From Wikipedia, the free encyclopedia
კარლოს III (ესპ. Carlos III; დ. 20 იანვარი, 1716 — გ. 14 დეკემბერი, 1788) — ესპანეთის მეფე 1759–1788 წლებში, პარმის ჰერცოგი (კარლო I სახელით) 1731–1734 წლებში, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე (კარლო VII სახელით) 1734–1759 წლებში. ბურბონების დინასტიის წარმომადგენელი, ფილიპე V-ისა და მისი მეორე ცოლის, ისაბელ ფარნეზეს შვილი, ლუი XV-ის ბიძაშვილი. განათლებული აბსოლუტიზმის წარმომადგენელი. გაატარა ეფექტიანი რეფორმები სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკის სფეროში.
კარლოსი 1716 წლის 20 იანვარს დაიბადა მადრიდის სამეფო სასახლეში, ესპანეთში. იგი ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ისაბელ ფარნეზეს უფროსი საერთო ვაჟი იყო, თუმცა მამამისს პირველი ქორწინებიდან კიდევ ორი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე ჰყავდა. მეორეს მხრივ, დედამისი პარმის საჰერცოგოს ერთადერთ მემკვიდრედ რჩებოდა კარლოსის დაბადების დროს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კარლოსის დაბადებამ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ ალბერონის საშუალება მისცა ახალი დიდი გეგმები შეექმნა სამომავლოდ ესპანეთის გავლენების გასაძლიერებლად. 1717 წელს ალბერონის ბრძანებით ესპანელები სარდინიაში შეიჭრნენ, 1718 წელს კი სიცილიაშიც. იმავე წელს კარლოსის პირველი ღვიძლი და, ინფანტა მარიანა ვიქტორიაც დაიბადა. სიცილიაში შეჭრის საპასუხოდ სავოიის ჰერცოგი შეუერთდა ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრიისა და ნიდერლანდების მიერ ჩამოყალიბებულ ანტი-ესპანურ ოთხთა ალიანსს და მას ომი გამოუცხადა. მსგავსი დიდი ალიანსის წინააღმდეგ ბრძოლა მეფე ფილიპეს არ სურდა, მითუმეტეს, რომ ესპანეთი ჯერ კვლავ ესპანური მემკვიდრეობის 14-წლიანი ომის სირთულეებიდან გამოსვლას ცდილობდა, ამიტომაც 1719 წელს ფილიპე V-მ ალბერონი გადააყენა თანამდებობიდან. ამის სანაცვლოდ ევროპული ქვეყნებიც წავიდნენ დათმობაზე ესპანეთთან და 1720 წელს გაფორმებულ ჰააგის ხელშეკრულებაში მათ ინფანტი კარლოსი, როგორც დედოფალ ისაბელ ფარნეზეს უფროსი ძე, აღიარეს პარმისა და პიაჩენცის საჰერცოგოთა უპირობო მემკვიდრედ, რადგანაც ისაბელის ორივე ბიძა უნაყოფო იყო.
1721 წლიდან მეფე ფილიპემ მოლაპარაკებები წამოიწყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის რეგენტთან, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-სთან, რათა საფრანგეთ-ესპანეთის დინასტიური ქორწინების გზით შემსუბუქებულიყო ორ სახელმწიფოს შორის არსებული დაძაბულობა. მათი შეთანხმებით, კარლოსის უმცროსი და, ინფანტა მარიანა ვიქტორია გაემგზავრა ვერსალში სადაც იგი მეფე ლუიზე უნდა დაქორწინებულიყო, სანაცვლოდ კი კარლოსის უფროსი ნახევარ-ძმა, ესპანეთის ტახტის პირველი მემკვიდრე, პრინცი ლუისი ცოლად ირთავდა ფილიპ II-ის ასულს, პრინცესა ლუიზა ელიზაბეტ ორლეანელს. თავად კარლოსიც დანიშნეს ფილიპ II-ის მეხუთე ქალიშვილზე, პრინცესა ფილიპინა ელიზაბეტ ორლეანელზე, თუმცა მათი ქორწინება არ შედგა. იმის გამო, რომ ლუი XV-მ ცოლად პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკა შეირთო და 1725 წელს კარლოსის და უკან, ესპანეთში დააბრუნა, საფრანგეთ-ესპანეთის სამეფო ოჯახებს შორის დაძაბულობა კვლავ გაჩნდა, რის გამოც კარლოსის ნიშნობაც ჩაშალეს ესპანელებმა. შესაბამისად, დაპირებული 3 ქორწინებიდან მხოლოდ 1, პრინცი ლუისისა და პრინცესა ლუიზა ელიზაბეტის შედგა.
ფრანგებთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ დედოფალი ისაბელ ფარნეზე თავისი უფროსი ძისათვის შესაბამის საცოლეს ეძებდა მთელს ევროპაში. მისი მთავარი რჩეული თავად საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-ის უფროსი ასული და ავსტრიის ტახტის მემკვიდრე, ერცჰერცოგინია მარია ტერეზია გახდა. დედოფალ ისაბელს სურდა, რომ კარლოსი მარია ტერეზიაზე, ხოლო თავისი მეორე ვაჟი, ინფანტი ფილიპე კი მარია ტერეზიას უმცროს დაზე, ერცჰერცოგინია მარია ანაზე დაექორწინებინა და ასე აღედგინა ესპანეთ-ავსტრიის დინასტიური კავშირი, რომელიც 1700 წელს, მეფე კარლოს II-ის გარდაცვალებით შეწყდა.
1725 წლის 30 აპრილს ესპანეთმა და ავსტრიამ საქორწინო შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რაც თავის მხრივ ესპანეთის მხრიდან ავსტრიული პრაგმატული სანქციის, ანუ მარია ტერეზიას მემკვიდრეობის საკითხის მხარდაჭერასაც გულისხმობდა. სანაცვლოდ იმპერატორმა კარლ VI-მაც უარი თქვა ჰაბსბურგების ყოველგვარ პრეტენზიაზე ესპანეთის ტახტზე და მეტიც, დედოფალ ისაბელს იგი გიბრალტარის დაბრუნების დახმარებასაც დაჰპირდა. 1727-1729 წლების ინგლის-ესპანეთის ომმა დედოფლის ეს გეგმები ჩაშალა. 1729 წელს გაფორმებულ სევილიის ხელშეკრულებაში ესპანელები უარს ამბობდნენ ავსტრიასთან დინასტიურ კავშირში შესვლაზე, თუმცა კარლოსი ინარჩუნებდა მემკვიდრეობას პარმაზე და ასევე უფლებას, რომ საჭიროების შემთხვევაში მოეხდინა ტოსკანის ანექსიაც.
1731 წლის 26 თებერვალს დედოფალ ისაბელ ფარნეზეს ბიძა, პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი ანტონიო ფარნეზე უშვილოდ გარდაიცვალა, თუმცა მემკვიდრის საკითხი სადავო დარჩა. ეს იმიტომ, რომ არსებობდა ვარაუდები, რომ ანტონიოს ცოლი, ჰერცოგინია ენრიკეტა დ'ესტე ქმრის გარდაცვალებისას ორსულად იყო, რაც კარლოსს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებდა, თუმცა ექიმების ოფიციალური დასკვნით ენრიკეტა ორსულად არ ყოფილა და კარლოსმა დაიკავა პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგის თანამდებობა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროს კარლოსი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, პარმასა და პიაჩენცას მის ნაცვლად რეგენტის სტატუსით მართავდა ბებიამისი, დოროთეა სოფია ნოიბურგელი.
კარლოსის პარმის ჰერცოგად გამოცხადების შემდეგ სამეფო ოჯახმა სევილიაში დიდი ზეიმი გამართა, სადაც მამამისმა, მეფე ფილიპე V-მ კარლოსს საჩუქრად ოქროს ხმალი გადასცა, რომელიც ფილიპეს 1700 წელს ბაბუამისმა, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ გადასცა, როდესაც იგი ესპანეთის მეფედ გამოაცხადეს, რაც წარმოადგენდა სიმბოლოს, ბურბონების ახალ სახელმწიფოში გამეფებისათვის. ამის შემდეგ, 1731 წლის 20 ოქტომბერს კარლოსმა დატოვა ესპანეთი და იტალიაში გაემგზავრა. იმავე წლის 27 დეკემბერს იგი ტოსკანის ქალაქ ლივორნოში ჩავიდა. იქ მას მისი ბიძაშვილი, ტოსკანის დიდი ჰერცოგი ჯან გასტონე მედიჩი დახვდა და მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ჰერცოგმა იცოდა კარლოსის პრეტენზიაზე ტოსკანის ტახტის შესახებ, იგი მას მაინც თბილად შეეგება. ტოსკანაში ვიზიტისას, პიზადან ფლორენციაში მიმავალ გზაზე კარლოსს ჩუტყვავილა შეეყარა, რის გამოც იგი გზაში შეყოვნდა, თუმცა 1732 წლის 9 მარტს 250 კაციანი ამალით კარლოსი საზეიმოდ შევიდა მედიჩების სატახტო ქალაქ ფლორენციაში. ამ პერიოდში იგი თავის ბიძაშვილთან, ჯან გასტონესთან რჩებოდა პიტის სამეფო სასახლეში.
ფლორენციაში კარლოსი რამდენიმე თვეს დარჩა და დაესწრო 24 ივნისს ჯან გასტონეს მიერ მოწყობილ დიდ ზეიმს ფლორენციის მფარველი წმინდანის, იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს. ამ დღესასწაულზე ჯან გასტონემ კარლოსი საჯაროდ გამოაცხადა თავის მემკვიდრედ და ტოსკანის პრინცის წოდებაც გადასცა. ამ ფაქტმა საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-ის განრისხება გამოიწვია, რადგან იგი ფიქრობდა, რომ თავად უნდა დაეკავებინა ტოსკანის ტახტი, ჯან გასტონემ კი გადაწყვეტილება ისე შეცვალა, რომ იმპერატორი არც გაუფრთხილებია. მიუხედავად დიდი ზეიმისა, დედოფალმა ისაბელ ფარნეზემ სასწრაფოდ მოუწოდა შვილს, რომ დაეტოვებინა ტოსკანა და წასულიყო პარმაში, რათა საბოლოოდ დაეკავებინა მას კუთვნილი ტახტი, რომელსაც ბებიამისი, დოროთეა სოფია მფარველობდა შვილიშვილის ჩასვლამდე. 1732 წლის ოქტომბერში კარლოსი უკვე პარმაშიც ჩავიდა, სადაც მას თბილი დახვედრა მოუწყვეს. მიუხედავად ამისა, პარმელი დიდებულების ნაწილს არ მოსწონდა ესპანელი პრინცის ტახტზე ასვლა, რის გამოც პროტესტის ნიშნად პარმის ჰერცოგთა სასახლის წინ წარწერა გააკეთეს „Parma Resurgent!“, რაც იტალიურიდან ითარგმნება, როგორც „პარმა აღდგება!“.
კარლოსი 1738 წლის 8 მაისს დრეზდენში მარიონეტულად დაქორწინდა პრინცესა მარია ამალია საქსონიელზე, პოლონეთ-ლიტვის მეფისა და საქსონიის კურფიურსტ ავგუსტ III-ისა და დედოფალ მარია იოზეფა ავსტრიელის ასულზე, რომელთანაც მას ცამეტი შვილი შეეძინა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.