ინანა
From Wikipedia, the free encyclopedia
ინანა — ძველი მესოპოტამიური ქალღმერთი, რომელიც სიყვარულთან, სილამაზესთან, ლტოლვასთან, ნაყოფიერებასთან, ომთან, სამართლიანობასთან და პოლიტიკურ ძალაუფლებასთან იყო დაკავშირებული. თავდაპირველად მას შუმერები სცემდნენ თაყვანს, შემდეგ კი - აქადელები, ბაბილონელები და ასურელები. ის ცნობილი იყო როგორც ზეცის (ზეციური) დედოფალი და ქალაქ ურუქში მდებარე ეანას ტაძრის მფარველი. ქალაქი ურუქი მისი კულტის უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა. მას პლანეტა ვენერასთან აკავშირებდნენ და უმთავრესად ლომისა და რვაქიმიანი ვარსკვლავის სიმბოლოებით გამოსახავდნენ. მისი ქმარი ღმერთი დუმუზი (ასევე ცნობილი როგორც თამუზი) იყო, ხოლო მისი მშველელი და მრჩეველი, ღმერთების მაცნე ნინ-შუბური (რომელიც გვიან აქადურ მითოლოგიაში მამრობითი სქესის ღმერთ პაპ-სუქალთან სინკრეტიზირდა).
ინანას შუმერში სულ ცოტა ურუქის ადრეული პერიოდიდანვე (დაახლოებით ძვ.წ. 4000-3100 წ.წ.) სცემდნენ თაყვანს, მაგრამ სარგონ აქადელის პერიოდში მისი კულტის გავლენა შემცირდა. სარგონის შემდგომი ხანიდან მოყოლებული ინანა შუმერული პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ თაყვანსაცემი ღვთაება გახდა.[1][2] მისადმი მიძღვნილი ტაძრები მთელ მესოპოტამიაში აიგო. ინანა-იშთარის კულტი აღმოსავლეთ სემიტურ ენებზე მოლაპარაკე ხალხმაც შეინარჩუნა, რომლებმაც რეგიონში შუმერები ჩაანაცვლეს. ინანას თაყვანს სცემდნენ ასურელებიც, რომლებმაც ის თავიანთი პანთეონის უმაღლეს ღვთაებად აღაზევეს. ინანა-იშთარის შესახებ მინიშნებებს ვხვდებით ებრაულ ბიბლიაშიც. ინანას კულტმა დიდი გავლენა იქონია ფინიკიელთა ქალღმერთ ასტარტეზე, რომელმაც შემდეგში ბერძენთა ქალღმერთ აფროდიტეს სახის ჩამოყალიბებაში ითამაშა დიდი როლი. ინანას კულტი ფართოდ ვრცელებოდა, სანამ ა.წ. I-VI საუკუნეებში ქრისტიანობის აღზევებამ ეტაპობრივად არ დაჩრდილა. ქალღმერთის კულტი ზემო მესოპოტამიაში მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე შემორჩა.
ინანა ყველა სხვა შუმერულ ღვთაებასთან შედარებით უფრო მეტ მითში ჩანს.[3][4][5] მითთა უმრავლესობაში ის სხვა ღვთაებებზე მაღლა დგას. მიიჩნეოდა, რომ მან მოიპარა მე, რომელიც სიბრძნის ღმერთ ენქიდან მოყოლებული ცივილიზაციის ყველა დადებით და უარყოფით ასპექტს განასახიერებდა. თავის ტყუპისცალ უთუსთან (ცნობილი როგორც - შამაში) ერთად ინანა ღვთაებრივი სამართლის აღმსრულებლად მიიჩნეოდა. გილგამეშის ეპოსის სტანდარტულ აქადურ ვერსიაში იშთარი წარმოჩენილია როგორც ეშხიანი და იმპულსური ღვთაება, რომელიც გილგამეშს კომპანიონობას სთხოვს. მას შემდეგ რაც გილგამეში უარს ამბობს პარტნიორობაზე ინანა ზეცის ხარს ათავისუფლებს, რასაც ენქიდუს სიკვდილი მოჰყვება.