ქართველი ბიზნესმენი და ექს-პრემიერი From Wikipedia, the free encyclopedia
ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილი (დ. 18 თებერვალი, 1956, ჭორვილა, საჩხერის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი[4] საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი და ოლიგარქი.[5][6] საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში. 2000 წლიდან 2014 წლამდე იყო სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში.[7] ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.[8][9] 2023 წლის 30 დეკემბრიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე.[10][11]
ბიძინა ივანიშვილი | |
საქართველოს მე-10 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ოქტომბერი, 2012 – 20 ნოემბერი, 2013 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
წინამორბედი | ივანე მერაბიშვილი |
მემკვიდრე | ირაკლი ღარიბაშვილი |
ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 მაისი , 2018 – 11 იანვარი , 2021 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი გიორგი გახარია |
მემკვიდრე | ირაკლი კობახიძე |
დაბადებული | 18 თებერვალი, 1956 ჭორვილა, საჩხერის რაიონი |
მოქალაქეობა | საქართველო (2004–2011, 2014–დღემდე)
საფრანგეთი (2010-დღემდე) რუსეთი (1991-2011) საბჭოთა კავშირი (1991-მდე) |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება |
მეუღლე | ეკატერინე ხვედელიძე |
შვილები | უტა ბერა გვანცა ცოტნე[1] |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ჯილდოები | საფრანგეთი : საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (31 დეკემბერი 2020).[2][3] |
ხელმოწერა |
ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სოფელ ჭორვილაში (საჩხერის მუნიციპალიტეტი), მამა ჭიათურმანგანუმის კომბინატის მაღაროელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა“.
მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არმირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კომპიუტერებით ვაჭრობდა. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა.
1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონგ-კონგში. 1990 წლისთვის ივანიშვილი ელექტრო-ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო რუსეთში. დაგროვებული კაპიტალით ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი „როსიისკი კრედიტი“.
1980 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1986 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის შრომისა და სოციალური პრობლემების ინსტიტუტში. 2006 საქართველოს განათლების სამინისტროს სწავლულ ექსპერტთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და სულიერების აღორძინებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება.[12]
1995 წელს ივანიშვილმა მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დააარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ რომლის ერთადერთი დონორი ივანიშვილის ოჯახი. ფონდის მეშვეობით მან განახორციელა მრავალი პროექტი, კერძოდ, ხელოვნების დარგში – კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა თბილისის შოთა რუსთაველის, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის[13], კ. მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა, ა. გრიბოედოვის, ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და რ. გაბრიაძის სახ. მარიონეტების თეატრებს, თბილისის საკონცერტო დარბაზისა და ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს. მიმდინარეობს ბათუმის, ზუგდიდის[14], ოზურგეთის[15] და თბილისის სომხური თეატრების რეაბილიტაცია. აღდგა ს. ჯანაშიას სახ. ეროვნული მუზეუმი, გ. ბააზოვის სახ. ებრაელთა მუზეუმი, ა. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის, ვ. მაიაკოვსკის სახ. მუზეუმები. წლების განმავლობაში ფონდი ახორციელებს ზემოხსენებული თეატრებისა და მუზეუმების პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას.[16]
საერთაშორისო აუქციონებზე ფონდმა შეიძინა ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოები და საჩუქრად გადასცა ეროვნულ მუზეუმს[17]. დაარსების დღიდან ფონდი ქართუ მატერერიალურ დახმარებას უწევს საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებს[18].
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დარგში – ქვეყნის მასშტაბით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 700-ზე მეტ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს[19]. ეტაპობრივად ხორციელდება ქათუს მიერ დაგეგმილი ყველა ისტორიულ-კულტურული ძეგლის აღდგენა. მისივე სახსრებით თბილისში აშენდა სამების საკათედრო ტაძარი. სპორტის დარგში – ქვეყნის მასშტაბით მოეწყო 13 სარაგბო საწვრთნელი ბაზა და სტადიონი[20]. მრავალი წლის განმავლობაში ფინანსდება სპორტის სხვადასხვა პოპულარული სახეობები (ჭიდაობა, ძიუდო, სამბო, ტაიკვანდო, კარატე, კრივი, ტანვარჯიში, ჭადრაკი, წყალბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, ფეხბურთი, ფარიკაობა და სროლა). ფონდი მატერიალურ დახმარებას უწევს საქართველოს რაგბის კავშირსა და რაგბის ეროვნულ ნაკრებს.[21] საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა. ფულადი დახმარება ეძლევათ ქართველ ოლიმპიელ ჩემპიონებს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედალოსნებსა და ვეტერან სპორტსმენებს. 2015 მისივე შემწეობით დაფინანსდა თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები.[22]
სოფლის მეურნეობის დარგში – 1992 წელს ივანიშვილმამა საქართველოს საჩუქრად გადასცა 400 ტრაქტორი სრული სახნავ-სათესი აღჭურვილობით. მომდევნო წლებში ქართუმ განახორციელა მასშტაბური პროექტი ქართული ადგილობრივი ჯიშების გადარჩენისათვის. ამ მიზნით სოფლებში – ჯიღაურასა და წილკანში შექმნილმა აგრარულმა მეურნეობებმა ააღორძინა ქართული ვაზის 440 და ხეხილოვანი კულტურების ათეულობით ენდემური ჯიში. ასევე საზღვარგარეთიდან შემოიტანა ვაზისა და ხეხილის უცხოური პერსპექტიული ჯიშები, მოხდა მათი აპრობირება ქვეყნის რეგიონებში და ადაპტირებული ჯიშების შეთავაზება ადგილობრივი ფერმერებისთვის.[23] კერძოდ, ჯიღაურას ბაზის დახმარებით შეიქმნა რამდენიმე სტანდ. სანერგე მეურნეობა, რომლებმაც უსასყიდლოდ მიიღეს ნერგები, საძირე და საკვირტე მასალა. ასევე აღდგენილია და გენეტიკურ ბანკში დაცულია ერთწლოვანი კულტურების 100-მდე ჯიში-პოპულაცია.[24] გამართულია ელიტური კარტოფილის სანერგე მასალის წარმოების სრული სისტემა. ამ ბაზებიდან სანერგე და სათესლე მასალა წლების განმავლობაში უსასყიდლოდ გადაეცემოდა ფერმერებს (სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით), ხოლო ასობით ტონა მოწეული ყურძენი, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული – მოხუცებულთა და უპატრონო ბავშვთა სახლებს.[25]
2004 წლამდე ივანიშვილი ტელეკომპანია „მე-9 არხს“ ფლობდა. [26]
2013–2014 ფონდმა დააფინანსა სოფლის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამა. მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის დარგში – საჩხერეში აშენდა თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, რომელიც გადაეცა სახელმწიფოს. დაბა ურეკსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოეწყო და აგრეთვე სახელმწიფოს გადაეცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრები. ჩაუტარდა რემონტი და აპარატურით აღიჭურვა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო. საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის ამოქმედებამდე, ფონდ "ქართუს" მიერ მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფასო დაზღვევის პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო რეგიონის 50 ათასზე მეტი მაცხოვრებელი. ფონდის დაფინანსებით ასეულობით ადამიანი გაიგზავნა საზღვარგარეთ რთული ოპერაციების ჩასატარებლად.[27][28]
ინფრასტრუქტურის დარგში – ფონდის მატერიალური დახმარებით დაიგო ასობით კმ საავტომობილო გზა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, შეიქმნა საჩხერის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, გადაიხურა (12652 საცხოვრ. სახლი), გარემონტდა და აშენდა ასობით საცხოვრებელი სახლი, მოხდა მუნიციპალიტეტის სოფლების სრული გაზიფიცირება. ფონდის დაფინანსებით ხორციელდება საქართველოს ინტერნეტიზაციის დაჩქარების პროექტი, რომელის მიზანია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ფონდს სოლიდური წვლილი შეაქვს ქართული ჯარისა და პოლიციის რეფორმის დაფინანსებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაში. ტურიზმის ხელშეწყობის დარგში – აშენდა ბათუმის დელფინარიუმი, ზღვისპირა რეგიონში მოეწყო თემატური პარკები, მ. შ. ქართ. ხუროთმოძღვრული ძეგლების მინიატიურების პარკი. გურიისა და აჭარის საზღვართან ფონდის მიერ აშენდა გასართობი ცენტრი "ციცინათელა",[29] ხოლო ბაკურიანში – ახ. სათხილამურო კომპლექსი „დიდველი“. გურიის რეგიონში აშენდა და შემდეგ სახელმწიფოს გადაეცა ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი „ბლექსი არენა“ („Black Sea Arena“), რომელიც გათვლილია 10 ათას მაყურებელზე.[30] დარბაზი დიდი საერთაშორისო კონცერტებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეკოლოგიის დარგში – ფონდის პროგრამებით შენარჩუნდა და აღორძინდა რამდენიმე ბოტანიკური ბაღი,[31] რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლაგოდეხის, ვაშლოვნისა და თუშეთის ეროვნული პარკების ინფრასტრუქტურას, კეთილმოეწყო ბუნების ძეგლი – პრომეთეს მღვიმე.[16][32][33]
ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელდა რაჭაში 1991 წლის მიწისძვრით, კახეთში 2012 წლის სეტყვით და თბილისში 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.[34][35]
მეცნიერებისა და განათლების დარგში – ფონდის დაფინანსებით აშენდა, კაპიტალურად შეკეთდა და კომპიუტერებით აღიჭურვა ასობით საჯარო სკოლა. გარემონტდა და ტექნიკურად აღიჭურვა თსუ-ის I კორპუსი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სამხატვრო აკადემიის სასწ. კორპუსი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, დაარსდა თბილისში ფრანგული სკოლა. ფონდი ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას. 2016 ფონდმა დაიწყო ახალი მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება – ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა.[36] გეგმის მიხედვით, ქუთაისში შენდება 50 ათას სტუდენტზე გათვლილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მრავალპროფილიანი უნივერსიტეტი. ფონდის დაფინანსებით მეგაპროექტი ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ადრონული ამაჩქარებლის აგებას. მრავალმხრივი დანიშნულების ცენტრი განახორციელებს სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობას, ასევე ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს შემდეგი მიმართულებებით: ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, მედიცინა და სხვ. სამეცნიერო-ტექ. ცენტრი აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, მ. შ. კრისტალების ცენტრით, ბიოფიზიკის, იზოტოპების, დაბალი ტემპერატურის ლაბორატორიებით და სხვ. ცენტრს ასევე ექნება მნიშვნელოვანი სამედ. პოტენციალი – მის ბაზაზე შესაძლებელი გახდება ადრონული თერაპიის მეშვეობით მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.[16]
2014 წლის 23 იანვარს ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დააფუძნა. [37]
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, ბიძინა ივანიშვილს მიენიჭა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო — საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული (Ordre national de la Légion d'honneur).[38][39][40]
2011 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა.[41] 2 დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს ივანიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც თავის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდა.[42] 11 ოქტომბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.[43] 17 ნოემბერს მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა მოქალაქეობის მიღების თხოვნით.[44]
2011 წლის 1 ნოემბერს ივანიშვილმა პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილაბზე ვრცლად ისაუბრა.
2011 წლის 11 დეკემბერს დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“. [46] 26 დეკემბერს ცნობილი გახდა რომ ივანიშვილის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა შეუწყდა. [47]
2012 წლის 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი განუცხადა. [48]
2012 წლის 21 აპრილს ივანიშვილმა დააფუძნა პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო, სათავეში ჩაუდგა თავისსავე შექმნილ ოპოზიციურ პარტიათა კოალიციას,[41]
2012 წლის 10 მაისს ივანიშვილმა მისი კუთვნილი ბანკი, „Российский кредит“ 352 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. [49]
2012 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ივანიშვილი 126 მილიონი ლარით დააჯარიმა. ადვოკატებმა გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდეს. [50]
2012 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ივანიშვილი 20 243 827 ლარით დააჯარიმა. [51]
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კოალიციამ ხმათა 54,97% მიიღო და ხელისუფლების ფორმირება მოახერხა. 2012 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
2012 წლის 16 ოქტომბერს ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა. [53]
2012 წლის 25 ოქტომბერს იგი აირჩიეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად.[54] ამ პერიოდში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა (უფასო გახდა გადაუდებელი ოპერაციები და მშობიარობა), დაიწყო თვითმმართველობის სისტემის რეფორმა და შემუშავდა სოფლის გადარჩენის პროექტი. პრიორიტეტებად დაისახა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების აღდგენა და დამკვიდრება. ბიზნესის გათავისუფლება სახელმწიფო წნეხისაგან.[21] დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობის გაძლიერება და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გატარება. 2013 წლის 21 იანვარს ივანიშვილმა გამოსცა ბრძანება ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. [55]
2013 წლის 5 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007-2012 წლებში უკანონო გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ვიდეო ამსახველი 144 ფაილი გაანადგურა. [56]
2013 წლის 20 ნოემბერს ივანიშვილმა წინასწარ გაკეთებული განცხადების საფუძველზე საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და სამოქალაქო სექტორს დაუბრუნდა, რითაც უნიკალური პოლიტიკური პრეცედენტი შეიქმნა.[57]
2012 წლის 11-14 ნოემბერს ივანიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს და ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. [58] 2012 წლის 26 დეკემბერს ივანიშვილი აზერბაიჯანს ეწვია, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. [59] 2013 წლის 17 იანვარს ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ტიგრან სარქისიანს შეხვდა. [60] 2013 წლის 15 აპრილს ივანიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც მთავრობის დელეგაცია მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. [61] 2013 წლის 24-25 ივნისს ივანიშვილი ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, შიმონ პერესს და პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. [62] 2013 წლის 6-7 სექტემბერს ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიაში, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ვალდის დომბროვსკის, პრეზიდენტ ანდრის ბერზინშის შეხვდა. [63] 2013 წლის 8-9 სექტემბერს ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტს, პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესს, პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ენე ერგამასის შეხვდა. [64]
2018 დაბრუნდა პოლიტიკაში და 11 მაისს აირჩიეს პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ.[65] [66]
2021 წელს განაცხადა ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. [67]
2021 წლის 7 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგმასთან დაკავშირებით ივანიშვილმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც გახარიას გადადგომას საკუთარი გუნდისა და საკუთარი სახელმწიფოს „პირდაპირი ღალატი“ უწოდა. მან აგრეთვე უარყო ხმები, რომ გიორგი გახარიას მიერ შექმნილი პარტია მისი პოლიტიკური პროექტია. [68]
2023 წლის 30 დეკემბრიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ივანიშვილი აქტიურად ჩაერთო „ქართული ოცნების“ საარჩევნო კომპანიაში[69].
2024 წლის არჩევნებისთვის ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველ ნომრად წარადგინეს[70].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.