ეკონომიკური თავისუფლება
From Wikipedia, the free encyclopedia
ეკონომიკური თავისუფლება — საზოგადოების ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობა. აღნიშნული გახლავთ ტერმინი, რომელიც გამოიყენება როგორც ეკონომიკურ და პოლიტიკურ დებატებში, ასევე ეკონომიკის ფილოსოფიაში.[1][2] ეკონომიკური თავისუფლებისადმი მიდგომა მოდის ლიბერალური ტრადიციიდან, რომელიც ხაზს უსვამს თავისუფალ ბაზარს, თავისუფალ ვაჭრობას და კერძო საკუთრებას თავისუფალი ბაზრის პირობებში. ეკონომიკური თავისუფლების კიდევ ერთ მიდგომას წარმოადგენს ინდივიდუალური არჩევანის ეკონომიკური სიკეთეების შესწავლა, სწორედ მდგრადი ეკონომიკური თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი, რომ პიროვნებებს მიეცეთ ფართო არჩევანიდან მათთვის ხელსაყრელის არჩევის შესაძლებლობა.[3] ეკონომიკური თავისუფლების ცალკეული კონცეფციები მიზნად ისახავს სიდუხჭირისაგან გათავისუფლებას[1][4] და თავისუფლებას, რომ საზოგადოების წევრებმა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კოლექტიურ გარიგებათა დადების პროცესში.[5]
ლიბერალური ხედვით თავისუფალი ბაზრის პირობებში, ეკონომიკური თავისუფლება განისაზღვრება, როგორც წარმოების თავისუფლება, ვაჭრობა და გამოყენება ნებისმიერი საქონლისა და მომსახურებისა, რომელშიც გადახდილია შესაბამისი საფასური ძალის გამოყენების, თაღლითობისა და ქურდობის გარეშე. აღნიშნული პროცესი ხშირად ხორცშესხმულია კანონის უზენაესობის პირობებში, საკუთრების უფლების, სახელშეკრულებო თავისუფლებისა და გარე და შიდა ბაზრების ღიაობისას, საკუთრების უფლებების მკაცრი დაცვითა და ეკონომიკური ინიციატივის თავისუფლებით.[3][6][7] არსებობს ეკონომიკური თავისუფლების რამდენიმე ინდექსი, რომლებიც ზომავენ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ თავისუფლებას. ამ რანჟირების საფუძველზე, კორელაციურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ უმაღლესი ეკონომიკური ზრდა თანაფარდობაშია ქვეყნის რეიტინგის მაღალ ქულებთან (რომელიც გარკვეული წესით ანგარიშდება).[8] რაც შეეხება სხვა ზომებს, როგორიცაა თანასწორობა, კორუფცია, პოლიტიკური და სოციალური ძალადობა და მათი თანაფარდობა ეკონომიკურ თავისუფლებასთან, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსები ერთმანეთთან აკავშირებს პოლიტიკასა და შესაბამისი პოლიტიკური გეგმიდან გამოწვეულ შედეგებს, რაც ფარავს ნეგატიურ თანაფარდობებს, ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ თავისუფლებას შორის გარკვეულ ქვეკომპონენტებში.[9]