From Wikipedia, the free encyclopedia
იულია უფროსი (დ. 30 ოქტომბერი, ძვ. წ. 39 — გ. ახ. წ. 14), ასევე, ცნობილია, როგორც იულია კესარის ფილია ან იულია ავგუსტა ფილია (ლათ. IVLIA•CAESARIS•FILIA ან IVLIA•AVGVSTI•FILIA)[1] — რომის პირველი იმპერატორის, ავგუსტუსის ქალიშვილი და ერთადერთი ბიოლოგიური შვილი. შემდგომში, ავგუსტუსმა თავისი ახლობელი ოჯახებიდან რამდენიმე მამაკაციც იშვილა. იულია იმპერატორს თავისი მეორე ქორწინებიდან, სკრიბონიასაგან ეყოლა. იგი იმავე დღეს დაიბადა, როდესაც მამამისი დედამისს გაეყარა, რადგანაც ლივიაზე დაქორწინება სურდა.
იულია უფროსი | |
---|---|
მშობლიური სახელი | IVLIA CAESARIS FILIA |
დაბადების თარიღი |
30 ოქტომბერი, ძვ. წ. 39 რომი |
გარდაცვალების თარიღი |
ახ. წ. 14 რეჯო-დი-კალაბრია |
მეუღლე(ები) |
მარკუს კლავდიუს მარცელუსი მარკუს ვიფსანიუს აგრიპა ტიბერიუსი |
შვილ(ებ)ი |
გაიუს კეისარი იულია უმცროსი ლუციუს კეისარი აგრიპინა უფროსი აგრიპა პოსტუმუსი ტიბერილუსი |
მშობლები |
მამა: ავგუსტუსი დედა: სკრიბონია |
ძვ. წ. 39 წლისთვის, იულიას დაბადებისას, ავგუსტუსს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული ტიტული „ავგუსტუსი“ და მისი სახელი იყო „გაიუს იულიუს კეისარი დივი ფილიუსი“, თუმცა ისტორიკოსები ძვ. წ. 27 წლამდე მას მაინც ოქტავიანეს უწოდებენ. ამ დროისათვის იულია 11 წლის იყო. ოქტავიანე იმავე დღეს გაეყარა იულიას დედას, სკრიბონიას, როდესაც ის დაიბადა და მალევე წამოიყვანა მისგან.[2] ოქტავიანე, რომაული ჩვეულების თანახმად, იულიაზე სრულ მშობლიურ კონტროლს ამტკიცებდა. როდესაც იულია უკვე საკმარისად გაიზარდა, რომ ესწავლა როგორ გამხდარიყო არისტოკრატი, იგი დედინაცვალთან, ლივიასთან გაიგზავნა საცხოვრებლად. როგორც ჩანს, მისი განათლების პროცესი მკაცრი და გარკვეულწილად, ძველმოდურიც იყო. სვეტონიუსი გვაწვდის ცნობას, რომ იულიას, დამატებით, დართვასა და ქსოვასაც ასწავლიდნენ.[3] მაკრობიუსი აღნიშნავს „მის სიყვარულს ლიტერატურისა და დიდი კულტურისადმი, რაც მარტივად მოდის საოჯახო საქმეებში“.[4]
იულიას საზოგადოებრივი ცხოვრება უმკაცრესად კონტროლდებოდა. მას მხოლოდ იმ ადამიანებთან ჰქონდა ლაპარაკის უფლება, რომლებსაც მამამისი შეამოწმებდა,[3] თუმცა, აღსანიშნავია, რომ ოქტავიანე ქალიშვილისადმი დიდი სიყვარულითა და სინაზით იყო განმსჭვალული და იზრუნა, რომ მას საუკეთესო მასწავლებლები ჰყოლოდა. მაკრობიუსს შემონახული აქვს ავგუსტუსის ფრაზა: „არსებობს ორი ჭირვეული ქალიშვილი, რომლებსაც უნდა შევეგუო: რომის თანამეგობრობა და იულია“.[5]
ძვ. წ. 37 წელს, როდესაც იულია ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, ოქტავიანეს მეგობრებმა, გაიუს მეცენატმა და მარკუს ვიფსანიუს აგრიპამ ხელშეკრულება გააფორმეს მის დიდ მეტოქესთან, მარკუს ანტონიუსთან. იგი დაიბეჭდა ჩანართითურთ, რომლის მიხედვითაც, ანტონიუსის 10 წლის ვაჟი, მარკუს ანტონიუს ანტილუსი იულიაზე უნდა დაქორწინებულიყო, რომელიც მაშინ სულ ორი წლის იყო.
შეთანხმებით გათვალისწინებული ქორწინება არასდროს შემდგარა, რადგანაც სამოქალაქო ომი დაიწყო. ძვ. წ. 31 წელს აქციუმის ბრძოლაში ოქტავიანემ და აგრიპამ დაამარცხეს ანტონიუსი და მისი ცოლი კლეოპატრა. ორივე მათგანმა ალექსანდრიაში თავი მოკლა. ოქტავიანე რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.
რამდენადაც იგი პერიოდის ყველაზე არისტოკრატიული ქალი იყო, იულიას მოლოდინები ფოკუსირებული იყო ქორწინებაზე და შედეგად, ოჯახისათვის მოკავშირეთა შეძენაზე. ოჯახმა იგი, ბევრი რომაელი გოგონას მსგავსად, ადრეულ სიყმაწვილეში გაათხოვა. ძვ. წ. 25 წელს 14 წლის ასაკში, იულია თავის მამიდაშვილზე, მარკუს კლავდიუს მარცელუსზე დააქორწინეს, რომელიც მასზე სამი წლით უფროსი იყო. მარცელუსი ძვ. წ. 23 წლის სექტემბერში გარდაიცვალა, როდესაც იულია 16 წლის იყო. წყვილს შვილები არ შესძენია.
ძვ. წ. 21 წელს 18-ს ახლად მიღწეული იულია დაქორწინდა მარკუს ვიფსანიუს აგრიპაზე, კაცზე, რომელიც მოკრძალებული ოჯახიდან იყო, თუმცა ისე აღზევდა, რომ ავგუსტუსის ყველაზე სანდო გენერალი და ახლო მეგობარი გახდა. როგორც ამბობდნენ, ავგუსტუსმა ეს ნაბიჯი, ნაწილობრივ, მეცენატის რჩევით გადადგა, რომელიც მას ეუბნებოდა, რომ „შენ აგრიპა იმდენად განადიდე, რომ ის ან შენი სიძე უნდა გახდეს, ან უნდა მოკვდეს“.[6] რამდენადაც აგრიპა იულიაზე 25 წლით უფროსი იყო, ეს ტიპური მოწყობილი ქორწინება იყო, იულია კი მამამისის დინასტიურ გეგმებში მხოლოდ პაიკის როლს ასრულებდა. არსებობს ცნობა, რომ ამ პერიოდში იულია აგრიპას ვინმე სემპრონიუს გრაკქუსთან ღალატობდა, რომელთანაც მას ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა (ტაციტუსი მას „მუდმივ საყვარელს“ უწოდებს).[7] ეს სავარაუდო მრუშობების პირველი სერია იყო. სვეტონიუსის მიხედვით, იულიას ოჯახურმა მდგომარეობამ ვერ შეაკავა იგი დაორსულებულიყო ტიბერიუსისაგან, ავგუსტუსის გერისგან. ამ თემაზე ჭორები ფართოდ გავრცელდა.[8]
ახალდაქორწინებულები რომში მდებარე ვილაში ცხოვრობდნენ. აგრიპასა და იულიას ქორწინებიდან ხუთი შვილი ეყოლათ: გაიუს კეისარი, ვიფსანია იულია (აგრეთვე, იცნობენ იულია უმცროსის სახელითაც), ლუციუს კეისარი, ვიფსანია აგრიპინა (აგრეთვე, იცნობენ აგრიპინა უფროსის სახელითაც; იმპერატორ კალიგულას დედა) და აგრიპა პოსტუმუსი (იგი აგრიპას სიკვდილის შემდეგ დაიბადა). ძვ. წ. 20 წლის ივნისიდან ძვ. წ. 18 წლის გაზაფხულამდე აგრიპა გალიის გუბერნატორი იყო და სავარაუდოდ, მას იულიაც გაჰყვა ამ ალპებსიქითა ქვეყანაში. მათი ჩასვლიდან მცირე ხნის შემდეგ, დაიბადა გაიუსი, ძვ. წ. 19 წელს კი — ვიფსანია იულია. იტალიაში დაბრუნების შემდეგ, წყვილს ეყოლა მესამე შვილი — ლუციუსი.
ძვ. წ. 17 წელს ავგუსტუსმა იშვილა ახალდაბადებული ლუციუსი და სამი წლის გაიუსი.[9] იგი პირადად ზრუნავდა მათ განათლებაზე და მიუხედავად იმისა, რომ ძვ. წ. 12 წელს აგრიპა გარდაიცვალა, 4 წლამდე, იმპერატორმა მაინც არ იშვილა თავისი შვილიშვილი, ბიჭების უმცროსი ძმა — აგრიპა პოსტუმუსი, სანამ იულია არ გადაასახლეს და სანამ გაიუსიც და ლუციუსიც არ დაიხოცნენ.
ნიკოლოზ დამასკელი და იოსებ ფლავიუსი გადმოგვცემენ, რომ აგრიპას ცოლობისას, იულია მასთან შესახვედრად მიემართებოდა, როდესაც იგი ტროაში წყალდიდობაში მოყვა და კინაღამ დაიხრჩო.[10] აგრიპა გაშმაგდა და ადგილობრივებს 100 000 დრაქმიანი ჯარიმა დააკისრა. ეს ჯარიმა მძიმე დარტყმა იყო, თუმცა აგრიპასთან გასასაჩივრებლად მიმართვა ვერავინ გაბედა. მხოლოდ მოგვიანებით, იუდეის მეფე ჰეროდე მივიდა აგრიპასთან მოსაბოდიშებლად, რის შემდეგაც მან ჯარიმა გააუქმა. ძვ. წ. 16 წლის გაზაფხულზე აგრიპამ და იულიამ აღმოსავლეთ პროვინციებში მოგზაურობა დაიწყეს, სადაც ისინი ჰეროდესაც ეწვივნენ. ძვ. წ. 14 წლის ოქტომბერში წყვილი ათენში ჩავიდა, სადაც მათ მეოთხე შვილი, აგრიპინა ეყოლათ.
ზამთრის შემდეგ, ოჯახი იტალიაში დაბრუნდა. იულია მალევე დაორსულდა, თუმცა მისი ქმარი ძვ. წ. 12 წლის მარტში მოულოდნელად გარდაიცვალა კამპანიაში, 51 წლის ასაკში. იგი ავგუსტუსის მავზოლეუმში დაკრძალეს. იულიამ ქმრის პატივსაცემად, მეხუთე შვილს, მარკუსს, პოსტუმუსი დაარქვა. იგი აგრიპა პოსტუმუსის სახელითაა ცნობილი. ბავშვის დაბადებიდან დაუყოვნებლივ, სანამ იულია ჯერ ისევ გლოვობდა, ავგუსტუსმა მას საქმრო შეურჩია[11] და თავის გერზე, ტიბერიუსზე დააქორწინა.
აგრიპას სიკვდილის შემდეგ, ავგუსტუსმა გერის, ტიბერიუსის დაწინაურება დაიწყო, იმ რწმენით, რომ ეს ისევ საკუთარი დინასტიის ინტერესებისთვის იქნებოდა საუკეთესო. ძვ. წ. 11 წელს იულია და ტიბერიუსი დაქორწინდნენ, თუმცა მანამდე ამ უკანასკნელს მოუწია გაყროდა ვიფსანია აგრიპინას, აგრიპას ქალიშვილს მისი წინა ქორწინებიდან, ქალს, რომელიც ძალიან უყვარდა. ქორწინება თავიდანვე არ გამოირჩეოდა სიმყარით, ამას დაემატა ისიც, რომ ვაჟი, რომელიც იულიასა და ტიბერიუსს გაუჩნდათ, ჩვილობაშივე გარდაიცვალა.[12] სვეტონიუსის მტკიცებით, ტიბერიუსს დაბალი შეხედულება ჰქონდა იულიას პიროვნებაზე,[13] ხოლო ტაციტუსი აცხადებს, რომ იულა ტიბერიუსს ქედმაღლურად უყურებდა და მამამისს სემპრონიუს გრაკქუსის მიერ დაწერილი წერილიც კი გაუგზავნა, რომელშიც მას კიცხავდა.[14] ძვ. წ. 6 წლისათვის, როდესაც ტიბერიუსი როდოსზე გადასახლდა, თუ უფრო ადრე არა, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
რადგანაც ავგუსტუსი იულიას კანონიერი მამა იყო, დედამისზე სამართლებრივად დაქორწინებული, შვილზე ოჯახის თავის ძალაუფლება (Patria Potestas) გააჩნდა. Patria Potestas არსებობდა მანამ, სანამ ავგუსტუსი, ოჯახის თავი, ან არ მოკვდებოდა ან შვილს არ გაათავისუფლებდა. Patria Potestas-ზე ქორწინება არ მოქმედებდა, თუ ეს უკანასკნელი წერილობითი არ იყო, რაც იმ დროში იშვიათობას წარმოადგენდა.
იულიას, როგორც ავგუსტუსის ქალიშვილის, მისი ორი მემკვიდრის, გაიუსისა და ლუციუსის, დედის (სამართლებრივად, უკვე დის) და კიდევ ერთის, ტიბერიუსის, ცოლის მომავალი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო, თუმცა ძვ. წ. 2 წელს იგი მაინც დააპატიმრეს მრუშობისა და ღალატისათვის. ავგუსტუსმა მას ტიბერიუსის სახელით წერილი გაუგზავნა და მათი ქორწინება გაუქმებულად გამოაცხადა (ამ დროისათვის ტიბერიუსი კუნძულ როდოსზე იყო და პასუხის სწრაფად გაცემა არ შეეძლო). იგი, აგრეთვე, საჯაროდ ამტკიცებდა, რომ იულია საკუთარი მამის სიცოცხლის წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდა.[15] მიუხედავად იმისა, რომ ავგუსტუსს ამ დროისათვის უკვე მიღებული ჰქონდა კანონები ოჯახური ფასეულობების დასაცავად, როგორც ჩანს, მან იცოდა ქალიშვილის ინტრიგების შესახებ სხვა კაცებთან, თუმცა მის დადანაშაულებამდე გარკვეული პერიოდი მაინც ყოყმანობდა. იულიას რამდენიმე სავარაუდო საყვარელი გადაასახლეს. მათგან ყველაზე აღსანიშნავია სემპრონიუს გრაკქუსი, ხოლო იულიუს ანტონიუსს (მარკუს ანტონიუსისა და ფულვიას ვაჟი) თავის მოკვლა აიძულეს. სხვები ვარაუდობდნენ, რომ იულიას სავარაუდო საყვარლები ქალაქის ხროვის წევრები იყვნენ, რომლებსაც ავგუტუსის მფარველობისა და მწყალობლობისაგან ტიბერიუსის ჩამოშორება და მისი ანტონიუსით შეცვლა სურდათ. ეს უნდა ხსნიდეს გრაკქუსის მიერ დაწერილ წერილს, რომელშიც იგი ავგუსტუსს სთხოვდა იულიასათვის ტიბერიუსთან განქორწინების ნება მიეცა.[16]
ავგუსტუსმა უარი თქვა ქალიშვილის სიკვდილით დასჯაზე და იგი მკაცრ პირობებში გადაასახლა. იულიას სამყოფელი კუნძული პანდატერიით შემოიფარგლებოდა. მის მახლობლად ერთი კაციც კი არ იყო. იულიას ღვინის დალევაც ეკრძალებოდა.[17][18] თავად კუნძულის ფართობი 1,75 კმ²-ზე ნაკლები იყო. გადასახლებულს უფლება არ ჰქონდა სტუმარი მიეღო თუ მამამისი საგანგებოდ არ დართავდა ნებას. ეს უკანასკნელი კი ყოველთვის ზუსტად კითხულობდა რა ასაკის, სიმაღლისა თუ გარეგნობის იყო იულიასთან მიმსვლელი პირი. იმასაც კი იძიებდა, რა გარეგნული ნიშნები და ნაიარევი ჰქონდა სხეულზე.[18] სკრიბონია, იულიას დედა, შვილს თან ახლდა გადასახლებაში.[17][19] როგორც ამბობდნენ, ავგუსტუსმა მათ ამ სიტყვებით მიმართა: „ნეტავ არასდროს დავქორწინებულიყავ ან უშვილო მოვმკვდარიყავი“, რაც ჰექტორის ცოტათი არასწორ ციტირებას წარმოადგენს ილიადადან.[18] იულიას გადასახლება მუქ ჩრდილად გასდევდა ავგუსტუსის დარჩენილ წლებს.
ხუთი წლის შემდეგ იულიას ნება დართეს მატერიკზე დაბრუნებულიყო, თუმცა ავგუსტუსს მისთვის არასდროს უპატიებია და შვილს რეგიუმში დარჩენა უბრძანა. იმპერატორმა თავის ანდერძში მკაფიოდ განაცხადა, რომ იულია მის მავზოლეუმში არ უნდა დაკრძალულიყო.
იულია კვების უკმარისობის გამო გარდაიცვალა 14 წელს, ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ, თუმცა 15 წლამდე.[20] რადგანაც მამამისი მკვდარი იყო და მას ვაჟი არ დარჩენია, რომელიც ტახტს დაიკავებდა, იულია მთლიანად ახალი იმპერატორის, ტიბერიუსის გულმოწყალების ანაბარა იყო დარჩენილი, რომელსაც ხელს არაფერი უშლიდა მასზე შური ეძია. მისი სიკვდილის გარემოებები ბუნდოვანია. ერთი ვერსიით, ტიბერიუსმა, რომელსაც იულია მათი ქორწინების შებღალვისათვის ეზიზღებოდა, იგი შიმშილით მოკლა. სხვა ვერსიის თანახმად, როდესაც შეიტყო, რომ მისი უკანასკნელი ცოცხალი ვაჟი, აგრიპა პოსტუმუსი, მოკლეს, იულია სასოწარკვეთამ იმსხვერპლა. ამავდროულად, მისი სავარაუდო საყვარელი, სემპრონიუს გრაკქუსი, რომელმაც აფრიკის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ კერკინაზე თოთხმეტწლიანი გადასახლება გადაიტანა, ტიბერიუსის წაქეზებით მოკლეს,[14] თუმცა, შესაძლოა, მისი მკვლელობა აფრიკის პროკონსულის, ნონიუს ასპრენასის დამოუკიდებელი აზრი იყო. იულიას ქალიშვილი იულია უმცროსი ახ. წ. 8 წელს მრუშობის ბრალდებით იმავე კუნძულზე გადაასახლეს, რომელზეც დედამისი, თუმცა რეალური მიზეზი ამ შემთხვევაში ქმრის, ლუციუს ემილიუს პაულუსის მიერ ავგუსტუსის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა იყო. იულია უმცროსი 29 წელს, ოცწლიანი გადასახლების შემდეგ გარდაიცვალა. ავგუსტუსის ანდერძის თანახმად, მის მავზოლეუმში დაკრძალვის უფლება არც ამ უკანასკნელს ჰქონდა.
სვეტონიუსი ამტკიცებს, რომ კალიგულამ, იულიას ქალიშვილის, აგრიპინა უფროსისა და ტიბერიუსის ძმისწულის, გერმანიკუსის ვაჟმა, რომელსაც ეზიზღებოდა აზრი, რომ არაელიტარული წარმოშობის აგრიპას შვილიშვილი იყო, გამოიგონა, რომ თითქოს თავისი დედა, აგრიპინა, იულიასა და ავგუსტუსის ინცესტური ურთიერთობის ნაყოფი იყო.[21]
ანტიკური პერიოდის მწერლებს იულია, უმეტესად, მისი უხეში და უწესო ქცევების გამო ახსოვთ. მარკუს ველეიუს პატერკულუსი მას აღწერს, როგორც „ფუფუნებით ან ვნებით გახრწნილს“ და მის საყვარლებს შორის ასახელებს იულიუს ანტონიუსს, კვინტიუს კრისპინუსს, აპიუს კლავდიუსს, სემპრონიუს გრაკქუსსა და კორნელიუს სციპიონს. ლუციუს ანეუს სენეკა ახსენებს „საყოველთაოდ აღიარებული მრუშების თავმოყრას“;[22] პლინიუს უფროსი მას „ზნეობრივი გაკვეთილის მაგალითს“ უწოდებს (NH 21.9). დიონ კასიუსი მოგვითხრობს „ნადიმებისა და ღვინის სმის ღამეულ წვეულებებზე ფორუმსა და როსტრაზეც კი“ (რომის ისტორია 55.10). სენეკა (De Beneficiis 6.32) გვამცნობს, რომ როსტრა იყო ადგილი, სადაც „მამამისი მრუშობის საწინააღმდეგო კანონის ინიციირებით გამოვიდა“, იულიამ კი თავისი „გარყვნილებისათვის“ სწორედ ეს ადგილი შეარჩია. სენეკა საგანგებოდ ეხება პროსტიტუციის ფაქტებსაც და აღნიშნავს, რომ იგი ფორუმზე უცხო ადამიანებსაც კი სთავაზობდა თავის საყვარლობას. თანამედროვე ისტორიკოსები, გარკვეულწილად, ეჭვის თვალით უყურებენ ამ დახასიათებებს, როგორც იულიას ქცევების ზედმეტ გაზვიადებას.[23]
მაკრობიუსი[24] იულიას პიროვნების შესახებ ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის. ამის მიხედვით, იულია ცნობილი იყო სხარტი გონებითა და მახვილი ენით. იგი ძლიერ უყვარდა მამამისს, რომელიც აღტაცებული იყო მისი ჭკუით. ერთხელ, როდესაც მას ჰკითხეს ჰქონდა თუ არა ურთიერთობები ქმრისაგან შვილის ტარების დროს, იულიამ განაცხადა, რომ ახალ მგზავრს მხოლოდ მაშინ იყვანდა, როდესაც გემი უკვე სავსე იყო (რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი საყვარლებს მხოლოდ მაშინ იჩენდა, როდესაც იცოდა, რომ უკვე ფეხმძიმედ იყო ქმრისგან).[25] იულია თანაბრად აღსანიშნავი იყო თავისი სილამაზის, გონებისა და გარყვნილებისათვის, თუმცა მაკრობიუსი აღნიშნავს, რომ „ბედის მოწყალება მას მამამისზე ნაკლებად ბოროტად არ გამოუყენებია“.[26] მისი რეპუტაციის მიუხედავად, ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ, იულიას აღწერენ, როგორც გულთბილ, კეთილ ადამიანს, რომელიც რომაელ ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა სულ ცოტა „მისი სიკეთის, გულჩვილობისა და შურისძიების გრძნობისაგან სრული თავისუფლების გამო“.[27]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.