![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fb/Architect.png/640px-Architect.png&w=640&q=50)
არქიტექტორი
From Wikipedia, the free encyclopedia
არქიტექტორი, ხუროთმოძღვარი — არქიტექტურული განათლების ცენზის მქონე პირი, რომელიც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ქმნის საარსებო გარემოს გარკვეულ სივრცეში, ფორმასა და ისტორიულ კონტექსტში, პასუხს აგებს ამ გარემოს ასპექტების არქიტექტურის ენით გამოსახვაზე.[1] არქიტექტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა არის არქიტექტურული საქმიანობა, რომლის ამოცანაა ქალაქთმშენებლობითი ობიექტის, გარემოს ფორმირების, შენობის, ნაგებობის, ინტერიერის პროექტის შედგენა, მასში სივრცობრივ-გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური საკითხების გადაწყვეტა, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობა, დაპროექტების პროცესის ერთიანი ციკლის ორგანიზება, საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და მშენებლობის გაძღოლა.[1] არქიტექტურული საქმიანობის შედეგი არის არქიტექტურული ნაწარმოები, როგორც პროექტის, ისე განხორციელებული ობიექტის სახით.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fb/Architect.png/640px-Architect.png)
არქიტექტორი სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტია და მისი ძირითადი სპეციალიზაციებია: შენობა-ნაგებობების არქიტექტორი; ლანდშაფტის არქიტექტორი; შენობების ინტერიერის არქიტექტორი (დიზაინერი); ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის არქიტექტორი.[2]
ეტიმოლოგიურად, სიტყვა არქიტექტორი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან - architectus, რომელიც თავად ბერძნული სიტყვისაგანაა მიღებული — arkhitekton (arkhi - მთავარი, tekton - მშენებელი), ამ კლასიფიკაციას მთლიანად შეესაბამება ქართული ტრადიციული ტერმინიც - ხუროთმოძღვარი (ხუროების, ანუ მშენებლების, მოძღვარი, ზედამხედველი).