვის მცდელობა“.[47] მძიმე ბრძოლები გაიმართა კიევის ზოოპარკთან, ცენტრალურ უბან შულიავკაში, სადაც უკრაინული ძალები იცავდნენ გამარჯვების გამზირზე მდებარე სამხედრო ბაზას.[48] შეტაკებები ასევე მიმდინარეობდა კიევის სხვა ქუჩებზე. მოსახლეობა გაფრთხილებული იყო, რომ მორიდებოდნენ ფანჯრებსა და აივნებს.[47]
ზელენსკის თქმით, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის შეტევის მოგერიება და დედაქალაქისა და მიმდებარე დიდი ქალაქების შენარჩუნება. კომენდანტის საათი 17:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე გრძელდებოდა, დამრღვევები „რუს დივერსანტებად ან სადაზვერვო ჯგუფებად“ ჩაითვლებოდნენ.[49]
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული ძალების ძირითადი ნაწილი კიევის ცენტრიდან 31 კმ-ის დაშორებით იმყოფებოდნენ.[50]
მოხალისეთა მობილიზებაზე პასუხისმგებელი იყო უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალები . უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა, რომ კიევში მოხალისეებს გადაეცათ 25000-ზე მეტი ავტომატი, დაახლოებით 10 მილიონი ტყვია, რეაქტიული ყუმბარები და ყუმბარსატყორცნები.[6]
27 თებერვალს, გამთენიისას, კიევში რუს დივერსანტებთან შეტაკებები მოხდა. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ დილისთვის კიევს სრულად აკონტროლებდნენ უკრაინული ძალები.[51] 27 თებერვალს საღამოს Associated Press-მა გაავრცელა კლიჩკოს განცხადება, რომ ქალაქი ალყაში იყო.[52] თუმცა, მოგვიანებით მერის სპიკერმა The Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ მან საუბრისას შეცდომა დაუშვა და კიევის ალყაში მოქცევის შესახებ ინფორმაცია მცდარი იყო.[53]
იმავე დილით, ტროიეშჩინაში მდებარე 16-სართულიანი შენობის ეზოში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 7 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.[54] ოფიციალური პირების განცხადებით, იგი რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა გაისროლა ბელარუსიდან, თუმცა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა იგი ჩამოაგდო და ეზოში დაცემული იყო მისი ნამსხვრევი.[55][56]
27 თებერვალს ღამით, რუსულმა კოლონამ სირეცის მეტროსადგურთან სცადა გამაგრება, რის შედეგადაც სასიკვდილო შეტაკებაში აღმოჩნდა უკრაინელ ჯარისკაცებთან. რუსულმა ჯარებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ სამხედრო ავტობუსს, თუმცა უცნობი იყო მსხვერპლის რაოდენობა.[57]
რუსული ჯარების ახალი ტალღა დაწინაურდა ქალაქისკენ, თუცა პირდაპირი ბრძოლები თითქმის არ ყოფილა[58] და კიევის მიმართულებით ამ დღეს მხოლოდ სამი რაკეტა გაისროლეს.[59] Maxar Technologies-მა თანამგზავრულ სურათებზე დააფიქსირა რუსული ავტომანქანების გრძელი კოლონა, რომელიც სამხრეთით, კიევისკენ მიემართებოდა, გადაჭიმული იყო 64 კილომეტრზე და კიევის ცენტრიდან დაახლოებით 40 კმ-ში იმყოფებოდა.[60][61][62]
იმ ღამით რუსული რაკეტები ჩამოვარდა ბროვარის სამხედრო ბაზაზე, რამაც მასიური ხანძარი გამოიწვია.[63]
1 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააფრთხილა მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ ისინი აპირებდნენ კიევის გარშემო უკრაინის ელექტროგადაცემის ობიექტებზე იერიშს და რომ მიმდებარედ მცხოვრებებს უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია.[64][65]
დაიბომბა კიევის ტელეანძა; როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინებოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა საოპერატოროსა და ტელეანძაზე და დროებით გაითიშა ტელემაუწყებლობა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დააზუსტა, რომ დარტყმის შედეგად დაზიანებულია ასევე ქვესადგური, რომელიც ტელეანძას ელექტროენერგიით ამარაგებს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხუთი — უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა. რაკეტა მოხვდა ასევე ანძის გვერდით მდებარე „ბაბი იარის“ მემორიალს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინის ოკუპაციისას გერმანიის ჯარებმა მასობრივად დახვრიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა.[66]
რუსეთის ავიაციამ დარტყმები განახორციელა სამშობიარო სახლზე, რომელიც დაზიანდა, მაგრამ არ დანგრეულა.[67] შემთხვევის მოწმეების თქმით, ყველა ადამიანი, რომელიც შენობაში იმყოფებოდა (მ.შ. სამედიცინო პერსონალი), უახლოეს ეკლესიაში იქნა ევაკუირებული, რადგან კლინიკაში არ იყო ბომბსაფარი.[68] დაიბომბა უბნები რუსანივკა, კურენივკა, გარეუბნები ბოიარკა, ვიშნევე, ასევე კიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.[georgian 1][69][70]
1 მარტიდან კიევში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აიკრძალა.[71] ვიტალი კლიჩკომ მაღაზიებისა და აფთიაქების მფლობელებს მიმართა, რომ არ ესარგებლათ სიტუაციით და არ აეწიათ ფასები საკვებ პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საქონელსა და წამლებზე.[72]
2 მარტს, დილით ადრე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ კიევის თავზე ჩამოაგდეს ორი რუსული სუ-35.[29][73]
მოგვიანებით, ისევ დილით, ვიტალი კლიჩკომ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული არმია იწყებდა ქალაქის გარშემორტყმას და ცდილობდა იგი ბლოკადაში მოექცია.[74] „24 Канал“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში კლიჩკო ამბობდა, რომ დედაქალაქს ტანკები ჩრდილოეთიდა, ბელარუსის მხრიდან უახლოვდებოდნენ და უკრაინის ხელისუფლება ამოწმებდა ბლოკპოსტების მზადყოფნას.[75] ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის უფროსის მარგო გროსბერგის ცნობით, რუსეთის სამხედრო კოლონა კიევის მისადგომებთან მინიმუმ 2 დღის შემდეგ მოვიდოდა, შემდგომ კი ისინი შეეცდებოდნენ ქალაქის ალყაში მოქცევას.[76] პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით იგი ზელენსკის ესაუბრა, რომელმაც მას უთხრა, რომ უკრაინის ჯარი არ აპირებდა კიევიდან უკან დახევას.[77]
უკრაინელთა მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტის ნამსხვრევები დაეცა რკინიგზის სადგურს „კიივ-პასაჟირსკის“, დაზიანდა მაგისტრალური მილსადენი. აფეთქების შედეგად სადგური უმნიშვნელოდ დაზიანდა.[78][79]
3 მარტს „The New York Times“-მა შეაფასა, რომ 15 000-ზე მეტი ადამიანი დაბომბვებისგან გასაქცევად თავს აფარებდა კიევის მეტროპოლიტენს.[80] გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში კიევისკენ მიმავალმა რუსულმა სამხედრო კოლონამ წინ წაწევის მიმართულებით „მცირედ შესამჩნევ პროგრესს“ მიაღწია.[81]
4 მარტს ქალაქზე დაბომბვების ახალი ტალღა განხორციელდა, მათ შორის სამიზნე იყო უბანი ბორშჩაჰივკა.[82] სოციალურ ქსელებში სარაკეტო დარტყმების ამსახველი ვიდეოების CNN-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ავიადარტყმები მიიტანეს ბიზნესცენტრზე და ქალაქის დასავლეთ რაიონებში მდებარე მრავალსართულიან სახლებზე.[83]
7 მარტს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.[30] ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქალაქიდან გაქცევის ბრალდების საპასუხოდ, კიევის ოფისში ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომ იგი დედაქალაქში რჩებოდა.[84]
8 მარტს „the Guardian“-მა გამოაქვეყნა ცნობა, რომ რუსული ძალები თავდასხმის შეჩერების გამომწვევი ლოგისტიკური პრობლემების აღმოფხვრას ცდილობდნენ.[85]
9 მარტს, დილით, რუსულმა ჯარებმა კვლავ დაიწყეს ქალაქის დაბომბვა, რამაც რამდენიმე აფეთქება გამოიწვია. მოგვიანებით, ამავე დღესვე, რუსული და უკრაინული მხარეები დროებითი ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ, რაც ქალაქის გარეუბნებიდან მშვიდობიან მოსახლეობას მასობრივი ევაკუაციის საშუალებას მისცემდა.[86]
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ომის დაწყების დღიდან დედაქალაქი დატოვა თითქმის ორმა მილიონმა ადამიანმა.[34]
12 მარტს ბრძოლების დროს ორი ხანძარი გაჩნდა: ერთი — ქალაქის ცენტრში, მეორე — გარეუბანში.[87] ხორივის ქუჩაზე (პოდილი) ჩამოაგდეს უპილოტო-კამიკაძე საფრენი აპარატი, რომელსაც გადაჰქონდა ფეთქებადი ნივთიერების მუხტი. აფეთქებამ „ოშჩადბანკის“ შენობაში ხანძარი გამოიწვია.[88][89] მეორე ხანძარი კიევის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში უცნობი საგნის ჩამოვარდნამ გააჩინა.[87]
14 მარტის დილას საარტილერიო ჭურვი მოხვდა ობოლონში ბოგატირების ქუჩაზე მდებარე 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს. შენობა ნაწილობრივ დაინგრა, გაჩნდა ხანძარი. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა.[90][91] კიევის თავზე ჩამოაგდეს ერთი რაკეტა, რომლის ნამსხვრევები კურენივკაში მდებარე 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაიღუპა 1 ადამიანი, განადგურდა ტროლეიბუსი.[92] ამას გარდა, რუსულმა ძალებმა 3 რაკეტა გაუშვეს ანტონოვის ავიაქარხნის მიმართულებით, რის შედეგადაც დაიჭრა 7 ადამიანი.[93][94]
ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობდა დედაქალაქის პროდუქტების მარაგების შევსება, რომელიც დარჩენილ მოსახლეობას 2 კვირა უნდა ყოფნოდა.[95]
15 მარტს, დილით, აფეთქების შედეგად დაზიანდა მეტროსადგური „ლუკიანივსკა“. ამავდროულად, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს საცხოვრებელი რაიონების, მათ შორის სვიატოშინის, პოდილისა და ოსოკორკის მიმართულებით.[96][97] დაიწვა რამდენიმე სახლი. ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სვიატოშინის რაიონში 04:10 საათზე შენობაზე ჭურვის დაცემის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.[98] ამ დღეს კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.[99] ზელენსკიმ სხვა ლიდერებს იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა.[100]
17 მარტს ზელენსკი ეწვია კიევის საავადმყოფოს და კიევიდან ევაკუაციის დროს დაჭრილი ადამიანები მოინახულა.[101]
20 მარტს, ადგილობრივი დროით 22:46 საათზე, პოდოლის რაიონში რუსულმა ჭურვმა გაანადგურა სავაჭრო ცენტრი, დაიღუპა არანაკლებ 8 ადამიანი. აფეთქებამ ასევე დააზიანა ახლომდებარე შენობები და გაანადგურა ავტომობილები. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინული ძალები სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიას საბრძოლო საშუალებების შესანახად იყენებდნენ.[102][103][104][105] მათ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც თითქოს ჩანდა საბრძოლო მანქანა, რომელიც სავაჭრო ცენტრს უახლოვდებოდა.[106] სვიატოშინსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები დაეცა საცხოვრებელ მასივს. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაზიანდა 6 სახლი და 4 სკოლა; ევაკუაცია შეეხო 200 ადამიანს.[103]
21 მარტის 21:00 საათიდან 23 მარტის 07:00 საათამდე გამოცხადდა კომენდანტის საათი.[107]
22 მარტს უკრაინელებმა დაიბრუნეს ქალაქი მაკარივი. ბრძოლას მოჰყვა კონტრშეტევა, რათა რუსული ნაწილები აღმოსავლეთით გაედევნათ.[108] ახლომდებარე გარეუბნებიდან და დასახლებული პუნქტებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცის განხორციელდა, მათ შორის მხოლოდ ბორისპილიდან — 20 000 მოქალაქისა.[109]
24 მარტს რუსულმა ძალებმა დაბომბვის ახალი ტალღა დაიწყეს.[110] ცეცხლი გაუხსნეს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საავტომობილო სადგომს,[111] დაიღუპა რუსი ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა, ორი ადამიანი კი დაიჭრა.[112] ამ დღეს კიევს ეწვივნენ ბალტიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები.[113]
გაერთიანებული სამეფოს 25 მარტის მოხსენებაში ლაპარაკი იყო, რომ რუსულ ჯარებში მარაგების დაცარიელება დაიწყო და უკრაინელებმა დედაქალაქიდან 35 კილომეტრის მანძილზე ქალაქების დაბრუნება შეძლეს.[114] რუსული მხარის განცხადებით, მათ კიევთან ახლოს მდებარე ქვეყანაში უდიდესი ნავთობის ტერმინალი გაანადგურეს.[115]
უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევების შემდეგ,[116][117][118] 29 მარტს რუსეთმა კიევის მიმართულებიდან ჯარების გაყვანის შესახებ გამოაცხადა.[119] კიევის აღება საკვანძო საკითხად ითვლებოდა და ამის ვერშერსულება მთლიანად ამ სამხედრო კამპანიის წარუმატებლობად მიიჩნევა.[120][118]
1 აპრილს კიევს ეწვია ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა; ის ევროკავშირის პირველი მაღალი თანამდებობის პირი იყო, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩავიდა.[121]
2 აპრილს უკრაინის ხელისუფლებამ კიევის ოლქის მთლიანად განთავისუფლების შესახებ განაცხადა.[122] ამავე დღეს კიევის მერმა მაღაზიებში ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვა მოხსნა.[123]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.