დიეგო მარადონა
არგენტინელი ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
დიეგო არმანდო მარადონა (ესპ. Diego Armando Maradona Franco; დ. 30 ოქტომბერი, 1960, ლანუსი, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა — გ. 25 ნოემბერი, 2020, დიკე-ლუხანი, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა)[5] — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი.[6] ბევრი ფეხბურთის ექსპერტი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი მიიჩნევს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად[7][8][9][10]. პელესთან ერთად მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი[11][12]. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.
მარადონა ფიფა-ს მსოფლიო თასით, 1986. | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დიეგო არმანდო მარადონა | ||
დაბადების თარიღი | 30 ოქტომბერი, 1960 | ||
დაბადების ადგილი |
ლანუსი ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
გარდაცვალების თარიღი | 25 ნოემბერი, 2020 (60 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
დიკე-ლუხანი, ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 165 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
შემტევი ნახევარმცველი თავდამსხმელი[1][2][3][4] | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1968–1969 | ესტრელა როხა | ||
1970–1974 | ლოს სებოლიტასი | ||
1975–1976 | არხენტინოს ჯუნიორსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1976–1981 | არხენტინოს ჯუნიორსი | 166 | (116) |
1981–1982 | ბოკა ხუნიორსი | 40 | (28) |
1982–1984 | ბარსელონა | 36 | (22) |
1984–1991 | ნაპოლი | 188 | (81) |
1992–1993 | სევილია | 26 | (5) |
1993–1994 | ნიუელს ოლდ ბოისი | 5 | (0) |
1995–1997 | ბოკა ხუნიორსი | 30 | (7) |
სულ | 491 | (259) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1977–1979 | არგენტინა 20-წლ. | 24 | (13) |
1977–1994 | არგენტინა | 91 | (34) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1994 | მანდიუ | ||
1995 | რასინგ კლუბი | ||
2008–2010 | არგენტინა | ||
2011–2012 | ალ-ვასლი | ||
2013–2017 | დეპორტივო რიესტრა (თ.) | ||
2017–2018 | ალ-ფუჯაირა | ||
2018 | დინამო ბრესტი (თ.) | ||
2018–2019 | დორადოსი | ||
2019–2020 | ხიმნასია ი ესგრიმა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მარადონა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2-ჯერ დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი. პირველად 1982 წელს, როდესაც „ბარსელონაში“ გადავიდა 5 მილიონ გირვანქა სტერლინგად; მეორედ 1984 წელს, როდესაც კატალონიური კლუბიდან იტალიურ „ნაპოლიში“ 6.9 მილიონ გირვანქა სტერლინგად[13]. სათამაშო კარიერის განმავლობაში გამოდიოდა „არხენტინოს ჯუნიორსის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ბარსელონის“, „ნაპოლის“, „სევილიის“ და „ნიუელს ოლდ ბოისის“ მაისურით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი, როდესაც არგენტინელმა მრავალი ტიტული მოიგო.
დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წლის ჩემპიონატზე მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიგო, რომლის ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს სძლიეს (3–2). თავად მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისთან შეხვედრისას (2–1) მარადონამ 2 ცნობილი გოლი გაიტანა: პირველი ფეხბურთელმა ხელით გაიტანა და ის „ღმერთის ხელის“ სახელითაა ცნობილი, ხოლე მეორე მის 60-მეტრიან გარღვევას მოჰყვა, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა, — 2002 წლის ფიფას გამოკითხვის შედეგად ეს გოლი „საუკუნის გოლად“ გამოცხადდა[14].
დიეგო მარადონა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფიგურად მიიჩნევა. 1991 წელს, მას შემდეგ რაც იტალიაში კოკაინის მიღება დაუმტკიცდა, ფეხბურთიდან 15 თვით იქნა მოკვეთილი. ასევე მოკვეთეს 1994 წლის მუნდიალიდან, რაც სხვა ნარკოტიკული საშუალების, ეფედრინის, მიღებით იყო გამოწვეული. 2005 წელს დიეგომ დაძლია ნარკო-დამოკიდებულება.
სამწვრთნელო საქმიანობაში სერიოზული გამოცდილების არქონის მიუხედავად, 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ეს თანამდებობდა 18 თვის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.