ირლანდიის დიდი შიმშილობა
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი შიმშილობა (ირლ. an Gorta Mór) — პერიოდი ირლანდიის ისტორიაში, რომელიც გამოირჩეოდა მასობრივი შიმშილით, ავადმყოფობითა და ემიგრაციით, 1845-დან 1852 წლამდე.[1] ის ირლანდიის ფარგლებს გარეთ ასევე ცნობილია, როგორც ირლანდიის კარტოფილის შიმშილობა.[2] ირლანდიურ ენაზე მას ეწოდება an Gorta Mór („დიდი შიმშილობა“) ან Drochshaol („მძიმე დროება“). ამ პერიოდის ყველაზე მძიმე, 1847 წელი ცნობილია, როგორც „შავი '47“.[3][4]
დიდი შიმშილობა an Gorta Mór | |||
| |||
ქვეყანა | ირლანდია | ||
---|---|---|---|
მდებარეობა | ირლანდია | ||
პერიოდი | 1845 - 1852 | ||
სულ გარდაცვლილები | 1 მილიონი | ||
დაკვირვებები | პოლიტიკური შიმშილობა, კარტოფილის პარაზიტები, მარცვლის კანონები | ||
რელიეფი | ნახეთ ქვევით | ||
ზეგავლენა დემოგრაფიაზე | სიკვდილიანობის და ემიგრაციის შედეგად მოსახლეობის რაოდენობის 20-25%-მა იკლო | ||
შედეგები | ქვეყნის დემოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული ლანდშაფტის მკვეთრი ცვლა | ||
საიტი | შიმშილობის მემორიალი | ||
წინამორბედი | 1740-41 წლების ირლანდიის შიმშილობა | ||
მემკვიდრე | ირლანდიის 1879 წლის შიმშილობა (An Gorta Beag) |
შიმშილობის განმავლობაში გარდაიცვალა დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი და მილიონზე მეტი წავიდა ემიგრაციაში.[5], შედეგად ირლანდიის საერთო მოსახლეობამ იკლო 20-25%-ით, ზოგიერთ ქალაქში კი 1841-71 წლებში 67%-ითაც კი დაეცა.[6][6][7][8] 1845 წლიდან 1855 წლამდე ირლანდია, ძირითადად პაკეტბოტებით, თუმცა ასევე ორთქლის გემებითა და ბარკებით, დატოვე სულ მცირე 2,1 მილიონმა ადამიანმა, რაც მსოფლიო ისტორიაში ერთი კუნძულიდან მასობრივი გადასახლების ერთ-ერთი უდიდესი შემთხვევაა.[9][10]
შიმშილობის უშუალო მიზეზი იყო კარტოფილის დაავადება — ფიტოფთოროზი, რომელმაც 1840-იანი წლების განმავლობაში დააინფიცირა კარტოფილის ნათესები მთელს ევროპაში, გამოიწვია 100 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ირლანდიის საზღვრებს გარეთ და დიდი გავლენა იქონია 1848 წლის ევროპულ რევოლუციებზე.[11] ეკონომისტები ძირითადად თანხმდებიან, რომ 1846 წლის შემდეგ მდგომარეობის გაუარესებაში ბრალი მიუძღვის ბრიტანეთის ვიგების მთავრობის პროტექციონისტულ პოლიტიკას.[12][13] სხვა გრძელვადიან მიზეზებად განიხილავენ ადგილზე არმცხოვრები მიწის მესაკუთრეების სისტემას[14][15] და ერთკულტურიან მოსავალზე, კარტოფილზე დამოკიდებულებას.[16][17]
დიდი შიმშილობა იყო ირლანდიის ისტორიის გამყოფი.[18] მან მთლიანად შეცვალა ირლანდიის დემოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული ლანდშაფტი და გახდა მიზეზი ირლანდიის მოსახლეობის ერთსაუკუნოვანი კლებისა.[19][20][21][22] შიმშილობა, როგორც ადგილობრივი ირლანდიელების, ასევე მათი დიასპორების ფოლკლორში აისახა და გახდა გამაერთიანებელი წერტილი სხვადასხვა ეროვნული მოძრაობების მთელს კუნძულზე, რომელიც მაშინ დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი იყო. შიმშილობამდე არსებული დაძაბული ურთიერთობა ბევრ ირლანდიელსა და მათ მმართველ ბრიტანულ მთავრობას შორის კიდევ უფრო გაუარესდა შიმშილობის გამო, გამწვავდა ეთნიკური და რელიგიური დაძაბულობა და გაძლიერდა ნაციონალიზმი და რესპუბლიკანიზმი, როგორც ირლანდიაში, ისე ირლანდიურ დიასპორაში მთელი მსოფლიოს გარშემო.