გიორგი კვინიტაძე
From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი კვინიტაძე (დ. 21 აგვისტო, 1874, დაღესტანი, რუსეთის იმპერია ― გ. 7 აგვისტო, 1970, შატუ, საფრანგეთი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი (1918), ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ეროვნული გმირი.
გიორგი კვინიტაძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 21 აგვისტო, 1874 |
დაბადების ადგილი | დაღესტანი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 7 აგვისტო, 1970 |
გარდაცვალების ადგილი | შატუ, საფრანგეთი |
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
ჯარის სახეობა | ქვეითი ჯარი |
წოდება |
გენერალი-მაიორი (რუსეთის იმპერია) გენერალი (სდრ) |
ბრძოლები/ომები | |
ჯილდოები |
|
კავშირი |
ივანე კვინიტაძე (მამა) მარიამ დ’აბო (შვილიშვილი) |
დაკრძალულია | მთაწმინდის პანთეონი |
1917-1918 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გენერალი კვინიტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მცირე ხნის განმავლობაში, სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აქტიურად იყო ჩართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში მიმდინარე დისკუსიაში. მისი მოსაზრებით, აუცილებელი იყო მხოლოდ რეგულარული არმიის ჩამოყალიბება, თუმცა მის ჩამოყალიბებამდე, სახალხო გვარდიის არსებობის წინააღმდეგი არ იყო. კვინიტაძე სამხედრო სამინისტროს სათავეში სამხედრო პირის დანიშვნას და ჯარის ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებას ითხოვდა. 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი.[1]
გენერალ კვინიტაძის სახელს უკავშირდება: 1918 წლის ზაფხულში ოსმალური რაზმების დამარცხება ქვემო ქართლში; 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს იყო შულავერის ფრონტის შტაბის ხელმძღვანელობა; 1919 წელს მისი სარდლობით ქართულმა ჯარმა დაამარცხა „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ (ე.წ ყარსის რესპუბლიკის ჯარები), აიღო ახალციხე და არტაანი; 1920 წლის მაისში, მისი მთავარსარდლობით საქართველომ საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შეტევა მოიგერია; 1918-1921 წლებში ჩაახშო რამდენიმე ანტისახელმწიფოებრივი აჯანყება, აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში.[1]
1921 წლის ომის, საბჭოთა რუსეთის დაზვერვა გენერალ კვინიტაძეს შემდეგნაირად ახასიათებდა: „ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტკინება, შეტევა. ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზედ ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრულიად უშიშარი; იცის მასსების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა“.[1]
1921 წლის ომის დროს, გენერალმა კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, მოწინააღმდეგის მიერ თბილისზე განხორციელებული რამდენიმე შტურმი მოიგერია და მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა 24 თებერვლის საღამოს, დედაქალაქის დატოვებისა და ბრძოლის მცხეთის პოზიციებიდან გაგრძელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მოქმედებით იგი ფრონტის ხაზის შემოკლებას აპირებდა. კვინიტაძემ ეს გადაწყვეტილება რეზერვის არყოლისა და დაუცველი ფლანგებიდან რუსული ცხენოსანი შენაერთების მანევრების გამო მიიღო, რაც მისი აზრით, დედაქალაქის დამცველებს ალყაში აქცევდა და განადგურებას უქადდა. თბილისიდან უკანდახევის შემდეგ, ჯარის მორალური სულისკვეთება დაეცა და მცხეთის პოზიციებზე გამაგრება ვერ მოხერხდა. კვინიტაძის მხრიდან მოწინააღმდეგის დამარცხების უკანასკნელი მცდელობა 4-6 მარტს, ოსიაურის ბრძოლაში ჩაიშალა.[1]
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილში. სამხედრო სამსახური არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არ გაუგრძელებია. გარდაიცვალა 1970 წელს.[1]
2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.[1]
2021 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გენერალი კვინიტაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.[2]