კოშკი From Wikipedia, the free encyclopedia
გალატას კოშკი (თურქ. Galata Kulesi, ბერძ. Πύργος του Γαλατά) — შუა საუკუნეების ქვის კოშკი სტამბოლის გალატას/ქარაქიოის კვარტალში, ბოსფორისა და ოქროს რქის შეერთების წერტილის ჩრდილოეთით. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, რომელიც მაღალი კონუსური ცილინდრის ფორმისაა და თავის ვიზიტორებს სთავაზობს სტამბოლის ისტორიული ნახევარკუნძულისა და მისი შემოგარენის პანორამულ ხედს.
ცხრა სართულიანი კოშკის სიმაღლე 66,90 მ (62,59 მ თავზე დამაგრებული ორნამენტის გარეშე, 51,65 მ დაკვირვების ბაქანზე) შეადგენს და მშენებლობის დროს, ქალაქის ყველაზე მაღალი შენობა იყო. მიწიდან კოშკის სიმაღლე 35 მ შეადგენს. კოშკის გარე დიამეტრი 16,45 მ, ხოლო შიდა დიამეტრი 8,95 მეტრია, კედლის სისქე კი 3.75 მ შეადგენს.
კოშკის ზედა სართულებზე მდებარეობს რესტორანი და კაფე, საიდანაც დიდებული ხედი იშლება სტამბოლსა და ბოსფორზე. ასევე ზედა სართულზე მდებარეობს ღამის კლუბი, რომელიც თურქულ შოუს მასპინძლობს. კოშკში მოქმედებს ორი ლიფტი, რომლებიც ემსახურება სტუმრებს.
1348 წელს რომანულ სტილში აშენებული კოშკი, კონსტანტინოპოლში გენუელთა კოლონიის გაფართოებას ემსახურებოდა, ხოლო კოშკის სახელი Christea Turris-ი (ქრისტეს კოშკი) იყო. გალათას კოშკი, 1348 წელს აშენების დროს, 66,9 მეტრის სიმაღლით, კონსტანტინოპოლში ყველაზე მაღალი შენობა იყო.[2] ახალი კოშკი, გალათას ძველი კოშკის ნაცვლად აშენდა, რომელიც Megalos Pyrgos (დიდი კოშკი) სახელით იყო ცნობილი და აკონტროლებდა დიდი ჯაჭვის ჩრდილოეთ ბოლოს, რომელიც ოქროს რქის შესასვლელს კეტავდა. ძველი კოშკი სხვა ადგილზე მდებარეობდა და დიდწილად 1203 წელს განადგურდა, 1202-1204 წლების მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს.[3]
კოშკის ზედა ნაწილი, კონუსური ფორმის გუმბათი, ოსმალეთის პერიოდში ჩატარებული რამდენიმე რესტავრაციის დროს შეიცვალა, სადაც მას ხანძრის შესაჩერებლად, სადამკვირვებლო კოშკად იყენებდნენ.
ოსმალელი ისტორიკოსისა და მოგზაურის ევლია ჩელების სეიაჰათნამეს (მოგზაურობის წიგნი) თანახმად, 1630-1632 წლებში ჰეზარფენ აჰმედ ჩელები, რომელიც ადრეული საკონტინენტთაშორისო პილოტი გახლდათ, ხელოვნური ფრთების გამოყენებით ამ კოშკიდან სრიალით და ბოსფორის გავლით, გადაფრინდა იუსქიუდარში, რომელიც ქალაქის ანატოლიურ მხარესაა და თითქმის ექვსი კილომეტრითაა დაშორებული კოშკიდან.[4] ევლია ჩელები ასევე წერს ჰეზარფენის ძმის, ლაგიარი ჰასან ჩელების შესახებ, რომელიც 1633 წელს პირველი გაფრინდა რაკეტით, დენთის გამოყენებით.
1717 წლიდან, ოსმალები კოშკს ქალაქში ხანძრის აღმოსაჩენად იყენებდნენ, როგორც სადამკვირვებლო კოშკს. 1794 წელს, სულთან სელიმ III-ის მმართველობის დროს, კოშკის სახურავი ტყვიისა და ხისგან შედგებოდა, ხოლო მისი კიბეები ხანძრის შედეგად დაზიანდა. 1831 წელს კიდევ ერთი ხანძარი მოხდა, რომელმაც შენობა დააზიანა, რის შედეგად კოშკს ხელახალი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა.
1875 წელს, ქალაქში მომხდარი ქარიშხლის დროს, შენობის კონუსური სახურავი განადგურდა.[5][6] კოშკი, ოსმალეთის იმპერიის არსებობის ბოლომდე, კონუსური სახურავის გარეშე დარჩა. მრავალი წლის შემდეგ, 1965-1967 წლებში აღდგენითი სამუშაოების დროს, კოშკის კონუსური სახურავი აღადგინეს.[5][6] 1960-იანი წლების აღდგენითი სამუშაოების დროს, კოშკის ხის ინტერიერი შეიცვალა ბეტონის კონსტრუქციით, აგრეთვე განხორციელდა მისი კომერციალიზაცია და გაიხსნა საზოგადოებისთვის.
1818 წელს, კოშკის სახურავიდან, პირველმა ფრანგმა პანორამულმა მხატვარმა პიერ პრავოსტმა გადაიღო თავისი ცნობილი სურათი — „კონსტანტინოპოლის პანორამა“, რომელიც 1825 წელს პარიზში გამოიფინა.[7] ქვემოთ მოყვანილი პანორამული გამოსახულება შედგება 10 ფოტოსგან, რომელიც საფოტოგრაფო კომპანიამ „Sébah & Joaillier“-იმ, სავარაუდოდ 1880-იან წლებში გადაიღო.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.