ქალაქის ქამა, ან ორსაყელოიანი ქამა (ლათ. Agaricus bitorquis) — სოკოს სახეობა ქამასოკოს გვარისა, რომელიც გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში.

სწრაფი ფაქტები ქალაქის ქამა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ქალაქის ქამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Agaricus bitorquis (Quél.) Sacc., 1887
დაცვის სტატუსი
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090210
დახურვა

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. იზრდება ტყეებში, პარკებში, ბაღებში, ხშირად ქალაქის ქუჩებში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, გაზაფხულის ბოლოდან გვიან შემოდგომამდე. ზოგიერთ ქვეყანაში მისდევენ მის ხელოვნურად მოშენებას.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა ლუსიენ კელემ 1884 წელს როგორც Psalliota bitorquis. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა იატალიელმა მიკოლოგმა პიერ ანდრეა საკარდომ 1887 წელს.[1]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Psalliota bitorquis Quél., 1884 basionym
  • Pratella bitorquis (Quél.) Quél., 1888
  • Fungus bitorquis (Quél.) Kuntze, 1898
  • Agaricus campestris subsp. bitorquis (Quél.) Konrad & Maubl., 1926

და სხვ.

აღწერა

ქუდის დიამეტრი 3-15 სმ-მდე აღწევს, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრია, შემდეგ მრგვლად ამობურცული, შეკეცილი კიდეებით, სადა, სქელხორციანი, თეთრი ან მოჭუჭყისფრო-თეთრი, ზოგჯერ ზედაპირზე ახასიათებს ოდნავ შესამჩნევი ჟანგმიწისფერი ლაქები.

ჰიმენოფორი — ფირფიტოვანი, ფირფიტები ხშირი, ვარდისფერი, შემდეგ — მოყავისფრო-შოკოლადისფერი.

ფეხის სიგრძე 3—10 სმ-მდე აღწევს, სისქე — 2-4 სმ, ცილინდრული, ზედაპირი გლუვი, ზოგჯერ ძირში გასქელებული, თეთრი, ახასიათებს ორშრიანი საყელო. ზედა საყელო ყალიბდება კერძო საბურველის ნარჩენებით, ხოლო ქვედა საყელო — საერთო საბურველის ნარჩენებით.

რბილობი — თეთრი, გადატეხვისას ჯერ ვარდისფერდება, შემდეგ მუქდება, ნუშის სასიამოვნო სუნითა და თხილის გემოთი.[2]

სპორები — მურა, ელიფსისებური, გლუვი, 5-7X3,5-5 მკმ. ბაზიდიუმი — 20–25 x 6,5–8,5 მკმ, როგორც წესი ოთხსპორიანი, ან — ორსპორიანი.

გავრცელება

ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და ევროპაში.

საპროტროფია.[3] იზრდება ორგანულად მდიდარ ნიადაგზე ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, ტყეებში, პარკებში, ბაღებში, ხშირად ქალაქის ქუჩებში, შეუძლია ასფალტის ზედაპირის ამოტეხვაც კი.

სეზონი — გაზაფხულის ბოლოდან გვიან შემოდგომამდე.[4][5]

მსგავსი სახეობები

კვებითი ღირებულება

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, მოხარშული, შემწვარი, გაყინული. განასკუთრებით გემრიელია გამხმარი. ხმარობენ ხორციან სოუზებშიც.[6]

ველურ ბუნებაში მოკრეფილი ქალაქის ქამა, ხშირ შემთხვევაში, ქვიშითაა დაფარული. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იგი ადვილად შეიწოვს მძიმე ტოქსიკურ მეტალებს, განსაკუთრებით ტყვიას, ამიტომაც დაბინძურებულ გარემოში მისი მოკრეფვა არაა რეკომენდირებული.[7] შეიცავს 18-მდე ამინომჟავებს.[8]

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.