1901-2000 წლებში შექმნილი არტ-მუსიკა. From Wikipedia, the free encyclopedia
XX საუკუნის კლასიკური მუსიკა – 1901-2000 წლებში შექმნილი არტ-მუსიკა.
ამ საუკუნეში არ ყოფილა დომინანტური მუსიკალური სტილი და კომპოზიტორები წერდნენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტიპის მუსიკას. მოდერნიზმი, იმპრესიონიზმი და პოსტ-რომანტიზმი წინა საუკუნის ბოლო ათწლეულებში ჩაისახა, მაგრამ ისინი XX საუკუნის მუსიკაშიც განიხილებიან, რადგან განვითარდნენ და გასცდნენ XIX საუკუნის და უფრო ადრინდელი პერიოდისთვის დამახასიათებელ მუსიკალურ საზღვრებს. ნეოკლასიციზმი და ექსპრესიონიზმი, ძირითადად, 1900 წლის შემდეგი პერიოდიდან იწყება. მინიმალიზმი მუსიკაში ბევრად უფრო გვიან დაიწყო და შეიძლება განხილული იქნას, როგორც გადასვლის წერტილი მოდერნიზმიდან პოსტ-მოდერნიზმში, თუმცა, პოსტ-მოდერნიზმი, ზოგიერთი მოსაზრებით, უფრო ადრე, დაახლოებით 1930 წლიდან იწყება. ატონალობა, სერიალიზმი, musique concrète და ელექტრონული მუსიკა XX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ამ დროის ბევრი კომპოზიტორის გავლენის წყარო ჯაზი და ხალხური მუსიკაც იყო.
XX საუკუნის დასაწყისისთვის მუსიკა დამახასიათებლად რომანტიკული სტილისა იყო. კომპოზიტორები, როგორიცაა გუსტავ მალერი, რიხარდ შტრაუსი და ჟან სიბელიუსი, აფართოვებდნენ პოსტ-რომანტიკული სიმფონიური კომპოზიციის საზღვრებს. ამავე დროს, საფრანგეთში ვითარდებოდა იმპრესიონისტული მოძრაობა კლოდ დებიუსის წინამძღოლობით. აღსანიშნავია, რომ დებიუსის სძულდა ტერმინი „იმპრესიონიზმი“: „მე ვცდილობ, შევქმნა რაღაც განსხვავებული – რეალობის ეფექტი... რასაც ეს იმბეცილები „იმპრესიონიზმს “ეძახიან, ტერმინს, რომელიც ყველაზე ცუდად გამოიყენება, განსაკუთრებით, კრიტიკოსების მხრიდან.“[1] მორის რაველის მუსიკა, რომელსაც ასევე იმპრესიონიზმად მოიხსენიებენ, არაერთ მუსიკალურ სტილს მოიცავს, რომელთაგანაც ზოგიერთი არაა იმპრესიონიზმთან კავშირში (იხ. ქვემოთ, ნეოკლასიციზმის განხილვა).
ბევრმა კომპოზიტორმა, რომელსაც უარყოფითი რეაქცია ჰქონდა პოსტ-რომანტიკულ და იმპრესიონისტულ სტილებზე, სრულიად სხვა მიმართულებით გადაწყვიტა სვლა. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელმაც XX საუკუნის მუსიკის მიმართულება განსაზღვრა, იყო არაერთი კომპოზიტორის მიერ საუკუნის პირველ ათწლეულში სხვადასხვა გზით და ფორმით ტრადიციული ტონალობის უარყოფა. აქედან წარმოიშვა სტილების, ხერხების და გამოხატვის ფორმების უპრეცედენტო „ენობრივი მრავალფეროვნება“.[2] ვენაში, არნოლდ შონბერგმა განავითარა ატონალობა ექსპრესიონიზმისგან, რომელიც XX საუკუნის პირველ ხანებში ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, მან ასევე ჩამოაყალიბა თორმეტ-ტონიანი ტექნიკა, რომელიც კიდევ უფრო განავითარეს მისმა მოსწავლეებმა, ალბან ბერგმა და ანტონ ვებერნმა, ხოლო შემდგომ, პიერ ბულეზმა და სხვა გვიანდელმა კომპოზიტორებმა.[3] თორმეტ-ტონიან ტექნიკას თავის გვიანდელ ნაწარმოებებში სტრავინსკიც იყენებს, ისევე, როგორც ბევრი სხვა კომპოზიტორი. მეტიც, აღნიშნული ტექნიკა სკოტ ბრედლისაც კი აქვს გამოყენებული „ტომი და ჯერის“ მულფტილმებისთვის შექმნილ მუსიკაში.[3]
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბევრმა კოპოზიტორმა დაიწყო დაბრუნება წარსულთან და შექმნა ისეთი ნაწარმოებებისა, რომელიც სესხულობდა სხვადასხვა ელემენტს (ფორმას, ჰარმონიას, მელოდიას, სტრუქტურას) კლასიკური პერიოდების მუსიკისგან. ამ სტილის მუსიკა მოიხსენიება, როგორც ნეოკლასიციზმი. იგორ სტრავინსკის „პულჩინელა“ და „ფსალმუნების სიმფონია“, სერგეი პროკოფიევის 1-ლი („კლასიკური“) სიმფონია, რაველის „კუპერენის აკლდამა“ (Le tombeau de Couperin) და პაულ ჰინდემიტის „სიმფონია: მხატვარი მატისი“ (Symphony: Mathis der Maler) ნეოკლასიკური მუსიკის მაგალითებს წარმოადგენენ.
იტალიელმა კომპოზიტორებმა, ფრანჩესკო ბალილა პრატელამ და ლუიჯი რუსოლომ, გამოიგონეს ე.წ. „ფუტურიზმი“. ეს სტილი ხშირად ცდილობდა ყოველდღიური ხმების რეპროდუქციას და მათ მოთავსებას „ფუტურისტულ“ კონტექსტში. მისგან განვითარდა ჯორჯ ენთაილის მეორე სონატა („თვითმფრინავი“) და ალექსანდრ მოლოსოვის „რკინის სამჭედლო“.
მუსიკალური ლექსიკონის გამდიდრების პროცესი ყველა ხელმისაწვდომი ტონის გამოყენებით კიდევ უფრო შორს წავიდა ჩარლზ აივზის, ხულიან კარილოს, ალოის ჰაბას, ჯონ ფაულდსის, ივან ვიშნეგრადსკის, ჰარი პარჩის, მილდრედ კუპერის და სხვათა მიკროტონალურ მუსიკაში. მიკროტონები წარმოადგენს ნახევარ ტონზე უფრო მცირე ინტერვალებს. ადამიანის ხმას და სიმებიან ინსტრუმენტებს (საქცევების გარეშე, მაგალითად, ვიოლინო, ჩელო და სხვა) მათი გამოცემა მარტივად შეუძლიათ „ნორმალურ“ ნოტებს შორის მოძრაობით, მაგრამ სხვა ინსტრუმენტებს ეს უფრო უჭირთ. მაგალითად, ფორტეპიანოს და ორგანს მათი გამოცემა საერთოდ არ ძალუძს გადაწყობის ან ძირეული რეკონსტრუქციის გარეშე.
1940-50-იან წლებში კომპოზიტორებმა, განსაკუთრებით, პიტერ შეფერმა, დაიწყეს მუსიკაში ტექნოლოგიის გამოყენება musique concrete-ის სახით.[4] მოგვიანებით, გაჩნდა ტერმინი ელექტროაკუსტიკური მუსიკა, რომელშიც მოიაზრება ყველა ის მუსიკა, რომელიც იყენებს მაგნიტურ ლენტს, კომპიუტერს, სინთეზატორს, მულტიმედიას და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს და ტექნოლოგიებს. ლაივ-ელექტრონული მუსიკა იყენებს ცოცხალ (live) ელექტრონულ ხმებს მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას (წინასწარ დამუშავებული ხმებისგან განსხვავებით), ჯონ კეიჯის Cartridge Music ამის ადრეული მაგალითია. სპექტრული მუსიკა (ჟერარ გრიზე და ტრისტან მურაილი) ელექტროაკუსტიკური მუსიკის განვითარების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც მუსიკის შესაქმნელად ხმოვანი სპექტრის ანალიზს იყენებს.[5][6] ელექტროაკუსტიკური მუსიკის ნიმუშები შექმნილი აქვთ ისეთ კომპოზიტორებს, როგორიცაა ჯონ კეიჯი, ლუჩიანო ბერიო, პიერ ბულეზი, მილტონ ბებიტი, ლუიჯი ნონო, ედგარ ვარეზი და სხვები.
1950 წლიდან მოყოლებული, კეიჯმა თავის მუსიკაში შეიტანა შემთხვევითობის ელემენტები. პროცესის მუსიკა, მაგალითად, კარლჰაინც შტოკჰაუზენის Prozession, „შვიდი დღიდან“ (Aus den sieben Tagen); სტივ რაიხის Piano Phase, „ტაშის მუსიკა“ (Clapping Music); გვიჩვენებს გარკვეულ პროცესს, რომელიც ნაწარმოების ფარგლებში ხდება. ჯონ კეიჯმა შემოიღო ტერმინი ექსპერიმენტული მუსიკა იმ ნაწარმოებების აღსაწერად, რომლებიც არაპროგნოზირებად შედეგებს იძლევიან.[7] მისეული განსაზღვრებით, „ექსპერიმენტული ქმედება ისეთი ქმედებაა, რომლის შედეგიც წინასწარ ვერ განისაზღვრება“.[8] ტერმინი ასევე გამოიყენება კონკრეტული ჟანრის ისეთ ნაწარმოებთან მიმართებაში, რომელიც სცდება ამ ჟანრში მიღებულ საზღვრებს და განსაზღვრებებს, ან აერთიანებს მკვეთრად დაშორებულ სტილებს, ან შეიცავს არაორთოდოქსულ, ახალ, გამორჩეულად უნიკალურ ინგრედიენტებს.
მნიშვნელოვანი კულტურული ტრენდები ხშირად ახდენდა გავლენას ამ პერიოდის რომანტიკულ, მოდერნისტულ, ნეოკლასიკურ, პოსტმოდერნისტულ თუ სხვა სტილის მუსიკაზე. თავიანთი კარიერის საწყის პერიოდებში, იგორ სტრავინსკის და სერგეი პროკოფიევს განსაკუთრებით იზიდავდა პრიმიტივიზმი, რაც ჩანს ნაწარმოებებში „კურთხეული გაზაფხული“ (The Rite of Spring) და „შუტი“ (Chout). სხვა რუსებზე, განსაკუთრებით, დიმიტრი შოსტაკოვიჩზე, აისახა კომუნიზმის გავლენა და მათ სოციალისტური რეალიზმის წნეხის ქვეშ უხდებოდათ მუშაობა.[9] სხვა კომპოზიტორები, როგორიცაა ბენჯამინ ბრიტენი („ომის რექვიემი“), ეხებოდნენ პოლიტიკურ საკითხებს, თუმცა საკუთარი ნება-სურვილით.[10] საუკუნის დასაწყისში გამოხატვის მნიშვნელოვანი ფორმა გახდა, აგრეთვე, მუსიკალური ნაციონალიზმი. ამერიკის შეერთებული შტატების კულტურა კვებავდა კლასიკური მუსიკის ადგილობრივ სტილს, რაც ჩანს ჩარლზ აივზის, ჯონ ოლდენ კარპენტერის და მოგვიანებით, ჯორჯ გერშვინის მუსიკაში. გავლენა ჰქონდა აგრეთვე ხალხურ მუსიკას (რალფ ვონ უილიამსის „დაივზის და ლაზარეს ხუთი ვარიანტი“, გუსტავ ჰოლსტის „სომერსეტის რაფსოდია“) და ჯაზს (გერშვინი, ლენარდ ბერნსტაინი, დარიუს მიიო).
XX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ასევე მნიშვნელოვანი გახდა ეკლექტიზმი და პოლისტილიზმი.
XIX საუკუნის ბოლოს რომანტიკული სტილი დაიყო და ერთდროულად რამდენიმე პარალელური მიმართულებით დაიწყო განვითარება, როგორიც იყო იმპრესიონისტული და პოსტრომანტიკული მიმართულებები. მეოცე საუკუნის კომპოზიტორებს ამ განსხვავებული სტილებს არსებობამ ახალი მიმართულებების არჩევისკენ უბიძგა, რომელთაგანაც ზოგი წინა საუკუნის მუსიკის წინააღმდეგ რეაქცია, ზოგიერთი კი მისი გაგრძელება იყო. XX საუკუნეში ყველა ეს მიმართულება თანაარსებობდა.
საუკუნის საწყის პერიოდში ბევრი კომპოზიტორი წერდა მუსიკას, რომელიც წინა საუკუნის რომანტიკული მუსიკის გაგრძელება იყო. ტრადიციული ინსტრუმენტული ჯგუფები, როგორიცაა ორკესტრი და სიმებიანი კვარტეტი კვლავ ფართოდ გამოიყენებოდა, ისევე, როგორც ტრადიციული ფორმები, მაგალითად, სიმფონია და კონცერტი. გუსტავ მალერი და ჟან სიბელიუსი არიან მაგალითი კომპოზიტორებისა, რომლებმაც ტრადიციული სიმფონიური ფორმა აიღეს და გადაამუშავეს. ზოგიერთი ავტორის აზრით, შონბერგის შემოქმედებაც ვაგნერის და ბრამსის გვიანრომანტიკულ ტრადიციებში თავსდება[11] და უფრო ზოგადად, „კომპოზიტორი, რომელიც ყველაზე პირდაპირ და სრულად აკავშირებს გვიანდელ ვაგნერს და XX საუკუნის მუსიკას, არნოლდ შონბერგია.“[12]
ნეოკლასიციზმი პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის განვითარდა და მისი მიზანი XVII და XVIII საუკუნეების კლასიკური მუსიკისთვის დამახასიათებელი დაბალანსებული ფორმების და ნათლად აღქმადი თემატური პროცესების გაცოცხლება იყო. თავის მხრივ, ეს იყო გვიანრომანტიკული მუსიკის გადაჭარბებული ჟესტების და უფორმობის უარყოფა. რადგანაც ამ კომპოზიტორებმა თავიანთ მოდელებში არსებული ფუნქციური ტონალობა, ძირითადად, გაფართოებული ტონალობით, მოდალობით ან ატონალობით ჩაანაცვლეს, ეს ტერმინი ასევე გაიგება, როგორც ბაროკოს ან კლასიკური სტილის პაროდია ან რღვევა.[13] ცნობილი მაგალითებია სერგეი პროკოფიევის 1-ლი („კლასიკური“) სიმფონია და იგორ სტრავინსკის „პულჩინელა“. პაულ ჰინდემიტი და დარიუს მიიო ასევე იყენებდნენ ამ სტილს. მორის რაველის „კუპერენის საფლავი“ ხშირად განიხილება, როგორც ნეო-ბაროკო (რაც არქიტექტურული ტერმინია), თუმცა ამ ორ სტილს ყოველთვის არ განასხვავებენ.
არაერთმა კომპოზიტორმა მოახდინა ჯაზის მუსიკალური ენის ელემენტების და კლასიკური კომპოზიციური სტილების კომბინირება. მათგან აღსანიშნავია:
იმპრესიონიზმი ჩაისახა საფრანგეთში, კლოდ დებიუსის თაოსნობით, როგორც უკურეაქცია გერმანული გვიანი რომანტიზმის ემოციური მასშტაბების და ეპიკური თემატიკის მიმართ, რისი მაგალითიც რიხარდ ვაგნერის მუსიკა იყო. დებიუსის ხედვით, ხელოვნება მგრძნობელობითი განცდა იყო და არა ინტელექტუალური ან ეთიკური კატეგორია. ის მოუწოდებდა თანამემამულეებს, ხელახლა აღმოეჩინათ XVIII საუკუნის ფრანგი ოსტატები, რომელთათვისაც მუსიკის ფუნქცია ადამიანის მოხიბლვა, გართობა და „გრძნობათა ფანტაზიის“ გაღვიძება იყო.[14]
იმპრესიონიზმთან დაკავშირებული სხვა კომპოზიტორები იყვნენ მორის რაველი, ალბერ რუსელი, ისააკ ალბენისი, პოლ დიუკა, მანუელ დე ფალა, შარლ მარტინ ლეფლერი, ჩარლზ გრიფისი, ფრედერიკ დელიუსი, ოტორინო რესპიგი, კირილ სკოტი და კაროლ შიმანოვსკი.[15] ბევრმა ფრანგმა კომპოზიტორმა იმპრესიონისტული ენის გამოყენაბა 1920-იან წლებში და უფრო გვიანაც გააგრძელა, ალბერ რუსელის, შარლ კეკლენის, ანდრე კაპლეს და მოგვიანებით, ოლივიე მესიანის ჩათვლით. არა-დასავლური მუსიკალური კულტურის წარმომადგენელი, იაპონელი კომპოზიტორი ტორუ ტაკემიცუ, აგრეთვე, ჯაზ-მუსიკოსები: დიუკ ელინგტონი, გილ ევანზი, არტ ტატუმი და სესილ ტეილორი აგრეთვე განიცდიდნენ იმპრესინისტული მუსიკალური ენის გავლენას.[16]
მუსიკაში მოდერნიზმი არის ფილოსოფიური და ესთეტიკური მდგომარეობა, რომელიც უკავშირდება მუსიკალური ენის ცვლას და განვითარებას XX საუკუნის დასაწყისიდან. იგი წარმოადგენს მუსიკის ძველი კატეგორიების ხელახალ ინტერპრეტაციას, ინოვაციებს, რომელსაც შედეგად მოჰყვა მუსიკის ჰარმონიული, მელოდიური, ბგერითი და რიტმული ასპექტების მიმართ ახლებური მიდგომა და მათი ახლებურად ორგანიზება. ესთეტიკური მსოფლმხედველობის ეს ცვლილება კავშირშია მოდერნიზმის ფართო გაგებასთან იმდროინდელი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაში.[17] მისი უმთავრესი მახასიათებელი არის „ენობრივი მრავალფეროვნება“, რაც აღნიშნავს იმას, რომ არცერთ მუსიკალურ ჟანრს არ აქვს დომინანტური პოზიცია.[18]
ერო ტარასტი პირდაპირ განსაზღვრავს მოდერნიზმს, როგორც „ტრადიციული ტონალობის რღვევას და ტონალური ენის საფუძვლების ტრანსფორმაციას, ახალი მოდელების ძებნას ატონალობაში, პოლიტონალობაში და შეცვლილი ტონალობის სხვა ფორმებში”,[19] ხოლო დენიელ ოლბრაითი გვთავაზობს, განვსაზღვროთ მუსიკალური მოდერნიზმი, როგორც „ესთეტიკური კონსტრუქციის საზღვრების გადასინჯვა“.[20]
საწყის ეტაპზე, ფუტურიზმი იყო იტალიური სახელოვნებო მიმართულება, რომელიც 1909 წელს დააარსა ფილიპო ტომაზო მარინეტიმ. მას მალე შეუერთდა რუსული ავანგარდიც. 1913 წელს, მხატვარმა ლუიჯი რუსოლომ გამოსცა მანიფესტი, სახელწოდებით L'arte dei rumori („ხმაურთა ხელოვნება“), სადაც გამოდიოდა მუსიკაში ყველა სახის ხმაურის გამოყენების მოწოდებით.[21] რუსოლოს გარდა, ამ მოძრაობასთან დაკავშირებული კომპოზიტორები არიან იტალიელები: სილვიო მიქსი, ნუჩო ფიორდა, ფრანკო კაზავოლა და პანიჯი (რომლის 1922 წლის ნაწარმოებში „მექანიკური მეჯლისი“ (Ballo meccanico) ორი მოტოციკლია გამოყენებული), აგრეთვე, რუსები: არტურ ლურიე, მიხაილ მატიუშინი და ნიკოლაი როსლავეცი.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ კომპოზიტორთა ფუტურისტული ნაწარმოებები იშვიათად სრულდება, მათი გავლენა XX საუკუნის მუსიკის შემდგომ განვითარებაზე მნიშვნელოვანი იყო. სერგეი პროკოფიევი, მორის რაველი, იგორ სტრავინსკი, არტურ ონეგერი, ჯორჯ ენთაილი, ლეო ორნშტაინი და ედგარ ვარეზი – ეს არის იმ კომპოზიტორთა არასრული ჩამონათვალი, რომლებზეც ფუტურიზმმა გავლენა მოახდინა. XX საუკუნის მუსიკის დამახასიათებელი თვისებები, რომლების წარმომავლობაც ფუტურიზმში შეიძლება ვეძებოთ, არის მომზადებული ფორტეპიანო, ინტეგრალური სერიალიზმი, თანამედროვე ვოკალური ტექნიკები, გრაფიკული ნოტაცია, მუსიკალური იმპროვიზაცია და მინიმალიზმი.[22]
XX საუკუნის პირველ ათწლეულებში, ჩარლზ აივზმა მოახდინა ამერიკული და ევროპული ტრადიციების ინტეგრირება ადგილობრივ და საეკლესიო სტილებთან. ამავე დროს, იყენებდა ინოვაციურ ხერხებს რიტმში, ჰარმონიასა და ფორმაში.[23] მისი ტექნიკა მოიცავდა პოლიტონალობას, პოლირიტმიას, ბგერით კლასტერებს, ალეატორიკის ელემენტებს და მეოთხედ ტონებს. ედგარ ვარეზი წერდა მკვეთრად დისონანტურ პიესებს, სადაც იყენებდა უჩვეულო ხმოვანებებს და ფუტურისტულ, მეცნიერულად მჟღერ სახელწოდებებს. იგი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახალი ტიპის ინსტრუმენტები და ელექტრონული წყაროები გამოიყენა.
1920-იანი წლების ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპოზიტორი აგრძელებდა წერას მეტ-ნაკლებად ექსპრესიონისტული მანერით, მას თანდათან ანაცვლებდა გერმანული ახალი ობიექტივიზმი (გერმ. Neue Sachlichkeit) და ნეოკლასიციზმი. ექსპრესიონიზმმა, როგორც ნაცისტებისგან სტიგმატიზებულმა სტილმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მნიშვნელოვანი შემობრუნება განიცადა. ექსპრესიონისტული მუსიკა ხელახლა გამოჩნდა ჰანს ვერნერ ჰენცეს, პიერ ბულეზის, პიტერ მაქსველ დეივისის, ვოლფგანგ რიმის და ბერნარდ ალოის ციმერმანის შემოქმედებაში.[24]
პოსტმოდერნიზმი წარმოადგენს რეაქციას მოდერნიზმზე, მაგრამ, აგრეთვე შეიძლება განხილულ იქნას, როგორც პასუხი უფრო ღრმა ძვრებზე საზოგადოებრივ დამოკიდებულებებში. ამ მოსაზრებით, პოსტმოდერნიზმი დაიწყო მაშინ, როცა ისტორიული (და არა პერსონალური) ოპტიმიზმი პესიმიზმად გადაიქცა, ყველაზე გვიან, 1930 წლისთვის.[25]
ჯოინ კეიჯი, XX საუკუნის გამოჩენილი მუსიკალური ფიგურა, რამდენადმე სამართლიანად მიიჩნევა ორივეს – მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის წარმომადგენლად, რადგანაც ამ ორი მიმართულების რთული თანაკვეთები მარტივ სქემამდე ვერ დაიყვანება.[26] მისი გავლენა თანდათან იზრდებოდა კარიერის მანძილზე. თავის მუსიკაში ხშირად იყენებს შემთხვევითობის ელემენტებს, მაგალითად, „წარმოსახვითი ლანდშაფტები №4“ 12 რადიომიმღებისთვის და „ცვლილებათა მუსიკა“ ფორტეპიანოსთვის. მისი სონატები და ინტერლუდიები (1946–48) დაწერილია მომზადებული ფორტეპიანოსთვის: ჩვეულებრივი ფორტეპიანო, რომლის ტემბრიც დრამატულადაა სახეცვლილი სხვადასხვა საგნით, რომლებიც მოთავსებულია ინსტრუმენტში და ეხება სიმებს. ამჟამად, პოსტმოდერნიზმში ერთიანდებიან ის კომპოზიტორებიც, რომლებიც გვიანი XX საუკუნის ავანგარდის და ესქსპერიმენტული სტილის წინააღმდეგ მიდიან, როგორიცა ასტორ პიაცოლა (არგენტინა) და მიგელ დე აგილა (აშშ).
XX საუკუნის მეორე ნახევარში ლა მონტ იანგმა, არვო პერტმა, ფილიპ გლასმა, ტერი რაილიმ, სტივ რაიხმა და ჯონ ადამსმა დაიწყეს მუშაობა მიმართულებაში, რომელსაც ამჟამად მინიმალიზმს ეძახიან. აქ ნაწარმოები დაყვანილია მის ფუნდამენტურ მახასიათებლებამდე და ხშირად ახასიათებს გამეორება. ადრეული მაგალითია ტერი რაილის In C (1964). ეს არის ალეატორული ნამუშევარი, სადაც მუსიკოსები ირჩევენ მოკლე მუსიკალურ ფრაზებს წინასწარ შერჩეული სიიდან და იმეორებენ განუსაზღვრელი რაოდენობით, უკანა ფონზე კი ისმის მერვედ ნოტებად დაკრული ბგერა დო (C). სტივ რაიხის Piano Phase (1967, ორი ფორტეპიანოსთვის), Drumming (1970–71, დასარტყამების, ქალის ხმისა და პიკოლოსთვის) იყენებს ტექნიკას სახელად „ფაზირება“ (phasing), სადაც მუსიკალური ფრაზა, რომელსაც უკრავს ერთ-ერთი შემსრულებელი, იმავდროულად იკვრება სხვა შემსრულებლის მიერ, შედარებით სწრაფ ტემპში. ეს იწვევს აცდენას შემსრულებლებს შორის, ხოლო ნაწარმოები შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ ისინი კვლავ ერთ „ფაზაში“ არ დაბრუნდებიან.
ფილიპ გლასის 1 + 1 (1968) იყენებს ადიტიურ პროცესს, სადაც მოკლე ფრაზები თანდათან იზრდება. ლა მონტ იანგის Compositions 1960 იყენებს ძალიან გრძელ ბგერებს, ძალიან მაღალ ხმებს და არამუსიკალურ მითითებებს, როგორიცა „გაავლეთ სწორი ხაზი და გაჰყევით მას“ ან „დაანთეთ ცეცხლი“. მაიკლ ნაიმენი ამტკიცებს, რომ მინიმალიზმი იყო სერიალიზმსა და ინდეტერმინიზმზე უკურეაქცია და მათივე შედეგი.[27]
არნოლდ შონბერგი XX საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მისი ადრეული ნამუშევრები გვიანრომანტიკულ სტილშია და ვაგნერის გავლენას განიცდის, მაგალითად, „გასხივოსნებული ღამე“ (Verklärte Nacht, 1899). პირველი მსოფლო ომი წინა პერიოდში კომპოზიტორის მუსიკალური ენა თანდათან ატონალური გახდა (სამი პიესა ფორტეპიანოსთვის (1909) და „მთვარის პიერო“ (1912). 1921 წელს, რამდენიმეწლიანი კვლევის შემდეგ, მან შეიმუშავა კომპოზიციის თორმეტ-ტონიანი ტექნიკა, რომელზეც პირველად მეგობართა ვიწრო წრეში ისაუბრა 1923 წელს.[28] ამ მეთოდით დაწერილი მისი პირველი მასშტაბური ნაწარმოები იყო ჩასაბერების კვარტეტი თხზ. 26 (1923–24). უფრო გვიანდელი ნიმუშებია ვარიაციები ორკესტრისთვის, თხზ. 31 (1926–28), მესამე და მეოთხე სიმებიანი კვარტეტები (შესაბამისად, 1927 და 1936), სავიოლინე კონცერტი (1936) და საფორტეპიანო კონცერტი (1942). გვიანდელ პერიოდში შონბერგი დროდადრო უბრუნდებოდა შედარებით ტონალურ სტილს (კამერული სიმფონია №. 2, დაიწყო 1906 წელს, დაუბრუნდა და დაასრულა 1936 წელს; ვარიაციები რეჩიტატივზე ორგანისთვის (1941).
იგი ასწავლიდა ანტონ ვებერნსა და ალბან ბერგს, რომლებთან ერთადაც ხშირად მოიხსენიება, როგორც ვენის მეორე სკოლის წარმომადგენელი (ვენის პირველი სკოლის წარმომადგენლებად, იგივე აზრით, ითვლებიან ჰაიდნი, მოცარტი და ბეთჰოვენი, ზოგჯერ, შუბერტიც). ვებერნი წერდა მკაცრი თორმეტ-ტონიანი მეთოდით და გავლენა მოახდინა ტოტალური სერიალიზმის ჩამოყალიბებაზე. ბერგი, შონბერგის მსგავსად, თორმეტ-ტონიან მეთოდს გვიანრომანტიკული ან პოსტრომანტიკული სტილის სავიოლინე კონცერტში იყენებს, სადაც ციტირებულია ბახი და გამოყენებულია კლასიკური ფორმა. ბერგს ასევე ეკუთვნის ორი ოპერა, „ვოცეკი“ და „ლულუ“.
ხმის ჩამწერი ტექნოლოგიების განვითარებამ ნებისმიერი სახის ხმოვანება მუსიკაში გამოყენებად პოტენციურ მასალად აქცია. ელექტრონული მუსიკა, როგორც წესი, გულისხმობს 1950-იან წლებში ევროპაში, იაპონიასა და აშშ-ში შექმნილი არტ-მუსიკის რეპერტუარს. მაგნიტური ლენტის გაზრდილმა ხელმისაწვდომობამ უზრუნველყო კომპოზიტორები ისეთი მედიუმით, რომელიც იძლეოდა ხმების ჩაწერის და შემდგომში მათი სხვადასხვა სახით მანიპულაციის საშუალებას. ყველა სახის ელექტრონული მუსიკა ეყრდნობა ტრანსმისიას ხმამაღლამოლაპარაკის საშუალებით, თუმცა, ფართო განსაზღვრებით, არსებობს მისი ორი ტიპი: აკუსმატიკური მუსიკა, რომელიც მხოლოდ ჩაწერილი ფორმით არსებობს და live-ელექტრონული მუსიკა, სადაც ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენება ხმის წარმოქმნის ან გარდაქმნისთვის მუსიკოსების მიერ ნაწარმოების შესრულების პროცესში, რისთვისაც ადამიანის ხმა, ტრადიციული ინსტრუმენტები, ელექტრო-აკუსტიკური ინსტრუმენტები ან სხვა სახის საშუალებები თუ ხელსაწყოები გამოიყენება. 1957 წლიდან მოყოლებული, ამ პროცესში კომპიუტერის მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა.[29] თავდაპირველად, თუ ხმოვანი მასალის წყარო ყოველდღიური ხმები იყო, ტერმინი musique concrète გამოიყენებოდა, ხოლო თუ მასალა ელექტრონულად იყო გენერირებული – ელექტრონული მუსიკა, თუმცა, 1950-იანი წლების შემდეგ ორივე შემთხვევისთვის მეორე ტერმინის გამოყენება დაიწყეს. ზოგჯერ, ელექტრონული მუსიკა კომბინირებულია ჩვეულებრივ ინსტრუმენტებთან. შტოკჰაუზენის „ჰიმნები“ (Hymnen), ედგარ ვარეზის „უდაბნოები“ (Déserts) და მარიო დავიდოვსკის „სინქრონიზმები“ ამის მაგალითებია.
XX საუკუნის ბევრი გამოჩენილი კომპოზიტორი არცერთ კომპოზიციურ მიმართულებას არ მიეკუთვნება. ქვემოთ მოცემულ სიაში რამდენიმე მათგანთან ერთად წარმოდგენილი არიან კომპოზიტორები, რომელთა კლასიფიცირებაც ზემოთ ჩამოთვილი კატეგორიების მიხედვით შესაძლებელია, მაგრამ არ არიან მოხსენიებული შესაბამის სექციაში:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.