From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრა ოგილვი [1] (ინგლ. Alexandra Ogilvy; სრული სახელი: ალექსანდრა ჰელენ ელიზაბეტ ოლგა კრისტაბელი; დ. 25 დეკემბერი, 1936) — ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი.
ალექსანდრა ოგილვი | |
---|---|
ალექსანდრა 2010 წელს | |
დაბადების სახელი | პრინცესა ალექსანდრა კენტელი |
დაბადების თარიღი |
25 დეკემბერი, 1936 ლონდონი, ინგლისი |
ეროვნება | ინგლისელი |
განათლება | ჰეტფილდის სკოლა, ასკოტი |
მეუღლე(ები) | აგნუს ოგილვი (1963-2004) |
შვილ(ებ)ი |
ჯეიმზ ოგილვი მარია ოგილვი |
კენტის ჰერცოგის, პრინც ჯორჯისა და საბერძნეთისა და დანიის პრინცესას, მარინას ქალიშვილი. ბრიტანეთის ამჟამინდელი მონარქის, დედოფალ ელისაბედ II-ის პირველი ბიძაშვილი.
ალექსანდრა არის ბიზნესმენის, სერ ანგუს ოგილვის ქვრივი, რომელზეც ის იყო დაქორწინებული 1963 წლიდან 2004 წლამდე, მის გარდაცვალებამდე.
პრინცესა ალექსანდრა დაიბადა 1936 წლის 25 დეკემბერს ლონდონში, ბელგრევის მოედანზე. [2] მისი მამა იყო პრინცი ჯორჯი, კენტის ჰერცოგი, მეფე ჯორჯ V-ისა და დედოფალ მარიამის მეოთხე ვაჟი, ხოლოდ დედამისი მარინა ბერძენი, პრინცი ნიკოლოზისა და დიდი ჰერცოგინია ელენა ვლადიმირის ქალიშვილი იყო. მას დაარქვეს დიდი ბებიის, ალექსანდრა დანიელის სახელი; ბებიამისი იყო რუსეთის დიდი ჰერცოგინია ელენა ვლადიმეროვნა; ხოლო მისი დეიდები იყვნენ ელისაბედ ბერძენი და ოლგა ბერძენი. მისი მეორე სახელია კრისტაბელი, რადგან იგი დაიბადა შობის დღეს, ისევე როგორც მისი დეიდა ალისა გლოსტერელი.
მისი დაბადების დროს იგი მეექვსე იყო ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობის რიგში, მის წინ იდგნენ მისი ბიძაშვილები ელისაბედი და მარგარეტი, მისი ბიძა ჰენრი, მამამისი და მისი უფროსი ძმა პრინცი ედვარდი. იგი დაიბადა ბიძის, მეფე ედუარდ VIII-ის ტახტიდან გადადგომიდან ორი კვირის შემდეგ.
პრინცესა მოინათლა ბაკინგემის სასახლის კერძო სამლოცველოში, 1937 წლის 9 თებერვალს, ხოლო მისი ნათლიები იყვნენ: მეფე ჯორჯ VI და ელისაბედ ბოუზ-ლაიონი (ბიძა და დეიდა); მაუდ უელსელი (მისი ბებია); ელენა ვლადიმირის ასული (მისი ბებია); ოლგა ბერძენი (მისი დეიდა); ბეატრის ბრიტანელი (დიდი ბიცოლა); ატლონის გრაფი (მისი დიდი ბიძა); და გრაფი კარლ თეოდორ ტორინგ-იტენბახი (მისი ბიძა). თუმცა, მის ნათლობას მხოლოდ მეფე, დედოფალი და ლორდი ატლონი ესწრებოდნენ.[3][4]
პრინცესა ალექსანდრამ ბავშვობის უმეტესი ნაწილი გაატარა თავისი ოჯახის აგარაკზე, კოპინსში, ბუკინგემშირში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ბადმინტონში, ცხოვრობდა ბებიასთან, მარია ტეკელთან ერთად, რომელიც ჯორჯ V-ის ქვრივი იყო.[2] მამამისი 1942 წლის 25 აგვისტოს შოტლანდიაში, კეიტნესის მახლობლად ავიაკატასტროფაში დაიღუპა სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობისას. იყო პირველი ბრიტანელი პრინცესა, რომელიც სწავლობდა სკოლა-პანსიონში, ჰითფილდის სკოლაში, ასკოტის მახლობლად. [2] [5] შემდეგ სწავლობდა პარიზში.[6]
1963 წლის 24 აპრილს, იგი დაქორწინდა ანგუს ჯეიმზ ბრიუს ოგილვიზე (1928–2004), დევიდ ოგილვის, აირლის მე-12 გრაფისა და ლედი ალექსანდრა კოკის მეორე ვაჟზე, მათი ქორწილი გაიმართა ვესტმინსტერის სააბატოში.[5] [2] ალექსანდრას ნიშნობის ბეჭედი დამზადებული იყო კაბოშონისგან, იყო ოქროში ჩასმული და ორივე მხრიდან ბრილიანტებით გარშემორტყმული.[7] საქორწილო ცერემონიას ესწრებოდა სამეფო ოჯახი [8], ხოლო ტელევიზიით მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყურებდა დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი. [2]
პატარძალს ეცვა ვალენსინიეს მაქმანიანი კაბა, რომლის დიზაინერიც იყო ჯონ კავანა.[9][10] მის მეჯვარეებს შორის იყვნენ პრინცესა ანა, ავსტრიის ერცჰერცოგინია ელისაბედი და პერეგინ ფეირფაქსი.[8] ღვთისმსახურება კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა მაიკლ რამზიმ აღავლინა.[8]
ანგუს ოგილვის 1988 წელს მიენიჭა რაინდის წოდება. პრინცესა ალექსანდრას და სერ ანგუსს ჰყავდათ ორი შვილი ჯეიმზი და მარინა და ოთხი შვილიშვილი:
1950-იანი წლების ბოლოდან პრინცესა ალექსანდრა დედოფალი ელისაბედ II-ის მხარდასაჭერად ახორციელებდა ფართო პროგრამებს, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე მის გარეთაც. პრინცესა ალექსანდრა სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო. [2] დღესაც ესწრება მრავალ საზეიმო და საქველმოქმედო ღონისძიებას.[13]
1959 წელს ავსტრალიაში იმყოფებოდა. [2] 1961 წელს პრინცესა ალექსანდრა გაემგზავრა ჰონგ კონგში და ეწვია აბერდინის თევზის ბაზარს, ლოკ მა ჩაუს პოლიციის განყოფილებას და So Uk Estate-ს, საჯარო საცხოვრებელ კომპლექსს.[14][15] მის პატივსაცემად ერთ-ერთი საავადმყოფო ბრისბენში ატარებს მის სახელსა და გვარს.[16]
1960 წლის 1 ოქტომბერს ნიგერიამ გაერთიანებული სამეფოსგან[2] დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო 3 ოქტომბერს პირველი პარლამენტი გახსნა. ნიგერიაში ალექსანდრა ელისაბედ II-ის წარმომადგენლად გაემგზვრა. მოგვიანებით, ტურებით წავიდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: კანადაში, იტალიაში, ომანში, უნგრეთში, ნორვეგიაში, იაპონიაში, ტაილანდში, გიბრალტარსა და ფოლკლენდის კუნძულებზე. [2]
მისი ხელმძღვანელობით ჰარლოუში, ესექსში გაიხსნა საავადმყოფო, რომელიც მისი სახელობისაა.
1964 წლიდან 2004 წლამდე იყო ლანკასტერის უნივერსიტეტის კანცლერი.[17] ასევე იყო მავრიკის უნივერსიტეტის პირველი კანცლერი.[18] ის ასევე არის გლაზგოს ექიმთა და ქირურგთა სამეფო კოლეჯის,[19] ინგლისის ქირურგთა სამეფო კოლეჯის, მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის,[20] და ექიმების სამეფო კოლეჯის საპატიო თანამშრომელი. 2011 წლამდე იყო ბუნების მსოფლიო ფონდის პრეზიდენტი.[21]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.