პოლონელი კომპოზიტორი და დირიჟორი From Wikipedia, the free encyclopedia
კშიშტოფ ეუგენიუშ პენდერეცკი (პოლ. Krzysztof Eugeniusz Penderecki [ˈkʂɨʂtɔf pɛndɛˈrɛt͡skʲi]; დ. 23 ნოემბერი, 1933 – გ. 29 მარტი, 2020) — პოლონელი კომპოზიტორი და დირიჟორი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია გოდება ჰიროშიმას მსხვერპლთათვის, სიმფონია №3, ლუკას ვნებანი, პოლონური რექვიემი, Anaklasis და დილის ლოცვები (Utrenja). პენდერეცკიმ შექმნა ოთხი ოპერა, რვა სიმფონია და სხვა საორკესტრო ნაწარმოებები, კონცერტები სხვადასხვა ინსტრუმენტებისათვის, საგუნდო ნამუშევრები უმთავრესად რელიგიურ ტექსტებზე, ასევე კამერული და სოლო ინსტრუმენტული ნამუშევრები.[1]
კშიშტოფ პენდერეცკი | |
---|---|
პენდერეცკი გდანსკში, 2008 | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | Krzysztof Eugeniusz Penderecki |
დაბ. თარიღი | 23 ნოემბერი, 1933 |
დაბ. ადგილი | დებიცა, პოლონეთი |
გარდ. თარიღი | 29 მარტი, 2020 (86 წლის) |
გარდ. ადგილი | კრაკოვი |
ჟანრ(ებ)ი | მოდერნიზმი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, დირიჟორი |
აქტიური | 1959 - 2020 |
ხელმოწერა | |
საიტი | krzysztofpenderecki.eu |
კშიშტოფ პენდერეცკი ვიკისაწყობში |
დაიბადა დებიცაში, იურისტის ოჯახში. სწავლობდა მუსიკას იაგელონის უნივერსიტეტში და კრაკოვის მუსიკის აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ იქვე გაგრძელა საქმიანობა, როგორც პედაგოგმა, ხოლო საკომპოზიტორო კარიერა 1959 წელს, „ვარშავის შემოდგომის“ ფესტივალზე დაიწყო. პოპულარობა მოიპოვა მისმა გოდებამ ჰიროშიმას მსხვერპლთათვის სიმებიანი ორკესტრისთვის და საგუნდო ნაწარმოებმა ლუკას ვნებანი. მისი პირველი ოპერა, ლუდენის ეშმაკები თავიდანვე წარმატებული არ ყოფილა. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული პენდერეცკის საკომპოზიტორო სტილი შეიცვალა. მისი პირველი სავიოლინე კონცერტი პატარა სეკუნდის და ტრიტონის ინტერვალებზეა დამყარებული. საგუნდო ნაწარმოები პოლონური რექვიემი 1980-იან წლებში დაწერა და ჯერ 1993, ხოლო შემდეგ 2005 წელს განავრცო.
პენდერეცკის ბევრი პრესტიჟული ჯილდო ჰქონდა მიღებული, მათ შორის, Prix Italia 1967 და 1968 წლებში, ოთხი გრემი 1987, 1998 (ორჯერ) და 2017 წლებში, ვოლფის სახელოვნებო ჯილდო 1987 წელს და ლუისვილის უნივერსიტეტის გრავემაიერის ჯილდო მუსიკალური კომპოზიციისთვის 1992 წელს.[2] 2012 წელს The Guardian-ის შონ მაიკლსმა მას „პოლონეთის უდიდესი ცოცხალი კომპოზიტორი“ უწოდა.[3]
პენდერეცკი დაიბადა 1933 წლის 23 ნოემბერს, დებიცაში, ზოფია და თადეუშ პენდერეცკის ოჯახში. პენდერეცკის პაპა, რობერტ ბერგერი, რომელიც ნიჭიერი მხატვარი იყო, მისი დაბადების დროს ადგილობრივი ბანკის დირექტორად მუშაობდა. რობერტის მამა, იოჰანი, მე-19 საუკუნის შუა წლებში ჩამოსახლებულიყო ბრესლაუდან (ამჟამინდელი ვროცლავი).[4] ბებია წარმოშობით ირანელი სომეხი იყო,[5] ისპაჰანიდან. პენდერეცკი მასთან ერთად კრაკოვის სომხური ეკლესიაში დადიოდა ხოლმე.[6] პენდერეცკი უმცროსი შვილი იყო. მისი და, ბარბარა, მაღაროს ინჟინერზე იყო დაქორწინებული, ხოლო ძმა, იანუში, სამართალსა და მედიცინას სწავლობდა. თადეუში მევიოლინე იყო და ფორტეპიანოზეც უკრავდა.[4]
1939 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და პენდერეცკის ოჯახს სახლის დატოვება მოუხდა, რადგან მასში კვების სამინისტრო უნდა განთავსებულიყო. ომის შემდეგ, 1946 წლიდან, პენდერეცკი გრამატიკის სკოლაში შევიდა. იმავე პერიოდში დაიწყო ვიოლინოს შესწავლა სტანისლავ დარლაკთან, რომელიც დებიცას სამხედრო ორკესტრის ხელმძღვანელი იყო და ომის შემდეგ ადგილობრივი მუსიკალური საზოგადოებისთვის ორკესტრიც ჩამოაყალიბა.[7] სკოლის დამთავრების შემდეგ (1951) პენდერეცკი კრაკოვში გადავიდა და იაგელონის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა.[7] ვიოლინოს სწავლობდა სტანისლავ ტავროშევიჩთან, ხოლო მუსიკის თეორიას ფრანციშეკ სკოლიშევსკისთან.[8] 1954 წელს დაიწყო სწავლა კრაკოვის მუსიკის აკადემიაში. ვიოლინოს კურსი პირველივე წელს დასრულა და შემდგომი პერიოდი მთლიანად კომპოზიციის შესწავლას დაუთმო. მისი მთავარი პედაგოგი იყო არტურ მალავსკი, კომპოზიტორი, რომელიც ცნობილი იყო საგუნდო და საორკესტრო მუსიკით, ასევე, კამერული ნაწარმოებებით და სიმღერებით. მალავსკის გარდაცვალების შემდეგ (1957) სწავლა სტანისლავ ვიეხოვიჩთან გაგრძელა, რომელიც, უმეტესწილად, საგუნდო ნაწარმოებებით იყო ცნობილი.[9] იმავე პერიოდში (1956), პოლონეთში სტალინიზმის ჩამოშლის შემდეგ, მკაცრი კულტურული ცენზურა შეწყდა და შემოქმედების ახალ ტალღას გაეხსნა გზა.[10]
კრაკოვის მუსიკის აკადემიის დასრულების შემდეგ (1958) პენდერეცკიმ იქვე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. მისი ადრეული ნაწარმოებები ანტონ ვებერნის, პიერ ბულეზის, აგრეთვე, იგორ სტრავინსკის გავლენას ამჟღავნებს. პირველი აღიარება 1959 წელს მოიპოვა, როცა ფესტივალზე „ვარშავის შემოდგომა“ მისი ნაწარმოებების პრემიერა შედგა. მათ შორის იყო სტროფები (Strophen), დავითის ფსალმუნები და გამოცხადებანი, თუმცა, ნაწარმოები, რომელმაც მას საერთაშორისო აღიარება მოიტანა, იყო გოდება ჰიროშიმას მსვერპლთათვის (1960), რომელიც 52 სიმებიანი ინსტრუმენტისთვის იყო დაწერილი. მასში ბევრი არატრადიციული დაკვრის ტექნიკაა გამოყენებული, ბევრია ახლებური ტექსტურები და ჰარმონია, მრავლადაა გამოყენებული ბგერითი კლასტერები. ნაწარმოების თავდაპირველი სახელი იყო 8' 37", თუმცა, მოგვიანებით ავტორმა გადაწყვიტა, იგი ჰიროშიმაში დაღუპულთათვის მიეძღვნა.[11]
მომდევნო წელს დაიწერა ფლუორესცენციები. მასში ორკესტრის შემადგენლობა ჩასაბერი ინსტრუმენტებითაა გაზრდილი, რასაც ემატება დასარტყამების უზარმაზარი სექცია (32 ინსტრუმენტი, 6 შემსრულებელი), სადაც შედის მექსიკური გუიროები, საბეჭდი მანქანები, გონგები და სხვა უჩვეულო ინსტრუმენტები. ნაწარმოები 1962 წლის დონაუეშინგენის თანამედროვე მუსიკის ფესტივალისთვის დაიწერა, სადაც მისი შესრულება პროვოკაციულად იქნა აღქმული და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პარტიტურაც კი რევოლუციურად გამოიყურებოდა: გრაფიკული ნოტაცია, რომელიც პენდერეცკიმ გამოიყენა, უარს ამბობდა სისტემებზე, დგამებზე და ნოტებზე და მასზე მუსიკა ცვალებადი ხაზების სახით იყო წარმოდგენილი.[10] მისი მისწრაფებები ამ პერიოდში ჯონ კეიჯის მსგავსი იყო: „ერთადერთი, რაც მაინტერესებს, არის ბგერის განთავისუფლება ყოველგვარი ტრადიციისგან.“[12] ამ მიმართულებით მისი მუშაობის კულმინაცია იყო De Natura Sonoris I, რომელიც ხშირად ითხოვს ორკესტრისგან არასტანდარტული საშემსრულებლო ხერხებით ახლებური ბგერებისა და ტემბრული შეფერილობის შექმნას. მისი გაგრძელება, De Natura Sonoris II 1971 წელს დაიწერა. აქ ორკესტრი შედარებით პატარაა, თუმცა მასში უფრო მეტი ელემენტია პოსტ-რომანტიზმიდან, ვიდრე მის წინამორბედში. ეს მაუწყებელი იყო პენდერეცკის მიერ ავანგარდის უარყოფისა 1970-იანი წლების შუაში, თუმცა, ორივე ნაწარმოებში არის დრამატული გლისანდოები, მკვრივი კლასტერები, ფლაჟოლეტები და უჩვეულო ინსტრუმენტების გამოყენება (მეორე ნაწილში, მაგალითად, მუსიკალური ხერხია გამოყენებული).
1968 წელს პენდერეცკიმ 1-ლი ხარისხის სახელმწიფო პრემია მიიღო.[13] პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის იუბილეზე (1974) კომანდორის ჯვარი[14] და პოლონეთის აღორძინების ორდენის რაინდის ჯვარი გადაეცა (1964).[15]
მასშტაბურმა ნაწარმოებმა ლუკას ვნებანი (1963–66) პენდერეცკის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ეს ღრმად რელიგიური ნაწარმოები ავანგარდულ მუსიკალურ ენაზე იყო დაწერილი კომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლურმა აუდიტორამ იგი საბჭოთა ხელისუფლებისთვის სილის გაწვნად აღიქვა. ნაწარმოებში არაერთი განსხვავებული მუსიკალური სტილის ხილვა შეიძლება. ექსპერიმენტული ტექსტურები, რომლებიც მსგავსია გოდებაში გამოყენებული ტექსტურებისა, დაბალანსებულია ნაწარმოების ბაროკოსეული ფორმით და დროდადრო შედარებით ტრადიციული ჰარმონიისა და მელოდიის გამოყენებით. პენდერეცკი ნაწარმოებში სერიალიზმსაც იყენებს; ერთ-ერთი ბგერათრიგი შეიცავს BACH მოტივს, რომელიც ტრადიციულ და ექსპერიმენტულ ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს. Stabat Mater-ის სექცია, ნაწარმოების ბოლო ნაწილში უბრალო რე მაჟორული აკორდით სრულდება, იგივე ჟესტი განმეორებულია ნაწარმოების ბოლოსაც, რომელსაც ტრიუმფალური მი მაჟორი ამთავრებს. ტონალური ჰარმონია ნაწარმოებში მხოლოდ ამ სახითაა გამოყენებული და მსმენელისთვის ორივე შემთხვევა მოულოდნელია. ტონალური სამხმოვანებების ასეთი გამოყენება ნაწარმოების შესახებ დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.[16]
პენდერეცკი საეკლესიო მუსიკის წერას აგრძელებდა. 1970-იანი წლების დასაწყისში შექმნა Dies irae, Magnificat და Canticum Canticorum Salomonis გუნდისა და ორკესტრისთვის.[12]
1970-იანი წლების შუა წლებში, იელის უნივერსიტეტის მუსიკის სკოლაში პროფესორად მუშაობის დროს,[17] პენდერეცკის სტილში ცვლილებები დაიწყო. სავიოლინე კონცერტი №1 მკვრივ ბგერით კლასტერებს, რომლებთანაც პენდერეცკი ასოცირდებოდა, აღარ შეიცავს და დიდწილად ემყარება ორ მელოდიურ ინტერვალს: პატარა სეკუნდას და ტრიტონს. ეს მიმართულება გაგრძელდა მე-2 სიმფონიაშიც, რომელიც ჰარმონიულად და მელოდიურად საკმაოდ მარტივია. მასში ხშირადაა გამოყენებული მელოდია საშობაო სიმღერიდან Silent Night.
პენდერეცკიმ ამ ცვლილების ახსნისას განაცხადა, რომ მისი აზრით, ავანგარდული ექსპერიმენტები დასავლეთევროპული მუსიკისთვის დამახასიათებელ ექსპრესიულ, არაფორმალურ თვისებებს ზედმეტად გასცდა: „ავანგარდი უნივერსალურობის ილუზიას იძლეოდა. შტოკჰაუზენის, ნონოს, ბულეზის და კეიჯის მუსიკალური სამყარო ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის იყო, რომლებიც ჩაკეტილი ვიყავით სოციალური რეალიზმის ესთეტიკით, რაც მაშინ ოფიციალური კანონი იყო ჩვენს სახელმწიფოში, ეს იყო გათავისუფლება... თუმცა, მე საკმაოდ სწრაფად მივხვდი, რომ ეს სიახლე, ეს ექსპერიმენტები და ფორმალური სპეკულაცია უფრო დესტრუქციული იყო, ვიდრე კონსტრუქციული. მის პრომეთესეულ ძახილს უტოპიური ჟღერადობა ჰქონდა.“ პენდერეცკიმ, ასევე, დასძინა, რომ „ავანგარდის ფორმალისტური მახისგან ტრადიციასთან დაბრუნებამ იხსნა“.[12] პენდერცკის მცირე რაოდენობით კამერული მუსიკა აქვს შექმნილი, თუმცა, შედარებით მცირე ზომის ანსამბლებისთვის დაწერილ ნაწარმოებებს იგი მთელი კარიერის განმავლობაში ქმნიდა და მათში კარგად ჩანს კომპოზიტორის სტილში მომხდარი ცვლილებები.[18]
1980 წელს პოლონურმა სავაჭრო კავშირმა Solidarność შეუკვეთა ნაწარმოები, რომელიც უნდა შესრულებულიყო გდანსკის ნავსადგურზე ქანდაკების გახსნისას, რომელიც 1970 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მოკლულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. პასუხად, პენდერეცკიმ დაწერა Lacrimosa, რომელიც შემდგომ გააფართოვა და აქცია თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარნმოებად Polish Requiem (1980–84, 1993, 2005). მოგვიანებით, მან უფრო ტრადიციული ტონალური კონსტრუქციებისკენ გამოამჟღავნა მიდრეკილება, რაც კარგად ჩანს მის კონცერტში ჩელოსთვის და საგუნდო ნაწარმოებში Credo, რომლის საპრემიერო ჩანაწერმაც ორეგონის ბახის ფესტივალიდან (ნაწარმოების დამკვეთი) გრემის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო საგუნდო ჩანაწერის კატეგორიაში. იმავე წელს პენდერეცკიმ მოიპოვა ასტურიასის პრინცის პრემია ესპანეთში, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა, რაც ამ ქვეყანაში შეიძლება გადაეცეს ინდივიდს, გაერთიანებებს, ან ორგანიზაციებს მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ჰუმანიტარულ ან საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2001 წელს, ვალტერ ფინკის მიწვევით იმყოფებოდა რიენგაუს მუსიკის ფესტივალზე, კომპოზიტორის პორტრეტის განყოფილებაში. ჰელმუტ რილინგის 70 წლის იუბილეზე, 2003 წლის 29 მაისს კრედო იდირიჟორა.[19] 2005 წელს სეულის ეროვნული უნივერსიტეტის (კორეა), ხოლო 2006 წელს მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) საპატიო დოქტორის წოდება მიიღო. მისი მოსწავლეებიდან აღსანიშნავია ჩესტერ ბისკარდი და უოლტერ მეისი. თავისი 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად რიენგაუს მუსიკის ფესტივალზე (2008) თავისი სამი ნაწარმოები იდირიჟორა, მათ შორის, ჩაკონა პოლონური რექვიემიდან.[20]
პენდერეცკის პირველ მეუღლესთან, რომელიც პიანისტი იყო, ერთი ქალიშვილი ჰყავდა[21] ხოლო მეორე მეუღლესთან, ელიზბეტა პენდერეცკასთნ (ქალიშვილობის გვარით სოლეცკა), რომელზეც 1965 წელს დაქორწინდა, ვაჟი და ქალიშვილი.[22] იგი კრაკოვის გარეუბან ვოლა იუსტოვსკაში ცხოვრობდა. 2010 წელს დაიწყო მუშაობდა ჟან რასინის ფედრაზე დაფუძნებულ ოპერაზე, რომელიც 2014 წელს უნდა შესრულებულიყო, თუმცა ამ იდეის რეალიზება ვერ მოხერხდა,[23] აგრეთვე, გამოთქვა მე-9 სიმფონიის შექმნის სურვილი.[24] 2014 წელს, სომეხთა გენოციდის ასი წლისთავთან დაკავშირებით საგუნდო ნაწარმოები შეუკვეთეს.[6] 2018 წელს, კიევის მუსიკალური ფესტივალზე, პოლონეთის დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებით თავისი კრედო იდირიჟორა.[25]
პენდერეცკი 2020 წლის 29 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, კრაკოვში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.[26]
1979 წელს, ბიდგოშჩში, პომერანიის ფილარმონიის კომპოზიტორთა პორტრეტების გალერეაში პენდერეცკის ბრინჯაოს ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორიც იყო მარიან კონიეჩნი.[27] მისი მონუმენტი ასევე არის კელცეში, სკაუტების სკვერში (პოლ. Skwer Harcerski).[28]
ძირითადი სარტყელის ასტეროდი 21059 Penderecki მის სახელს ატარებს.[29]
პენდერეცკის შემოქმედება მოიცავს ოპერებს, სიმფონიებს, საგუნდო ნაწარმოებებს, ასევე, კამერულ და ინსრუმენტულ მუსიკას. ქვემოთ მოცემულია მისი ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალი.
პენდერეცკის ზოგიერთი ნაწარმოები ფილმების საუნდტრეკებშია გამოყენებული. ფილმში ეგზორცისტი (1973) გამოყენებულია მისი სიმებიანი კვარტეტი და კანონი ორკესტრისა და აუდიოჩანაწერისათვის, ფრაგმენტები მისი ჩელოს კონცერტიდან და ოპერიდან ლუდენის ეშმაკები. ჟურნალ The New Republic-ის ერთ-ერთი კრიტიკოსი ფილმის მიმოხილვაში წერს: „მუსიკაც კი უნაკლოა. უმეტესობა კშიშტოფ პენდერეცკის ეკუთვნის, რომელიც ბოლოს და ბოლოდ იქაა, სადაც მისი ადგილია.“[33] ფილმში ნათება (1980) გამოყენებულია პენდერეცკის ექვსი ნაწარმოები:[1] Utrenja II: Ewangelia, Utrenja II: Kanon Paschy, იაკობის სიზმარი, De Natura Sonoris I, De Natura Sonoris II და Polymorphia.[34] დევიდ ლინჩმა მისი მუსიკა გამოიყენა ფილმებში Wild at Heart (1990) და Inland Empire (2006), ასევე, სერიალში ტვინ პიქსი (2017). პიტერ უირის ფილმში Fearless (1993) კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული Polymorphia, სახელდობრ, თვითმფრინავის კატასტროფის დაძაბულ სცენაში, რომელიც მგზავრის (ჯეფ ბრიჯესი) პერსპექტივიდან არის ნაჩვენები. გოდება ჰიროშიმას მსხვერპლთათვის გამოყენებულია ბოლო სცენაში ფილმისა Children of Men (2006).[1] პენდერეცკიმ დაწერა მუსიკა ანჯეი ვაიდას ოსკარზე ნომინირებული ფილმისთვის კატინი (2007), ხოლო მარტინ სკორსეზეს ფილმში შეშლილთა კუნძული (2010) გამოყენებულია მისი მე-3 სიმფონია და ფლუორესცენციები.
პენდერეცკის ზოგიერთი ნაწარმოები აღმოჩნდა ინსპირაცია რედიოჰედის ჯონი გრინვუდისთვის იმ ალბომის შექმნისას, რომელიც, მოგვიანებით, საფუძვლად დაედო მისივე მუსიკას პოლ ტომას ანდერსონის ფილმისთვის და იქნება სისხლი (2007).[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.