From Wikipedia, the free encyclopedia
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი — ტაძარი საქართველოში, ქალაქ წალენჯიხის განაპირას, შემაღლებულ გორაკზე, მდინარე ჭანისწყლის მარცხენა მხარეს. იყო ოდიშის სამთავროს მნიშვნელოვანი საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, დადიანთა საძვალე, XVII საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა ეპარქიის ცენტრს. წალენხიჯის ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლია.[1].
ტაძრის აგების შესახებ ისტორიული ცნობა არ მოიპოვება, მას არც სამშენებლო წარწერა გააჩნია. 1913 წელს ტაძარი შეისწავლა ექვთიმე თაყაიშვილმა და ის X-XI საუკუნეების ძეგლად მიიჩნია. XIV საუკუნეში ვამეყ I დადიანის ბრძანებით ტაძარს სამი მხრიდან ღია სვეტებიანი გალერეა მიაშენეს. უფრო მოგვიანებით გალერეის ჩრდილოეთის და სამხრეთის ნაწილები დადიანების სამარხ ეგვტერებად გადააკეთეს. ტაძარი მოხატულია XIV საუკუნეში. ცაიშის გულანში იხსენიება XVI საუკუნის II ნახევარში წალენჯიხის ტაძრის წინამძღვარი მათეოზი. ჯვარცმის ხატის წარწერა იხსენიებს XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე ტაძრის წინამძღვარ ელისე ჯაფარიძეს. XVII საუკუნის დასაწყისში ტაძრის წინამძღვარი იყო ზებედე, ხოლო მის შემდეგ იოანე. 1639 წელს ტაძარში იმყოფებოდნენ და წირვას დაესწრნენ რუსეთის ელჩები ოდიშის სამთავროში ფ. ელჩინი და პ. ზახარიევი. 1658-1662 წლებში ტაძრის წინამძრვარი იყო სვიმონ ჭილაძე. 1665 წელს წალენჯიხის ტაძარს ეწვია ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოსი.
XVII საუკუნის 40-იანი წლებიდან ლევან II დადიანის გადაწყვეტილებით წალენჯიხაში საეპისკოპოსო კათედრა დაფუძნდა. წალენჯიხის საეპისკოპოსო მოიცავდა ტერიტორიას ენგურსა და ხობისწყალს შორის. პირველი წალენჯიხელი ეპისკოპოსი იყო მიტროფანე ალავერდელი. მიტროფანე ალავერდელმა წალენჯიხაში მიიტანა ქეთევან დედოფლის ნაქონი ღვთისმშობლის ხატი. მისი ეპისკოპოსობის დროს ოდიშის სამთავროში მოღვაწეოდბნენ კათოლიკე მისიონერები, რომელთანაც მიტროფანე პოლემიკას აწარმოებდა სარწმუნოებრივ საკითხებზე. წალენჯიხის შემდეგი ეპისკოპოსები იყვნენ ევდემონ ჯაიანი, მაქსიმე მელიაძე, აბრამ წალენჯიხელი, ილარიონ წალენჯიხელი. XVII საუკუნის ბოლოს წალენჯიხის ეპისკოპოსი იყო ქრისტეფორე. წალენჯიხის საეპისკოპოსო გაუქმდა XVIII საუკუნეში.
1678 წელს ოდიშის სამთავრო და მათ შორის წალენჯიხის ტაძარი დაარბიეს აფხაზებმა. ტაძარი აღადგინა ვინმე გიორგიმ მეუღლე თათუასთან ერთად. 1762 წელს კაცია II დადიანმა წალენჯიხის ტაძარი მისი ყმა-მამულით სიგელით გადასცა დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში წალენჯიხის წინამძღვარი იყო პეტრიძე.
საბჭოთა დროს ტაძარი დაკეტილი იყო. ღმრთისმსახურება აღდგა 1988 წელს. 1988-89 წლებში წინამძღვრად მსახურობდა მღვდელი შალვა აფხაიძე. 1989-2005 წლებში წინამძღვრობდა დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაძრის წინამღვარია დეკანოზი ანდრია კემულარია.
ტაძარი ჩახაზული ჯვრის გეგმაზე აშენებული ცენტრალურ ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათის წახნაგებში ათი გრძელი, ვიწრო სარკმელია დატანებული. ტაძარი აშენებულია სამსაფეხურიან ფუნდამენტზე, მოპირკეთებულია თეთრი ქვის თლილი კვადრებით, რომელიც შემდეგ შელესილია. აღმოსავლეთით ტაძარს ნახევარწრიული შვერილი აბსიდი აქვს, რომლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნოა. აბსიდის ცენტრში გაჭრილია სამი თაღოვანი სარკმელი, ხოლო გვერდითა სათავსოებში თითო სარკმელია. სარკმლებს და კარს ჩუქურთმები არ ამშვენებს, ფასადიც სადაა.
ტაძარს შესასვლელი სამი მხრიდან აქვს, აქედან ცენტრალურია დასავლეთის შესასვლელი. ტაძრის შიგნით ვრცელი დარბაზია, რომლის გამყოფი თაღები ცენტრში მასიურ სვეტებს ეყრდნობა, დასავლეთით კი პილასტრებს. საკუთრხევლის წინ მიშენებულია ქვის ტახტი. ტაძარი შეიგნიდან მდიდარია ფრესკებით, ქართული და ბერძნული წარწერებით.
ტაძარს გარს გრძელი გალავანი აქვს შემოვლებული, რომელიც თავდაპირველად თლილი ქვით იყო ნაშენი, მაგრამ შემდგომ დანგრეულა. XIX საუკუნეში მის ნანგრევებზე უბრალო რიყის ქვის გალავანი გააკეთეს. გალავანში ჩრდილო-დასავლეთის მხარეს, კარიბჭესთან, ჩაშენებულია გვიანი შუა საუკუნეების ორსართულიანი ქვის სამრეკლო, რომლის პირველ სართულში ალაყაფის კარია. მეორე სართული გადახურულია და ღია თაღოვანია. გალავნის სამხრეთ მხარეს მიდგმულია მოზრდილი კოშკი, რომელიც სანახევროდ ჩამოშლილია.
გალავნის გარეთ დადიანის სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებია. დადიანთა სასახლის ქვედა სართული სვეტებზეა შემდგარი და თაღოვანია. ზედა სართული, რომელიც აღარ არსებობს, სავარაუდოდ, იყო ხის. ტაძრის დასავლეთით 40-45 მ სიგრძის გვირაბი იყო გაყვანილი, რომელიც დაზიანებული სახითაა შემორჩენილი.
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე, კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. აქვე იმარხებოდნენ ლიპარტიანების ადრეული დინასტიის წარმომადგენლები.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|წალენჯიხის საკათედრო ტაძარი}} |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
ლევან II დადიანის ეგვტერი ტაძრის დასავლეთ გალერეაში ეკლესიის მთავარი კარიბჭის სამხრეთით მდებარეობს. ეკვდერს ორი მხრიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, აქვს შესასვლელი. ეკვდერის სამხრეთ კედელზე სამეგრელოს მთავარი, ლევან II დადიანი, დედოფალი ნესტან დარეჯანი და მათი შვილებია გამოსახული. მთავარს და დედოფალს ხელში წალენჯიხის ტაძრის მოდელი უკავიათ. მის ქვემოთ კი ყმაწვილი, ლევანის ვაჟი, სავარაუდოდ ალექსანდრე დადიანი დგას.
დადიანის მეორე შვილი, უფრო სწორედ ქალიშვილი, დედოფალ ნესტან-დარეჯანის მარცხნივ დგას. ფრესკა ძალიან დაზიანებულია. აქ გამოსახულ პირი ზილიხან დადიანი უნდა იყოს. ფრესკაზე ყველაზე კარგად მთავრის გამოსახულებაა შემორჩენილი. იგი ძალიან მდიდრულადაა ჩაცმული, უამრავი ძვირფასი თვლით შემკული, მუზარადის მსგავსი ოქროს გვირგვინი ახურავს, ფერთა სიხასხასით და მორთულობის სიმდიდრით გამოირჩევა მოსასხამიც. ეს უფრო საიმპერატორო ტანსაცმელია, სადაც ყვავილფოთლოვანი ორნამენტი, თვალმარგალიტის სიუხვე, მეწამული ახალუხი, მთავრის განსაკუთრებულ სიმძლავრესა და გემოვნებაზე მიუთითებს.
ლევანს მარჯვენა ხელი ზეაღმართული აქვს, მარცხენაში მეუღლესთან ერთად ტაძარი უკავია. მთავრის სახე საოცრად მეტყველია, დიდრონი შავი თვალები, კარგად გამოკვეთილი წამწამები, ფართო წარბები, გრძელი ულვაში, სწორი ცხვირი, სწორად შეჭრილი შავი თმები და მარგალიტის საყურეები ძლიერი მმართველის საუკეთესო პორტრეტს ჰქმნის. ლევანის მსგავსად მდიდრულადაა ჩაცმული დედოფალიც, მის ტანსაცმელშიც ოქროსფერი და მეწამული დომინირებს, ნესტან - დარეჯანის გვირგვინი, მართალია მომცროა, თუმცა უხვადაა მორთული თვალმარგალიტით, გვირგვინს ორივე მხარეს ოქროთი შემკული ე.წ. სპარსული ბუმბულები ამშვენებს.
განსაკუთრებულ ყურადღებს იპყრობს დედოფლის ტანსაცმელზე გამოსახული გულსაკიდი, მისი მსგავსი ხელოვნების ნიმუში დღემდე ინახება დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსში. ეს ბაჯაღლოს გულსაკიდი კორცხელის მაცხოვრის ხატშია ჩასმული.
დადიანების ზემოთ ქრისტეა გამოსახული, რომელიც ოჯახს ორივე ხელით აკურთხებს, ქვემოთ კი 7 სტრიქონიანი მხედრული წარწერაა, რომელიც ძალიან ცუდად იკითხება. ეკვდერის დასავლეთ კედელზე, შემოსასვლელი კარის მარცხნივ, ქვედა რეგისტრში ახალგაზრდა მამაკაცია გამოსახული. მის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი წალენჯიხის ტაძრის აღწერილობისას არაფერს ამბობს. ახალგაზრდას პორტრეტს მხედრული და ნუსხური წარწერები ახლავს, მხედრული მთლიანად გადასულია, ასომთავრულიდან კი შემდეგი შინაარსის ამოკითხვა შევძელით: “ბატონის შვილი ერეკლე ხელმწიფისა მანუჩარისა… “
როგორც ირკვევა არა მარტო წარწერა, არამედ ფრესკაზეც გამოსახული პირი დღემდე უცნობი იყო ისტორიისათვის. მართალია წარწერა ბოლომდე ვერ განმარტავს ერეკლე დადიანის ვინაობას, მაგრამ უდაოა, რომ იგი სამეგრელოს მთავრის მანუჩარ I დადიანის (1582 – 1611) ძეა. ამას გამოსახული პირის ასაკი გვაფიქრებინებს, საყურადღებოა ისიც, რომ კედლის მეორე მხარეს მანუჩარის კიდევ ერთი შვილი მარიამ დადიანია გამოსახული.
ერეკლეს თავზე ფართო, მომრგვალებული მოყავისფრო მოწითალო ქუდი ახურავს, ახალგაზრდა იერით ძალიან ჰგავს ლევანს, მასავით გრძელი ცხვირი, ფართო წარბები და თვალები აქვს. თმებიც მთვარის მსგავსად სწორად შეუჭრია. ბატონიშვილის ტანსაცმელი სადაა, ახალაუხის გულისპირი და სახელოები კი თვალმარგალიტით უხვადაა შემკული. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კედლის მეორე მხარეს, შემოსასვლელი კარის მარჯვნივ, ლევანის და მარიამ დადიანია გამოსახული, შემორჩენილი ასომთავრული წარწერებიდან შემდეგი შინაარსის ამოკითხვა შევძელით: “ქრისტე შეიწყალე მარიამ ასული ხელმწიფისა”. ექვთიმე თაყაიშვილის დროს აქ სიტყვა `მანუჩარიც” იკითხებოდა (ექ. თაყაიშვილი ხელმწიფის გვერდით სახელ მანუჩარსაც კითხულობს).
წალენჯიხის ფრესკა მარიამ დადიანის ახალგაზრდობის პორტრეტს ინახავს. მარიამს თავზე ძვირფასი ბეწვითა და ე.წ. სპარსული ბუმბულით შემკული, თეთრი სამკუთხა ქუდი ახურავს, გრძელი შავი ნაწნავები მთელ ტანზე ჩამოშლია, მაღალი ყელი აქვს და მომრგვალებული სახე, მკვეთრადაა გამოყოფილი ლოყები, ნუშისმაგვარი თვალები და ფართო წარბები.
ბატონიშვილს მარჯვენა ხელი წითელი მოსასხამიდან გამოუყვია და ისე ზეაღუმართავს, რომ ხელისგული მოუჩანს. შიდა კაბის სახელოებს მარგალიტები, გულისპირს კი ყვავილთა ორნამენტები ამკობს.
ეკვდრის ჩრდილოეთ კედელზე შემოსასვლელი კარიდან მარჯვნივ გამოსახულია ქალისა და მამაკაცის პორტრეტი, ახალგაზრდა, უწვერო მამაკაცი მხარმარჯვნივ დგას, მას სახესთან შემდეგი შინაარსის წარწერა მიუყვება:
როსტომის გვერდით გვირგვინოსანი ქალბატონი დგას, ის დედოფალთ დედოფალი ელენეა. ელენეს მდიდრულად მორთული გვირგვინის ქვეშ მომწვანო ფერის მანდილი მოუჩანს, ოქროსფერი კაბა და წითელი მოსასხამი აცვია, ხელები გულისპირზე გაუშლია. დედოფალს მოგრძო და მკაცრი სახე აქვს, ნაკვთები ვარდისფერი, ფაქიზი მონასმებითაა გაკეთებული, მის მზერაში სიმშვიდე და სიდიადე გამოსჭვივის.
ჩრდილოეთ კედელზე, შესასვლელი კარის მარჯვნივ კიდევ ერთი პორტრეტია შემორჩენილი, ე. თაყაიშვილის მიერ წაკითხული წარწერიდან, გამოსახული პირის ვინაობა ადვილად ირკვევა: “ლიპარტიანი ბატონი გიორგი, ძმა ჴელმწიფისა მანუჩარისა, ბიძა დიდისა ჴელმწიფისა დადიანისა ლევანისა და ძე დიდისა ჴელმწიფისა ბატონისა მამია დადიანისა” ასე რომ, პორტრეტი სამეგრელოს ისტორიაში კარგად ცნობილი გიორგი ლიპარტიანს ეკუთვნის. ეს ის გიორგია ვინც 1611 – 1614 წლებში ლევან დადიანის რეგენტი გახდა, მისი ქალიშვილი თამარი ქართლის მეფის ლუარსაბ II – ის დედა იყო. თავად ლიპარტიანი ოდიშის სამთავროს მცირეწლოვანი ლევანის სახელით მართავდა, იგი მშვიდი პოლიტიკურის ხაზის გამტარებელი ხელისუფალი იყო და მისი ზეობის დროს რაიმე გართულებებს ადგილი არ ჰქონია. იგივეს ვერ ვიტყვით გიორგის პირად ცხოვრებაზე. მას სამი ცოლი ჰყოლია, პირველი დადიანის ასული ანა, მეორე ამილახვრის ქალი თაჯი და მესამე ჭილაძის ქალიშვილი ნესტან - დარეჯანი. სწორედ ამ უკანასკნელს გამიჯნურებია ძმისშვილი ახალგაზრდა ლევან II დადიანი. ლამაზი ქალი ყმაწვილ მთავარს უფრო შეეფერებოდა ვიდრე მოხუც ლიპარტიანს, ამიტომ ლევანმა ბიძას ცოლი წაართვა და მასზე 1622 წელს იქორწინა.
ძნელია ქართულ სინამდვილეში მოიძებნოს გიორგი ლიპარტიანის ფრესკასავით მეტყველი და რეალისტური პორტრეტი. ოდიშის პირველი ვეზირის ფიგურა ძლიერ წარმოსადეგია. მას მაღალი თეთრი ქუდი ახურავს, რომელზეც ჯვარედინად ოქროს ძეწკვებით ე.წ. სპარსული ბუმბულია დამაგრებული. თეთრი გრძელი მოსასხამის ოქროსფერ კიდეებსა და საყელოს უხვად ამკობს თვალმარგალიტი, ასეთივე მდიდრულია ვეზირის წითელი პერანგი. გიორგის ორივე ყურზე, მსხვილი მარგალიტებით მორთული ოქროს საყურეები უკეთია. მას ზეაწეული დიდი წარბები, ნუშისმაგვარი, საოცრად მეტყველი თვალები და ლამაზად შეჭრილი ულვაშები აქვს.
ეკვდერში ცენტრალური ადგილი ლევან დადიანის სამარხს უკავია. მას ფარავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოტანილი მარმარილოს მონაცისფრო-მოყვითალო ფილა, რომელიც სამხრეთ კედლის ძირშია მოთავსებული. ბიზანტიური საიმპერატორო ტახტის ფორმა აქვს და ოთხივე მხრიდან წნული ორნამენტითაა მორთული. ფილის ზომებია: სიგანე 210X102სმ. საფლავის ქვის მარცხენა ნაწილი ჩამტვრეულია, ასე რომ ფილა ამჟამად 5 ნაწილისაგან შედგება. მასზე დატანილი წარწერა 15 სტრიქონიანია. ასოები ამოღარულია ღრმა კვეთით; მოზრდილი ასოებით, რომელთა ზომა წარწერის დასაწყისსა და ბოლოში უფრო დიდია, ვიდრე შუაში. ლამაზი მხედრული ასოების სიმაღლე 7-4სმ-ია განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი, ქარაგმის ნიშანი ზეაღმართული ხაზი. წარწერა პირველად ექვთიმე თაყაიშვილმა გამოაქვეყნა, როგორც ჩანს მის დროს ტექსტი თავისუფლად იკითხებოდა, ამჟამად კი ფილის შუა ქვედა ნაწილი შელახულია, რადგან მასზე ბეტონის ხსნარი დაუსხიათ საბჭოთა პერიოდში, რის გამოც სიტყვები ამოვსებულია. აქ მხოლოდ რამდენიმე ასო “მე”, “ნა” განირჩევა. ჩანს სიტყვებიც “კარის” და `კაც”. ექვთიმე თაყაიშვილის პუბლიკაცია ამჟამად არსებული წარწერის შინაარსს მნიშვნელოვანწილად ავსებს, თუმცა გაპარულია რამდენიმე შეცდომა. წარწერას არ ერთვის ილუსტრაცია, ამიტომ მისი ხელახალი გამოქვეყნება ვფიქრობთ დაინტერესებული მკითხველისათვის საჭირო იქნება. “1. ქ: ძმანო: მამანო:. ნათესავნო:. ჩვენო:. ამ:. ჩვენის:. აკლდამისა:. და:. ეკუდრის:. საქმე:. ეს:. მოგახსე 2. ნოთ:. პირველად:. ჩვენის:. მამისა:. და:. პაპის:. ეკუდერი:. ეს:. წინა:. ეკუდერი:. იყო:. და:. სრულობით:. ჩვენი:. ნათესა 3. ვი:. ხელმწიფე:. ვინც :. გამოსულა:. ამ:. წინას:. ეკუდერში:. საფლაობდეს:. და:. ეს:. ჩვენი:. აშენებული:. ეკუდერი:. წინა:. კარის:. ბჭე:. და:. ცუდი:. ალაგი:. იყო:. და:. აწე:. ჩვენ:. 4. ხელმწიფემან:. დადიანმან:. ბატონმან:. ლევან:. ძემან:. დადიანის:. ბატონისა:. მანუჩარისამან:. და:. თანა:. მეცხედრემან:. ჩვენმან:. დედოფალმან:. ნესტან-დარე: 5. ჯან:. ასულმან:. ჭილაძისამან:. ეს:. კარის:. ბჭე:. ეკუდრად:. ავაშენეთ:. [ქვეშ:. ორი:.] ტა[ნი:.] აკლდამა:. გავაკეთეთ:. გამოღმა:. ჩვენი:. დასაწოლი:. ტახტი:. ვქენით:. 6. და:. გაღმა:. ჩვენის:. საბატონოს:. შვილის:. ალექსანდრისა:. და:. მისთ[ა:.] მეუღლეთა:. ძვალისა:. ჩასაყრელი:. არ:. გავაკეთეთ:. ამისთვის:. რომე:. ამას:. შემოგხვეწივართ:. 7. ყოველს:. ჩვენს:. გვარის:. კაცსა:. და:. ცოდვა:. და:. ბრალი:. შემო[გვიყრია:. რო]მე:. [ამ:. ერთსა:. მტკაველსა:. მი]წას:. არ:. შემოგვეცილოთ:. და:. ჩვენი:. ძვალები:. ამ:. ჩვენის:. გაკ 8. ეთებულის:. აკლდამიდაღმა:. არ:. შესძრათ:. [და:. არ:. აიღოთ:. ორი:. მარმარილოს:. ქვა:. გვაკლდა:. და:. კო]ნსტანტინეპოვლიდაღმა:. მოგვიტანინებია:. ერთზე:. დავწოლ:. 9 .ილ:. ვართ:. და:. მეორე:. გულზე:. წაგვიდგამს:. [აწე:. რამანც:. ძემან:. კაცისამან:. ანუ:. ჩემმან:.] გვარის:. კაცმან:. ამ:. [ჩვენის:.] ნასყიდის:. მარმარილოს:. ტახტიდაღმა:. 10. ჩვენი:. ძვალი:. შესძრა:. ჩვენი:. ძვალი:. [აიღო:. და:. ამ:. ტახტზე:. სხვა:. მკუდარი:. დაწვინო:. ჩვენიმც:. ცოდვა:. და:. ბ]რალი:. რომელმანც:. ჩვენის:. ძვალის:. შ 11. ეძრვა:. და:. ამ:. ტახტზე:. მკუდრის:. დაწოლ[ა:. მოინდომონ:. იმასამც:. აქუს:. და:. რომელიც:. მკუდარი:. ჩვენს:. მ]ეტი:. ამ:. მამრმარილოზე:. დასაფლაოთ:. იმა 12. სამც:. ეკითხვის:. და:. რომელმანც:. [ადამიანმა:. ძემან:. კაცისამან:. ჩვენი:. ძვალი:. აქედამღა:. შესძრ]ას:. და:. აიღოს:. ჩვენადმცა:. მუქფად:. ის:. გა 13. ნიკითხვისა:. და:. ჩვენიმცა:. ცოდვ[ა:. აქუს:. მას:. და:. ჩვენთა:. ცოდვათა:. მიერ:. პასუხი:. და:. სასჯელი:. მიეხადოს:. მას:.] საშინელსა:. დღესა:. განკითხვისასა:. ხოლო:. ამა 14. ს:. ცხოვრებასა:. რისხვა:. ღ-თისა:. ულ[ხინებელი:. სიგლახაკე:. მოუთმენელი:. სიკუდილი:. უჟამო:. უდროო:. საკიც]ხელი:. და:. მტერთა:. მისთა:. მიერ:. სახარე: 15. ლ:. ქკსა:. სამას:. ოცდაოთხსა. (ე.ი 1654)
ლევან დადიანის და მისი მეუღლის განსასვენებელი, ეგვტერის იატაკქვეშ საგანგებოდ მოწყობილ აკლდამაშია მოთავსებული. მას პატარა გვირაბისებური ჩასასვლელი ეგვტერის დასავლეთი კარების წინა აქვს გაკეთებული. თავად აკლდამა მოზრდილ, მთლიანად ბნელ ოთახს წარმოადგენს, მისი კედლები სუფთად დამუშავებული დიდი ზომის ქვებითაა მოპირკეთებული. აკლდამის ჭერი ეგვტერის იატაკია, რომლის სამხრეთ მხარეს ზემოაღნიშნული წარწერიანი მარმარილოს ფილა დევს, როგორც ჩანს სწორედ მის ქვეშ იყო დაკრძალული სამეგრელოს დიდი მთავარი. მისი ნეშტი საგანგებოდ მომზადებულ მარმალიროს ტახტზე განისვენებდა (ამის შესახებ, მთავარი, წარწერაშიც იუწყება) დღეს ამ ფილის სამი დიდი ფრაგმენტია შემორჩენილი, ორი მათგანი აკლდამაშია მესამე კი ეგვტერში ინახება. ერთ-ერთზე კარგად განირჩევა გამოქანდაკებული სადგარი.
მანუჩარ დადიანის ეგვტერი ტაძრის სამხრეთით, კარიბჭის მარცხნივ მდებარეობს. მისი სახელწოდება გახდა ცნობილი, დიდ მეცნიერს აქ ეკვდრის ახალი კანკელი და მისი წარწერა უნახავს: “მცირედი ესე მთავარანგელოზისა ეგვტერი და სასაფლაო მთავრის დადიანისა ძის მანუჩარისა დავახატვინე საფასითა ჩემითა მოლოზანთ (მლთ) მოლოზანმა პეტრიძემ ჩყჲგ-ის იუნისსა კა დღესა.” მითითებული ქორონიკო 1863 წელს უდრის. ეკვდერი მთლიანად მოხატულია, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას დასავლეთის კედლის ფრესკები იქცევს. აქ ცენტრალური ადგილი ორი ქტიტორის პორტრეტს უკავია, მარჯვნივ დედოფალი, მარცხნივ კი გვირგვინოსანი მამაკაცი დგას. მათ შუაში შავი ასოებით შესრულებული ძლიერ დაზიანებული მხედრული წარწერაა მოთავსებული. “1. . . . . . . . . 2. . . . . . . . 3.ხელმწიფისა ალექ [სანდრეს] ა[სუ]ლი 4.[დ]ედოფალი ბატ [ო]ნ[ი] ნესტან [დარე]ჯ[ან] 5.[ე]ს მე:. დავახატვნე დედა: შ[ვილ]მან დად 6.იანმან:. ბატონმან:. ლევან:.”
გამოსახულ პირთა ვინაობის დადგენა საკმაოდ ადვილია. სამეგრელოს დედოფალი, ალექსანდრეს ასული ნესტან-დარეჯანი, ლევან II დადიანის დედაა, რომელიც კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ქალიშვილი იყო. ამდენად ფაქტია, რომ მის გვერდით მდგარი გვირგვინოსანი მამაკაცი, მეუღლე, სამეგრელოს მთავარი და ლევანის მამა მანუჩარ დადიანია. ცნობილია, რომ დედოფალი ნესტან-დარეჯანი შვილის, ლევანის მშობიარობას გადაჰყვა `უშვა ნესტან დადიანს მანუჩარს წული ლევან, არამედ შობასევ მოკვდა ნესტან-დარეჯანი” – აღნიშნულია ვახიშტი ბატონიშვილის თხზულებაში.
როგორც ჩანს გამთავრებულმა ლევანმა საკუთარი ეკვდრის მოწყობის შემდეგ, არც მშობლების განსასვენებელი დაივიწყა და ის განაახლა, სწორედ ამიტომ ჰგავს ძალიან კედლის ეს მხატვრობა ლევანის ეკვდრის ქტიტორთა პორტრეტებს. ჩვენის აზრით ამ შემთხვევაში ფრესკები ერთი და იგივე ავტორის ნახელავია, თუმცა ისიც არაა გამორიცხული, რომ აქ მანამდე მანუჩარისა და ნესტანის უფრო ძველი პორტრეტები არსებობდა, ამას მანუჩარის გამოსახულების გვერდით შემორჩენილი მამაკაცის ფიგურა გვაფიქრებინებს. იგი ცხადია, რომ სულ სხვა მხატვრის მიერაა შესრულებული და აქაური კედლის მხატვრობის I შრეს განეკუთვნება. სავარაუდოდ ლევანმა მშობლების პორტრეტები ძველ ფრესკას ხელახლა გადაახატა ან მანამდე არსებული სხვა ფიგურები საკუთარი მშობლების გამოსახულებით შეცვალა. სწორედ ამიტომაა წარწერაში საგანგებოდ აღნიშნული `დავახატვინე დედა შვილმან დადიანმან ბატონმან ლევან”-მაო. ეს ფრაზა ძლიერი მთავრის დედისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებასაც ავლენს. როგორც ჩანს დაობლებული შვილს იმ მშობლისადმი, რომელიც მის მშობიარობას გადაჰყვა, განსაკუთრებული მადლიერების დაფიქსირება სურდა.
მთავარი და დედოფალი საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილნი დგანან, ფერთა სიხასხასითა და ეფექტურობით მანუჩარ დადიანის პორტრეტი უფრო გამორჩეულია, მას ე.წ. აღმოსავლური ბუმბულით, უამრავი მარგალიტით, ფირუზითა და ლალით დამშვენებული გვირგვინი ახურავს. გვირგვინი თავისი შესრულების მანერით ძალიან ჰგავს ზაქარია ქვარიანის საკათალიკოსო მიტრას, აქაც წამახული სამყურა ორნამენტებისა და ძვირფასი თვლების სიმრავლეა. მთავარს წითელი ხასხასა მოსასხამი და თეთრი პერანგი აცვია. მოსასხამის საყელო, კიდეები და სახელოები ოქროსფერი ორნამენტებითა და მარგალიტებითაა შემკული. მანუჩარს წელზე ორი ქამარი უკეთია, ერთი ოქროსია და ის მოსასხამის შესაკრავის ფუნქციასაც ასრულებს, მეორე ნაჭრისაა და აღმოსავლურ სტილშია განასკვული. ორივე ზეაღმართული ხელი ქტიტორს მლოცველის პოზაში წარმოგვიდგენს.
მანუჩარის სახე საოცრად მეტყველია, მას ცოცხალი დიდი თავლები აქვს, მოკლე ულვაშები და პატარა სწორი ცხვირი. მთავარი აქ ასაკოვანია, რადგან მას ჭაღარა თმები აქვს, მათ ქვეშ კი ორი მარგალიტებით შემკული საყურეები მოუჩანს.
დედოფალ ნესტან-დარეჯანის გვირგვინი ისევე უხვადაა ორნამენტირებული და შემკული, როგორც მეუღლის მანუჩარ დადიანისა, მის თეთრ, ძვირფასი თვლებით მდიდრულად მორთულ მოსასხამს ოქროსფერი ყვავილ-ფოთლოვანი ორნამენტები ამკობს. მწვანე სადა კაბა კი ოქროს დიდი ქამრით შეუკრავს. თეთრი მანდილის ქვეშ ნაწნავები მოჩანს, რომელიც დედოფალს წელამდე სწვდება, მას ყელზე მსხვილი მარგალიტების ყელსაბამი, გულზე კი დიდი ოქროს გულსაკიდი უკეთია. ნესტანს მშვიდი და თბილი სახე აქვს, ნუშისმაგვარი თვალები და წარბები ფართო მონასმებითაა შესრულებული. ასე რომ, სახის ყოველი ნაკვთი მეტყველებს, რომ დედოფალი უდავოდ ძალიან ლამაზი ქალი იყო.
ყოველივე ზემოთქმული კარგად ცხადყოფს მანუჩარ დადიანის ეკვდრის დასავლეთი კედლის ფრესკის მნიშვნელობას, ის არა მარტო XVII საუკუნის ქართული მხატვრობის საუკეთესო ნიმუშია, არამედ მისი წყალობით საქართველოს ისტორიულ პირთა გალერეას კიდევ ორი საუკეთესო პორტრეტი შეემატა. მანუჩარ დადიანის გამოსახულების მარცხნივ, როგორც ავღნიშნეთ უფრო ძველ ფრესკაზე მამაკაცის პორტრეტი მოჩანს. მისი სახის მარჯვნივ შავი ასომთავრული ასოებით შემდეგი წარწერაა:“აფაქიძესა [შეუნდ]ვნეს ღმერთმან”.
ჩვენთვის ამ ისტორიული პირის ვინაობის დადგენა ძნელი აღმოჩენდა, მაგრამ ვფიქრობთ არაა გამორიცხული, რომ იგი მანუჩარ დადიანის კართან დაახლოებული პირი იყო. ამ მოსაზრების გამოთქმის უფლებას ფრესკის განლაგების ადგილი გვაძლევს. იგი მთავრის პორტრეტის მარცხნივაა მოთავსებული, საყურადღებოა ისიც, რომ მანუჩარისა და ნესტან-დარეჯანის ფრესკის ხელახლა მომხატველს ძველი პორტრეტი კი არ გადაუშლია, ან მასზე სხვა ვინმე კი არ გადაუხატავს (როგორც ეს ლევან დადიანის ეკვდერშია გაკეთებული), არამედ შეუნარჩუნებია და უფრო მეტი, ძველსა და ახალ მხატვრობას შორის გარკვეული ერთობლიობის შენარჩუნება უცდია, ფონისა და ჩარჩოების ერთმანეთთან შერწყმით.
აფაქიძის პორტრეტი, შესრულების მანერითა და მხატვრული სტილით განსაკუთრებულ მსგავსებას ავლენს ჭალის წმინდა გიორგის ეკლესიის ქტიტორის შერმაზინ აბაშიძის და ქორეთის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ქტიტორის გოდერძი წერეთლის XVI – XVII საუკუნეების პორტრეტებთან. ჩვენის აზრით წალენჯიხის მხატვრობის ეს ფენაც ამ პერიოდში, უფრო კონკრეტულად კი მანუჩარ I-ის ზეობის დროს (1582-1611) უნდა იყოს შესრულებული.
შემორჩენილი წარწერის თანახმად, ტაძრის ინტერიერი ვამეყ I დადიანის ბრძანებით მოხატეს. მისი დავალებით კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ ბერები მახარობელ ქვაბალია და ანდრონიკე გაბისულავა, რომლებმაც საგანგებოდ მოიწვიეს მხატვარი კირ მანუელ ევგენიკოსი. ეს მოხატულობა XIV საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი, ზუსტად დათარიღებული და მხატვრის მიერ ხელმოწერილი ნიმუშია. XVII საუკუნის შუა წლებში მხატვრობის დაზიანებული ადგილები განუახლებია ეპისკოპოს ევდემონ ჯაიანს,
ტაძრის ყველა შიდა კედელი მოხატულია. საკურთხეველში ღვთისმშობლის ფრესკაა, მარჯვნივ წმინდა პეტრე და მიქაელ მთავარანგელოზი უდგას, ხოლო მარცხნივ წმინდა პავლე და გაბრიელ მთავარანგელოზი. უფრო ზემოთ ამაღლების სცენაა განთავსებული, ხოლო მის ქვემოთ ლიტურგიის სცენა. კიდევ უფრო ქვემოთ ეკლესიის წმინდა მამების პორტრეტებია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ გამოსახულია ყრმა ქრისტე, რომელიც სარეცელზეა დაბრძანებული და ანგელოზებს მის თავზე სამწერობელი უკავიათ. სარკმლებს შუა იოანე ნათლისმცემლისა და სხვა წმინდანების ფრესკებია. დასავლეთ კედელზე გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინება. დასავლეთის კარების მარჯვნივ და მარცხნივ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები დიდი გრაგნილებით. ჩრდილოეთის კედლის დასავლეთ ნაწილშია ისტორიულ პირთა ფრესკები, მათ შორისაა ვამეყ I დადიანი და მისი ოჯახი. ეგვტრების სხვადასხვა დროის მოხატულობებში (XVI-XIX სს.) გამოირჩევა მრავალრიცხოვან საერო პირთა გამოსახულებები, მათ შორისაა ლევან II დადიანის საოჯახო პორტრეტი მისივე ეგვტერის სამხრეთ კედელზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.