აფრიკული მარაბუ[1] (ლათ. Leptoptilos crumeniferus) — ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა. დიდი ზომისაა, მისი სხეულის სიგრძეა 115—152 სმ, ფრთის შლილი 225—287 სმ, მასა 4—8,9 კგ. ზოგიერთი ეგზემპლარის ფრთების სიგრძე 320 სმ-ს აღწევს, რითაც მხოლოდ მოგზაურ და სამეფო ალბატროსს ჩამორჩება. მამლები შედარებით დიდები არიან დედლებზე. გააჩნია მასიური ნისკარტი, რომელიც 34,6 სმ-მდე შეიძლება გაიზარდოს; თავზე შეშუპებული ხორცოვანი გამონაზარდები და ტომარა, ე. წ. „ბალიში“ ყელზე.[6] კანის დაუფარავი ნაწილები ვარდისფერია, შავი ლაქებით თავის წინა მხარეს. ბუმბული ზედა მხარეს შავი აქვს, ქვედაზე — თეთრი. ფართოდაა გავრცელებული აფრიკაში, სენეგალიდან და გამბიიდან ერიტრეასა და სომალამდე. ჩრდილოეთით უკიდურესი საზღვარია საჰარა. ბინადრობს სავანებში, სტეპებსა და ჭაობებში, აგრეთვე თევზით მდიდარ მდინარეებში, მსხვილ ქალაქებშიც კი. ლეშისმჭამელი ფრინველია, გარდა ამისა ნადირობს მღრღნელებზე, თევზებზე, გველებზე, ბაყაყებზე, ხვლიკებზე, კალიებსა და ტერმიტებზე. გამრავლების ასაკს 6–7 წელში აღწევს. ახასიათებს კოლონიები, რომლებშიც 20-დან 60-მდე წყვილია გაერთიანებული. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეებზე, მაგალითად როგორიცაა ბაობაბი, მიწიდან 10–30 მ სიმაღლეზე. მისი სიგანე 1 მ-ს, ხოლო სიღრმე 30 სმ-ს აღწევს. მასში დებს 2–3 თეთრ კვერცხს, რომლის ზომებია 84,5×62 მმ. ინკუბაცია 29-31 დღე-ღამე გრძელდება (საშუალოდ 30,3). ბარტყებზე ზრუნვა 135 დღემდე გრძელდება. ფრენა შეუძლიათ 110–115 დღიდან. ზოოპარკებში ცოცხლობენ 25 წლამდე.
სწრაფი ფაქტები აფრიკული მარაბუ, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დახურვა