![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a8/Steppe_Eagle_%252815792351262%2529.jpg/640px-Steppe_Eagle_%252815792351262%2529.jpg&w=640&q=50)
ველის არწივი
ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა / From Wikipedia, the free encyclopedia
ველის არწივი[1][2][3] (ლათ. Aquila nipalensis) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. ზომით ოდნავ ჩამორჩება მთის და ბეგობის არწივებს; მისი სხეულის სიგრძეა 67–86 სმ, ფრთების შლილი 175–230 სმ,[2] მასა 2,5–4,5 კგ.[4] თითქმის მთლიანად მუქი ყავისფერია, კეფა ღია ფერისაა,[2] ზოგჯერ წითური.[1] ფრთები ფართო,[5] ნისკარტი მუქი, თვალის ფერადი გარსი — ყავისფრიდან ყვითლამდე.[4] ფეხები და ცვილიანა ყვითელია. ამავე შეფერილობისაა კანი პირის ჭრილის გარშემო, რომელიც თვალს სცილდება, განსხვავებით სხვა არწივებისაგან. ღია მოყვითალო-მოყავისფრო და მომქნევ ბუმბულებზე მუქი ზოლები გასდევს. კუდის ბოლოს ფართო შავი არშიაა.[2] იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდა ფრინველების შეფერილობა ვარიაციულია, ინდივიდთა უმრავლესობა ფრთის დიდი მფარავი ბუმბულების წვერები მოთეთრო-ბეჟი აქვთ და ფრთის შუაში მთლიან 2 ზოლს წარმოქმნიან,[6] რომელიც ფრენის დროს კარგად შესამჩნევია.[2] ფრთის ქვედა მხარეზე გადის განიერი, ცენტრალური მოთეთრო ზოლი, კუდის კიდე ღია ფერისაა.[6] ხმა — ხრინწიანი „წკავწკავი“.[4]
ველის არწივი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Aquila nipalensis (Hodgson, 1833) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Endangered : 22696038 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
![]() გამრავლება მიგრაციის მარშრუტები გამოზამთრება | |||||||||||||||
|
გავრცელებულია ევრაზიის არიდულ ზონაში. იზამთრებს აზიისა და აფრიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. უპირატესობას ანიჭებს მშრალ ყამირიან და მთიან (ზღვის დონიდან 2300 მეტრამდე) სტეპებს, იშვიათად სახლობს აგროლანდშაფტებში. საქართველოში შემოდის მიმოფრენისას,[5] იშვიათად ზამთრობს აღმოსავლეთ საქართველოში,[7] აქ გვხვდება ზამთარში მომთაბარეობის დროსაც.[5][7]
დამოკიდებულია თრიების (მთავარი საკვების) რაოდენობის ცვალებადობაზე, მათი ნაკლებობის შემთხვევაში საკვებად იყენებს ფრინველებს.[8] ჭამს მძორსაც.[4] მღრღნელებს ხშირად მათთავე სოროსთან ყარაულობს.[8] მათი განადგურებით სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.[1]
ქმნის მუდმივ წყვილებს (ერთ-ერთი წყვილის სიკვდილამდე).[7] ბუდობს ძირითადად ბექობებზე, ყორღანებზე, ცალკეულ ხეებზე, მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძებზე. ბუდეს აკეთებს დიდი ტოტებიდაგან, იგი დიამეტრსა და სიმაღლეში 1–2 მეტრს აღწევს, გამოიყენება მრავალი წლის მანძილზე.[4] კვერცხდების ვადები გაგრძელებულია. დებს 2–3 (5-მდე) კვერცხს. ინკუბაცია 38–45 დღე-ღამე გრძელდება.[7] კრუხობს ძირითადად დედალი. მართვეები 6–11 კვირაში ტოვებენ ბუდეს; წლევანდულები ფართოდ მომთაბარეობენ ჩრდილოეთით ტყის ზონამდე. ტყვეობაში ცუდად მრავლდება.[7]
მრავალი ფრინველი იღუპება მიგრაციის დროს (ვარაუდობენ, რომ ზამთრობის ადგილებიდან ყოველწლიურად პოპულაციის მხოლოდ მეხუთედი ბრუნდება).[4] მისი ადგილსამყოფელი მნიშვნელოვნად შეიცვალა ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გამო (მავნე მღრღნელებთან ბრძოლა, ყამირი მიწების ათვისება და სხვ.). მავნებლებიდან რეგისტრირებულია ერთი სახეობის ნემატოდა და ერთიც — აკანთოცეფალა.[7] სიცოცხლის რეკორდული მაჩვენებელია 41 წელი (ტყვეობაში).[4] ჰყავთ ზოოპარკებში.[7] რაოდენობა თანდათან კლებულობს.[4] შეტანილია IUCN-ის წითელ ნისხაში,[9] შესული იყო საქართველოს სსრ „წითელ წიგნშიც“.[7]
ცნობილია ველის არწივის რამდენიმე ქვესახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ევროპული ველის არწივი (A. n. orientalis).[1]