Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეინ სეიმური (ინგლ. Jane Seymour; დ. 1508 — გ. 24 ოქტომბერი 1537) — ინგლისის დედოფალი 1536-1537 წლებში, როგორც ჰენრი VIII-ის მესამე ცოლი. მან ჩაანაცვლა მისი მეორე მეუღლე ენ ბოლეინი, რომელსაც 1536 წლის მაისში თავი მოჰკვეთეს. იგი დედოფალი მხოლოდ ერთი წლის მანძილზე იყო, რის შემდეგაც თავის პირველ მშობიარობას გადაჰყვა. მან ვაჟი გააჩინა, რომელიც შემდეგ ინგლისისა და ირლანდიის მეფე ედუარდ VI გახდა. იგი დაკრძალულია უინძორში.
ჯეინ სეიმური | |
---|---|
Jane Seymour | |
ჯეინ სეიმურის პორტრეტი, შექმნილია ჰანს ჰოლბეინის მიერ, ინახება ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში | |
ინგლისის დედოფალი | |
კორონაცია: | 4 ივნისი 1536 |
მმართ. დასაწყისი: | 30 მაისი 1536 |
მმართ. დასასრული: | 24 ოქტომბერი 1537 |
წინამორბედი: | ენ ბოლეინი |
მემკვიდრე: | ანა კლეველი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1508 |
გარდ. თარიღი: | 24 ოქტომბერი 1537 (28 წლის) |
დაკრძ. ადგილი: |
12 ნოემბერი 1537 უინძორი, ინგლისი |
მეუღლე: | ჰენრი VIII, ინგლისის მეფე |
შვილები: | ედუარდ VI, ინგლისის მეფე |
მამა: | ჯონ სეიმური |
დედა: | მარჯერი უენტვორთი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ჯეინი იყო სირ თომას სეიმურისა და მისი ცოლის, მარჯერი უენტვორთის ასული. იგი მათი 10 შვილიდან მეშვიდეა. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია, თუმცა მიიჩნევა, რომ იგი 1508 წელს დაიბადა დასავლეთ ინგლისში. მისი დედის ბაბუა იყო ინგლისის მეფე ედუარდ III-ის ვაჟი ლიონელ ანტვერპელი, კლარინსის პირველი ჰერცოგი. ამის გამო ის და მეფე ჰენრი VIII მეხუთე თაობის ბიძაშვილები გამოდიოდნენ. მისი დიდი ბებია ელისაბედ ჩეინი, რომელიც ხუთჯერ იყო გათხოვილი, გარდა ჯეინისა იყო ინგლისის დედოფლების ენ ბოლეინისა და კათრინ ჰოვარდის (ასევე ჰენრი VIII-ის ცოლები) ბებია.
ჯეინი არ იყო განათლებული, განსხვავებით ჰენრი VIII-ის პირველი ორი ცოლის - კატალინა არაგონელისა და ენ ბოლეინისაგან. მან იცოდა წერა-კითხვა, თუმცა უფრო მეტად ქარგვა და სხვა საოჯახო ხელსაქმეები იცოდა, რაც იმ დროში ქალისთვის უფრო საჭირო იყო ვიდრე განათლება. მისი ნაქარგები საოცრად ლამაზი და დახვეწილი იყო. მისი ნამუშევრებიდან რამდენიმე გადარჩა, რომელიც 1652 წელს გადაეცათ სეიმურების ოჯახს.
1532 წლიდან ჯეინი გახდა დედოფალ კატალინა არაგონელის ფრეილინა. მას შემდეგ რაც 1533 წელს კატალინა და ჰენრი გაცილდნენ, ჯეინი მისი ახალი ცოლის, დედოფალ ენ ბოლეინის ფრეილინა გახდა. ჰენრიმ სწორედ ენთან მსახურობის დროს შენიშნა ის, ენის სიკვდილით დასჯამდე 3 თვით ადრე.
განსხვავებით დედოფალ ენ ბოლეინისაგან, ჯეინი იყო ძალიან ნაზი, მშვიდი ბუნების და მეტად მგრძნობიარე ქალი, რაც ჰენრის ძალიან მოეწონა მასში, რომელიც ამ დროს უკვე გადაღლილი იყო ენის დაუმორჩილებელი და ჯიუტი ხასიათით. სამეფო კარის ქრონიკების მიხედვით ჯეინი მუდმივად დაძაბული და გულღია იყო, ასევე ვიგებთ, რომ ჰენრის პირველ ცოლებსა და სამეფო კარის სხვა ქალბატონებს სილამაზით ერთობ ჩამორჩებოდა. მიუხედავად გარეგნობისა მან თავისი საოცარი ხასიათით მოახერხა და თავად მეფესაც კი შეაყვარა თავი. იგი იყო ნაზი, მარტივად საკონტაქტო და ღვთისმოშიში ქალი, რაც დედოფლობისთვის ღირსეულ კანდიდატად აქცევდა. გარდა ამისა ჰენრის იმედი, ჰქონდა, რომ ჯეინი მას ვაჟს გაუჩენდა, რაც მისმა წინა ცოლებმა ვერ შეძლეს.
1536 წლის 19 მაისს ჰენრი VIII-მ ენ ბოლეინს ბრალი დასდო ღალატში და თავი მოჰკვეთა. მეორე დღეს, 20 მაისს ის და ჯეინ სეიმური დაინიშნენ. 1536 წლის 30 მაისს ლონდონის სამეფო სასახლეში ჰენრი და ჯეინი დაქორწინდნენ. მეფის ქორწილს 104 სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრო მთელი მსოფლიოდან. ამავე წლის 4 ივნისს ჯეინი ინგლისის დედოფლად აკურთხეს. ჯეინი საკმაოდ კეთილი და გულისხმიერი ქალი იყო. მან კარგად მიიღო ჰენრის ქალიშვილები მერი (რომელიც კატალინასთან ჰყავდა) და ელისაბედი (რომელიც ენისგან ჰყავდა), იგი მათზე კარგად ზრუნავდა და დედობრივ სითბოს არ აკლებდათ, რის გამოც მან კიდევ უფრო შეაყვარა თავი ჰენრისა და ინგლისელ ხალხს. როგორც დედოფალი, ჯეინი ძალიან მკაცრი და ფორმალური იყო, იგი დიდ ყურადღებას აქცევდა სამეფო კარზე წესების სრულ დაცვას. იგი განსაკუთრებით დაახლოვდა თავის გერ მერი ტიუდორთან. იგი ინგლისური წესების მოყვარული იყო, რის გამოც მან აკრძალა სამეფო კარზე ფრანგული მოდა, რომელიც ენ ბოლეინმა დაამკვიდრა. პოლიტიკურად ჯეინი ძალიან კონსერვატიული იყო. 1536 წლიდანვე იგი ინგლისის საშინაო პოლიტიკაში ჩაება. მან შეიწყალა კათოლიკე მომლოცველები, რომელთა დევნაც მიმდინარეობდა ინგლისში. თუმცა ჰენრის არ მოსწონდა პოლიტიკურად აქტიური ქალები (როგორიც ენ ბოლეინი იყო) ამიტომ ჯეინს ქვეყნის მართვაში ჩარევა აუკრძალა, მან კი მიუგო, რომ იქნებოდა მისი ერთგული და მორჩილი მსახური.
ჯეინმა დიდი ძალისხმევა მოანდომა, რათა მერის უფლებები აღედგინა სამეფო ტახტზე (ცხადია იმ ბავშვების შემდეგ რომლებსაც ჯეინი გააჩენდა). ჯეინმა იმდენს მიაღწია, რომ მერი ტახტის მემკვიდრე გახდა, იმ შემდთხვევაში თუ ჯეინს შვილები არ ეყოლებოდა, ან ისინი მცირეწლოვანნი ან უშვილოები დაიღუპებოდნენ. თუმცა მან ვერ შეძლო მერისა და ჰენრის ბოლომდე შერიგება. ჯეინი საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ს დახმარებას სთხოვდა, რომელიც მერი ტიუდორის დეიდაშვილი იყო. მერის მიერ ჯეინის მისამართით დაწერილი წერილები გვიჩვენებს, რომ იგი მისი მადლიერი იყო. თუმცა მერისა და ელისაბედს მემკვიდრეებად ჯერ კიდევ არ სცნობდნენ. ამას მხოლოდ ჰენრის მეექვსე ცოლმა, დედოფალმა ქეთრინ პარმა მიაღწია და ორივე გოგონა ტახტის მემვკიდრედ აცნობინა ჰენრის.
1537 წლის იანვარში ჯეინ სეიმური დაორსულდა. ზაფხულიდან იგი მოსწყდა საზოგადოებრივ ცხოვრებას და მშვიდი ცხოვრება დაიწყო. მან ორსულობის ბოლო თვეები ექიმებისა და ბებიაქალის გვერდით გაატარა. 1537 წლის სექტემბერში დედოფალი ექიმებთან ერთად ჰამპტონის სასახლეში გადავიდა. ამავე წლის 12 ოქტომბერს, შუადღის ორ საათზე ჯეინმა ვაჟი გააჩინა, სახელად ედუარდი, რომელიც მომავალში ინგლისის მეფე ედუარდ VI გახდა. დაბადებიდან სამ დღეში, 15 ოქტომბერს ედუარდი ჯეინის გარეშე მონათლეს. ნათლობას ესწრებოდნენ ჰენრის ქალიშვილები მერი და ელისაბედი.
ჯეინის მშობიარობა ნამდვილი კოშმარი იყო. იგი ბავშვს სამი დღე-ღამე აჩენდა, რაც იმის ბრალი იყო, რომ ბავშვი თავით კი არა ფეხებით გამოდიოდა და ექიმებს მისი მუცელშივე ხელით შემობრუნება მოუხდათ. ამან ბოლო მოუღო დედოფალს. ბავშვი სამ დღეში მონათლეს, რის შემდეგაც დაიწყო ჯეინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მშობიარობიდან ერთ კვირაში, 1537 წლის 24 ოქტომბერს ჯეინ სეიმური გარდაიცვალა, 28 წლის ასაკში. როგორც მემატიანეები გვამცნობენ ჯეინის გადარჩენის შანსი არსებობდა. როცა იგი მშობიარობდა ექიმებმა მეფეს ჰკითხეს დედოფალი გადაერჩინათ თუ ბავშვი, გულქვა ჰენრიმ კი მიუგო:
„გადაარჩინეთ ბავშვი, ქალს იმდენს ვიშოვი, რამდენჯერაც დამჭირდება“ |
ბავშვის გაჩენის შემდეგ ჯეინს ინფექცია შეეჭრა, დაეწყო საშინელი ციებ-ცხელება და მალევე გარდაიცვალა კიდეც.
ჯეინ სეიმური 1537 წლის 12 ნოემბერს წმინდა გიორგის სამლოცველოში, უინძორის სასახლეში დაკრძალეს. მის დაკრძალვას გლოვობდა მხოლოდ მისი გერი - მერი ტიუდორი. ჯეინი იყო ჰენრის ცოლებიდან ერთადერთი რომელიც ისე დაკრძალეს როგორც დედოფალი. აგრეთვე ცნობილია, რომ ცოლებიდან ჰენრის ყველაზე მეტად ჯეინი უყვარდა და ანდერძით დაიბარა, რომ მის გვერდით დაეკრძალათ.
მისი გარდაცვალებიდან 3 თვეში ჰენრიმ ცოლობა სთხოვა ფრანგ დიდგვაროვან მარია დე გიზს, რომელმაც მისი ცოლების ისტორიიდან გამომდინარე უარი უთხრა და ცოლად შოტლანდიის მეფეს გაჰყვა. ორი წლის შემდეგ იგი დაქორწინდა გერმანელ დიდგვაროვან ანა კლეველზე, რომელსაც ვერ გაუგო და რამდენიმე თვეში გასცილდა. ამის შემდეგ იგი მალევე დაქორწინდა კათრინ ჰოვარდზე, რომელსაც ერთ წელიწადში ისევე როგორც ენ ბოლეინს, ღალატის ბრალდება შეუთითხნეს და თავი მოჰკვეთეს. ამ ამბიდან მალევე იგი მეექვსედ, საბოლოოდ და ძალდატანებით დაქორწინდა ქეთრინ პარზე. 1547 წელს გარდაიცვალა თავად ჰენრი VIII, მეფე ედუარდ VI გახდა, რეგენტად ჯეინის ძმა თომას სეიმური დაინიშნა, რომელსაც ცოლად ქეთრინ პარი გაჰყვა, სწორედ ჰენრის უკანასკნელი ცოლი და ქვრივი. ედუარდი 1553 წელს გარდაიცვალა უშვილოდ, რის გამოც ტახტზე მერი I ტიუდორი ადის, რომელიც 1558 წელს ასევე უშვილოდ გარდაიცვალა, ტახტზე კი ავიდა ელისაბედ I, რომელიც 1603 წელს ასევე უშვილოდ გარდაიცვალა, ტახტი კი დარჩა მარია დე გიზისა და მისი მეუღლის შვილიშვილ ჯეიმზ I-ს.
წინამორბედი: ენ ბოლეინი |
ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 30 მაისი 1536 - 24 ოქტომბერი 1537 |
შემდეგი: ანა კლეველი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.