From Wikipedia, the free encyclopedia
„ოტელო“ (იტალ. Otello [oˈtɛllo]) — ჯუზეპე ვერდის ოპერა ოთხ მოქმედებად არიგო ბოიტოს ლიბრეტოთი. დაფუძნებულია შექსპირის იმავე სახელწოდების პიესაზე. იგი ვერდის ბოლოს წინა ოპერა იყო და პირველად ლა სკალაში, 1887 წლის 5 თებერვალს შესრულდა.
ოტელო | |
---|---|
ჯუზეპე ვერდის ოპერა | |
ოტელო და დეზდემონა ალექსანდრ-მარი კოლინი, 1829 | |
ლიბრეტისტი | არიგო ბოიტო |
ენა | იტალიური |
ეფუძნება | უილიამ შექსპირის „ოტელო“ |
პრემიერა |
5 თებერვალი, 1887 ლა სკალა, მილანი, იტალია |
1871 წელს, „აიდას“ წარმატების შემდეგ ვერდიმ გადაწყვიტა, აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა შეეწყვიტა. ამის გამო, მის მილანელ გამომცემელს, ჯულიო რიკორდის მომდევნო ათი წელი დასჭირდა, რათა ვერდი ჯერ მუშაობის განახლებაში დაერწმუნებინა, შემდეგ მისივე 1857 წლის ოპერის, „სიმონ ბოკანეგრას“ რევიზიაში (რა დროსაც გააცნო ლიბრეტისტი არიგო ბოიტო), ხოლო ბოლოს შეუდგა მძიმე პროცესს, რათა დაეყოლიებინა კომპოზიტორი, ენახა ბოიტოს დასრულებული ლიბრეტო „ოტელოსთვის“, რაც 1881 წლის ივლის-აგვისტოში მოხერხდა.[1] მიუხედავად ამისა, ვერდის არაფრის პირობა არ მიუცია და ლიბრეტოზე მუშაობის პროცესი ძლიერ გაიწელა. მხოლოდ მისი პირველი ესკიზების შექმნიდან 5 წლის შემდეგ, 1884 წელს დაიწყო მან მუსიკაზე მუშაობა და 1885 წლის ბოლოსთვის მზად ჰქონდა. პრემიერა 1887 წლის 5 თებერვალს, მილანში შედგა და დიდი წარმატება ჰხვდა წილად; პრემიერას მალევე მოჰყვა დადგმები ევროპისა და ამერიკის წამყვან თეატრებში.
1871 წლის დეკემბერში, „აიდას“ პრემიერის შემდეგ, ვერდიმ გადაწყვიტა, რომ საოპერო კომპოზიტორის წარმატებული კარიერა დაესრულებინა, როგორც ეს, თავის დროზე, ჯოაკინო როსინიმ გააკეთა „ვილჰელმ ტელის“ დასრულების შემდგომ. ამ დროისათვის იგი უდავოდ ყველაზე პოპულარული და დიდი ალბათობით, ყველაზე მდიდარი კომპოზიტორი იყო იტალიაში. მიუხედავად ამისა, სამოცს გადაცილებული ვერდისთვის ეს პერიოდი მარტივი არ ყოფილა: როგორც მუსიკათმცოდნე ჯულიან ბადენი წერს, მას „დაღვრემილობა და დეპრესიული ხასიათი დასჩემდა... მისი ამ პერიოდის წერილები სავსეა წუწუნით და უკმაყოფილებით იტალიური თეატრის, იტალიური პოლიტიკის და იტალიური მუსიკის შესახებ, რომელიც, მისი აზრით, გერმანიზმის ტალღის ქვეშ იძირებოდა“.[2]
1870-იან წლებში ვერდის მუსიკის უზომო პოპულარობის გამო მისი გამომცემლის, ჯულიო რიკორდის აზრით, მისი მხრიდან საქმიანობის შეწყვეტა დიდი ნიჭის ფლანგვას და დიდი მოგების დაკარგვას ნიშნავდა. ამის გამო გაჩნდა გარკვეული შეთქმულება, რომ კომპოზიტორი ახალი ოპერის დაწერაზე დაეყოლიებინათ. ვერდისთვის ოპერის დრამატული ასპექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ სიუჟეტებს ფრთხილად არჩევდა ხოლმე. შესაბამისად, პენსიიდან გამოსვლაზე მის დასათანხმებლად ისეთი ლიბრეტოს შერჩევა იქნებოდა საჭირო, რომელიც მის ყურადღებას განსაკუთრებულად მიიპყრობდა.
„აიდასთვის“ შესაფერისი სიუჟეტის ძებნის დროს რიკორდი წააწყდა ბოიტოს ნაწილობრივ დასრულებულ ლიბრეტოს მისივე ოპერისთვის „ნერონი“. 1870 წლის თებერვალში ვერდის მისწერა კიდეც, რომ ბოიტოს ნებართვით, შეეძლო მასზე მუსიკა დაეწერა. ვერდის ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ამიტომ რიკორდიმ 1871 წლის იანვარში წერილთან ერთად ბოიტოს ლიბრეტო გაუგზავნა თავისი მეგობრის, ფრანკო ფაჩოს ოპერისთვის „Amleto“. ეს ოპერა შექსპირის „ჰამლეტის“ ადაპტაციას წარმოადგენდა და პირველად 1865 წელს იყო შესრულებული, ხოლო 1871 წელს – აღდგენილი.[3] ამ მცდელობიდანაც არაფერი გამოვიდა. მისი ნათქვამი „თეატრისა და ხელოვნების გადარჩენა ახლა თქვენს ხელშია“, კომპოზიტორმა არასერიოზულად აღიქვა: „ნუ გეშინიათ, თეატრის კომპოზიტორების ნაკლებობა არასოდეს იქნება“. მიუხედავად ამისა, რიკორდი შეუპოვრად აგრძელებდა მცდელობას.[4]
1870-იანი წლები გადიოდა, ვერდის დათანხმება კი ვერ ხერხდებოდა. რიკორდიმ იცოდა, რომ კომპოზიტორს განსაკუთრებით მოსწონდა სოპრანო ადელინა პატი და მას სთხოვა, იგი ოპერის დაწერაზე დაეთანხმებინა, უარის მიღების შემდეგ კი დახმარების თხოვნით კომპოზიტორის მეუღლეს, ჯუზეპინა სტრეპონის მისწერა, რომელსაც ქმრისთვის ახალი ოპერის იდეა შესაფერის მომენტში უნდა მიეწოდებინა. ორივე მცდელობა მარცხით დასრულდა.[5] წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა კლარა მაფეისაც, რომლის 1878 წლის წერილს ამ თემაზე ვერდიმ შემდეგნაირად უპასუხა: „რა მიზეზით უნდა დავწერო? რას მივაღწევ ამით?“[6]
ამ მცდელობების პარალელურად, 1879 წლის მაისში რიკორდიმ ვერდის „სიმონ ბოკანეგრას“ რევიზიაზე მუშაობაც შესთავაზა. ეს იდეა, რომელიც ჯერ კიდევ ათი წლის წინ იყო შეთავაზებული და უარყოფილი, ვერდიმ ახლაც უკუაგდო და განაცხადა, რომ 1857 წლის ლიბრეტო, რომელიც რიკორდიმ გადახედვის მიზნით გაუგზავნა, მას ხელშეუხებლად დაუბრუნდებოდა.[7]
კომპოზიტორის დასარწმუნებლად შეთავაზებული კიდევ ერთი იდეა იყო ბოიტოსთან ერთად ახალ ოპერაზე მუშაობა, რომელიც შექსპირის „ოტელოს“ დაეფუძნებოდა. ვერდი შექსპირის დიდი თაყვანისმცემელი იყო და მთელი კარიერის განმავლობაში მის პიესებზე ოპერების შექმნა სურდა, თუმცა, ამის ერთადერთი მცდელობა – 1847 წელს შექმნილი „მაკბეტი“ თავდაპირველად წარმატებული იყო, მაგრამ პარიზული პრემიერისთვის შეცვლილი ვერსია, საბოლოოდ, ცუდად მიიღეს.[8] საკმაოდ სწორხაზოვანი სიუჟეტის გამო „ოტელო“ შესაფერის ვარიანტად იქნა მიჩნეული.
1857 წლის „სიმონ ბოკანეგრას“ რევიზიაზე მუშაობის პროცესში ვერდი ბოიტოს, როგორც ლიბრეტისტის შესაძლებლობებში კარგად დარწმუნდა. მუსიკოსი როჯერ პარკერი ვარაუდობს, რომ ვერდის თანხმობა „ბოკანეგრას“ რევიზიაზე ეფუძნებოდა სურვილს, გამოეცადა ბოიტოს შესაძლებლობები, ვიდრე მასთან ერთად მასშტაბურ პროექტზე მუშაობას დათანხმდებოდა.[9] ფრენკ უოკერი თითქმის იმავე მოსაზრებას გამოთქვამს და შენიშნავს, რომ „ბოკანეგრას“ განახლებული ვერსიის ზოგიერთი მომენტი, მათ შორის „საბჭოს დარბაზის დიდებული სცენა და ბოროტმოქმედი პაოლოს იაგოსებური რეჩიტატივები მომავალი ოპერის ხასიათის მომასწავებელია“.[10]
1879 წლის 30 ივნისს ვერდი მილანს ეწვია, სადაც, ლა სკალაში, თავისი რეკვიემის საქველმოქმედო პერფორმანსი იდირიჟორა. პუბლიკისგან უდიდესი აღფრთოვანება ჰხვდა წილად – მისი სასტუმროს ფანჯრებთან ლა სკალას ორკესტრმაც კი დაუკრა. უოკერი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი რიკორდის და ფაჩოს დადგმული იყო, რათა კომპოზიტორი მილანური პუბლიკის განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემაში დაერწმუნებინათ.[11]
საბოლოოდ, ვერდის მეგობრის, დირიჟორ ფრანკო ფაჩოს თანამონაწილეობით რიკორდიმ კომპოზიტორს ახალი ოპერის იდეა ფრთხილად შეაპარა. ვერდის მილანურ რეზიდენციაში ვახშმობის დროს რიკორდიმ და ფაჩომ ფრთხილად წაიყვანეს საუბარი შექსპირის „ოტელოსა“ და ლიბრეტისტ არიგო ბოიტოზე, რომელიც, რიკორდის თქმით, ამ პიესის დიდი მოყვარული იყო. რიკორდიმ, მოგვიანებით, ეს ამბავი ჯუზეპე ადამის, პუჩინის სამი ოპერის ლიბრეტოს ავტორს მოუთხრო:
კომპოზიტორის სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, გამოთქვა ვარაუდი, რომ ბოიტო ლიბრეტოზე მუშაობით დაინტერესდებოდა. რამდენიმე დღეში რიკორდიმ ვერდის თხოვნით მიმართა – მას სურდა, რომ სექტემბერში სანტ’აგატაში „მეგობართან ერთად“ მასთან სტუმრად ჩასულიყო. ვერდის რეაქცია გულთბილი არ ყოფილა: „მე არანაირად არ მსურს რაიმეს დაგპირდეთ... საუკეთესო იქნება... თუ ის დასრულებულ პოემას გამომიგზავნის.“[13]
ამასობაში, ავადმყოფობის მიუხედავად, ბოიტომ ლიბრეტოზე მუშაობა დაიწყო და ოქტომბერ/ნოემბერში იმ დროისათვის მომზადებული ნაწილის ასლი კომპოზიტორს გაუგზავნა. რიკორდიმ კვლავ ჯუზეპინას სთხოვა დახმარება და პასუხად მიიღო, რომ ვერდი მილანში ჩამოვიდოდა და ბოიტოს პირადად, ცალკე შეხვდებოდა. 7 ნოემბრის წერილში იგი რიკორდის ატყობინებს: „ჩვენში რომ დარჩეს, რაც ბოიტოს ამ დროისთვის აქვს დაწერილი, ძალიან კარგია და მასაც [ვერდისაც] მოსწონს.“[14]
ამ პერიოდში ოპერას არა „ოტელო“, არამედ „იაგო“ ეწოდებოდა ტრადიციის („თეატრის დაუწერელი კანონის“)[15] გამო, რომ ყოველ ახალ ოპერას რეპერტუარში უკვე არსებული ოპერისგან განსხვავებული სახელი უნდა ჰქონოდა (ამ შემთხვევაში საუბარი იყო როსინის „ოტელოს“ შესახებ).
ლიბრეტოს პირველ ესკიზებზე მუშაობის და მისი რევიზიის პროცესი წლები გაგრძელდა, ვერდი კი არაფრის პირობას იძლეოდა. როგორც უოკერი ამბობს, ოპერა დასრულდა „სამი საკმაოდ ხანმოკლე შეოქმედებითი აფეთქების დროს: პირველს, ძალიან ხანმოკლეს, ადგილი ჰქონდა გენუაში 1884 წლის მარტში (ლიბრეტოზე მუშაობის დაწყებიდან მთელი 5 წლის შემდეგ!), მეორე, მთავარი, იქვე, 1884 წლის დეკემბრიდან 1885 წლის აპრილამდე იყო, ხოლო მესამე – სანტ’აგატაში, 1885 წლის სექტემბრის დასაწყისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე“.[16]
1881 წლის აგვისტოს ბოლოსთვის, მე-3 მოქმედების ფინალის ტექსტი, რომელიც კომპოზიტორსა და ლიბრეტისტს შორის საკმაო დავის საგანი გამხდარიყო, ვერდის გაეგზავნა. მილანიდან პასუხად გაგზავნილ წერილში ვერდი საუბრობს თავის მოსაზრებებზე მთლიანი სტრუქტურის, გუნდის როლის და სხვა საკითხების ირგვლივ. უოკერი შენიშნავს, რომ მე-3 მოქმედების თაობაზე შემდგომ წერილებში საუბარი აღარაა და ვარაუდობს, რომ საკითხები აქ გადაწყდა.[17] 1882 და 1883 წლებში თითქმის არაფერი მომხდარა, თუმცა, 1883 წლის ზამთარში ვერდი და ბოიტო გენუაში, ვერდების ზამთრის სახლში შეხვდნენ. რიკორდი ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ვერდის საშობაოდ ნამცხვრებს უგზავნიდა, რომელზეც ზემოდან მავრის შოკოლადის ფიგურა იყო მოთავსებული.[18] შემოქმედებითი ჯგუფი ოპერის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდა. როგორც ჩანს, რიკორდის ზემოხსენებული ჟესტის გამო, რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ოპერას „შოკოლადს“ ეძახდნენ. მაგალითად, 1884 წლის წერილში ბოიტო წერდა, რომ „შოკოლადის წარმოება“ კარგად მიდიოდა.[19]
მომდევნო წლის დასაწყისში ვერდიმ კომპოზიცია განაახლა და 1884 წლის 20 მარტს ბოიტომ რიკორდის მისწერა, რომ ვერდის პირველი აქტის შესავალზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა და დიდი შემართებითაც მუშაობდა.[20] შემდეგ კი ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელმაც ვერდიც და ბოიტოც შეაწუხა და რომელმაც პროექტი თითქმის შეწყვეტის პირას მიიყვანა. ბოიტო ნეაპოლში, საკუთარი ოპერის – „მეფისტოფელის“ პრემიერის შემდეგ გამართულ ბანკეტს ესწრებოდა. მისი ინტერვიუ ერთ-ერთ ჟურნალისტთან, რომლის დროსაც იგი მაქსიმალურად ცდილობდა, ახალი ოპერის შესახებ ნაკლებად ესაუბრა, მოისმინა სხვა ჟურნალისტმა, რომელმაც შეცდომით დაასკვნა, რომ ბოიტო – თავადაც კომპოზიტორი – „ოტელოს“ ლიბრეტოზე ოპერის დაწერას თავად აპირებდა. როცა ვერდიმ ეს ამბავი გაზეთში წაიკითხა, შეძრწუნებულმა გაუგზავნა წერილი ფაჩოს (ბოიტოსთან პირდაპირ კონფრონტაციას მოერიდა) და სთხოვა, გადაეცა ლიბრეტისტისთვის: „მე მას ხელნაწერს ხელუხლებელს, ყოველვარი გაბრაზებისა და წყენის გარეშე დავუბრუნებ.“[21]
საგაზეთო სტატიის ნახვისთანავე შეშფოთებულმა ბოიტომ ვერდის მისწერა:
ვერდიმ დაუყოვნებლივ მისწერა პასუხი, რომელიც საკმაოდ პირდაპირი იყო. გარდა იმისა, რომ უკმაყოფილებას გამოთქვამდა თავისი ასაკის, ნამსახურეობის წლების და სხვა საკითხების გამო, იგი წერდა: „დასკვნა ისაა, რომ ამ ყველაფერმა „ოტელოს“ სიცივე მოჰფინა და გააშეშა ხელი, რომელსაც უკვე მოხაზული ჰქონდა რამდენიმე ტაქტი!“[23] ამის სრულიად საწინააღმდეგოდ, ბოიტომ გადაწყვიტა, უბრალოდ მუშაობა გაეგრძელებინა. მან თითქმის დაუყოვნებლივ შესთავაზა ვერდის „ერთგვარი ბოროტი მრწამსი“: „იგი ჩემი სიამოვნებისთვის და პირადი კმაყოფილებისთვის გავაკეთე... რადგან ამის საჭიროებას ვგრძნობდი.“[24] 3 მაისს ვერდიმ პასუხი დაუბრუნა: „ეს „კრედო“ უმშვენიერესია; მეტად მძლავრი და სრულიად შექსპირული... [...] კარგი იქნებოდა, თუ ცოტა ხნით ამ „ოტელოს“ თავს დავანებებდით... [შემდეგ ბოიტოს სანტ’აგატაში ეპატიჟება] შევძლებთ, მასზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და შემდეგ, აუცილებელი სიმშვიდით შევუდგეთ მუშაობას.“[25] ბოიტო მართლაც ეწვია მას სექტემბერში, სამი დღით.
„თითქოს შეუძლებლად ჟღერს, მაგრამ, ამავე დროს, ჭეშმარიტებაა! მე ვმუშაობ, ვწერ!!... მიზნის, წუხილის, ფიქრის გარეშე იმაზე, თუ რა მოხდება შემდეგ...“[26] ამას სწერდა ვერდი ბოიტოს და თან სთხოვდა, მეორე მოქმედებაში რამდენიმე ხაზი ჩაემატებინა, რაზეც ლიბრეტისტმა დაუყოვნებლივ უპასუხა: „ბედისწერას ვერავინ გაექცევა, ხოლო შექპირის ეს ტრაგედია თქვენთვისაა განსაზღვრული.“[27]
ვერდის შემოქმედებითი ენერგიის მეორე მოზღვავება 1885 წლის პრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, რასაც ჩვეული საზაფხულო შესვენება მოჰყვა ყოველგვარი მუშაობის გარეშე. იმავე წლის 10 სექტემბრით დათარიღებულ წერილში, რომლითაც მომდევნო კვირას ბოიტოს სანტ’აგატაში ეპატიჟება, ვერდი აღიარებს: „რაც აქ ვარ [აპრილის ბოლოდან] (ვწითლდები, ამას რომ ვამბობ) არაფერი გამიკეთებია!“[28] ამ პერიოდში შეიქმნა მეოთხე მოქმედება. უოკერი ვარაუდობს, რომ ბოიტოს ვიზიტს და მასთან საუბარს კომპოზიტორზე გავლენა უნდა მოეხდინა, რადგან 5 ოქტომბერს ვერდიმ განაცხადა: „მეოთხე აქტი დავამთავრე და კვლავ ამოვისუნთქე!“[29]
შემდეგი ერთი წელი, 1886 წლის იანვრიდან მოყოლებული, გაორკესტრებამ წაიღო, რა დროსაც, კომპოზიტორის მოთხოვნით, კვლავ საჭირო გახდა ლიბრეტოს მცირედი შესწორებები და ჩამატებები. ამ დროს გდაწყდა, რომ ოპერას არა „იაგო“, არამედ „ოტელო“ დარქმეოდა. ვერდის წერილში ბოიტოს მიმართ ნათქვამია: „ფარისევლობად მომეჩვენებოდა, მისთვის „ოტელო“ რომ არ დაგვერქმია.“[30] იმავე წლის მარტში ემანუელე მუციო (ვერდის დიდი ხნის ასისტენტი) რიკორდის ატყობინებდა, რომ პირველი მოქმედების სასიყვარულო დუეტი დამთავრებული და შესრულებული იყო.
მაისში ვერდიმ მიაგნო „მთელს საოპერო მუსიკაში ყველაზე ცნობილი შესავლის ზუსტ ფორმას“[31] – ოტელოს Esultate („გიხაროდენ“). ბოიტომ შესაბამისად შეცვალა თავისი ტექსტიც. დამატებითი შესწორებების დასრულების შემდეგ, 9 სექტემბერს, ვერდიმ რიკორდის მისწერა: „ხვალ Casa Ricordi-ში გავაგზავნი დასრულებულ პირველ აქტს და მესამე აქტის vi სცენას. უკვე გაგზავნილი მეოთხე აქტის ჩათვლით, შეიძლება ითქვას, რომ „მავრის“ სამი მეხუთედი მზადაა.“[32]
1886 წლის 1 ნოემბერს კი კომპოზიტორი წერდა: „ძვირფასო ბოიტო, დასრულდა! დიდება ჩვენ! (და „მას“!!). მშვიდობით. ჯ. ვერდი.“[33] ამ დროს მცირეოდენი შესწორებებიღა იყო დარჩენილი და ბოიტოს დამატებით ორიოდე სტრიქონის დაწერა მოუხდა. 18 ნოემბერს ვერდიმ მისწერა: „ახლახან მივაწოდე რიკორდის „ოტელოს“ ბოლო აქტები! საწყალი ოტელო!.. ის აქ აღარასოდეს დაბრუნდება!!!“[34] ლიბრეტისტმა უპასუხა: „მავრი პალაცო დორიას [ვერდის საცხოვრებელი გენუაში] კარზე აღარასოდეს მოაკაკუნებს, მაგრამ თქვენ წახვალთ და მას ლა სკალაში შეხვდებით. „ოტელო“ არსებობს. დიდებული ოცნება რეალობად იქცა“.[35]
1985 წელს ჯულიან მიჩელმა დაწერა მიუზიკლი „აიდას შემდეგ“ (After Aida), რომელიც დრამატიზებულად მოგვითხრობს „ოტელოს“ შექმნასთან დაკავშირებულ ისტორიას.[36]
როგორც კი იტალიურმა პუბლიკამ შეიტყო, რომ თითქოსდა პენსიაში გასული ვერდი ახალ ოპერას წერდა, მის შესახებ მითქმა-მოთქმაც გაჩნდა. ამავე დროს, ბევრი გამოჩენილი დირიჟორი, მომღერალი და საოპერო თეატრი მის პრემიერაში მონაწილეობის მისაღებად იბრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ დირიჟორი ფაჩო და მილანის ლა სკალას თეატრი უკვე შერჩეული იყო. არჩეული იყო მამაკაცების მთავარი პარტიების შემსრულებლებიც: ოტელოს პარტია იტალიის წამყვან დრამატულ ტენორს, ფრანჩესკო ტამანიოს უნდა ემღერა, ხოლო იაგოს როლს ცნობილი ფრანგი ბარიტონი, ვიქტორ მორელი შეასრულებდა. დეზდემონას სოპრანოს პარტია კარგად ცნობილ მომღერალს, რომილდა პანტალეონის ანდეს.
ოპერის დასრულების შემდეგ პრემიერისთვის მზადება საიდუმლოების სრული დაცვით დაიწყო. ვერდი პრემიერის ჩაშლის უფლებას ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა. იგი დიდად არ იყო აღფრთოვანებული ტამანიოს სიმღერით ლირიკულ პასაჟებში, თუმცა, დრამატულ მომენტებში მომღერლის ვოკალური ძალა და ჟღერადობა არავითარ ეჭვს არ იწვევდა.
ვერდის შეშფოთება უსაფუძვლო აღმოჩნდა: „ოტელოს“ უდიდესი წარმატება ხვდა წილად. კომპოზიტორი სცენაზე 20-ჯერ გამოიყვანეს. მალევე დაინიშნა სპექტკლები ევროპისა და ამერიკის წამყვან თეატრებში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში „ოტელო“ პირველად 1888 წლის 16 აპრილს, ნიუ-იორკის მუსიკის აკადემიის სცენაზე იხილეს, ხოლო 1889 წლის 5 ივლისს პრემიერა ლონდონში შედგა. 1894 წლის 12 ოქტომბრის პარიზული პრემიერისთვის ვერდიმ „პატარა ბალეტი დაწერა, რომელიც მე-3 აქტის ბოლოს, ვენეციელი ელჩების დახვედრის ცერემონიის ნაწილი იყო“.[37] პირველი პარიზული ჩვენების რეჟისორი ლაპისიდა იყო, კოსტიუმების დიზაინი შარლ ბიანკინის, ხოლო სცენის დიზაინი მარსელ ჟამბონს (I აქტი), ამაბლ და ეჟენ გარდის (II აქტი), ეჟენ კარპეზას (III აქტი), ოგიუსტ ალფრედ რუბეს და ფილიპ შაპერონს (IV აქტი) ეკუთვნოდათ.
პრემიერაზე ვენაში მთავარ როლს ჰერმან ვინკელმანი ასრულებდა, რომელსაც 1882 წელს, ბაოროითში, ვაგნერის „პარსიფალის“ პრემიერა ჰქონდა ნამღერი.
დღესდღეობით „ოტელო“ მთელს მსოფლიოში სრულდება და საოპერო რეპერტუარის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.[38]
ოპერის სამივე მთავარი როლი (ოტელო, დეზდემონა და იაგო) ვერდის ურთულეს პარტიებს წარმოადგენს, როგორც ვოკალური, ისე დრამატული თვალსაზრისით. ისინი უკანასკნელი 130 წლის განმავლობაში ბევრი ცნობილი საოპერო მომღერლის რეპერტუარის ნაწილი გახდა. წარსულის ცნობილი ოტელოები იყვნენ: ტამანიო (რომელმაც პრემიერაზე იმღერა), ასევე ჯოვანი ბატისტა დე ნეგრი, ალბერტ ალვარესი, ფრანსესკ ვინიასი, ჯუზეპე ბორგატი, ანტონიო პაოლი, ჯოვანი ძანატელო, რენატო ძანელი, ჯოვანი მარტინელი, აურელიანო პერტილე, ფრანჩესკო მერლი, ჯაკომო ლაური-ვოლპი, ფრენკ მულინგსი, ლეო სლეზაკი, ჟოზე ლუჩონი, რამონ ვინაი, მარიო დელ მონაკო, ჯეიმზ მაკკრაკენი, ჯონ ვიკერსი, დეივიდ რენდალი, ჯეფრი ლოტონი და კარლო კოსუტა. მეორე მსოფლიო ომამდელი ვაგნერის ტენორები, მაგალითად, ჟაკ ურლუსი, ჰაინრიხ კნოტე, ალექსანდერ კირხნერი, ლაურიც მელქიორი და ფრანც ფოლკერი პარტიას გერმანულად მღეროდნენ ხოლმე. რუსი ჰელდენტენორი ივან იერშოვი მეორე მსოფლიო ომამდე სამშობლოში ცნობილი ოტელო იყო, ამავე როლით მოიპოვა ცნობადობა მისმა თანამემამულემ, არნოლდ აზრიკანმაც (ამ პარტიის შესრულებისთვის 1946 წელს სტალინის პრემიაც მიიღო).
ოტელოს პარტიას სწავლობდა ენრიკო კარუზო, როცა 1921 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც ჩაშალა მეტროპოლიტენის ოპერის გეგმები ამ ოპერის ახალი დადგმის შესახებ.
ამჟამად, ოპერის ყველაზე მეტ ვიდეო-პროდუქციაში პლასიდო დომინგოს აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე, რამდენჯერმე აქვს ოპერა ჩაწერილი და მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ სასცენო დადგმაში ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. თავის წიგნში „ჩემი პირველი ორმოცი წელი“ დომინგო წერს განსხვავებულ მიდგომებზე, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში არსებობდა ამ როლის მიმართ:
პასუხად შეკითხვისა იმ პარტიების თაობაზე, რომლებიც, თვითგამოცხადებულ ექსპერტებს რომ ვკითხოთ, თურმე, არ უნდა ვიმღეროთ, პატარა ამბავს მოვყვები. როცა ოტელოს შესრულება გადავწყვიტე, ბევრმა მითხრა, რომ გავგიჟდი. „მარიო დელ მონაკოს ჰქონდა ამ როლის შესაფერისი ხმა“, ამბობდნენ ისინი, ჩემი ხმა კი მისას არაფრით ჰგავდა. ოცი წლით ადრე, დელ მონაკოს აფრთხილებდნენ, არ ემღერა ოტელო, რადგან მისი ხმა არ ჰგავდა რამონ ვინაის ხმას, რომელიც მაშინ ამ როლს მთელს მსოფლიოში მღეროდა. ვინაისაც, თავის მხრივ, მოსმენილი ჰქონდა, რომ ოტელო მხოლოდ ჯოვანი მარტინელის მსგავსი გამჭოლი ხმის მქონე ტენორს უნდა ემღერა. რამდენიმე წლით ადრე, მარტინელისთვის ბრწყინვალე მაგალითის სახით მოჰყავდათ ანტონინ ტრანტული, რომელიც ამ პარტიას ოციან წლებში ლა სკალაში მღეროდა ხოლმე, თუმცა, იმავე ლა სკალაში, სადაც პირველი ოტელო – ფრანჩესკო ტამანიო ახსოვდათ, ტრანტული საერთოდ არ აკმაყოფილებდათ. და ამ დროს, არსებობს ვერდის წერილი თავისი გამომცემლის მიმართ, რომელშიც კომპოზიტორი საკმაოდ გარკვევით ამბობს, რომ ტამანიოსაც არაერთი ნაკლი ჰქონდა.[39]
1887 წლის შემდეგ იაგოს პარტიას განთქმული ბარიტონების არაერთი თაობა მღეროდა, მათ შორის ვიქტორ მორელი (პირველი იაგო), მატია ბატისტინი, მარიო ანკონა, ანტონიო სკოტი, ტიტა რუფო, პასკუალე ამატო, კარლო გალეფი და ლორენს ტიბეტი. წამყვანი ომისშემდგომი შემსრულებლებიდან აღსანიშნავია ჯუზეპე ვალდენგო, ლეონარდ უორენი, რობერტ მერილი, ტიტო გობი, შერილ მილნსი და ჯეიმზ მორისი. დეზდემონას როლის გამორჩეული შემსრულებლები იყვნენ რენატა ტებალდი (1954), ლეონი რიზანეკი (1960), გვინეთ ჯოუნსი (1968), მირელა ფრენი (1974), კრი ტე კანავა (1974), მარგარეტ პრაისი (1977), რენატა სკოტო (1978), კატია რიჩარელი (1985), შერილ სტუდერი (1993), რენე ფლემინგი (1996) და სონია იონჩევა (2015).
„ოტელოსთვის“ განსაზღვრულია შემდეგი ინსტრუმენტები:
ორკესტრში:
სცენაზე:
პარტია | ხმა | საპრემიერო შემადგენლობა, 5 თებერვალი, 1887[40] (დირიჟორი ფრანკო ფაჩო)[40] |
---|---|---|
ოტელო, მავრი გენერალი | ტენორი | ფრანჩესკო ტამანიო |
დეზდემონა, მისი ცოლი | სოპრანო | რომილდა პანტალეონი |
იაგო, ოტელოს მედროშე | ბარიტონი | ვიქტორ მორელი |
ემილია, იაგოს ცოლი და დეზდემონას მხევალი | მეცო-სოპრანო | გინევრა პეტროვიჩი |
კასიო, ოტელოს კაპიტანი | ტენორი | ჯოვანი პაროლი |
როდრიგო, ვენეციელი დიდებული | ტენორი | ვინჩენცო ფორნარი |
ლოდოვიკო, ვენეციის რესპუბლიკის ელჩი | ბანი | ფრანჩესკო ნავარინი |
მონტანო, კვიპროსის ყოფილი გუბერნატორი | ბანი | ნაპოლეონე ლიმონტა |
მაცნე | ბანი | ანჯელო ლაგომარსინო |
გუნდი: ვენეციელი ჯარისკაცები და მეზღვაურები; კვიპროსელი მოქალაქეები და ბავშვები |
დრო: XVI საუკუნის ბოლო
ადგილი: სანაპირო ქალაქი კვიპროსზე
ქალაქი კვიპროსზე, სასახლის გარეთ. ფუნდუკი პერგოლათი, უკანა ფონზე გემმისადგომი. საღამოა, ელჭექი და ქარიშხალი.
ქარიშხლიანი ღამეა. კვიპროსის მოსახლეობა მღელვარედ ელის ახალი მმართველის, ოტელოს მოსვლას თურქებთან საზღვაო ბრძოლის შემდეგ (გუნდი, მონტანო, კასიო, იაგო, რიდრიგო: Una vela! / „იალქანი!“). წუთით ჩანს, თითქოს ოტელოს გემი იძირება, რაც მის მოღალატე მედროშეს, იაგოს, ძლიერ ახარებს, თუმცა ოტელო უსაფრთხოდ ბრუნდება ნაპირზე და აცხადებს, რომ თურქების ფლოტი განადგურებულია. კვიპროსელები ზეიმობენ (ოტელო, გუნდი: Esultate! L'orgoglio musulmano sepolto è in mar / „გიხაროდენ! მუსლიმთა სიამაყე ზღვაში დაიმარხა“).
იაგო ჰპირდება ახალგაზრდა ვენეციელ ჯენტლმენს, როდრიგოს, რომ ოტელოს ცოლის, დეზდემონას შეცდენაში დაეხმარება – იაგოს შურს მავრის წარმატებისა და მისი განადგურება სურს (იაგო, როდრიგო: Roderigo, ebben che pensi? / „აბა, როდრიგო, რაზე ფიქრობ?“). სხვა უკმაყოფილებებთან ერთად, იაგო აღშფოთებულია იმით, რომ ოტელომ ფლოტის კაპიტნად კასიო დანიშნა, ეს თანამდებობა კი თავად სურდა. კვიპროსელები ოტელოს და მისი ხალხის უსაფრთხოდ დაბრუნებას კოცონის გაჩაღებით და სასმელით აღნიშნავენ (გუნდი: Fuoco di gioia! / „სიხარულის ცეცხლი!“).
იაგო ოტელოს და მისი მეუღლის სადღეგრძელოს წარმოთქვამს, კასიო კი დეზდემონას აქებს (იაგო, კასიო, გუნდი, როდრიგო: Roderigo, beviam! / „როდრიგო, დავლიოთ!“). კასიოს, რომელმაც უკვე საკმარისად დალია, იაგო კვლავ ღვინოს აძალებს და დეზდემონას და ოტელოს სადღეგრძელოს სთავაზობს. კასიო ნებდება (იაგო, კასიო, როდრიგო, გუნდი: Inaffia l'ugola! / „ყელი გაისველე!“).
მონტანო შემოდის და კასიოს უხმობს, რათა თავისი ცვლა დაიწყოს; მისდა გასაოცრად, კასიო მთვრალია და ფეხზე ძლივს დგას. იაგო ატყუებს მონტანოს, რომ კასიო ყოველ ღამით ამ მდგომარეობაშია. როდრიგო დასცინის სიმთვრალის გამო, კასიო კი ხმალს იშიშვლებს და მონტანოს თავის გაპობით ემუქრება (მონტანო, კასიო, იაგო, როდრიგო, გუნდი: Capitano, v'attende la fazione ai baluardi / „კაპიტანო, ყარაული ქონგურებთან გელოდებათ“). კასიო და მონტანო დუელს იწყებენ, იაგო კი როდრიგოს განგაშის ასატეხად გზავნის. მონტანო დაიჭრება, ხოლო ბრძოლას ოტელოს გამოჩენა წყვეტს.
ოტელო მონტანოს და კასიოს ხმლების დაშვებას უბრძანებს. შემდეგ „გულწრფელ იაგოს“ სთხოვს, აუხსნას, თუ როგორ დიწყო დუელი, თუმცა ის პასუხობს, რომ არ იცის. ოტელო კასიოს მიუბრუნდება, რომელიც შერცხვენილია და თავისი საქციელის ახსნას ვერ ახერხებს. მონტანოს ჭრილობის აღმოჩენა ოტელოს გააფთრებას იწვევს. შემოდის დეზდემონა. იმით განრისხებული, რომ მისი მეწყვილის მშვიდი ძილი დაირღვა, ოტელო კასიოს კაპიტნობას ჩამოართმევს (ოტელო, იაგო, კასიო, მონტანო: Abbasso le spade / „დაუშვით ხმლები“). შემდეგ, ოტელოს ავალებს, ქალაქში სიმშვიდე დაამყაროს, მონტანოსთვის დახმარების მოყვანას ბრძანებს და ყველას მიუთითებს, რომ სახლებში დაბრუნდნენ.
კვიპროსელები ოტელოს და დეზდემონას მარტო ტოვებენ. ისინი ერთად იხსენებენ, როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი. ექსტაზში მყოფი ოტელო სიკვდილისთვისაც კი მზადაა, რადგან მსგავს ბედნიერებას აღარასოდეს მოელის. დეზდემონა ლოცულობს, რათა მათი სიყვარული უცვლელი დარჩეს (ოტელო, დეზდემონა: Già nella notte densa s'estingue ogni clamor / „ახლა, ღამის სიბნელეში, ყველა ხმაური შეწყვეტილია“).
დარბაზი სასახლის პირველ სართულზე, რომელსაც ბაღისგან მინის კედელი ჰყოფს.
იაგო ურჩევს კასიოს, თავისი დაქვეითების თაობაზე დეზდემონას დაელაპარაკოს, რომელსაც შეუძლია, ქმარზე გავლენა მოახდინოს მისი თანამდებობაზე დაბრუნების მიზნით (იაგო, კასიო: Non ti crucciar / „ნუ შიშობ“). მოჩანს ბაღში მოსეირნე დეზდემონა და ემილია. კასიო დეზდემონას უახლოვდება. იაგო ოთახიდან უყურებს და თავის ნიჰილიზმსა და ადამიანთა მოდგმის სიძულვილს განაცხადებს (Credo in un Dio crudel / „მწამს ულმობელი ღმერთის“).
ოთახში ოტელო შემოდის. იაგო თავს ისე აჩვენებს, თითქოს ვერ შენიშნა და ამბობს, რომ ღრმად დამწუხრებულია. კასიო შორიდანვე შენიშნავს ოტელოს და ჩუმად შორდება იქაურობას. ოტელოს კითხვებზე, თუ რა ხდება მის თავს, იაგო მხოლოდ ბუნდოვნად პასუხობს, ბოლოს კი მიანიშნებს, რომ კასიოს და დეზდემონას რომანი აქვთ. ოტელოს ეჭვები იპყრობს, თუმცა აცხადებს, რომ დეზდემონას ღალატის დასაჯერებლად საბუთი სჭირდება (იაგო, ოტელო: Ciò m'accora... Che parli? / „ეს მაწუხებს... რა თქვი?“). იაგო ოტელოს ეჭვიანობას არ ურჩევს, თუმცა, აგრეთვე აფრთხილებს, რომ ფხიზლად იყოს.
ბავშვების, მეზღვაურებისა და მოქალაქეების გუნდი დეზდემონას უმღერის; ისინი აქებენ მის სილამაზესა და სიწმინდეს (გუნდი, იაგო, ბავშვები, დეზდემონა, ოტელო: Dove guardi splendono raggi / „საითაც გაიხედავ, სინათლე ბრწყინავს“), წასვლისას საჩუქრებს გადასცემენ და ბედნიერებას უსურვებენ.
კასიოს თხოვნას აღდგენის შესახებ დეზდემონა ოტელოს გადასცემს. ოტელო უხასიათოდ პასუხობს, რომ სხვა დროს მიმართოს; დეზდემონა თხოვნას აგრძელებს, ოტელო კი მოთმინებას კარგავს და ამბობს, რომ თავი სტკივა. დეზდემონა სთავაზობს, რომ თავს მისივე ნაჩუქარი ხელსახოცით შეუკრავს, რომელზეც მარწყვებია ამოქარგული. ოტელო ხელსახოცს მიწაზე აგდებს და ამბობს, რომ არ სჭირდება (დეზდემონა, ოტელო: D'un uom che geme sotto il tuo disdegno la preghiera ti porto / „თხოვნა მოგიტანეთ იმისგან, ვინც თქვენი უკმაყოფილების გამო იტანჯება“). ხელსახოცს ემილია იღებს. დეზდემონა ოტელოსგან პატიებას ითხოვს. გვერდით, იაგო ემილიასგან ხელსახოცს მოითხოვს და უარის შემდეგ, ძალით წაართმევს.
ოტელო ყველას დაითხოვს და ამბობს, რომ ახლა სჯერა დეზდემონას ორგულობისა (ოტელო: Ora e per sempre addio sante memorie / „ამიერიდან სამუდამოდ გემშვიდობებით, წმინდა მოგონებებო“). იაგო ბრუნდება და ეჭვებით შეპყრობილი ოტელო მისგან დეზდემონას ღალატის მტკიცებულებას ითხოვს. იაგო პასუხობს, რომ ერთხელ, როცა მას და კასიოს ერთ ოთახში ეძინათ, გაიგონა, თუ როგორ საუბრობდა კასიო ძილში დეზდემონაზე. სიზმარში, ამბობს იაგო, კასიო ამბობდა, რომ ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ და დამალონ თავიანთი სიყვარული (იაგო: Era la notte, Cassio dormia / „ღამე იყო, კასიოს ეძინა“.) იგი ამბობს, რომ სიზმრები არაფერს ამტკიცებს, მაგრამ შენიშნავს, რომ წინა დღით კასიო დეზდემონას მარწყვებით მოქარგული ხელსახოცით დაინახა. ოტელო დეზდემონაზე და კასიოზე შურისძიების ფიცს დებს; ფიცს იაგოც უერთდება (ოტელო, იაგო: Sì, pel ciel marmoreo giuro / „დიახ, ვფიცავ მარმარილოს ზეცას“).
სასახლის დიდი დარბაზი. მარჯვნივ კოლონადაა, რომელიც პატარა, აივნიანი დარბაზისკენ მიდის. ოტელო და იაგო დარბაზში საუბრობენ, როცა მაცნე შემოდის.
მაცნეს შემოაქვს ცნობა ვენეციელი ელჩების მოახლოების შესახებ. იაგო უხსნის, რომ კასიოს დარბაზში შემოიტყუებს და დაელაპარაკება, ხოლო ოტელოს შეუძლია, ფარულად მოუსმინოს. იგი კასიოს მოსაყვანად მიდის (იაგო: Qui trarrò Cassio / „აგერ, მოვიყვან კასიოს“).
დეზდემონა შემოდის და ოტელოს კასიოს თხოვნის შესახებ შეახსენებს. ოტელო ეუბნება, რომ თავის ტკივილი დაუბრუნდა და სთხოვს, თავი ხელსახოცით შეუხვიოს. როცა დეზდემონა სხვა ხელსახოცს ამოიღებს, ოტელო მარწყვებით მოქარგულ ხელსახოცს მოითხოვს. ქალს იგი არ აქვს, რაზეც ოტელო ეუბნება, რომ ის ხელსახოცი თილისმა იყო და თუ დაკარგავს, უსიამოვნება მოელის. დეზდემონა ამბობს, რომ ოტელო კასიოს თხოვნის უგულვებელყოფას ცდილობს; რაც უფრო დაჟინებით ეკითხება ქალი კასიოს შესახებ, მით უფრო დაჟინებით მოითხოვს ოტელო ხელსახოცს (დეზდემონა, ოტელო: Dio ti giocondi, o sposo / „ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს, მეუღლევ.) დეზდემონა ამტკიცებს, რომ ერთგულია, ოტელო კი თავიდან იშორებს (დეზდემონა, ოტელო: Esterrefatta fisso lo sguardo tuo tremendo / „შენს მრისხანე სახეს შეძრწუნებით ვუცქერ“).
ოტელო თავის ბედს დასტირის (ოტელო: Dio! mi potevi scagliar tutti i mali / „ღმერთო, შეგეძლო ყოველვარი ბოროტება მოგევლინა ჩემთვის“). იგოს დაძახილზე „კასიო აქ არის!“ ოტელო იმალება; შემოდიან კასიო და იაგო. კასიო ამბობს, რომ აქ დეზდემონასთან შეხვედრის იმედი ჰქონდა, რათა ეკითხა, მიაღწია თუ არა წარმატებას ოტელოსთან (იაგო, კასიო, ოტელო: Vieni; l'aula è deserta / „შემოდი, დარბაზი ცარიელია“). იაგო სთხოვს, უამბობს თავგადასავლებზე „იმ ქალთან“. კასიო ეკითხება, თუ რომელ ქალს გულისხმობს, რაზეც იაგო ჩუმად, ისე, რომ ოტელომ ვერ გაიგონოს, პასუხობს: „ბიანკა“ (კასიოს ნამდვილი საყვარლის სახელი). კასიო სიცილით მოუთხრობს თავისი რომანტიკული თავგადასავლების შესახებ, ამ დიალოგიდან კი, ოტელო ასკვნის, რომ იგი დეზდემონაზე საუბრობს. საუბარში, რომელიც ოტელოს მხოლოდ ნაწილობრივ ესმის, კასიო ახსენებს, რომ სხვა ქალმა, საიდუმლო თაყვანისმცემელმა, სახსოვრად ხელსახოცი დაუტოვა, ხოლო დაჟინებული თხოვნის შემდეგ მას იაგოსაც უჩვენებს. იაგო უეცრად წაართმევს (იგი დეზდემონას ხელსახოცია) და ისე დაიჭერს, რომ ოტელომ კარგად დაინახოს. შემდეგ უკან უბრუნებს და ეხუმრება, დამალული ოტელო კი მარტო მძვინვარებს (იაგო, კასიო, ოტელო: Questa è una ragna dove il tuo cuor casca / „ეს ობობას ქსელია, რომელშიც შენი გულია გახვეული“).
საყვირების ხმა ვენეციელი ელჩის, ლოდოვიკოს მოსვლას ამცნობთ. იაგო აფრთხილებს კასიოს, რომ თუ ოტელოსთან შეხვედრა არ უნდა, იქაურობას უნდა გაეცალოს. კასიო გადის. ოტელო ეკითხება იაგოს, თუ როგორ მოკლას თავისი ცოლი. იაგო მის საწოლში დახრჩობას ურჩევს, თავად კი ჰპირდება, რომ კასიოს მიხედავს. ოტელო მას კაპიტნად აწინაურებს.
შემოდიან ლოდოვიკო, დეზდემონა, ემილია, როდრიგო და სხვა დიდებულები. როცა ლოდოვიკო კასიოს არყოფნას შენიშნავს, იაგო აცნობებს, რომ კასიოს აღარ სწყალობენ. საუბარში დეზდემონა ერთვება, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ კასიოს მალე აღადგენენ. ოტელო მას დემონს უწოდებს და დასარტყმელად იწევს, თუმცა ლოდოვიკო აკავებს. ოტელო კასიოს მოყვანას ბრძანებს (ლოდოვიკო, ოტელო, დეზდემონა, ემილია, იაგო, გუნდი: Il Doge ed il Senato salutano l'eroe trionfatore / „დოჟი და სენატი გამარჯვებულ გმირს მიესალმება“). კასიო შემოდის და ოტელო კითხულობს (თან დეზდემონას შეურაცხყოფას აყენებს) ვენეციის დოჟის წერილს, რომლის თანახმადაც მას უკან, ვენეციაში იძახებენ, ხოლო კვიპროსის მმართველის პოსტზე კასიომ უნდა შეცვალოს. გაცოფებული ოტელო დეზდემონას იატაკზე აგდებს (ოტელო, როდრიგო, იაგო, კასიო, ლოდოვიკო: Messeri! il Doge mi richiama a Venezia / „ბატონებო! დოჟი ვენეციაში მიხმობს“).
ძირს დაცემული დეზდემონა ტირის (A terra! … sì … nel livido fango / „დაცემული! ბინძურ ტალახში...“). ემილია და ლოდოვიკო დეზდემონას უთანაგრძნობენ, კასიოს თავისი ბედის უეცარი შემობრუნება უკვირს, როდრიგო კი წუხს, რადგან დეზდემონა მალე წავა. გვერდითა სცენაში იაგო დაჟინებით ურჩევს ოტელოს, რაც შეიძლება მალე განახორციელოს თავისი შურისძიება, ამ დროს კი თავად კასიოს საკითხზე იზრუნებს. იგი აფრთხილებს როდრიგოს, რომ დეზდემონას წასვლის თავიდან აცილება მხოლოდ ახალი მმართველის, კასიოს სიკვდილით იქნება შესაძლებელი და სთავაზობს, კასიო იმ ღამითვე მოკლას (ემილია, კასიო, დეზდემონა, როდრიგო, ლოდოვიკო, იაგო, ოტელო, გუნდი: Quell'innocente un fremito d'odio non ha nè un gesto / „ამ უდანაშუალო არსებას არ აქვს სიძულვილის გრძნობა ან ნიშანი“). გამძვინვარებული ოტელო ყველას გასვლას უბრძანებს. დეზდემონა მის დასამშვიდებლად მიდის, მაგრამ ლოდოვიკო გამოარიდებს. სხვები გადიან, ოტელო კი ხელსახოცის შესახებ ბოდვას ეძლევა და საბოლოოდ, გული მისდის. იაგო შუბლზე ქუსლს დააჭერს და თავადაც გადის. გარეთ ხალხი ოტელოს გამარჯვებას და დიდებას უმღერის (ოტელო, დეზდემონა, ემილია, კასიო, როდრიგო, ლოდოვიკო, იაგო, გუნდი: Fuggite! / „გაეთრიეთ!“).
დეზდემონას საძინებელი. საწოლი, სალოცავი კუთხე, სარკე, რამდენიმე სკამი. მადონას სურათის ქვეშ სანთელი ანთია. მარჯვნივ კარია. მაგიდაზე სანათია. ღამეა.
დეზდემონა, ემილიას დახმარებით, დასაძინებლად ემზადება. იგი სთხოვს ემილიას, გამოიტანოს მისი საქორწილო პერანგი და ამბობს, რომ თუ მოკვდება, სურს, რომ მასში დაიმარხოს. ემილია სთხოვს, ნუ საუბრობს ასეთ რამეებზე. დეზდემონა იხსენებს, თუ როგორ მიატოვა დედამისის მსახური ბარბარა თავისმა საყვარელმა და როგორ მღეროდა ის ტირიფის სიმღერას დარდის გასაქარვებლად (დეზდემონა: Piangea cantando nell'erma landa / „იგი სიმღერით ქვითინებდა მიტოვებულ კერაზე“). ემილია გადის; დეზდემონა ლოცულობს (Ave Maria) და იძინებს.
ჩუმად შემოდის ოტელო, ხმლით ხელში. იგი სამჯერ ეამბორება ცოლს; დეზდემონა იღვიძებს. ოტელო ეკითხება, ილოცა თუ არა ძილის წინ – იგი უნდა მოკვდეს და ქმარს არ სურს, მისი სული დაიღუპოს. დეზდემონა ღმერთს წყალობას შესთხოვს, თავისთვის და თავისი ქმრისთვის. ოტელო ბრალს სდებს, ამბობს, რომ მას კასიო უყვარს და ამიტომ, უნდა მოკვდეს. დეზდემონა უარყოფს ბრალდებას და სთხოვს, კასიო მოიყვანოს, რომელიც მის უდანაშაულობას დაადასტურებს. ოტელო პასუხობს, რომ კასიო უკვე მკვდარია. დეზდემონა, შეძრწუნებული, შეწყალებას ითხოვს, მაგრამ ოტელო ეუბნება, რომ უკვე ძალიან გვიანია და ახრჩობს მას (ოტელო, დეზდემონა: Diceste questa sera le vostre preci / „ილოცეთ ძილის წინ?“).
კარზე ემილია აკაკუნებს და შემოსვლისას აცნობებს, რომ კასიომ როდრიგო მოკლა (ემილია: Aprite! Aprite! / „გააღეთ! გააღეთ!“). დეზდემონა ჩუმად ამბობს, რომ იგი უდანაშაულოდ დაისაჯა, თუმცა, ოტელოს არ ადანაშაულებს. იგი კვდება. ემილია ოტელოს მკვლელს უწოდებს; იგი პასუხობს, რომ დეზდემონას ორგულობის საბუთი იაგომ მიუტანა. იგი ემუქრება ემილიას, რომელიც დახმარებას მოუხმობს. შემოდიან იაგო, კასიო და ლოდოვიკო. ემილია იაგოსგან ოტელოს ბრალდების უარყოფას მოითხოვს; იგი უარზეა. ოტელო ამბობს, რომ ხელსახოცი, რომელიც დეზდემონამ მისცა კასიოს, საკმარისი საბუთია. შეძრწუნებული ემილია უხსნის, რომ ხელსახოცი მას იაგომ წაართვა, კასიო კი ადასტურებს, რომ ხელსახოცი მის საცხოვრებელში უცნობი გზებით აღმოჩნდა. შემოდის მონტანო და ამბობს, რომ სიკვდილის წინ როდრიგომ იაგოს გეგმა გაამჟღავნა. იაგო ხმალს იშიშვლებს და გარბის.
ოტელო, რომელიც ხვდება, თუ რა მოხდა, გლოვობს დეზდემონას სიკვდილს. თავდაპირველად იგი ხმალს იშიშვლებს, მაგრამ მალევე წაართმევენ (ოტელო: Niun mi tema / „ჩემი ნურავის შეეშინდება“). შემდეგ, უჩუმრად იღებს დანას (ოტელო: Ho un'arma ancor! / „კიდევ მაქვს იარაღი!“) და თავს დაიჭრის. სხვები მის შეჩერებას ცდილობენ, მაგრამ ძალიან გვიანია. სიკვდილამდე ოტელო ცოლთან მიფორთხდება და ჰკოცნის (ოტელო: Un bacio...un bacio ancora...ah!...un altro bacio... / „ერთი კოცნა... კიდევ ერთი... და კვლავაც ერთი“). იგი დეზდემონას გვერდით მწოლიარე კვდება.
„ოტელო“ სრული სახით დისკზე და ფირზე მრავალჯერაა ჩაწერილი. მიმომხილველთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ მუსიკალური თვალსაზრისით საუკეთესოა 1947 წლის NBC რადიოგადაცემის ჩანაწერი (ერვა ნელი, რამონ ვინაი და ჯუზეპე ვალდენგო; დირიჟორი არტურო ტოსკანინი).[41] აღნიშნული ჩანაწერი RCA Victor-მა LP და CD ფორმატზე რამდენჯერმე გამოსცა. გარდა ამისა, „ოტელოს“ ცოცხალი შესრულება ჯერ კიდევ 1920-იან (კოვენტ-გარდენი, ლონდონი) და 30-იან (მეტროპოლიტენის ოპერა, ნიუ-იორკი, მეტროპილიტენის ოპერის რადიოგადაცემა) წლებში იქნა ჩაწერილი. CD-ს სახით ისინიც არსებობს. 1950-იანი წლებიდან დღემდე შესრულებული არაერთი სასცენო დადგმა ასევე ხელმისაწვდომია CD და DVD ფორმატში.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც შესაფერისი ხარისხისა და სანდოობის ხმის ჩამწერი ტექნიკა ხელმისაწვდომი გახდა, „ოტელოს“ ცალკეული არიები, დუეტები და სცენები ბევრი სახელგანთქმული ტენორის, ბარიტონისა და სოპრანოს დისკებზე მოხვდა. მათ შორის საუკეთესონი გამოცემულია CD კომპილაციების სახით და საინტერესო მოსასმენ მასალას წარმოადგენს, მათ შორის, დღეს, ციფრულ ფორმატში ხელმისაწვდომია ფრანჩესკო ტამანიოს და ვიქტორ მანუელის ადრეული, 1900-იანი წლების ჩანაწერებიც.
წელი | შემადგენლობა
(ოტელო, დეზდემონა, იაგო) |
დირიჟორი, საოპერო თეატრი, ორკესტრი და გუნდი | ფორმატი, ლეიბლი |
---|---|---|---|
1931–1932 | ნიკოლა ფუზატი
მარია კარბონე აპოლო გრანფორტე |
კარლო საბაინო
ლა სკალას ორკესტრი და გუნდი |
CD: Preiser Records Cat: 20012 |
1947 | რამონ ვინაი
ერვა ნელი ჯუზეპე ვალდენგო |
არტურო ტოსკანინი
NBC-ს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი |
LP: Decca pressed RB 16093-5 CD: RCA Victor Cat: 60302 |
1954 | მარიო დელ მონაკო
რენატა ტებალდი ალდო პროტი |
ალბერტო ერედე
სანტა ჩეჩილიას ნაციონალური აკადემიის ორკესტრი და გუნდი |
CD: Decca |
1959 | მარიო დელ მონაკო
გაბრიელა ტუჩი ტიტო გობი |
ალბერტო ერედე
NHK-ს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი |
CD: Opera d'Oro, OPD-1160. |
1960 | ჯონ ვიკერსი
ლეონი რიზანეკი ტიტო გობი |
ტულიო სერაფინი
რომის ოპერის ორკესტრი და გუნდი |
CD: RCA Victor Cat: 663180 |
1961 | მარიო დელ მონაკო
რენატა ტებალდი ალდო პროტი |
ჰერბერტ ფონ კარაიანი
ვენის ფილარმონიული ორკესტრი და ვენის სახელმწიფო ოპერის გუნდი |
CD: Decca Cat: 028941161826 |
1968 | ჯეიმზ მაკკრაკენი
გვინეთ ჯოუნზი დიტრიხ ფიშერ-დისკაუ |
ჯონ ბარბიროლი New Philharmonia Orchestra, Ambrosian Chorus | CD: EMI Cat: 65296 |
1973 | ჯონ ვიკერსი
მირელა ფრენი პიტერ გლოსოპი |
ჰერბერტ ფონ კარაიანი
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი და დოიჩე ოპერის გუნდი |
CD: EMI Cat: CMS 769 3082 |
1976 | პლასიდო დომინგო
მირელა ფრენი პიერო კაპუჩილი |
კარლოს კლაიბერი
ლა სკალას ორკესტრი და გუნდი |
CD: Opera d'Oro Cat: OPD 7005 |
1977 | კარლო კოსუტა
მარგარეტ პრაისი გაბრიელ ბაკიე |
გეორგ შოლტი
ვენის ფილარმონიული ორკესტრი, ვენის სახელმწიფო ოპერის გუნდი და ვენის ბავშთა გუნდი (Wiener Sängerknaben) |
CD: Decca Cat: 440-045-2 |
1978 | პლასიდო დომინგო
რენატა სკოტო შერილ მილნსი |
ჯეიმზ ლივაინი
ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი და გუნდი |
CD: RCA Red Seal Cat: 8883729722 |
1978 | ჯონ ვიკერსი
რენატა სკოტო კორნელ მაკნილი |
ჯეიმზ ლივაინი
მეტროპოლიტენის ოპერა |
DVD: Met Opera Cat: 811357012185 |
1986 | პლასიდო დომინგო
კატია რიჩარელი ხუსტინო დიასი |
ლორინ მააზელი
ლა სკალას ორკესტრი და გუნდი |
DVD: MGM Cat: 0 27616 88420 6 |
1987 | პლასიდო დომინგო
ანა ტომოვა-სინტოვი რენატო ბრუზონი |
ზუბინ მეტა
ვენის სახელმწიფო ოპერის ორკესტრი და გუნდი |
CD: Orfeo Cat: C698072I |
1991 | ლუჩანო პავაროტი
კირი ტე კანავა ლეო ნუჩი |
გეორგ შოლტი | CD: Decca (London) Cat: 433 669-2 |
1992 | პლასიდო დომინგო
კირი ტე კანავა სერგეი ლეიფერკუსი |
გეორგ შოლტი
სამეფო ოპერის ორკესტრი და გუნდი |
DVD: Kultur Video Cat: 0 32031 14929 8 |
1994 | პლასიდო დომინგო
სერილ სტუდერი სერგეი ლეიფერკუსი |
მიუნგ-ვუნ ჩუნგი
ბასტილიის ოპერა, პარიზი |
CD: Deutsche Grammophon Cat: 439 805-2 |
1995 | პლასიდო დომინგო
რენე ფლემინგი ჯეიმზ მორისი |
ჯეიმზ ლივაინი
მეტროპოლიტენის ოპერის ორკესტრი და გუნდი |
DVD: Deutsche Grammophon Cat: 00440 073 0929 |
2001 | პლასიდო დომინგო
ბარბარა ფრიტოლი ლეო ნუჩი |
რიკარდო მუტი
ლა სკალას ორკესტრი და გუნდი |
DVD: TDK Cat: 8 2412100019 6 |
2008 | ალექსანდრს ანტონიენკო
მარინა პოპლავსკაია კარლოს ალვარესი |
რიკარდო მუტი
ვენის ფილარმონიული ორკესტრი |
Blu-ray: Naxos Cat: 701504 |
2018 | იონას კაუფმანი
მარია აგრესტა მარკო ვრატონია |
ანტონიო პაპანო
სამეფო ოპერის ორკესტრი და გუნდი |
Blu-ray: Sony Cat: 88985491969 |
1973 წელს „ოტელო“ ჩაიწერა ჰერბერტ ფონ კარაიანის დირიჟორობით ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად. ოტელოს პარტიას ასრულებდა კანადელი ჯონ ვიკერსი, დეზდემონას როლს იტალიელი მირელა ფრენი, ხოლო იაგოს პარტიას – ინგლისელი პიტერ გლოსოპი. მომდევნო წელს აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით ფილმიც გადაიღეს, რომლის რეჟისორის როლიც, როჟერ რენამუსთან ერთად, კარაიანმა მოირგო. ფილმი ნაწილობრივ ვენეციაშია გადაღებული.[42]
1986 წელს ვერდის „ოტელო“ ფილმის სახით გადაიღო ფრანკო ძეფირელიმ. მასში მონაწილეობენ პლასიდო დომინგო (ოტელო), კატია რიჩარელი (დეზდემონა) და ხუსტინო დიასი (იაგო). ფილმის საუნდტრეკს წარმოადგენს იმავე წლის ჩანაწერი ზემოხსენებული მომღერლების მონაწილეობით და ლორინ მააზელის დირიჟორობით, ლა სკალას ორკესტრთან და გუნდთან ერთად.[43] ფილმის პრემიერა 1986 წლის 28 აგვისტოს, დასავლეთ გერმანიაში შედგა, ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში კი იმავე წლის 12 სექტემბერს გამოვიდა. იგი ნომინირებული იყო Bafta-ს ჯილდოზე და ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში.[44] იგი ასევე წარდგენილი იყო 1986 წლის კანის კინოფესტივალზეც.[45] ოპერის სიუჟეტისგან განსხვავებით, მეოთხე აქტის ბოლოს ოტელო იაგოს შუბის სროლით კლავს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.