From Wikipedia, the free encyclopedia
ფარსმან სპარსი (აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი) — კონსტანტინე გამსახურდიას რომანის — „დიდოსტატის მარჯვენის“ ერთ-ერთი პერსონაჟი, რომანის დასაწყისში — მეფის ხუროთმოძღვართუხუცესი. მისი ნამდვილი ვინაობა და წარმოშობა გარშემომყოფთათვის უცნობია. ფარსმან სპარსი თავადვე შეირქვა, ტფილისის ობსერვატორიაში მოღვაწეობის დროს. ფარსმანი, გარდა ხუროთმოძღვრობისა, ჩინებულად ერკვევა ფოლადის წრთობაში, ვარსკვლავთმრიცხველობაში, არის სანადირო ქორ-მიმინოების მცნობი და ფლობს რამდენიმე ენას (ქართულს, არაბულს, თურქულს, სპარსულსა და ბერძნულს). იგი კარგად იცნობს ქრისტიანობას, იუდაიზმსა და მუსლიმანობასაც, მაგრამ, სინამდვილეში არცერთი რელიგიისა არ სწამს და უჩუმრად დასცინის კიდეც მათ. მისი ცხოვრებისეული მრწამსია ბავშვობაში გამზრდელის მიერ შთაგონებული „ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე, გარს შემოუარო“ და „არს კაცი ჭური თვითმოძრავი, სულისა ხელმწიფე“. ფარსმანის ურწმუნოება და მისი გარყვნილი ცხოვრების წესი აღაშფოთებს სამღვდელოებასა და დიდებულებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის აზნაურ ფანასკერტელის უწლოვან ქალიშვილს გააუპატიურებს. ამის გამო მისთვის სიკვდილი უნდა მიესაჯათ, მაგრამ ციხეების მშენებლობისა და „რკინათა და ძვალთა მკვეთელი“ ხმლების წრთობის საიდუმლოთა ცოდნის გამო მეფე იძულებული ხდება, მას სიცოცხლე შეუნარჩუნოს და მხოლოდ თანამდებობის ჩამორთმევას დააჯეროს.
რომანის ერთ ეპიზოდში ფარსმანი წარსულ ცხოვრებას იხსენებს. სინამდვილეში იგი არის ტაოელი აზნაურის, თუხარისის ციხის პატრონ სუმბატ ჩორჩანელის ვაჟის — ბაქარის შვილი. სუმბატი დავით კურაპალატმა სიკვდილით დასაჯა, რაკი მან ბაგრატ III-ის მორჩილებაზე უარი განაცხადა, ბაქარმა და ფარსმანმა კი გაქცევით უშველეს თავს. ამის შემდეგ ფარსმანმა დიდხანს იხეტიალა სხვადასხვა ქვეყანაში, გამოსცადა არაერთი ომი და ტყვეობა, დაეუფლა სხვადასხვა ცოდნას, სხვადასხვა დროს იდგა ხალიფა ალ-ჰაკიმის და ბიზანტიის იმპერატორის — ბასილი II-ის სამსახურში.
უკვე ასაკოვან ფარსმანს მშობლიური მხარე მოენატრა. ბაღდადის ხალიფამ ტფილისის ამირასთან გაგზავნა. იქ ფარსმანმა ობსერვატორია დააარსა, შემდეგ კი თუხარისში გაპარვა განიზრახა, მაგრამ, თბილისზე ბაგრატ III-ის ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მის რაზმს ჩაუვარდა ტყვედ და მას შემდეგ საქართველოს მეფეების სამსახურში აღმოჩნდა.
ნიჭიერი, ბევრის მცოდნე, მაგრამ უპრინციპო, ინტრიგანი, ცინიკოსი, გარყვნილი, ყველა ბატონის მსახური ფარსმანი რომანში უპირისპირდება ასევე ნიჭიერ და ამავდროულად, პატიოსან, პრინციპულ და გრძნობიერ კონსტანტინე არსაკიძეს. ავტორის სიტყვებით, ეს დაპირისპირება „გაგებულ უნდა იქნას, როგორც ერთგვარი ტეზა და ანტიტეზა რომანში“, ხოლო, ფარსმანი კრებითი განზოგადებაა „უსამშობლო კონდოტიერებისა“, რომლებიც არაერთხელ გამოჩენილან საქართველოს ისტორიის მანძილზე.[1]
ვახტანგ ტაბლიაშვილის 1970 წლის ფილმში ფარსმან სპარსის როლს აკაკი ვასაძე ასრულებს.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.