From Wikipedia, the free encyclopedia
ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი (ინგლ. Aldous Leonard Huxley; დ. 26 ივლისი, 1894, გოდელმინგი, სარის საგრაფო — გ. 22 ნოემბერი, 1963, ლოს-ანჯელესი, კალიფორნიის შტატი) — ინგლისელი მწერალი და ფილოსოფოსი.[31][32][33][34] მის კალამს ორმოცდაათამდე წიგნი ეკუთვნის,[35][36] რომლებიც, როგორც რომანებს, ასევე არამხატვრულ ტექსტებს მოიცავს.
ჰაქსლიმ განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც ინგლისურ ლიტერატურაში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. კარიერის დასაწყისში აქვეყნებდა მოთხრობებსა და ლექსებს და რედაქტორობდა ლიტერატურულ ჟურნალს Oxford Poetry, მომდევნო პერიოდში კი სამოგზაურო ქრონიკების და სცენარების წერა დაიწყო. 1937 წლიდან ჰაქსლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.[37] სიცოცხლის მიწურულს, იგი ფართოდ იყო ცნობილი, როგორც თავისი თაობის ერთ-ერთი მოწინავე ინტელექტუალი.[38] მწერალი ცხრაჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში.[39]
ჰაქსლი პაციფისტი იყო.[40] იგი დაინტერესებული იყო ფილოსოფიური მისტიციზმითა[40][41][42] და უნივერსალიზმით,[40][43] ეს თემები გვხვდება მის ნაშრომში „მარადიული ფილოსოფია“ (1945), რომელშიც დასავლურ და აღმოსავლურ მისტიციზმს შორის მსგავსებებს იკვლევს და ესეში „აღქმის კარები“ (1954), რომელიც საკუთარ ექსპერიმენულ ფსიქოდელიურ გამოცდილებას მიუძღვნა.
ჰაქსლის ყველაზე ცნობილი რომანია „საოცარი ახალი სამყარო“ (1932), დისტოპიური ჟანრის სამეცნიერო ფანტასტიკა. მისი ერთგვარი ანტითეზაა მწერლის უკანასკნელი რომანი „კუნძული“ (1962), რომელშიც იგი უტოპიურ სამყაროს აღწერს.
ჰაქსლი დაიბადა ინგლისში, სარის საგრაფოს ქალაქ გოდელმინგში. მისი ოჯახი სამეცნიერო და კულტურულ არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა. მამამისი, ლეონარდ ჰაქსლი, მწერალი, რედაქტორი და სკოლის მასწავლებელი იყო; ბაბუა, ტომას ჰენრი ჰაქსლი, ბიოლოგი – „დარვინის ბულდოგი“, როგორც მას ევოლუციური თეორიის მხარდაჭერისთვის უწოდებდნენ; მისი ძმა, ჯულიან ჰაქსლი, ასევე ცნობილი ბიოლოგი და იუნესკოს პირველი დირექტორი იყო.
სწავლობდა იტონისა და ბელიოლის კოლეჯებში, დაამთაავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი (1921); ბევრს მოგზაურობდა. 1923-1930 წლებში ცხოვრობდა იტალიაში, 1937 დასახლდა ლოს-ანჯელესში.
თავდაპირველად იყო ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი. 1918-1923 გამოაქვეყნა ლექსების კრებული. 20-იან წლებში იდეური პოზიციით ახლოს იდგა „დაკარგული თაობის“ მწერლებთან. ეკუთვნის მრავალი რომანი, ისტორიული ბიოგრაფია, მოთხრობა, ესე, მოგზაურობის ჩანაწერი, ფილოსოფიური ტრაქტატი და სხვა; სახელი გაუთქვა 20-30-იან წლებში შექმნილმა რომანებმა „ყვითელი ქრომი“ (1921), „მასხრული ფერხული“ (1923), „ის უნაყოფო ფოთლები“ (1925), „კონტრაპუნქტი“ (1928), , „საოცარი ახალი სამყარო“, (1932), „ბრმა ღაზაში“ (1936) რომლებშიც გამოვლენილია ჰაქსლის სატირიკოსის, კომედიოგრაფის, დაკვირვებული რეალისტის ოსტატობა.
ამ პერიოდში ჰაქსლის შემოქმედება, ტრადიციის ჟანრული ფორმის მიუხედავად, მაინც ნოვატორულად აღიქმებოდა და დიდ დავასაც იწვევდა; აზრთა სხვადასხვაობის საბაბი იყო ჰაქსლის პერსონაჟთა სქემატურობა, სიუჟეტის ქაოსურობა, ჟანრთა აღრევა (ჩართული ესეისტური ეპიზოდები და სხვ.); ნაწარმოების გმირი, პერსონაჟი უმეტესწილად არის იდეა და არახორცშეახმული ადამიანი; ამ მხატვრული ხერხებით მწერალი საკმაო განზოგადებას აღწერს და მთელი სისავსით გამოხატავს ომის შემდგომი ინტელიგენციის სულიერ და ზნეობრივ განწყობილებას, ეპოქის პრობლემებს. ეს რომანები მიჩნეულია ე. წ. ინტელექტუალურ რომანად, იდეების რომანად, რომელიც სათავეს იღებს ანტიკურ ლიტერატურაში, კერძოდ, მენიპეს სატირასა და სოკრატესეულ დიალოგებში. თვით ინგლისურ ლიტერატურაში ჰაქსლის წინამორბედად ითვლება ტ. ლ. იკოკი.
წლების განმავლობაში მხატვრული აზროვნების, მსოფლმხედველობის, ესთეტიკის მრწამსის თვალსაზრისით ჰაქსლს თითქოს ღრმა ევოლუცია არ განუცდია, მაგრამ მომდევრო პერიოდში ცხოვრების აზრისა და პოზიტიური ფასეულობის ძიების გზაზე შესუსტდა სატირული ელემენტი, მომძლავრდა მისტიციზმი, ნატურალიზმის ელემენტები, ფილოსოფიური დეკლარაცია. ამ ეტაპზე ჰაქსლიმ შექმნა რომანები - „მრავალი ზაფხულის შემდეგ კვდება გედი“ (1939), „დრო უნდა გაჩერდეს“ (1945), „გენიოსი და ქალღმერთი“ (1955), „კუნძული“ (1962), აგრეთვე მრავალი ესეი, ფილოსოფიური ტრაქტატი და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.