From Wikipedia, the free encyclopedia
ქართველთა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში,[1][2][3] იგივე ქართველთა გენოციდი აფხაზეთში — 1992-93 წლების აფხაზეთის ომის და 1998 წლის კონფლიქტის დროს, ეთნიკურ ქართველთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და იძულებითი გასახლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან. ძირითად შემთხვევებში ქართველთა გენოციდი განხორციელებული იყო აფხაზი სეპარატისტებისა და რუსი მოხალისეების მიერ. ამ დროს ასევე დაიღუპნენ სომეხი, ბერძენი, რუსი და აფხაზი მებრძოლები თუ მაცხოვრებლები. ეთნიკური წმენდის პროცესში დაახლოებით 200,000-დან 250,000-მდე ქართველი დევნილად იქცა საკუთარ სამშობლოში. ქართველების მიზანმიმართული ხოცვა და ეთნიკური წმენდა აღიარებულ იქნა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიერ 1994, 1996 და 1997 წლის კონვენციებზე, ბუდაპეშტის, ლისაბონისა და სტამბოლის სამიტებზე, სადაც დაიგმო ომის დანაშაულებანი ჩადენილი კონფლიქტის პროცესში. 2008 წლის 15 მაისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია A/RES/62/249 რომელშიც იგი „ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის ეთნიკური წმენდის შედეგად დაზარალებულთა ქონების შენარჩუნებას აფხაზეთში, და მოუწოდებს ყველა წევრ ქვეყანას არ დაუშვან მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ მოქალაქეთა მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქონების უკანონო მოპოვება“. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ასევე მიიღო რიგი რეზოლუციები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.