From Wikipedia, the free encyclopedia
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი — თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 2000-2013 წლებში. დედაქალაქში მმართველობის სისტემის რეფორმირების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 ნოემბრის ბრძანებულების შესაბამისად, თბილისის დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები გაერთიანდა და შეიქმნა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი; რაიონის ფართობი იყო — 27,3 კმ², მოსახლეობა 198,8 ათ. კაცი (მ. შ. 12,9 ათ. დევნილი).
დიდუბის რაიონს სახელი ეწოდა სოფელ დიდუბის მიხედვით. თბილისის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმის 1931 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით შეიქმნა თბილისის სტალინის სახელობის რაიონული საბჭოს აღმასკომი. 1961 წლის 11 ნოემბერს რაიონს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა პირველი მაისის რაიონი, 1990 ივნისიდან კი - დიდუბის რაიონი. იგი გამოირჩევა შემოქმედებით-კულტურული დაწესებულებების სიმრავლით (კინოსტუდია, კოტე მარჯანიშვილის კინომსახიობის, მოზარდმაყურებელთა თეატრები, ქართული თოჯინების თეატრი, რკინიგზელთა კულტურის ცენტრი), ოდითგანვე დედაქალაქის ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე რაიონია ქალაქში წარმოებული ეკონომიკის 25-27 % დიდუბის რაიონზე მოდის. ტერიტორიაზე ძირითადად თავმოყრილია კვების პროდუქტების მწარმოებელი ორგანიზაციები, რომელთა წილი რაიონის მრეწველობის 51 %-ს შეადგენს. რაიონშია ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, თერაპიის ეროვნული ცენტრი, ექსპერტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევების ინსტიტუტი, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრი. პედიატრიული კლინიკა, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი და სხვ.; მეტროპოლიტენის სადგურებია „დიდუბე“, „წერეთელი“, მთავარი მაგისტრალები- აკაკი წერეთლისა და დავით აღმაშენებლის პროსპექტები.
თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმის 1939 წლის 27 ივლისის დადგენილებით შეიქმნა მოლოტოვის სახელობის რაიონიული საბჭოს აღმასკომი. 1957 წელს მოლოტოვის რაიონს ეწოდა ოქტომბრის რაიონი, საქართევლოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით კი 1990 ივნისში ეწოდა ჩუღურეთის რაიონი. მის ტერიტორიაზე განლაგებულია 287 დიდი და წვრილი საწარმო, მათ შორის „თბილკრედიტბანკი“, „გაერთიანებული ქართული ბანკი“, რკინიგზის დეპაეტამენტი, მეტროპოლიტენი; შპს-ები „კოლხეთი-90“ (პურის ქარხანა), „ახალი ქსელები“ და სხვ. აქვეა მოდელების რესპუბლიკური ცენტრი. ჯანმრთელობის კერას ემსახურება 9 სამეცნიერო-კვლევების ინსტიტუტი და დისპანსერი, 7 საავადმყოფო, 9 პოლიკლინიკა, 37 აფთიაქი და სააფთიაქო მაღაზია და სხვ.; 4 საპროექტო-ტექნიკური ინსტიტუტი: არქეოლოგიის კვლევის ცენტრი, სამეცნიერო-მუზეუმი, კულტურის სახელობის ინსტიტუტი, ამიერკავკასიაში ერთადერთი ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 11 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 16 ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულება; მრავლადაა მოქმედი ეკლესია, მათ შორის კათოლიკური წმინდა პეტრე და პავლე მოციქულის ეკლესია, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოსა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები. აქვეა მეტროპოლიტენის სადგურები — „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.