Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ხევი, წანარეთის ხევი — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე საქართველოში. თანამედროვე საქართველოს ტერიტორიული მოწყობით ხევი მოქცეულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში, რომლის ცენტრიც არის დაბა სტეფანწმინდა.
ხევი | |
---|---|
ჭაუხი | |
კუთხის ცენტრი | სტეფანწმინდა |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | 1 |
ფართობი | 1 090 |
მოსახლეობის რაოდენობა | 3795 |
მოსახლეობის სიმჭიდროვე | 3,48 |
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში | |
ხევი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე თერგის აუზში და მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს. ესაზღვრება ისტორიული რეგიონები: აღმოსავლეთით — ხევსურეთი, სამხრეთით — მთიულეთი, დასავლეთით — შიდა ქართლის მთიანეთი; ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის სუბიექტი ჩრდილოეთი ოსეთი. ხევის მთავარი მდინარეა თერგი, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის კალთაზე, ზილგახოხის მყინვარში.
ხევი ძველი დროიდან დასახლებული კუთხე იყო, რასაც მოწმობს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, ძვ.წ. VI-V საუკუნეებით დათარიღებული ყაზბეგის განძი.
თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ხევში იმოგზაურა ანდრია მოციქულმა, რომელმაც გერგეტში აღმართა ჯვარი.[1][2][3]1669 წლით დათარიღებულ სიგელში არსებული ჩანაწერის მიხედვით ხევში იქადაგა და ხევი მოაქცია წმინდა ნინომ.[4]
ხევი იგივეა, რაც ადრინდელი შუა საუკუნის წანარეთი. მატიანეში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ (IX საუკუნე) VI საუკუნის მოვლენების თხრობასთან დაკავშირებით მოხსენებულია „ხევი წანარეთისა“. VIII-IX საუკუნეებში წანარები აქტიურად მონაწილეობდნენ კახეთის სამთავროს წარმოქმნაში, მის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. წანარების კახეთში გადასახლების გამო თერგის ხეობის ზემო წელი მათგან დაიცალა. ამიტომ ფიქრობენ, რომ სახელწოდება „წანარეთი“ ხმარებიდან თანდათან გამოვიდა და ზოგადი სახელი ხევი იქცა მხარის საკუთარ სახელად. ამავდროულად წანარების სატომო სახელის ნაცვლად ჩნდება ტერმინი „მოხევე“.
დარიალის ხეობაში ძველთაგანვე გადიოდა ერთ-ერთი გზა, რომელიც ამიერკავკასიას (მათ შორის საქართველოს) აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიასა და კავკასიის გადაღმა მხარეებთან (საქართველოს სამხედრო გზა, დარიალის ხეობა). რეგიონის სამხედრო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა აქ სიმაგრეთა სისტემების არსებობა. საუკუნეების განმავლობაში ხევი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარეობდა, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც იგი არაგვის ერისთავებს ემორჩილებოდა (1620-იანი წლებიდან 1743 წლამდე, არაგვის საერისთავოს გაუქმებამდე). 1743 წელს ხევი მიმდებარე ტერიტორიებთან (თრუსოს ხეობა, მთიულეთი, გუდამაყარი) საუფლისწულო მამულებად გამოცხადდა და ერეკლე II-ის შვილების გამგებლობაში გადავიდა. XVIII საუკუნეში ხევი იყოფოდა სტეფანწინდის, სნოს, ფანშეტისა და მნის სამოურავოებად.
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ხევი დუშეთის მაზრაში მოექცა. მთიულეთის 1804 წლის აჯანყების დროს მოხევეები აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. 1917 წლისთვის ხევი 45 სასოფლო საზოგადოება იყო, აქედან 20 ქვემო ხევში, 25 კი ზემო ხევში. 1930 წელს დუშეთის მაზრა გაუქმდა და დაიყო რაიონებად. ხევი მოექცა ყაზბეგის რაიონის შემადგენლობაში.
1917 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერით ხევში ცხოვრობდნენ ქართველები და ოსები. ქვემო ხევში ცხოვრობდა 3763 ქართველი და 85 ოსი, ხოლო ზემო ხევში 724 ქართველი და 3855 ოსი.[5]
ხევში შემორჩენილია IX-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გარბანის წმინდა გიორგის ეკლესია, სიონის სამნავიანი ბაზილიკა, თრუსოს მთავარანგელოზის ეკლესია, სოფელ ახალციხის ბაზილიკა, ბეთლემის სამონასტრო კომპლექსი. გვიანდელი შუა საუკუნის საერო ნაგებობები: სნოს ციხე, არშის ციხე და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.