From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთი წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. აქ დაახლოებით 9480 მდინარეა, საიდანაც 379-ის სიგრძე 10 კილომეტრს აჭარბებს და 100-ზე მეტი ტბა, რომელთა ნაწილიც ზაფხულობით შრება; სომხეთს მთელი მისი არსებობის მანძილზე „მდინარეებისა და ტბების მიწას“ ეძახდნენ. სომხეთის ზედაპირული წყლების რაოდენობა 4,7 %-ს შეადგენს.
სომხეთის ზედაპირული წყლების მარაგი 7.7 მილიარდი მ³-ით ფასდება, მათ შორის 940 მილიონი მ³ დამატებითი ტრანსსასაზღვრო წყლებია[1].
სომხეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 9480 მცირე და დიდი მდინარე არსებობს, რომელთა საერთო სიგრძე 23000 კილომეტრია, ხოლო 379 მათგანის სიგრძე 10 კილომეტრს აჭარბებს. სომხეთში მიწისქვეშა წყლებით მოსაზრდოვე მდინარეებს განეკუთვნებიან: მეწამორი, შაქი, ლიჩქი, ზედაპირული — დებედა, აღსთაფა, ახუმი, მეღრი, ვოღჯი.
სომხეთის მდინარეები სამხრეთ კავკასიის ორი უდიდესი მდინარის არაქსისა და მტკვრის შენაკადებია. სომხეთის უდიდესი მდინარეა — არაქსი, რომელიც სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვარზე გაედინება. მისი მთავარი შენაკადებია — ახურიანი, ქასაღი, რაზდანი, აზატი, არფა, ვოროტანი და ვოღჯი. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე შედარებით დიდი მდინარეებია — დებედა და აღსთაფა, შედარებით მცირე — ძორაგეტი და ფამბაკი.
ამ ცხრილში მოცემულია სომხეთის ტერიტორიაზე გამდინარე 50 კილომეტრზე უფრო გრძელი მდინარეების სია:
სომხეთის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი მცირე ტბაა, რომელთა ნაწილიც მშრალ სეზონზე შრება. სიდიდითა და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ტბებია სევანი და არფი. დანარჩენ ტბებს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა აქვთ. ფართობის მიხედვით სომხეთის უდიდესი ტბაა სევანი, მას მოჰყვენიან არფილიჭი, სევლიჭი და აკნალიჭი.[3] სომხეთის ტბების წყლის რესურსების საერთო მარაგი 39,3 მილიარდი მ³-ით ფასდება.
ამ ცხრილში მოცემულია სომხეთის უდიდესი ტბების სია:
სომხეთში 74 წყალსაცავია, რომელთა საერთო მოცულობა 988 მილიონი მ³-ია. კიდევ 13 მშენებლობის პროცესშია. სომხეთის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი წყალსაცავია — ახურიანის, მისი მოცულობა 525 მილიონ მ³-ს შეადგენს. აღნიშნული წყალსაცავები გამოიყენება სარწყავად, ენერგეტიკაში, თევზჭერისა და რეკრეაციისთვის[4].
სომხეთის მიწისქვეშა წყლების მარაგი 4.017 მილიარდი მ³-ით ფასდება და არათანაბრად არის განაწილებული. დაახლოებით 70% არარატის ვაკისკენ მიედინება, რომელთა წყლის რესურსები 40-დან 300 მეტრ სიღრმეზე მდებარეობენ. სომხეთში მიწისქვეშა წყლები წყლის ბალანსის კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სომხეთის სასმელი წყლის დაახლოებით 96 %, მიწისქვეშა წყაროების შედეგად წარმოიქმნება. ეს წყალი ძალიან სუფთა და მაღალი ხარისხით ხასიათდება. წლის განმავლობაში წარმოიქმნება დაახლოებით 3 მილიარდი მ³ მიწისქვეშა წყალი, საიდანაც დაახლოებით 1,6 მილიარდი მ³ წყაროების სახით წარმოიქმნება, 1,4 მილიარდი მ³ ტბებისა და მდინარეების სახით გამოიყენება[5].
ქვემოთ მოცემულია სომხეთის ჩანჩქერებისა და მათი სიმაღლეების სია.
ჩანჩქერი | სომხური სახელი | მდინარე | სიმაღლე (მ) | პროვინცია |
---|---|---|---|---|
ქასაღის | Քասախի ջրվեժ | ქასაღი | 70 | არაგაწოტნი |
ჯერმუკის | Ջերմուկի ջրվեժ | ჯერმუკი | 68 | ვაიოცძორი |
ტრჩკანი | Թռչկան ջրվեժ | ჩიჩხანი | 25,5 | ლორე |
შაქის | Շաքիի ջրվեժ | შაქი | 18 | სიუნიქი |
წავის | Ծավի ջրվեժ | წავი | 15 | სიუნიქი |
შიკაჰოღის | Շիկահողի ջրվեժ | შიკაჰოღი | 10 | სიუნიქი[7] |
ხოსროვის | Խոսրովի ջրվեժ | გოხტი | 8 | კოტაიქი |
ლალვარის | Լալվարի ջրվեժ | ლალვარი | 8 | ლორე |
გეღაროტის | Գեղարոտի ջրվեժ | გეღაროტი | 6 | არაგაწოტნი |
ვოროტანის | Որոտանի ջրվեժ | ვოროტანი | 6 | სიუნიქი |
ჰერჰერის | Գերգերի ջրվեժ | ჰერჰერი | 6 | ვაიოცძორი |
ამასიის | Ամասիաի ջրվեժ | ამასია | 6 | შირაკი |
მანთაშის | Մանթաշի ջրվեժ | მანთაში | 5 | შირაკი |
ამბერდის | Ամբերդի ջրվեժ | ამბერდი | 4 | არაგაწოტნი |
აღსტევის | Աղստևի ջրվեժ | აღსტევი | 3 | ტავუში |
გეტიკვანქი | Գետիկվանք ջրվեժ | — | — | ვაიოცძორი |
ქარავაზი | Քարավազ ջրվեժ | — | — | ვაიოცძორი |
ქაპუნჯუხი | — | — | — | სიუნიქი |
შინუაირი | — | — | — | სიუნიქი |
აღვანი | — | — | — | სიუნიქი |
ვარდანიძორი | — | — | — | სიუნიქი |
აჯიბაჯი | — | — | — | სიუნიქი |
ფარავაძორი | — | — | — | სიუნიქი |
მდინარე არაქსის ხეობაში ბევრი დაჭაობებული ტერიტორიაა. სომხურ მხარეს აღსანიშნავია ხორ-ვირაპის ჭაობი, რომელიც მდინარე არაქსის ისტორიულ კალაპოტში მდებარეობს, ასევე მეწამორის ჭაობიანი სისტემა, რომელშიც შედის აიგრლიჭის ტბა, მდინარე სევჯური და მისი მიმდებარე ჭაობიანი ადგილები[8].
სომხეთის ტერიტორიაზე ჭაობები აგრეთვე გვხვდება ლორეს ქვაბულში[9], მასრიკის ვაკეზე.[9], სევანის ნახევარკუნძულიდან სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კილომეტრში[10], სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერ — ხორ-ვირაპის სიახლოვეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.