From Wikipedia, the free encyclopedia
ცენტრალური პაპუა (ოფიციალურად, ცენტრალური პაპუის პროვინცია; ინდონ. Provinsi Papua Tengah) ― ინდონეზიის პროვინცია. მდებაროებს დასავლეთ ახალი გვინეის ცენტრალურ რეგიონში.[1][2] დაარსდა 2022 წლის 11 ნოემბერს. მასში გაერთიანდა ყოფილი პაპუის პროვინციის 8 დასავლეთი სარეგენტო. პროვინციის ფართობი 61 072.92 კმ²-ია. 2022 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 1 430 951 ადამიანს შეადგენს. ცენტრალურ პაპუას დასავლეთიდან დასავლეთი პაპუა ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან ― პაპუა, ხოლო აღმოსავლეთიდან ― სამხრეთი პაპუა და პაპუა-პეგუნუნგანი. პროვინციის ადმინისტრაციული დედაქალაქია ნაბირეს სარეგენტო.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ცენტრალური პაპუა | ||
ქვეყანა | ინდონეზია | |
ადმ. ცენტრი | Wanggar | |
შიდა დაყოფა | Nabire, Paniai, Puncak, Deiyai, Intan Jaya, Dogiyai, Mimika და Puncak Jaya | |
კოორდინატები | 4°00′00″ ს. გ. 136°00′00″ ა. გ. | |
მმართველი | Ribka Haluk | |
დაარსდა | 25 ივლისი, 2022 | |
|
ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ცენტრალურ პაპუას ზღვები ესაზღვრება. ნაბირე პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ეს დაბლობი ტერიტორია ტელუკ-ჩენდერვასიჰის ეროვნული პარკის მიმდებარედ მდებარეობს და საზღვაო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჰაბიტატი მარჯნის რიფებით, თეთრი ქვიშის კუნძულებითა და ვეშაპისებრი ზვიგენის სახეობებით გამოირჩევა. ცენტრალური პაპუის სამხრეთი ნაწილი მეტწილად ჭაობიანი რელიეფითაა დაფარული. ამ ნაწილში მდებარეობს ამამაპარეს პორტი და პროვინციის უდიდესი ქალაქი ტიმიკა. ცენტრალური პაპუის ცენტრალურ რეგიონში ჯაიავიჯაიის მთებია გაშლილი, რომელიც თოვლით დაფარულ პუნკაკ-ჯაიასაც, ინდონეზიის უმაღლეს წერტილს მოიცავს. ამ ქედზე მდებარეობს გრასბერგის ოქროს მაღაროც, რომელიც Freeport Indonesia-ის დაქვემდებარებაშია.
პროვინციის საზღვარი მეტწილად ემთხვევა მეე-პაგოს კულტურულ რეგიონს და საირერის ნაწილს.[3]
XVIII საუკუნიდან მიმიკის დასავლეთი რეგიონი პაპუის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ტიდორეს სასულთნოს გავლენის ნაწილი იყო. რეგიონი ძირითადად სამი მთავარი ჯგუფის: კოივაის, კამოროსა და ასმატის გავლენის სფეროში იყო მოქცეული. მონებით, რკინის ნაკეთობებით, ტანსაცმლისა და სხეულის ორნამენტებით ვაჭრობამ დიდი გავლენა იქონია ადგილობრივ მოსახლეობაზე, რაც მოლუკური წარმოშობის ტიტულების (რაჯა, მაიორი, კაპიტანი და ორანგ ტუა) ათვისებაში გამოიხატა. ადგილობრივ მოსახლეობაზე დიდი გავლენა იქონია ისლამურმა კულტურამ, რაც ჩალმების ტარებასა და 1950-ან წლებამდე ღორის ჭამაზე უარის თქმასი გამოიხატა.[4]
რეგიონის სავაჭრო ცენტრი კიპია იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნაოვა. მან ტიტული ლამორის მეფე ნამატოტასგან მიიღო. კიპია პორაოკასთან, მაპარპესთან, ვუმუკასთან, უმართან და აინდუასთან ერთად კამოროს სოფლების კონფედერაციას ხელმძღვანელობდა, რომელსაც ტარია-ვე ეწოდებოდა. კონფედერაცია რეგიონში საგოს ნაკლებობის გამო შეიქმნა და ერთიანი ძალებით უფრო ნაყოფიერ აღმოსავლეთ რეგიონს აშინებდნენ. აღმოსავლეთში ომი მიმდინარეობდა, რომელსაც ტიპუკის ომი ეწოდებოდა. ტიპუკის სოფელი კოპერაპოკამ გაანადგურა მვარეს, პიგაპუს, ჰირიპაუსა და მიოკოს კოალიციასთან ერთად. სოფლის განადგურება კოალიციის მხრიდან შურისძიება იყო ტიპუკელების მიერ ხალხის გატაცებების საპასუხოდ.[5] ნიდერლანდების კოლონიალიზმის გაძლიერებასთან, კატოლიკე მისიონერების და ჩინელი ვაჭრების გამოჩენასთან ერთად მოლუკის გავლენა ძალიან შესუსტდა.[4][5]
ნაბირე სანაპიროს ტომებითაა დასახლებული, რომლებიც საირერის ტრადიციულ ტერიტორიას მიეკუთვნებიან. მათ შორის არიან: იაურის, ვატეს, მორას, უმარის, გოასა და იერისიამის ტომები. ნაბირე დასახლებული მთიან ტერიტორიებზე მოსახლე ტომებითაც, რომლებიც მეე-პაგოს ტრადიციულ ტერიტორიას მიეკუთვნებიან. მათ შორის არიან მოის, მეესა და აუიეს ტომები.[6] პროვინციის ცენტრალურ ნაწილში პანიაის ტბების ირგვლივ მდებარე რეგიონში ზემოთ დასახელებულ ტომებთან ერთად მონისა და ვოლანის ტომებიც სახლობენ. აღმოსავლეთით, ჯაიავიჯაიის მთებში ამუნგმეს, დამალმეს და ვანოს ტომები ბინადრობენ. აქვე ცხოვრობენ დანის, ლანისა და ნდუნგას ტომები, რომლებიც მეზობელ პაპუა-პეგუნუნგანის ტერიტორიაზეც სახლობენ.[7][8] ცენტრალური პაპუის სამხრეთი ნაწილი, მიმიკის სარეგენტო, რომელიც ჭაობიანი ტერიტორიაა, კამოროსა და სემპანის ტომებითაა დასახლებული.[9]
დღევანდელი ცენტრალური პაპუის პროვინცია ოთი სარეგენტოდან: მიმიკა, ნაბირე, პანიაი და პუნკაკ-ჯაია, წარმოიშვა. 2008 წლის 4 იანვარს ორი ახალი სარეგენტო წარმოიქმნა: დოგიაი ― ნაბირეს სარეგენტოსგან და პუნკაკი ― პუნკაკ-ჯაიის სარეგენტოსგან. კიდევ ორი სარეგენტო 2008 წლის 29 ოქტომბერს შეიქმნა: დეიაი და ინტან-ჯაია, ორივე პანიაის სარეგენტოსგან. ცენტრალური პაპუა რვა სარეგენტოს (და არა ― ადმინისტრაციულ ქალაქებს) მოიცავს, რომლებიც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია წარმოდგენილი.
სარეგენტო | დედაქალაქი | ფართობი კმ2 |
მოსახლეობა აღწერა 2010 |
მოსახლეობა აღწერა 2020 |
მოსახლეობა მიახლ. 2022 |
აგი (2020) | |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | დეიაის სარეგენტო | ვაღეტე | 2,846.41 | 62,119 | 99,091 | 102,168 | 0.495 (დაბალი) |
2 | დოგიაის სარეგენტო | კიგამანი | 3,792.93 | 84,230 | 116,206 | 119,815 | 0.548 (დაბალი) |
3 | ინტან-ჯაიის სარეგენტო | სუგაპა | 5,334.45 | 40,490 | 135,043 | 139,236 | 0.478 (დაბალი) |
4 | მიმიკის სარეგენტო | ტიმიკა | 18,298.95 | 182,001 | 311,969 | 321,657 | 0.742 (მაღალი) |
5 | ნაბირეს სარეგენტო | ნაბირე | 11,806.09 | 129,893 | 169,136 | 173,043 | 0.688 (საშუალო) |
6 | პანიაის სარეგენტო | ენაროტალი | 5,306.87 | 153,432 | 220,410 | 227,254 | 0.563 (საშუალო) |
7 | პუნკაკის სარეგენტო | ილაგა | 7,701.03 | 93,218 | 114,741 | 116,279 | 0.430 (დაბალი) |
8 | პუნკაკ-ჯაიის სარეგენტო | მულია | 5,986.19 | 101,148 | 224,527 | 231,499 | 0.484 (დაბალი) |
ჯამი | 61,072.92 | 846,531 | 1,391,123 | 1,430,951 | |||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.