From Wikipedia, the free encyclopedia
a-ha — ნორვეგიული პოპ-ჯგუფი. იგი ნორვეგიის ყველა გაყიდვადი ჯგუფია, 78 მილიონი გაყიდული ალბომითა და სინგლით მსოფლიოს გარშემო (თითქმის თექვსმეტჯერ ნორვეგიის მოსახლეობა). ჯგუფმა პოპულარობა 1980-იანებში მოიპოვა, თუმცა კვლავ აქტუალური რჩებოდა 1990-იანებსა და 2000-იანებში. ტრიო, რომელშიც შედიოდნენ ვოკალისტი მორტენ ჰარკეტი, გიტარისტი პოლ ვოკტორ-სავოი და კლავიშისტი მაგნე ფურუჰოლმენი, 1982 წელს ჩამოყალიბდა და მუსიკალური კარიერის დასაწყებად ლონდონში ჩავიდა. მათ მუსიკოსის, პროდიუსერის და მომავალში მათი მენეჯერის ჯონ რეტკლიფის სტუდია აირჩიეს, ვინაიდან იქ მდგარი „კოსმოსური დამპყრობლების“ სათამაშო აპარატით დაინტერესდნენ. სახელი „A-ha“ აღებულია მათი ადრეული სიმღერიდან „Nothing To It“. სხვადასხვა ენის ლექსიკონების შემოწმების შემდეგ წევრებმა აღმოაჩინეს, რომ „a-ha“ პოზიტიური მნიშვნელობით რაღაცის ამოცნობის აღსანიშნავად გამოიყენებოდა, იგი მოკლე, ადვილად გამოსათქმელი და არაჩვეულებრივი იყო.
a-ha | |
---|---|
ჯგუფის კონცერტი მადრიდში (ესპანეთი), 2010 | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ოსლო, ნორვეგია |
ჟანრ(ებ)ი |
სინთპოპი ახალი ტალღა პოპ-როკი ალტერნატიული როკი |
აქტიური | 1982–1994, 1998–2011, 2015- |
ლეიბლ(ებ)ი |
Warner Bros. Polydor |
წევრები |
მორტენ ჰარკეტი მაგნე ფურუჰოლმენი პოლ ვოკტორ-სავოი |
საიტი | |
A-ha ვიკისაწყობში |
ტრიოში შედიოდნენ ვოკალისტი მორტენ ჰარკეტი, გიტარისტი პოლ სავოი (1994 წლამდე - პოლ ვოკტორი) და კლავიშისტი მაგნე ფურუჰოლმენი. ისინი ლონდონში ნორვეგიიდან 1982 წელს გადავიდნენ, მუსიკალურ ბიზნესში კარიერის გასაგრძელებლად.
ჯგუფის სახელწოდების შერჩევისას A-ha ამოირჩიეს ვაკტარის ინიციატივით - მის მიერ დაწერილი სიმღერის შთაგონებით. „საშინელი სიმღერა იყო, მაგრამ დიდებული სახელით.“ - ამბობდა მორტენი.[1]
მათ აირჩიეს სტუდია, პროდიუსერები და გაიცნეს მომავალი მენეჯერი, ჯონ რეტკლიფი. უკანასკნელმა ტრიოს გააცნო საკუთარი მენეჯერი - ტერი სლეიტერი. ამ ორმა ჩამოაყალიბა T.J. Management. რეტკლიფი მუშაობდა ტექნიკურ და მუსიკალურ ასპექტებთან, ხოლო სლეიტერი გახდა ჯგუფის საერთაშორისო მენეჯერი და ლოს-ანჯელესში მდებარე Warner Brothers-ის მთავარ ოფისთან დამაკავშირებელი პიროვნება.
სიმღერის „Take On Me“ ადრეული ვერსია იყო პირველი სიმღერა, რომელიც ჰარკეტს მაგნესგან და პოლისგან მოსმენილი ჰქონდა. მაშინ მას ჯერ კიდევ „The Juicy Fruit Song“ ეწოდებოდა. A-ha-მ ჩაწერისას მას „Lesson One“ უწოდა. მრავალი სესიის და გამოცემის შემდეგ, 1985 წელს სიმღერა მსოფლიო ჰიტად იქცა. სინგლის პირველ, 1984 წლის ვერსიას, ახლდა A-ha-ს ვიდეო, რომელშიც ტრიო მხოლოდ ლურჯ ფონზე ჩანდა. პროდიუსერ ალან ტერნის თანაშემწეობით ჩაიწერა სიმღერის მეორე ვერსია, თუმცა ჩარტში რომელიმე არ მოხვედრილა. ახალი მუსიკალური ვიდეოს დახმარებით სიმღერა Billboard Hot 100-ში, #1 პოზიციაზე მოხვდა, ხოლო ბრიტანეთში #2 იყო.[2][3] A-ha იქცა პირველ ნორვეგიულ ჯგუფად, რომელსაც აშშ-ში #1 სინგლი ჰქონდა. პოპულარობის შემდეგ Soul Train-ში (1985) გამოჩენით ჯგუფი იქცა ერთ-ერთ პირველ თეთრკანიან კოლექტივად, რომელიც შავკანიანების მუსიკაზე ორიენტირებულ ამ გადაცემაში მოხვდა.
ვიდეოში გამოყენებული იყო ფანქრით ნახატი როტოსკოპის ტექნიკა.[4] აშშ-ში 1986 წელს იგი MTV Video Awards-ზე რვა კატეგორიაში იყო ნომინირებული და გაიმარჯვა ექვსში - ეს იყო ორჯერ მეტი, ვიდრე მაიკლ ჯექსონის „Thriller-ის“ ჯილდოები. თუმცა, ამით MTV-ის ჯილდოები არ ამოწურულა. მეორე სინგლი „The Sun Always Shines on T.V.“ Billboard Hot 100-ში #20 პოზიციამდე ავიდა, ხოლო ჩარტში Radio & Records - #17-მდე. მისი რემიქსი საკლუბო ჰიტად იქცა და Hot Dance Singles Sales-ის ჩარტში #5 გახდა.[2] მისი მუსიკალური ვიდეოც პოპულარული იყო და ჯგუფს 1986 წლის MTV Video Music Awards-ზე ორი ჯილდო მოუტანა - ამრიგად A-ha-მ ორ წელიწადში 11 ნომინაცია და რვა ჯილდო მოაგროვა. შემდგომ წლებში, ჯილდოების კატეგორიების დამატებასთან ერთად, მხოლოდ რამდენიმე შემსრულებელმა მიაღწია ასეთ შედეგს და იგივე წარმატება ასეთ მცირე დროში არ ჰქონია.
A-ha-ს ამერიკული წარმატების კულმინაცია იქცა 1986 წელს გრემიზე, საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში წარდგენდა - თუმცა ჯილდო შადეის ერგო. ამასთან, „The Sun Always Shines on T.V.“ იქცა A-ha-ს უკანასკნელ სინგლად, რომელიც Hot 100-ის პირველ 40-ეულში მოხვდა. ამიტომ, დღემდე ჯგუფი აშშ-ში უფრო მეტად „Take On Me-ით“ ახსოვთ.[2] ამ ქვეყანაში ტრიოს, გარდა ამისა, ერთჰიტიან საოცრებას უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩარტში 2 სიმღერა ჰქონდა. ბრიტანეთში მათი წარმატება განსხვავდებოდა - „The Sun Always Shines on TV“ კიდევ უფრო დიდი ჰიტი გახდა, ვიდრე „Take On Me“ და მოხვდა ჩარტის #1 პოზიციაზე. ამ ქვეყანაში ჯგუფს აგრეთვე ჰქონდა ორი ჰიტი სადებიუტო ალბომიდან - „Train Of Thought“ და „Hunting High And Low“. 1980-იანების და 1990-იანების დასაწყისში A-ha ბრიტანეთში კვლავ პოპულარული იყო.
სადებიუტო ალბომი Hunting High and Low მსოფლიო ბესტსელერად იქცა და ოქტომბერსა და ნოემბერში მრავალი კვირა გაატარა Billboard-ის 200-ეულის საუკეთესო 20-ეულში. ჯგუფს მან და სინგლებმა საერთაშორისო აღიარება მოუპოვეს. ბრიტანეთში ალბომმა სამმაგი პლატინის სტატუსი შეიძინა, აგრეთვე რამდენიმე პლატინის სტატუსი მიიღო აშშ-სა და გერმანიაში, ხოლო ბრაზილიასა და ნიდერლანდებში - ოქრო.[5][6][7][8][9] Hunting High and Low მსოფლიო მასშტაბით 11 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.[10] აშშ-ში ალბომის მაქსიმალური პოზიცია #15 იყო, ხოლო ბრიტანეთში - #2. ნორვეგიაში იგი საუკეთესო ათეულში 38 კვირის, ხოლო #1 პოზიციაზე - 8 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.[2][3][11]
მეორე ალბომი, Scoundrel Days, გამოვიდა 1986 წლის საკონცერტო ტურნეს დროს და ალტერნატიული როკის ელემენტებს შეიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ მან კეთილგანწყობილი შეფასებები მიიღო და სამი სინგლი ჰიტად იქცა, ალბომი გაყიდვებით (6.4 მილიონი) წინამორბედს ჩამოუვარდებოდა (გარდა შვეიცარიისა, სადაც A-ha-ს ისტორიაში ბესტსელერად იქცა).[12] „Cry Wolf“ იყო ჯგუფის უკანასკნელი სინგლი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა. ალბომის გამოცემის შემდეგ ჩატარდა A-ha-ს ამერიკული ტურნე, რომელიც შემდეგი 20 წლის განმავლობაში მათთვის ამ ქვეყანაში უკანასკნელი იყო. ბრიტანეთში, შვეიცარიაში და ბრაზილიაში ალბომმა პლატინის, ხოლო გერმანიაში - ოქროს სტატუსები შეიძინა.[5][8][9][13] ნედ რეგეტი (AllMusic) ალბომს დადებითად აღწერდა და განსაკუთრებით აღნიშნავდა ორ სიმღერას.[14]
1988 წლის მაისში გამოვიდა მესამე ალბომი, Stay on These Roads, რომელიც ბრიტანეთში, ისევე, როგორც წინა ალბომი, მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა. ბრაზილიასა და საფრანგეთში მან პლატინის სტატუსები მიიღო, ხოლო შვეიცარიაში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და ნიდერლანდში - ოქრო.[5][8][8][9][12][15][16] ალბომში მოხვდა ჯეიმზ ბონდის სერიის ფილმის „ნაპერწკლები თვალებიდან“ თემატური სასათაურო სიმღერა, თუმცა ალბომის ვერსია წარმოადგენდა ფილმის და სინგლის ვერსიის ახალ ვარიანტს. „Stay on These Roads“ და „The Living Daylights“ შედიოდა ტრიოს საკონცერტო პროგრამაში. ალბომის გამოცემის შემდეგ დაიწყო მათი 74 ქალაქიანი ტურნე, ხოლო დისკი დროთა განმავლობაში 4.2 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.[13]
1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში ჯგუფი ძალიან პოპულარული იყო სამხრეთ ამერიკაში, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში, სადაც დიდ სტადიონებზე დასასწრები ბილეთები სრული რაოდენობით იყიდებოდა. 1991 წლის იანვარში, ფესტივალზე Rock in Rio II ჯგუფის გამოსვლას ესწრებოდა 198000 მსმენელი, რითაც ტრიო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა. შედარებისთვის, იმ პერიოდში ჯორჯ მაიკლის, პრინსის და Guns N' Roses-ის კონცერტებს დაახლოებით 60000 მსმენელი ესწრებოდა. წლების შემდეგ, Musicweek-თან 25 წლიან იუბილესთან დაკავშირებით საუბრისას ჯგუფის წევრები აღნიშნავდნენ, რომ ეს წარმატება მათთვის გამანადგურებელი იყო. მათი თქმით, MTV-ის სურდა კოლექტივის შესახებ რეპორტაჟის გაკეთება, მაგრამ ამის უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც ტრიო ნაწყენი დარჩა.[17]
East of the Sun, West of the Moon, შემდეგი ალბომი, შეიცავდა „Crying in the Rain-ს“, The Everly Brothers-ის 1963 წლის სიმღერის ქავერ ვერსიას. შვეიცარიაში, ბრაზილიასა და გერმანიაში მას ოქროს სტატუსი მიენიჭა, ხოლო ბრიტანეთში - ვერცხლი.[5][8][9][12] სტივენ მაკ-დონალდი (AllMusic) წერდა, რომ იგი იყო „ლამაზად შესრულებული სიმღერების კარგად შედგენილი კოლექცია, ბევრი ექოებით და სხვადასხვა იდეით.“ მსოფლიო მასშტაბით იგი 3.2 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.[13]
ჯგუფის დროებით დაშლამდე გამოცემული უკანასკნელი ალბომი იყო 1993 წლის Memorial Beach. იგი სხვა ალბომებთან შედარებით კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, ხოლო ნორვეგიის ფარგლებს გარეთ ჩარტში მხოლოდ სინგლი „Dark Is the Night“ მოხვდა (ბრიტანეთი - #19). Memorial Beach აგრეთვე ჯგუფის უკანასკნელი ალბომი იყო, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზეც დაიბეჭდა, სხვა ალბომები კი იმპორტირებული სახით იყიდებოდა. კომერციული წარუმატებლობის მიუხედავად, ჟურნალმა Q მას 1993 წლის 50 ალბომს შორის ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა.[18] მომდევნო წლის თებერვალში ნორვეგიაში გამართული 1994 წლის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში ჯგუფი ორი კონცერტით გამოვიდა. მათ მოჰყვა ტურნე სამხრეთ აფრიკასა და ნორვეგიაში. ტრიომ პარალიმპიური თამაშებისთვის აგრეთვე დაწერა სიმღერა „Shapes That Go Together“.
1994 წელს A-ha დაიშალა და ჯგუფის წევრები სოლო პროექტებზე მუშაობდნენ.[19]
1998 წელს ჯგუფი მიიწვიეს ნობელის პრემიის ცერემონიაზე გამოსასვლელად. ამ ღონისძიებისთვის პოლმა „Summer Moved On“ დაწერა.[20] აგრეთვე შესრულდა „The Sun Always Shines on TV.“ ამით A-ha მუსიკალურ სცენაზე დაბრუნდა, თუმცა ბრიტანეთში ნაჩვენები სატელევიზიო გადაცემიდან ამოიღეს ჯგუფის გამოსვლის ამსახველი კადრები. მიუხედავად იმისა, A-ha სტუდიას დაუბრუნდა და 2000 წელს გამოსცა ალბომი Minor Earth Major Sky, რასაც მოჰყვა საკონცერტო ტურნე, დაგვირგვინებული 24 და 25 მაისს ოსლოში გამოსვლით (რომელიც ვებკასტის სახით ინტერნეტში გადაიცა).[21] „I Wish I Cared-ისთვის“ შეიქმნა ანიმაციური ვიდეო, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი მთლიანად Flash ტექნოლოგიით შექმნილი ვებ-ვიდეო (მანამდე Duran Duran მსგავსი ვიდეო გამოუშვა სიმღერისთვის „Someone Else Not Me“).
ალბომს პლატინის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიოში გაიყიდა მისი 1.5 მილიონი ასლი. გამოვიდა ალბომის ოთხი სინგლი - „Summer Moved On“, „Minor Earth Major Sky“, „Velvet“ და „The Sun Never Shone That Day“. „Summer Moved On“ #1 პოზიციაზე მოხვდა 17 ქვეყნის ჩარტში. თუმცა, „Velvet-ის“ ვიდეომ მცირე სკანდალი გამოიწვია, როდესაც მასში ნაჩვენები კადრების გამო ჯგუფი ნეკროფილიაში დაადანაშაულეს.[22] პოლი ალბომის შესახებ ამბობდა: „დემო ძალიან სწრაფად და ინტუიციით ჩავწერეთ, სწორედ ამან მოგვიპოვა კონტრაქტი. მაგრამ შემდეგ ეტაპზე დავფიქრდით - ეს ნამდვილად ალბომი იყო? პანიკა არ გვქონია, უბრალოდ დამარგვირგვინებელი სამუშაო სჭირდებოდა. სინამდვილეში, სიმღერების ნაწილი ნიუ-იორკის სესიების შემდეგ არ შეგვიცვლია. ვფიქრობ, კარგად ვიმუშავეთ.“
2001 წელს ჯგუფი კვლავ გამოვიდა ნობელის ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე. ალბომი Lifelines 2002 წელს გამოიცა და ნორვეგიაში პლატინის სტატუსი მიიღო. საუკეთესო ხუთეულში ორი სინგლი მოხვდა - „Forever Not Yours“ და „Lifelines“. „Lifelines-ის“ რეჟისორი იყო ჯესპერ ჰირო. საკონცერტო ალბომი შემდგომი ტურნედან, How Can I Sleep with Your Voice in My Head, გამოვიდა 2003 წლის მარტში, რასაც წინ უსწრებდა 1986 წლის ჰიტის „The Sun Always Shines on TV“ საკონცერტო სინგლი. 2004 წელს გამოვიდა წიგნი „The Swing of Things“, რომელსაც ახლდა CD ადრეული მასალის დემო ვერსიებით. იმავე წელს A-ha-მ ოცწლიანი იუბილე აღნიშნა სინგლების კომპილაციის The Definitive Singles Collection 1984–2004 გამოცემით, რითაც ბრიტანეთის ოცეულში დაბრუნდა (#13 პოზიციით) და ბრიტანეთში ამ ალბომისთვის ოქროს სტატუსიც მიიღო.
2005 წლის 2 ივლისს ჯგუფი ბერლინში Live 8-ზე გამოვიდა. თავდაპირველად შესრულდა „Hunting High and Low“, შემდეგ - „Take On Me“, რომლის დროს მორტენს გაუჩნდა პრობლემები - ყურზე მიმაგრებული მონიტორი გაფუჭდა. ორწუთიანი შესვენება შვიდ წუთში გადაიზარდა, ამიტომ დასასრულს „Summer Moved On“ დაუკრეს, ოთხი სიმღერის მაგივრად (მათთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა).
2005 წლის 12 სექტემბერს ნიუ-იორკში, ირვინგ-პლაზაზე ჯგუფი გამოვიდა კონცერტით, რომლის ბილეთები სწრაფად გაიყიდა. ეს იყო A-ha-ს პირველი კონცერტი აშშ-ში, 1986 წლის შემდეგ, თუმცა 1993 წლიდან ამ ქვეყანაში მათი ალბომები არ გამოსულა. 2005 წლის 27 აგვისტოს ოსლოს ფროგნერ პარკში ჯგუფის კონცერტს 120000 მსმენელი დაესწრო - იმ დროისთვის ეს იყო ნორვეგიაში ყველაზე ხალხმრავალი კონცერტი.
2005 წლის 4 ნოემბერს გამოვიდა ჯგუფის მერვე სტუდიური ალბომი Analogue. 1988 წლის შემდეგ ჯგუფს ბრიტანეთის ჩარტში პირველად ჰქონდა საუკეთესო ათეულში მოხვედრილი ჰიტი - სასათაურო სიმღერა.[3] ალბომში ბეკ-ვოკალებს სიმღერებში „Over the Treetops“ და „Cosy Prisons“ გრემ ნეში (Crosby Stills & Nash) ასრულებს. სიმღერა „Celice“ იყო ჯგუფის რიგით მეცხრე #1 ჰიტი ნორვეგიის ჩარტში, თუმცა მის ვიდეოს აკრიტიკებდნენ სექსუალური შინაარსის გამო. ალბომის შემდგომ ტურნეში შედიოდა 2006 წლის 2 თებერვალს ლონდონის Shepherd's Bush-ში გამართული კონცერტი. კონცერტი აგრეთვე გაიმართა აფრიკაშიც და სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა. 2006 წელს ჯგუფმა ჯონ ლენონის „No. 9 Dream“ Amnesty International-ის კამპანიისთვის მოამზადა. იმავე წლის 30 ოქტომბერს ჯგუფმა მიიღო Q-ს პრესტიჟული ჯილდო მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2007 წლის 15 სექტემბერს გერმანიის ქალაქ კილში უფასო კონცერტი გაიმართა. ჯგუფი გამოვიდა ნავსადგურთან აგებულ მოცურავე სცენაზე. კონცერტი ინტერნეტში MSN-ის მიერ გადაიცემოდა.
2009 წლის 24 იანვარს, პირველად გამოცემიდან 25 წლის შემდეგ, A-ha-ს „Take On Me-სთვის“ გადაეცა ყველა დროის ჰიტის სიმბოლო - პრესტიჟული ნორვეგიული სპელემანის ჯილდო.
2008 წლის 20-22 მაისს მორტენი, მაგნე და პოლი გამოვიდნენ კონცერტებით ნორვეგიაში, სოლო მასალით, A-ha-ს სიმღერებით „Train of Thought“, „Take On Me“ და ორი ახლაი კომპოზიციით, „Riding the Crest“ და „Shadowside“, რომლებიც შეტანილი იქნებოდა ჯგუფის ახალ ალბომში, Foot of the Mountain. 24 მაისს ტრიო როიალ ალბერტ ჰოლის სცენაზეც გამოვიდა.
2009 წლის 24 აპრილს მოულოდნელად გამოვიდა ახალი სინგლი „Foot of the Mountain“, დასრულებული მხოლოდ წინა საღამოს. იგი ეფუძნება მაგნეს სიმღერას „The Longest Night“, რომელიც მის ალბომზე A Dot of Black in the Blue of Your Bliss გამოიცა. სინგლი გერმანიაში 22 მაისს გამოვიდა და ჯგუფმა მისი პრომოკამპანია დაიწყო Germany's Next Topmodel-ზე (კელნი) შესრულებით დაიწყო.
Foot of the Mountain, ჯგუფის მეცხრე სტუდიური ალბომი, 2009 წლის 19 ივნისს გამოვიდა. ამ ალბომით ტრიო დაუბრუნდა სინთპოპს, რომელიც ადრეულ ალბომში შეიმჩნეოდა, თუმცა სასათაურო სიმღერა ამ მიმართულებას არ იცავდა.[23] Foot of the Mountain პროდიუსერ სტივ ოსბორნის თანაშემწეობით ჩაიწერა. მაგნეს კიდევ ერთი სიმღერა, „What There Is“, ახალი ალბომისთვის ხელმეორედ ჩაიწერეს.
Foot of the Mountain გერმანიის ალბომების ჩარტში #1 პოზიციაზე მოხვდა[24], ხოლო ბრიტანეთში - #5 ადგილზე. ევროპული ალბომების გაყიდვების ჩარტში მას #8 ადგილი ეკავა. [3][25] 2010 წლის იანვარში Foot of the Mountain-ს გერმანიაში პლატინის სტატუსი მიენიჭა.[8]
„მე ვფიქრობ, უფრო მეტი კავშირი მაქვს Depeche Mode-თან (1980-იანების სხვა ჯგუფებთან შედარებით)“ - ამბობდა წარსულში მაგნე. Depeche Mode-ის „A Question of Lust“ A-ha-მ BBC Radio 2-ის ეთერში, დერმოტ ო'ლირის შოუში, 2000 წლის 25 ივლისს შეასრულა.[26]
2009 წლის 24 ივლისს ჯგუფი iTunes-ის ფესტივალის ჰედლაინერის სახით გამოვიდა.[27] კონცერტზე აგრეთვე გამოვიდნენ Simple Minds, Oasis, Snow Patrol, Franz Ferdinand, Kasabian და The Saturdays. ყველა გამოსვლა ჩაიწერა და iTunes-ზე გამოქვეყნდა ცალკე ალბომების სახით, გარდა მაღაზიის ნორვეგიული განყოფილებისა.
2009 წლის 15 ოქტომბერს ჯგუფმა განაცხადა, რომ 2010 წლის მსოფლიო ტურნეს შემდეგ დაიშლებოდა[19], გამართავდა რა უკანასკნელ კონცერტს 2010 წლის 4 დეკემბერს[28]. ბილეთების გაყიდვა შემდეგ ღეს დაიწყო, ხოლო ოსლოს კონცერტის ბილეთები პირველივე დღეს სრულად გაიყიდა.[29] 2009 წლის 19 ოქტომბერს ცნობილი გახდა 3 დეკემბრისთვის დანიშნული მეორე გამოსამშვიდობებელი კონცერტის შესახებ.[19]
დაშლასთან დაკავშირებით აშშ-ში გამოვიდა კომპილაციური The Singles: 1984 – 2004 და პირველი ორი ალბომის დელუქს ვერსიები, ისევე, როგორც მესამე და უკანასკნელი კომპილაციური ალბომი, ახალი ცოცხალი DVD წიგნის The Swing of Things განახლებული ტირაჟი.[30] ახალი სინგლი „Butterfly, Butterfly“ გამოვიდა 2010 წლის 14 ივნისს, მოგვიანებით, 5 ივლისს კი — ხელმეორედ, ახალი, ორმაგი კომპილაციის 25 პრომოკამპანიის ფარგლებში.[31][32][33] ცნობილი გახდა, რომ ეს იქნებოდა ჯგუფის უკანასკნელი ჩანაწერი.
2010 წლის 6 ივლისს Hunting High and Low და Scoundrel Days აშშ-ში, Rhino Records-ზე დელუქს გამოცემების სახით გამოიცა. მათ ახლდა რემიქსები, B-მხარეები, დემო ვერსიები და ვრცელი ანოტაციები. პირველი ამ სახით მოხვდა Billboard-ის ინტერნეტ-გაყიდვების ჩარტების 34-ე, ხოლო მეორე — 36-ე პოზიციაზე.[34]
ფურუჰოლმენმა ჟურნალ Magasinet-თან საუბრისას აღნიშნა, რომ გულის პრობლემები ჰქონდა.[35] იმავე დღეს იგივე ინფორმაცია გამოაქვეყნა მუსიკალურმა ჟურნალამ Side-Line-მაც.
2011 წლის 5 მარტს ოსლოში გამართილ სპელემანის ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე გამოვიდა რამდენიმე ნორვეგიელი შემსრულებელი. მათ შეასრულეს A-ha-ს ჰიტი „The Sun Always Shines on TV“. ამ გამოსვლის შემდეგ A-ha-ს აღნიშნული ჯილდო გადაეცა, სიტყვებით „ისინი ჩვენი გმირები იყვნენ - ოდესღაც, ახლაც და სამუდამოდ.“[36]
A-ha-ს უკანასკნელი კონცერტები ოსლოში ჩაწერილი იყო 10 HD კამერის მიერ ციფრული აუდიო ჟღერადობით.[37] ცოცხალი Ending on a High Note Live, რომელიც შეადგინა ხმის ინჟინერმა ტობი ელინგტონმა, სხვადასხვა ფორმატით გამოვიდა 2011 წლის აპრილში. ერთდისკიანი გამოცემა შეიცავს 16 სიმღერას, ხოლო Blu-ray-ზე და DVD-ზე წარმოდგენილია 20 სიმღერა. მათ თან ახლავს დოკუმენტური ფილმიც.[38]
2011 წლის აპრილში გამოვიდა აღნიშნული DVD და ბოქს-სეტი Ending on a High Note - The Final Concert.[39][40] Blu-ray ვერსია გამოვიდა მხოლოდ 2011 წლის 11 აპრილს. [41]
2011 წლის 21 აგვისტოს ჯგუფი გამოვიდა ოსლოში და შეასრულა „Stay on These Roads“. კონცერტი ეძღვნებოდა ნორვეგიაში მომხდარ ტერაქტებს.[42]
ჯგუფის დაშლის შემდეგ გამოვიდა მორტენის ორი სტუდიური ალბომი, Out of My Hands (2012) and the და Brother (2014).
პოლმა გამოსცა ორი სიმღერა. პირველი იყო პროექტ Weathervane-ის სასათაურო სიმღერა, ხოლო მეორე - „Manmade Lake“, რომელიც A-ha-ს ალბომისთვის Foot of the Mountain იწერებოდა.[43]
2012 წელს მაგნემ შოუს The Voice – Norges beste stemme მენტორი გახდა. მისმა ტალანტმა მარტინ ჰალამ კონკურსში გაიმარჯვა და გამოსცა მაგნეს პროდიუსერობით ჩაწერილი ალბომი. 2014 წელს ფურუჰოლმენი ჩაერთო ნორვეგიული ფილმის „ხოჭოები“ პროექტში - კომპოზიტორის სახით.
2014 წლის ბოლოს გავრცელდა ჭორები ჯგუფის 2015 წელს გაერთიანების შესახებ, რაც მიეძღვნებოდა სინგლის „Take On Me“ იუბილეს. 2014 წელს ოსლოში გამართულ ფანების კონვენციაზე მენეჯერმა ჰარალდ ვილკმა განაცხადა, რომ ჯგუფის პირველი ხუთი ალბომი გამოვიდოდა გრამფირფიტებზე, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე ალბომი - დელუქს გამოცემების სახით.[44] 4 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი Rock in Rio-ზე, ამავე ღონისძიების ფარგლებში გამოსვლის იუბილეს აღსანიშნავად კვლავ დაუკრავდა.[45]
2015 წლის 21 მარტს დადასტურდა, რომ ჯგუფი წერდა ახალ სტუდიურ მასალას.[46] მათი მეათე ალბომი, Cast in Steel, გამოვიდა 2015 წლის 4 სექტემბერს.[47] ალბომის პირველი სინგლის „Under the Makeup“ მოსმენა შესაძლებელი გახდა 2015 წლის 3 ივლისს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.