Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
შმუელ იოსებ აგნონი (ებრ. שמואל יוסף עגנון; დ. 17 ივლისი, 1888, ბუჩაჩი, აღმოსავლეთ გალიცია — გ. 17 თებერვალი, 1970, იერუსალიმი) — ებრაელი მწერალი, ისრაელის ენის აკადემიის წევრი. 1966 წელს გერმანელ პოეტ ნელი ზაქსთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[17]
შმუელ აგნონი | |
---|---|
ებრ. שמואל יוסף עגנון | |
დაბადების თარიღი | 8 აგვისტო, 1887[1] |
დაბადების ადგილი | ბუჩაჩი[2] |
გარდაცვალების თარიღი | 17 თებერვალი, 1970[3] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | იერუსალიმი[2] |
დასაფლავებულია | Mount of Olives Jewish Cemetery[12] |
საქმიანობა | მწერალი[2] , რომანისტი[2] , პოეტი[2] და ნოველისტი |
ენა | ებრაული ენა და იდიში |
მოქალაქეობა |
გერმანიის იმპერია ვაიმარის რესპუბლიკა ბრიტანული მანდატი პალესტინაში ისრაელი Transleithania |
Magnum opus | Tel ou tel, The Bridal Canopy, Invité pour la Nuit, Those Were the Days, Une histoire simple, Days of Awe და Samuch ve-Nir'eh |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[2] [13] [14] , ბიალიკის პრემია[2] , ისრაელის პრემია[2] [15] , ბიალიკის პრემია[2] , ისრაელის პრემია[16] , ვაიცმანის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, იერუსალიმის საპატიო მოქალაქე და Newman Prize |
მეუღლე | Esther Agnon |
შვილ(ებ)ი | Emuna Yaron |
მწერლის შემოქმედება ასახავს კონფლიქტს ებრაულ ტრადიციებსა და თანამედროვე სამყაროს ღირებულებებს შორის და ტრადიციების გაქრობის პროცესს აღწერს. მის ლიტერატურულ ენას თანამედროვე და რაბინული ივრითის სინთეზი ქმნის.[18]
შმუელ აგნონი 1888 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ გალიციის ქალაქ ბუჩაჩში დაიბადა, რომელიც ამჟამად უკრაინის შემადგენლობაშია. მისი მამა, შალომ მორდეკაი ოფიციალურად რაბინი იყო, თუმცა ბეწვით ვაჭრობაში იყო ჩართული და ჰასიდ ებრაელებთან ჰქონდა კავშირი. აგნონს სკოლაში არ უსწავლია. მის განათლების პროცესს მშობლები ხელმძღვანელობდნენ.[19] რვა წლის ასაკში იგი უკვე ივრითსა და იდიშზე წერდა. პირველი ლექსი 15 წლის ასაკში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც აქტიურად წერდა და აქვეყნებდა ლექსებსა და მოთხრობებს.
1908 წელს აგნონი ქალაქ იაფაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ გამოქვეყნებული პირველი მოთხრობა „მიტოვებული ცოლები“ იყო, რომელიც 1910 წელს გერმანულ ენაზე ითარგმნა.
1913 წელს მწერალი გერმანიაში გადავიდა, სადაც ესტერ მარქსი გაიცნო, რომელიც 1920 წელს ცოლად შეირთო. წყვილს თანაცხოვრების პერიოდში ორი შვილი შეეძინა. აგნონს ლიტერატურულ საქმიანობაში მატერიალურად ხელს სალმან შოკერი, ბიზნესმენი და გამომცემელი უმართავდა. 1931 წლიდან აგნონის წიგნებს შოკერის გამომცემლობა აქვეყნებდა, ხოლო მისი მოთხრობები ჟურნალ Haaretz-ში იბეჭდებოდა, რომელსაც ასევე შოკერის ოჯახი ფლობდა. გერმანიაში ცხოვრების პერიოდში აგნონი ავსტრიელ ებრაელ მწერალთან, მარტინ ბუბერთან ერთად ჰასიდისტური მოთხრობების ანთოლოგიაზე მუშაობდა.
1924 წელს აგნონის სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ყველა მისი ხელნაწერი და წიგნი დაიწვა. ამ ტრაგიკულმა მოვლენამ მწერალზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, რაც მის მომდევნო პერიოდის მოთხრობებში აისახა. იმავე წელს აგნონი პალესტინაში დაბრუნდა და ოჯახთან ერთად იერუსალიმში დასახლდა. 1929 მწერლის ბიბლიოთეკა ანტისემიტმა მეამბოხეებმა გაანადგურეს.[20]
1931 წელს გამოქვეყნდა აგნონის რომანი „ქალის გათხოვება“, რომელმაც კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა.[21] მას მოჰყვა „უბრალო ამბავი“ 1935 წელს, რომელშიც მოქმედება XIX საუკუნის დასასრულს, ბუჩაჩში ხდება. მომდევნო რომანში „მხოლოდ გუშინ“, რომელიც 1945 წელს გამოქვეყნდა, მოქმედება XX საუკუნის დასაწყისში, ისრაელში ხდება.
შმუელ აგნონის შემოქმედება რეალისტურია. მისი მხატვრული სტილი ენათესავება ეროვნულ ფოლკლორს, შუა საუკუნეების დიდაქტიკურ ლიტერატურას და ზოგი თავისებურების მიხედვით, თანამედროვე ევროპული მწერლების შემოქმედებას. აგნონის ღრმად ფსიქოლოგიური ნაწარმოებების მთავარი გმირები ძირითადად უბრალო გალიციელი ებრაელები ან პალესტინის პირველი ებრაელი კოლონისტები არიან.
აგნონის შემოქმედება აქტიური აკადემიური კვლევის ობიექტია. ებრაული ლიტერატურის არაერთ წამყვან მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები მისი შემოქმედების შესახებ.
ნობელის პრემიის მიღებისას მწერალმა თქვა: „ჩემს წიგნებში ხშირად ხედავენ ისეთ მწერალთა გავლენას, რომელთა სახელებიც, ჩემდა სამწუხაროდ, არ გამიგია, ამასთანავე სხვანი ხედავენ პოეტთა გავლენას, რომელთა შესახებ მსმენია, თუმცა არ წამიკითხავს მათი ლექსები.“ აგნონმა თავისი ლიტერატურული გზის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ მის შემოქმედებაზე ყველაზე დიდი გავლენა ბიბლიამ,[22] გერმანულმა და ზოგადად, ევროპულა ლიტერატურამ მოახდინა, რომელსაც გერმანული თარგმანებით კითხულობდა. ამ თემაზე ესეების კოლექცია, რომლის შექმნაში წვლილი ებრაელმა და გერმანელმა მეცნიერებმა შეიტანეს, 2010 წელს გამოქვეყნდა სათაურით „აგნონი და გერმანია: გერმანული სამყარო შ. ი. აგნონის შემოქმედებაში“.
აგნონი ორჯერ გახდა ხაიმ ნახმან ბიალიკის სახელობის პრემიის ლაურეატი (1934[23] და 1950[23][24] წლებში). ასევე მას ორჯერ მიენიჭა ისრაელის პრემია ლიტერატურაში (1954[25] და 1958[26] წლებში).
1966 წელს აგნონმა ნელი ზაქსთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი ებრაელი ხალხის ცხოვრების მოტივებზე აგებული საფუძვლიანი და დამახასიათებელი თხრობის სტილისათვის“.[17]
აგნონი 1970 წლის 17 თებერვალს იერუსალიმში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრების გამოქვეყნება მისმა ქალიშვილმა, ემა იარონმა გააგრძელა. აგნონის ოჯახმა მწერლის არქივი იერუსალიმის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. მის სახლში სახლ-მუზეუმი გაიხსნა.[27] კაბინეტი, სადაც იგი თავის ნამუშევრებს ინახავდა, ხელუხლებლად დატოვეს.[28] იერუსალიმში ქუჩასა და სინაგოგას აგნონის სახელი ეწოდა. მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს მშობლიურ ქალაქშიც, ბუჩაჩში, სადაც მას მუზეუმი გაუხსნეს და ბიუსტი დაუდგეს, ხოლო ქუჩას, რომელზეც აგნონი ცხოვრობდა, მისი სახელი უწოდეს.
ისრაელში გაჩნდა ტერმინი — აგნოთერაპია, რაც ხანშიშესული ადამიანებისთვის მათი განცდების გამოხატვაში დახმარებას გულისხმობს.[29]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.