From Wikipedia, the free encyclopedia
პრესის თავისუფლება ან მედიის თავისუფლება — პრინციპი, რომელიც სხვადასხვა მედია საშუალებით — ბეჭდური და ელექტრონული მედია, განსაკუთრებით გამოქვეყნებული მასალებით — თავისუფლად კომუნიკაციას და გამოხატვის უფლებას გულისხმობს, რაც გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტ ჩარევას; მისი, როგორც უფლების, დაცვა შესაძლებელია განხორციელდეს კონსტიტუციით ან სხვა სამართლებრივი დოკუმენტით.
სახელმწიფო ინფორმაციასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მთავრობას შესაძლებლობა აქვს გამიჯნოს საჯარო და დაცული ინფორმაცია ერთმანეთისგან. მონაცემთა დაცვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შესაძლებელია ხორციელდებოდეს ორი მიზეზით — იგი შეიძლება შეიცავდეს სენსიტიურ ან საიდუმლო ინფორმაციას; ან ინფორმაციის გავრცელება ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფო ინტერესებს. ხშირად სახელმწიფო უწყებებს ექვემდებარება გამჭვრივალობის წესები ან კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო ინტერესის სფეროს განსაზღვრისთვის, რაც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს გამოითხოვონ ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო ფლობს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ნათქვამია: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა; ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად“.[1]
ჩვეულებისამებრ, აღნიშნული ფილოსოფიური სისტემა განმტკიცებულია საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევების, გამოქვეყნებისა და პრესის თავისუფლებას. სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემაში კონსტიტუციაზეა დამყარებული ის კანონმდებლობა, რომელიც იცავს პრესის თავისუფლებას. სიტყვის თავისუფლების კონცეფციას ხშირად ფარავს პრესის თავისუფლების დამცველი კანონები, რომლებიც უშუალოდ ეხება გამოხატვას სიტყვით ან გამოქვეყნებით. შვედეთი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც პრესის თავისუფლება კონსტიტუციით გაამყარა და მასში ასახა, პრესის თავისუფლების შესახებ 1766 წლის აქტის საფუძველზე.
პრესის თავისუფლება არ გულისხმობს ჩარევის შესაძლებლობის ან გარე სუბიექტების არარსებობას — მაგალითად, მთავრობა ან რელიგიური ორგანიზაციები. უფრო მეტიც, ავტორებს აქვთ უფლება მათი ნაშრომები სხვამ გამოაქვეყნოს.[2] აღნიშნული იდეა საუცხოოდ ჩამოაყალიბა მე-20 საუკუნის ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, ა. ჯ. ვაიმ, რომელიც ამბობდა: „პრესის თავისუფლება გარანტირებულია მხოლოდ მათთვის, ვინც ფლობს მას“.[2] პრესის თავისუფლება მბეჭდავსა და გამომცემელს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას — აირჩიოს რას დაბეჭდავს ან გამოსცემს, რაც, თავისთავად, გულისხმობს გამოცემაზე უარის თქმის შესაძლებლობასაც.[2] იმ შემთხვევაში, თუ ავტორი გამომცემლობასთან ვერ მიაღწევს ნებაყოფლობით შეთანხმებას საავტორო ნაწარმოების გამოცემაზე, ავტორმა უნდა თვითგამოცემის მეთოდს მიმართოს.
იურიდიული განსაზღვრებების მიღმა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ადგენს პრესის თავისუფლების დონეს მსოფლიოს ირგვლივ. ზოგიერთი მათგანი სუბიექტურ სიებს ქმნის, დანარჩენების კვლევები კი რაოდენობრივ ანალიზზეა დამყარებული:
ყოველწლიურად, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ადგენს ერთიან ჩამონათვალს, სადაც თავმოყრილია საქმიანობის გამო გარდაცვლილი და დაპატიმრებული ყველა ჟურნალისტის ბიოგრაფია. ყოველწლიურ ანგარიშში ინფორმაცია შესულია 1 დეკემბრის შუაღამის მდგომარეობით. 2017 წელს დაფიქსირდა საპყრობილეში მყოფი ჟურნალისტების რეკორდული რაოდენობა — 262. თურქეთში, ჩინეთში და ეგვიპტეში დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა მსოფლიოში პატიმარ ჟურნალისტთა ნახევარზე მეტს შეადგენს.[3]
როგორც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის 2019 წლის სპეციალური მოხსენებით ირკვევა, 2019 წელს დაახლოებით 25 ჟურნალისტი მოკლეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.[3] მათი ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 2002 წლის შემდეგ. წელს კი, სულ მცირე, 21 ჟურნალისტი მოკლეს, როდესაც ისინი რეპორტაჟს აკეთებდნენ.[4] ამავდროულად, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) საუბრობს 49 მკვლელობის შესახებ, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2003 წლის შემდეგ — მაშინ დაახლოებით 36 ჟურნალისტი მოკლეს. წამყვანი ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ ჟურნალისტების ცხოვრებაში არსებულ სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხეებზე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილ ჟურნალისტთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით აქტუალური თემა ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილე პირების დაუსჯელობის საკითხი გახდა. ამ მხრივ, საგულისხმოა ჟურნალისტ, ჯამალ ხაშოგის, მკვლელობა საუდის არაბეთში 2018 წლის ოქტომბერში და მალტელი ბლოგერის, დაფნა კარუანა გალიზიას, მკვლელობა 2017 წლის ოქტომბერში.[5]
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RWB) ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც სახელმწიფოები რანჟირებულია პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით. პრესის თავისუფლების ინდექსის ყოველწლიურ კვლევაში მონაწილეობენ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფები — RWB-ს პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმებული ჟურნალისტები, მკვლევრები, იურისტები, სამოქალაქო აქტივისტები. კითხვები ეხება პირდაპირი და ირიბი თავდასხმის ფაქტებს ჟურნალისტებსა და მედია საშუალებებზე. ასევე, არაპირდაპირ წყაროებს, რომლებიც მიმართული არიან პრესის თავისუფლების წინააღმდეგ — მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები და გაერთიანებები.
2020 წელს, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, პირველი ათი სახელმწიფო განლაგებულია შემდეგნაირად: ნორვეგია, ფინეთი, დანია, შვედეთი, ნიდერლანდები, იამაიკა, კოსტა რიკა, შვეიცარია, ახალი ზელანდია და პორტუგალია. სიის ბოლო ათ ადგილს კი ინაწილებენ — ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, ერიტრეა, ჩინეთი, ჯიბუტი, ვიეტნამი, სირია, ირანი, ლაოსი, კუბა და საუდის არაბეთი.[7]
თავისუფლების სახლი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელსაც ეწოდება „პრესის თავისუფლება“. ორგანიზაცია ქულების განსაზღვრისთვის იყენებს სხვადასხვა კრიტერიუმს — მათ შორის, პრესის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დონეებს. ამასთან ერთად, კვლევა ხორციელდება არა მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფოებში, არამედ სადავო ტერიტორიებზეც. „პრესის თავისუფლების“ რიცხვითი სკალა მერყეობს 1-დან (ყველაზე თავისუფალი) 100-მდე (ყველაზე ნაკლებად თავისუფალი) რიცხვებში. რიცხვითი მნიშვნელობების მიხედვით, არსებობს სამი კატეგორია — „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“, "არათავისუფალი".
2009 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, დანია და შვედეთი სიის სათავეში იყვნენ, ხოლო ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, მიანმარი, ლიბია და ერიტრეა ბოლოში.
თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის თეორია ჩამოყალიბდა ჯანსაღი და გამართული დემოკრატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვაკუთხედად.[9] ცენზურის არარსებობის შემთხვევაში, ჟურნალისტიკა თვალყურს ადევნებს როგორც კერძო, ასევე სამთავრობო საქმიანობას — აქტიურად ცდილობს ინფორმაციის გავრცელებას, რათა ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ინფორმირებულობას.[9] ამ თვალსაზრისით, „მთავრობის მცდელობები გავლენა მოახდინოს გამოქვეყნებულ ან ეთერში გასულ საინფორმაციო შინაარსზე, მედიის კონტროლის გზით ან თვითცენზურის შემოღებით, წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის და გავლენას ახდენს დემოკრატიის ხარისხზე“.[10] დამოუკიდებელი პრესა „ემსახურება პოლიტიკური ცოდნის, მონაწილეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდას“, როგორც სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი.
საერთაშორისო ორგანიზაციის — „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RWB) — მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის მესამედზე მეტი ცხოვრობს სახელმწიფოებში, სადაც არ არსებობს თავისუფალი პრესა.[11] უმეტესწილად, ეს ხალხი ცხოვრობს იმ სახელმწიფოებში, სადაც არ არის დემოკრატია ან დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვანი ხარვეზები გააჩნია.[12] პრესის თავისუფლება განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა არადემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, რადგან თანამედროვე ეპოქაში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად საფრთხის შემცველია მათთვის და მათთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმებისთვის. ამ მიზნით, არადემოკრატიული სახელმწიფოების უმეტესობა იყენებს სახელმწიფო საინფორმაციო პლატფორმებს, რათა ხელი შეუწყონ პროპაგანდას — მმართველი პოლიტიკური ძალის დარჩენას ქვეყნის სათავეში. ამასთან ერთად, დამოუკიდებელი ჟურნალისტის ან მედიის ყველა მცდელობის — მთავრობისთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელება, მთავრობის კრიტიკა და ა.შ — ჩახშობა სპეცსამსახურების მიერ (ხშირად პოლიციის, სამხედრო და საიდუმლო სამსახურების მიერ საკმაოდ უხეში მეთოდების გამოყენებით). ასეთ ქვეყნებში, ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობენ მიუკერძოებლად და თავისუფლად შეასრულონ სამსახურეობრივი მოვალეობები, ხშირად ხდებიან სახელმწიფოს საიდუმლო სამსახურების მიერ დაშინების ობიექტები. ეს შეიძლება იყოს მუქარა — სულ მცირე, პროფესიული კარიერის დასრულება (სამსახურიდან გათავისუფლება, პროფესიულ შავ სიაში მოხვედრა) ან, მეტიც, მძიმე დანაშაულებით დამუქრება — გატაცება, წამება, მკვლელობა.
ცენტრალურ, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპას აქვს სიტყვის, მათ შორის პრესის თავისუფლების ხანგრძლივი ტრადიცია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჰიუ ბეილიმ, [[აშშ|შეერთებული შტატების] გაერთიანებული პრესის სამსახურის პრეზიდენტმა, ხელი შეუწყო ახალი ამბების გავრცელების თავისუფლებას. 1944 წელს მან მოითხოვა ახალი ამბების წყაროების და გადაცემის ღია სისტემის შექმნა და ახალი ამბების მინიმალური რეგულირება. მისი წინადადებები გამოქვეყნდა ჟენევის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კონფერენციაზე 1948 წელს, მაგრამ საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის დელეგატებმა დაბლოკეს.[15]
მედიის თავისუფლება იმ ფუნდამენტურ უფლებათაგან ერთ-ერთია, რომელსაც იზიარებს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და მოქალაქე. იგი განსაზღვრულია ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ დეკლარაციაში.[16]:1 ევროკავშირის გაფართოების პროცესში, გარანტირებული მედიის თავისუფლება მიჩნეულია, როგორც „ქვეყნის მზაობის ძირითადი მაჩვენებელი ევროკავშირის წევრობისთვის“.[17]
New York Times-ის თანახმად, „ბრიტანეთს აქვს თავისუფალი, ცნობისმოყვარე პრესის ხანგრძლივი ტრადიცია“, მაგრამ „აშშ-ისგან განსხვავებით, ბრიტანეთს არ აქვს პრესის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტია.“ დიდ ბრიტანეთში პრესის თავისუფლება დამყარდა 1695 წელს, ალან რუსბიდგერი, The Guardian-ის ყოფილი რედაქტორი საუბრობს: „როდესაც ადამიანები საუბრობენ ჟურნალისტების ან გაზეთების ლიცენზირებაზე, ისინი უნდა ხელმძღვანელობდნენ ისტორიით. წაიკითხეთ, თუ როგორ გაუქმდა პრესის ლიცენზირება ბრიტანეთში 1695 წელს. გახსოვდეთ, თუ როგორ გახდა აქ მოპოვებული თავისუფლება მაგალითი დანარჩენი მსოფლიოსთვის და იცოდეთ, რომ მსოფლიო დღემდე გვაკვირდება თუ როგორ ვიცავთ ამ თავისუფლებებს“.[18]
1694 წლამდე დიდ ბრიტანეთს ლიცენზირების საკმაოდ დახვეწილი სისტემა ჰქონდა; უკანასკნელი დოკუმენტი, რომელიც აღწერს ამ სისტემას, პრესის ლიცენზირების შესახებ 1662 წლის აქტია. მთავრობის მიერ მინიჭებული ლიცენზიის გარეშე, დაუშვებელი იყო ნებისმიერი სახის პუბლიკაციის გამოქვეყნება. ორმოცდაათი წლით ადრე, სამოქალაქო ომის დროს, ჯონ მილტონმა დაწერა თავისი პამფლეტი — არეოპაგიტიკა (1644 წ.).[19] ამ ნაშრომში მილტონი ძალზე ეწინააღმდეგებოდა მთავრობის ცენზურის ამ ფორმას და პაროდირებას უწევდა იდეას, წერდა — „მოვალეებსა და დამნაშავეებს შეუძლიათ დადიოდნენ საზღვარგარეთ მცველის გარეშე, თუმცა უწყინარმა წიგნებმა ნაბიჯიც არ უნდა გადადგან სათაურში ხილული ბადრაგის გარეშე“. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ლიცენზირების პრაქტიკის შეჩერებამ მცირედი გააკეთა, მოგვიანებით იგი მნიშვნელოვან ეტაპად ჩაითვლა, როგორც პრესის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო დაცვა.[19]
მილტონის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ინდივიდს შეუძლია განასხვაოს სწორი და არასწორი, კარგი და ცუდი. იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ ამ უფლების გამოყენება, უნდა ჰქონდეთ შეუზღუდავი წვდომა თავისი თანამოაზრეების იდეებზე „თავისუფალ და ღია სივრცეში“. მილტონის ნაშრომებმა დიდი გავლენა იქონია ღია ბაზრის იდეის განვითარებაზე. მეტყველების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებით შეიზღუდა, იყო ცბიერი ცილისწამება. მაშინდელი კანონების მიხედვით, მთავრობის კრიტიკა დანაშაულად აღიქმებოდა. ინგლისის სასამართლოს ვარსკვლავის პალატის თანახმად, მთავრობის კრიტიკა აკრძალული იყო, ხოლო მეფე ყოველთვის საზოგადოების აზრზე მაღლა იდგა. სიმართლე ვერ იცავდა მას, ვისაც ცილი დასწამეს, რადგან მიზანი იყო მთავრობის ყველანაირი გმობის აღკვეთა და მგმობელთა დასჯა.
ლოკს დიდი წვლილი მიუძღვის ლიცენზირების კანონის გაუქმებაში 1695 წელს, რის შემდეგაც პრესას აღარ სჭირდებოდა ლიცენზია. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ხშირად ამოწმებდნენ ცილისწამების ფაქტებს, მანამ სანამ საზოგადოების უფლებათა ბილი არ გამოქვეყნდა ჯონ ჰორნ ტუკისა და ჯონ უილკსის მიერ, რომლებმაც საპარლამენტო დებატის გამოქვეყნებისთვის კამპანია მოაწყვეს. 1770 წელს მეფის ხელისუფლების სამი მარცხი — ალმონის, მილერისა და ვუდფალის შემთხვევებში, რომლებმაც გამოაქვეყნეს იუნიუსის წერილები — და 1771 წელს ჯონ უიბლის წარუმატებელი დაპატიმრება შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ კულმინაციად. ამის შემდეგ სამეფო კარი ბევრად უფრო ფრთხილად ეკიდებოდა ცილისწამების გამოყენებას; მაგალითად, პიტერლოოს ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ბურდეტი ნასამართლევი იყო, ხოლო იუნიუსის საქმე სატირასა და სარკაზმს უკავშირდებოდა მთავრობის არალეტალური ქცევისა და პოლიტიკის შესახებ.
ბრიტანეთის ამერიკის კოლონიებში, პირველმა რედაქტორებმა აღმოაჩინეს, რომ საზოგადოებას განსაკუთრებით მოსწონდა ადგილობრივი გუბერნატორების კრიტიკის კითხვა. ამის პარალელურად კი, გუბერნატორები მიხვდნენ, რომ მათ შეეძლოთ გაზეთების დახურვა. ყველაზე დრამატული დაპირისპირება მოხდა ნიუ-იორკში 1734 წელს, სადაც გუბერნატორმა სატირული თავდასხმების გამოქვეყნების გამო ჯონ პიტერ ზენგერი სისხლის სამართლის მიხედვით ცილისწამებისთვის გაასამართლა. ადვოკატების მტკიცებით, ინგლისის საერთო სამართლის თანახმად, ჭეშმარიტება ცილისწამებისგან დაცვა იყო. ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ზენგერი, რომელიც გახდა პრესის თავისუფლებისთვის მებრძოლი, გამორჩეული ამერიკელი გმირი. გუბერნატორის ქმედებამ ხელი შეუწყო მედიასა და მთავრობას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამწვავებას. 1760-იანი წლების შუა პერიოდში, 13 კოლონიაში კვირაში 24 გაზეთი გამოდიოდა, რის შედეგადაც მთავრობაზე სატირული თავდასხმები ამერიკული გაზეთების ყოველდღიურ მახასიათებლად იქცა.[20]
ჯონ სტიუარტ მილი თავის წიგნში „თავისუფლების შესახებ“, მე–19 საუკუნის უტილიტარის თვალსაზრისით, ძალაუფლებასა და თავისუფლებას შორის არსებული დაპირისპირების საკითხს შეეხო: ინდივიდს აქვს საკუთარი თავის გამოხატვის უფლება, მანამ სანამ იგი ზიანს არ მიაყენებს სხვა პირებს. კარგი საზოგადოება არის ის საზოგადოება, რომელშიც ყველაზე მეტი ადამიანი „სარგებლობს ბედნიერების მაქსიმალური რაოდენობით“. თავისუფლების ამ ზოგად პრინციპებზე დაყრდნობით, მილი აცხადებს, რომ თუ ჩვენ არ დავაფიქსირებთ მოსაზრებას, შესაძლოა არ ითქვას ჭეშმარიტება. შესაბამისად, ინდივიდუალური გამოხატვის თავისუფლება აუცილებელია საზოგადოების კეთილდღეობისთვის. მილი წერს:
მწერლისა და სატირიკოსის უილიამ ჰონი 1817 წლის დეკემბრის სასამართლო პროცესები სამი პოლიტიკური ბროშურის გამოსაქვეყნებლად მიიჩნევა თავისუფალი პრესისთვის ბრძოლის ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად.
1770 წლის 4 სექტემბრიდან 1771 წლის 7 ოქტომბრამდე დანია – ნორვეგიის სამეფოს ჰქონდა პრესის ყველაზე შეუზღუდავი თავისუფლება ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. იოჰან ფრიდრიხ სტრუენზემ ცენზურის მაშინდელი კანონები გააუქმა. იმის გამო, რომ გამოქვეყნებული, ძირითადად ანონიმური, ბროშურები, რომელიც კრიტიკული და ხშირად ცილისმწამებელი იყო თავად სტრუენსეს რეჟიმის მიმართ, გადაწყვიტა აღედგინა პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეზღუდვა ერთი წლის შემდეგ, 1771 წლის 7 ოქტომბერს. [22]
1933 წელს ნაცისტურ გერმანიაში პრეზიდენტ პაულ ფონ ჰინდენბურგის მიერ გაცემული „ცეცხლწაკიდების დეკრეტით“ მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრესის თავისუფლება. ჰიტლერის მმართველობისას, პრესის თავისუფლების შეზღუდვა იოზეფ გებელსის ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივი განმანათლებლობისა და პროპაგანდის სამინისტროს მეშვეობით ხორციელდებოდა.[23] სამინისტრო ითვლებოდა ერთგვარ ცენტრალურ საკონტროლო პუნქტად ნებისმიერი მედია საშუალებისთვის — იგი წყვეტდა სიუჟეტის გაშვება/მიჩქმალვის საკითხს. გებელსს მიაჩნდა, რომ ფილმებს შეეძლოთ აზრის, შეხედულებების შეცვლა. აქედან გამომდინარე, ყველას, ვინც კინოინდუსტრიაში იყო ჩართული — რეჟისორებიდან დაწყებული, ყველაზე დაბალი რანგის ასისტენტით დამთავრებული- დადებული ჰქონდა ნაცისტური პარტიისადმი ერთგულების ფიცი. თავად გებელსი აკონტროლებდა საზღვარგარეთ გადაღებულ იმ ფილმთა სიას, რომელთაც გერმანული მედია აშუქებდა. ჟურნალისტები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ პროპაგანდის სამინისტროს, ჩვეულებისამებრ ციხეში ხვდებოდნენ.
შვედეთი, 1766 წელს მიღებული კანონმდებლობით, გახდა ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც იცავდა პრესის თავისუფლებას. დოკუმენტის მიღების პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის პარლამენტის წევრ ოსტრობოტნელ მღვდელს, ანდერს ქიდენიუსს.[24][25][26][27] აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა ეკლესია და შვედეთის სამეფო კარი. კანონი გაუქმდა 1772 წელს, მეფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ და აღდგა 1809 წელს, როცა ჩამოაგდეს გუსტავ IV. აღნიშნული დოკუმენტი სრულად აღდგა 1840 წელს, როცა მეფეს ლიცენზიების გაუქმების უფლება ჩამოართვეს.
ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორებით ნათქვამია:
კონგრესის მიერ არ უნდა იქნას მიღებული არცერთი კანონი, რომელიც დააკანონებს რომელიმე რელიგიას, ან ხელს შეუშლის მის თავისუფალ აღმსარებლობას, რომელიც აღკვეთს სიტყვისა ან პრესის თავისუფლებას; ან წაართმევს ხალხს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და უფლებას პეტიციით მიმართოს მთავრობას, რათა მან დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები.
ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ვერ შეასრულა თავისი დანაპირები — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არ არსებობს თავისუფალი მედია. თავისუფლების სახლი (Freedom House) პრესის თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშში ჩინეთს მუდმივად აფასებს, როგორც „არა თავისუფალი“.[28] სხვა ავტორიტარული რეჟიმების მსგავსად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშიც მედიას მთავრობის სტრუქტურები აკონტროლებენ. ჩინური მედია კი კომუნისტური პარტიის პროპაგანდის განყოფილების დირექტივებსა და ინტენსიურ მონიტორინგს ექვემდებარება, რაც თავისთავად გულისხმობს ურჩი თანამშრომლების დასჯას. მაგალითად, 2008 წელს ITV News-ის ჟურნალისტი ჯონ რეი დააპატიმრეს, რომელიც ტიბეტის დამოუკიდებლობისადმი მოწყობილ საპროტესტო აქციას აშუქებდა.[29] პეკინის ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე, 2008 წელს, ტიბეტის საპროტესტო აქციებმა საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიქცია, რამაც სერიოზული ზეგავლენა მოახდინა ჩინეთის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ადგილობრივმა მედია პლატფორმებმა დრო იხელთეს და დაუპირისპირდნენ მთავრობას, რათა მეტი თავისუფლება მოეპოვებინათ: ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა კითხვა — „თუ კი ჩინელ ჟურნალისტებსაც კი არ აქვთ უფლება გააშუქონ ტიბეტში არსებული პრობლემები, როგორ შეიძლება უცხოელმა ჟურნალისტებმა იცოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოზიციების შესახებ კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით?“ უცხოელმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ შეზღუდულია მათი წვდომა კონკრეტულ ვებ-საიტებზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველის ორგანიზაციებისა.[30] მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობისას პრესის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშების მიხედვით, მათ შორის ჩინეთის უცხოელ კორესპონდენტთა კლუბის განცხადებით, ფიქსირდებოდა დაშინების, ძალადობის არაერთი ფაქტი.[31]
იმისდა მიუხედავად, რომ ჩინეთის სახელმწიფო განაგრძობს კონტროლს მედიასაშუალებებზე, საზოგადოების მხრიდან ადგილობრივი მედიის მხარდაჭერა საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. ბუნდოვანია, თუ რამდენად სჯერათ ჩინეთის მოქალაქეებს კომუნისტური პარტიის განცხადებებისა ან რომელ მედიაპლატფორმებს თვლიან ისინი სანდოდ. ბოლოდროინდელი კვლევა ჩინეთში მედიის თავისუფლების შესახებ, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შემდეგ, უფრო მეტად ორიენტირებულია მედიასაშუალებებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ცვლილების შესწავლაზე.
2012 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ჩინეთის მთავრობას მოუწოდა მოხსნას შეზღუდვები მედიასაშუალებებზე წვდომისთვის და დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ დამკვირვებლებს მისცეს ტიბეტის პირობების მონახულების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩინეთის მთავრობამ არ შეცვალა პოზიცია.[32]
RSF–ის 2007 წლის ანგარიშის თანახმად, პრესის თავისუფლების მაჩვენებლის მიხედვით ირანმა 169 ქვეყანას შორის 166-ე ადგილი დაიკავა. ირანელი ჟურნალისტების განცხადებით, მათ ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს უშლიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. ამასთან, ირანში შეუძლებელია ხელისუფლების გაკრიტიკება ან პოლიტიკური/სოციალური მოთხოვნების გამოხატვა.[33]
უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ირანის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა დაარბიეს ირანელი ჟურნალისტების სახლები და ოფისები, ეძებდნენ და ანადგურებდნენ მათ პირად ტექნიკას — კომპიუტერებს, ტელეფონებს, ჩანაწერებს და ა.შ. ამ ჟურნალისტებმა გამოავლინეს ირანის რეჟიმის სიცრუე. მათგან არაერთმა მიიღო გაფრთხილება ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც აიძულეს გაეთიშათ ანგარიშები Instagram-ში, Twitter-სა და Facebook-ში.[34]
2020 წლის 21 აპრილს ორგანიზაციამ — რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) — პრესის თავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგში განაცხადა, რომ პანდემია „ნათელს ჰფეს მრავალ კრიზისს“, რომელიც ხელს უშლის პრესის თავისუფლების განვითარებას მთელ მსოფლიოში — იგულისხმებოდა ავტორიტარული სახელმწიფოები, მათ შორის ირანი.[35]
RSF-მ ირანი დაადანაშაულა — კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და დამახინჯებაში, რის გამოც ირანმა სიაში 173-ე ადგილი დაიკავა.[35]
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის 2019 წლის მოხსენების მიხედვით, სულ მცირე 250 ჟურნალისტია დაკავებული თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული მიზეზებით. დოკუმეტში ნახსენებია, რომ ირანში დაპატიმრებულია 11 ჟურნალისტი, რომლებიც ირანში ბენზინის გაძვირებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. მოხსენებაში ერიტრეა, ვიეტნამი და ირანი დასახელებულია, როგორც „ჟურნალისტებისთვის ყველაზე ცუდი საპყრობილე“ ჩინეთის, თურქეთის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის შემდეგ. [36][37]
საერთაშორისო ორგანიზაციამ — „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ —, 2020 წლის 8 სექტემბერს გამოხატა შეშფოთება ირანში ჟურნალისტების დაკავებისა და რეპრესიების გაგრძელების გამო. „ადამიანის უფლებათა საბჭომ უნდა მიიღოს უფრო სერიოზული ზომები ჟურნალისტების დასაცავად“, — თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.[38]
2019 წლის ოქტომბერში პალესტინის მთავრობამ 59 ვებსაიტი დაბლოკა. მათი მტკიცებით, ისინი კრიტიკულად უყურებენ მთავრობას. მიჩნეული იყო, რომ დაბლოკილი არაბული და პალესტინური ვებ-გვერდები აქვეყნებდნენ მასალებს, რომელიც „საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას და სამოქალაქო მშვიდობას“. დაბლოკილ საიტთაგან ერთ-ერთი — Quds News Network აცხადებს, რომ ამ ნაბიჯმა ასახა პალესტინის ხელისუფლების მხრიდან პრესის რეპრესიები.[39]
პირველი ქართული ბეჭდური მედიასაშუალება, სახელწოდებით „საქართველოს გაზეთი“, 1819 წლის 21 მარტს გამოქვეყნდა. გაზეთში იბეჭდებოდა ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ბრძანებები და განკარგულებები, რუსეთისა და საქართველოს ამბები, მოთხრობები, ანეკდოტები და განცხადებები (მათ შორის ყმების გაყიდვის შესახებ), ასევე, ამბები უცხოეთის შესახებ.
1837 წლის 23 დეკემბერს იწყება ქართული ბეჭდური პრესის ცენზურის ისტორია — რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავარმმართებლის უწყება შეითავსებდა სტამბიდან გამომავალი წიგნების ცენზურას, ხოლო ცენზორებად თბილისის გიმნაზიის მასწავლებლები დაინიშნენ.
კავკასიის სასწავლო ოლქი (Кавказский учебный округ) დაარსდა 1848 წლის 18 დეკემბერს, რომელთან ერთადაც ჩამოყალიბდა კავკასიის ცენზურის კომიტეტიც (Кавказский цензурный комитет). კომიტეტი შედგებოდა ოთხი წევრისგან — სამი ცენზორი და თავმჯდომარე, რომელიც, ამასთან ერთად, იყო სასწავლო ოლქის ხელმძღვანელის მოადგილე. ადგილობრივ ბეჭდური გამოცემების, გაზეთებისა და წიგნების კონტროლთან ერთად, ცენზურის კომიტეტს ევალდებოდა უცხოეთიდან შემოტანილი ლიტერატურის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში მათი მოძიება და გაყიდვიდან ამოღებაც კი.
კავკასიის ცენზურის კომიტეტის საქმიანობა 1874 წლის 3 ნოემბრის ბრძანებით გაფართოვდა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კავკასიის გარდა, მას ჩრდილოეთ კავკასიის, სტავროპოლის, თერგისა და ყუბანის გუბერნიებიც დაემატა. დროთა განმავლობაში იზრდებოდა ენათა რაოდენობა, რომელთა ლიტერატურაც აქტიურად კონტროლებდა ცენზორების მიერ — თავდაპირველად მიმდინარეობდა ქართული, თურქული, სომხური, სპარსული და არაბული მასალების შემოწმება, შემდეგ კი ფრანგული, ინგლისური, გერმანული, იტალიური და პოლონური პრესისა და ლიტერატურის ცენზურაც დაემატა. 1881 წელს კავკასიის გენერალ-გუბერნატორმა ჩაანაცვლა კავკასიის მეფისნაცვალი. აღნიშნული რეფორმის შედეგად, ცენზურის კომიტეტი ნახევრად გასამხედროებულ ორგანოდ ჩამოყალიბდა, რომელსაც 1884 წელს თბილისის ტიპოგრაფიების ინსპექტორის შტატიც დაემატა. პუბლიცისტი ლუკა ისარლოვი 1881-1888 წლებში ცენზორად მუშაობდა, რომლის დამოკიდებულებაც მეტად მკაცრი იყო ქართველი მწერლების შემოქმედების მიმართ: მაგალითად, მისი გადაწყვეტილებით ამოიღეს ილიას „აჩრდილიდან“ საუკეთესო ადგილები, ამასთანავე, აიკრძალა ლექსები — „მუშა“, „გაზაფხული“, „ელეგია“, „რა ვაკეთე, რას ვშვრებოდით“. აკაკის არ უბეჭდავდა ლექსებს, ხანდახან მის საჯარო გამოსვლებსაც კრძალავდა.[40]
სხვა დანარჩენის სახელმწიფოების მსგავსად, საქართველოსაც გადაუარა სოციალისტური მოძრაობისა და რევოლუციების მსოფლიო ტალღამ, რომელიც XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა. ჩამოყალიბდა არაერთი ორგანიზაცია, ერთობ, რომელიც ხალხის უფლებებისთვის იბრძოდა. ზოგიერთი ორგანიზაციის საქმიანობა ეტაპობრივად უკავშირდებოდა კრიმინალურ ელემენტებს, ზოგი დაჯგუფება ტერორისტულ საქმიანობაზეც კი გადავიდა. იმისათვის, რომ რევოლუციის იდეას ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინა, საჭირო იყო ინფორმაციის სწრაფი გავრცელება, რამაც გამოიწვია სტამბების არალეგალურად დაარსება. აღნიშვნას იმსახურებს ე.წ. „ავლაბრის სტამბა“, რომელმაც მხოლოდ სამი წელი იარსება (1904-1906), შემდეგ კი ჟანდარმერიამ აღმოაჩინა და დახურა. დროთა განმავლობაში, საბჭოთა ისტორიკოსებმა სტამბის არსებობა მთლიანად იოსებ ჯუღაშვილის, სტალინის, საქმიანობას დაუკავშირეს. მიუხედავად ამ მოსაზრების გავრცელებისა, დღეს მას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს. თანამედროვე ისტორიკების აზრით, ეს ვარაუდიც სხვა მრავალი ლეგენდის მსგავსია, რომელიც სტალინს უკავშირდება და რეალობას არ შეესაბამება. აღნიშნული სტამბა სტანდარტული ხის სახლის ქვეშ მიწაში ღრმად ამოთხრილი ოთახი იყო, რომელშიც რევოლუციონერებმა საბეჭდი დაზგა მოაწყეს. ოთახში მოხვედრა შესაძლებელი მხოლოდ ეზოში მდებარე ჭიდან გაყვანილი სპეციალური გვირაბით ხდებოდა. მას შემდეგ, რაც ჟანდარმერიამ სტამბა აღმოაჩინა, მის ზემოთ მდებარე სახლის მსგავსად, მიწასთან გაასწორა.
ავლაბრის სტამბა ხელახლა დიდი ჟრიამულით გახსნეს 1937 წლის 20 აგვისტოს. იგი აღდგა საარქივო მასალების, ზეპირი მოგონებებისა და სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ააშენეს სახლის ზუსტი ასლი და მიწისქვეშა ოთახში კი ზუსტად იგივე ტიპოგრაფიული დაზგა შეიტანეს. საბჭოთა ეპოქაში ავლაბრის სტამბა განსაკუთრებით პოპულარულ ტერისტულ ადგილად მიიჩნეოდა.[41] სტამბის მაკეტი დღემდე ინახება სტალინის სახლ-მუზეუმში, გორში, სადაც ამ სტამბის შესახებ დეტალურ ინფორმაციასა და ვრცელ ისტორიას ყვებიან.
1906 წლიდან იცვლება კავკასიის საცენზურო კომიტეტის სახელწოდება — ყალიბდება „კავკასიის ბეჭდვითი საქმის კომიტეტი“ (Кавказскйи комитет по делам печати), რომლის საქმიანობაც გულისხმობდა რევოლუციონერების წინააღმდეგ ბრძოლას. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, სამხედრო ცენზურაზე ამოქმედდა დროებითი დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყველანაირი ბეჭდური აქტივობა და სტატიების გამოცემა უმკაცრესად კონტროლდებოდა.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პრესის ცენზურა გაუქმდა. სახელმწიფოში არსებობდა სიტყვის თავისუფლება — მათ შორის პარტიებისთვის. სახელმწიფო უწყებებთან ერთად, თითქმის ყველა პარტიამ შეძლო დაეარსებინა საკუთარი გაზეთი. მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო ბეჭდავდა გაზეთებს: „კარი“, „ერი“, შემდგომში „მხედარი“ და „სახალხო გვარდიელი“. ასევე ჰქონდა საკუთარი გაზეთი მიწათმოქმედების სამინისტროსაც.
წინ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც პრესის თავისუფლებას ხელს უწყობდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავრობის აქტიური ჩარევით წარსულს ჩაბარდა. მთავრობამ არაერთხელ დახურა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ბეჭდური მედიასაშუალებებს: გაზეთი საქართველო თავდაპირველად 1919 წელს დახურეს, ხოლო შემდეგ 1920 წლის მაისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე.[42] 1919 წლის შემოდგომაზე დახურეს ეროვნულ დემოკრატების მეორე უწყება „კლდე“, რედაქტორი, რევაზ გაბაშვილი კი დაპატიმრებულ იქნა.[43] ამის მიზეზი კი გახლდათ ეროვნულ დემოკრატთა პოზიციები საქართველოში ბრიტანეთის ჯართან, აფხაზეთში საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკისა და საპატრიარქოს შესახებ. ედპ-ის გაზეთების მსგავსად, პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო მთავრობის მსხვერპლი ასევე გახდა გაზეთები — „Новости дня“ და „Тифлисская газета.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ბოლშევიკთა საქმიანობა. ბოლშევიკები ახალისებდნენ სეპარატისტულ მოძრაოებებს, გეგმავდნენ აჯანყებებს — შესაბამისად, მათი პრესა ყოველთვის იყო მთავრობის სამიზნეში. საგულისხმოა მოსკოვის ხელშეკრულება, რომელიც 1920 წლის 7 მაისს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. თუმცა, საზავო ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ბოლშევიკური პრესის ლეგალიზაციას ეხებოდა — რაც ნიშნავდეს იმას, რომ მათი დევნა შეწყდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც ახერხებდა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის ბოლშევიკების დასჯას.[44] ლოგიკურია, რომ ბოლშევიკების მიერ ამ უფლებით სარგებლობა განსაკუთრებით საფრთხის შემცველი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველო ძალდატანებით გახდა რუსეთის ახალი, ბევრად უფრო სასტიკი და ბოროტი იმპერიის ნაწილი. საბჭოთა კავშირში არ არსებობდა კონკურენტული პოლიტიკური არჩევნები, თავისუფალი მედია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და სხვა. როგორც სხვა ავტორიტარ სახელმწიფოებში, ბეჭდური მედია საბჭოთა კავშირში ცენტრალიზებული იყო და კომუნისტური პარტიის დირექტივების მიხედვით მოქმედებდა. რა თქმა უნდა, მაშინდელ პრესაში შეუძლებელი იყო რაიმე სახის ოპოზიციური ან განსხვავებული აზრის წაკითხვა. საბჭოთა პრესა ემსახურებოდა სოციალისტური წყობისა და ბელადების ქება-დიდებას.
საბჭოთა კავშირში ნებისმიერი სახის ბეჭდური გამოცემა კონტროლდებოდა ე.წ. „მთავლიტის“ (Главное управление по делам литературы и издательств – Главлит) მიერ, რომელიც 1922 წლის 6 ივნისის დეკრეტით ჩამოყალიბდა. მათი წესდების მიხედვით, შესაძლებლობა ჰქონდათ აეკრძალათ გამოცემა და ხელი შეეშალათ მისი გავრცელების შემთხვევაში, თუ: ნაწარმოები აგიტაციას ეწეოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ; ხდებოდა რესპუბლიკის სამხედრო საიდუმლოს გამჟღავნება; საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება მცდარი ინფორმაციის გავრცელებით; ნაციონალისტური და რელიგიური ფანატიზმის გაღვივება; თუ მასალას ჰქონდა პორნოგრაფიული ხასიათი. აღნიშნული ორგანო 1933 წლამდე განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა, შემდეგ კი სახალხო კომისართა საბჭოს დაექვემდებარა. საბჭოთა კავშირის დაშლამდე „მთავლიტი“ რამდენჯერმე გადავიდა სხვადასხვა უწყების დაქვემდებარებაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის ბოლომდე ქვეყნის მთავარ ცენზორად ითვლებოდა.
1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიების დროს მთავლიტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა — უნდა გამართლებულიყო საბჭოთა კავშირის მიერ მილიონზე მეტი ადამიანის რეპრესირება: დახვრეტა და გადასახლება. ამ პერიოდში უწყების თანამშრომლებსაც ჰქონდათ გააზრებული, რომ მეტად საპასუხისმგებლო საქმე ეკისრათ და მათი დაშვებული შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდებოდა. ამის გამო, უწყებაში მოწმდებოდა არა მხოლოდ სასიგნალო გამოცემები, არამედ მიმდინარეობდა ამა თუ იმ გაზეთის ან წიგნის რედაქტორის მიერ დამტკიცებული და ხელმოწერილი ეგზემპლიარიც კი. ცენზორებად უმაღლესი განათლების მქონე პირები ინიშნებოდნენ. ამ პერიოდის საბჭოთა კავშირში სრული პარანოიაა — ადამიანები ეწეოდნენ უმაღლეს დონეზე თვითცენზურას. მალევე გაჩნდა ე.წ. „მოხალისე ცენზორთა“ ჯგუფი, რომელიც მთავლიტს ატყობინებდა სხვადასხვა სახის გაპარულ შეცდომას.[45]
1939 წლის ერთი მოხსენების მიხედვით, უწყების თანამშრომელთა 60%-ს გააჩნდა 1 წელზე ნაკლები მუშაობის სტაჟი, 28%-ს 2 წლამდე და მხოლოდ 12%-ს 3 წელზე მეტის. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თვით მთავლიტიც ვერ გადაურჩა მასობრივ წმენდას — „შავი საქმისა“ და რეპრესირებულთა დისკრედიტაციის შემდეგ თავად მთავლიტელთა კოლეგიის ჯერიც დადგა.[46] საგულისხმოა, რომ მასობრივი რეპრესიების შემდეგ, მთავლიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო პროფილი ძველი ფოტოების რეტუშირება გახდა. ასეთი რეტუშირების თვალსაჩინო მაგალითია სტალინისა და ნიკოლაი ეჟოვის საერთო ფოტო, რომელიც 1936-1938 წლებში იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი — იგი უშუალო შემსრულებელი დიდი წმენდისა. 1939 წლიდან მისი დაქვეითება ნელ-ნელა ხდებოდა, საბოლოოდ კი იგი 1940 წლის 4 თებერვალს დახვრიტეს. ცხოვრებაში გამქრალი პირები მალევე ქრებოდნენ ვიზუალური მასალიდანაც, ამ შემთხვევაში ფოტოებიდან.
მსგავსი ფაქტი მოხდა 1953 წელს, ლავრენტი ბერიას დახვრეტის შემდეგ, საბჭოთა გამომწერებს ფოსტით დაეგზავნათ დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის გვერდი და ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ამოეჭრათ მითითებული გვერდი საკუთარი წიგნებიდან და მის ადგილას ახალი ჩაეწებებინათ. აღნიშნულ გვერდზე ბერიას შესახებ დაბეჭდილი სტატია იყო.[47] მიუხადავად იმისა, რომ 1956 წლის 5-9 მარტს თბილისში მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობდა, ამის შესახებ არაფერი ეწერა 1956 წლის 10 მარტისა და შემდგომი დღეების ნომრებში გაზეთ „კომუნისტსა“ და სხვა ბეჭდურ მედიაში. დემონსტრაციებს 21 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამისად, პარტიის მიზანი ინფორმაციის მოსახლეობამდე.არმისვლა იყო.
მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოქვეყნდა მიხეილ ბულგაკოვის გენიალური ნაწარმოები „ოსტატი და მარგარიტა“ 40 წლის დაგვიანებით მწერლის გარდაცვალებიდან, შეგვიძლია ვეძიოთ მთავლიტის საქმიანობაში. ამ უწყებამ მოახერხა და არ მიიტანა საბჭოთა კავშირის მკითხველამდე მაშინდელი შექმნილი არაერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ნაწარმოები. მაგალითისთვის, აიკრძალა ბორის პასტერნაკის „ექიმი ჟივაგო“, მაშინ როცა მწერალმა ამ შედევრისთვის ნობელის პრემია მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული იყო ასობით უცხოური ნაწარმოები, ისინი მაინც ვრცელდებოდა არალეგალურად 1970-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც ე.წ. „სამიზდატი“ ჩამოყალიბდა.
საბჭოთა კავშირის სხვა სოციალისტური რესპუბლიკების მსგავსად, საქართველოშიც ანალოგიურად მიმდინარეობდა რეპრესირებული და „ხალხის“ მტრად შერაცხული მწერლების ნაშრომების აკრძალვა, ბიბლიოთეკებიდან ამოღება. ამას მეტყველეს ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილისა და პაოლო იაშვილის ნაშრომები. მათი ნაშრომებს ხელახლა დაშვება მხოლოდ სტალინისა და ბერიას სიკვდილის შემდეგ დაიწყო — 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესისას.
დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქის პრესაში სხვადასხვა ტენდენციები არსებობდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს მიიღეს „კანონი პრესის შესახებ“, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა ყოველგვარი ცენზურა და უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო გაზეთების გავრცელება მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. მიუხედავად ამისა, შესაძლებელი იყო კანონის ინტერპრეტირება იმგვარად, რომ ზოგჯერ გაზეთებს ბრალს სდებდნენ „ისეთი ფაქტების გავრცელების გამო, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს“. 1991 წლის მაისში, გამსახურდიას გადაწყვეტილებით, ოპოზიციის კანდიდატებს სახელისუფლებო პრესით სარგებლობის უფლება შეეზღუდათ.[48] ამასთანავე, 1991 წლიდან სამთავრობო გაზეთების რედაქტორები ზვიად გამსახურდიას მიერ ინიშნებოდნენ. შემოდგომაზე დაიხურა რუსულენოვანი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ (Новая Газета) (ყოფილი „მოლოდიოჟ გრუზიი“ Молодежь Грузии), დააპატიმრეს ზოგიერთი ჟურნალისტიც. 1991 წელს, მოსკოვის პუტჩის შემდეგ რუსული გაზეთები 1 თვით აიკრძალა, სექტემბერში 200-მდე ჟურნალისტმა გაფიცვა მოაწყო ცენზურის გასაპროტესტებლად.[49]
საქართველოს მეორე და მესამე პრეზიდენტების — ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ბეჭდური მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები ნაკლებად მოიპოვება. ეს კი გამოწვეული იყო პრესის, როგორც მედიუმის როლის კლებით მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სფეროში. ამ დროს საქართველოში გაჩნდა დამოუკიდებელი ტელევიზიები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს პოლიტიკურ პროცესებში. დამოუკიდებელი ტელევიზიების საქმიანობაში უხეშ ჩარევას, ორივე ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი, თავდაპირველად „რუსთავი 2“-ის, ხოლო შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ შემთხვევაში.
თანამედროვე საქართველოში, ბეჭდურ და ტექსტურ მედიაში თითქმის აღარ არსებობს პირდაპირი ცენზურა. ბეჭდურ მედიაში ჭარბობს კარგად ორგანიზებული, კოორდინირებული სადეზინფორმაციო კამპანიების არსებობა და სიძულვილის ენის ტირაჟირება. ქართულ მედია სივრცეში არაერთი ბეჭდური თუ ინტერნეტ პლატფორმაა, რომლებიც მიზანმიმართულად იყენებენ ზემოთქმულს. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციისა და სიძულვიის ენის გამოყენება ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზებას. მნიშვნელოვან პრობლემად ფიქსირდება ამა თუ იმ მედიასაშუალებებზე ზეწოლის ფაქტები. საგულისხმო პრობლემებად რჩება მედია პლატფორმების მოსყიდვა ინფორმაციის დამახინჯებით მიზნით, მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და თავისუფლების ხარისხის დაქვეითება.
2020 წელს, საერთაშორისო ორგანიზაციის — „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ — მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო პრესის ინდექსის მიხედვით მე-60 ადგილზე იმყოფება. დასკვნაში გამოყოფილია აჭარის ტელევიზიის საქმე, რომელიც ზეწოლას განიცდის კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებისგან, საგულისხმოა აფგან მუხთარლის საქმეც.
პრესისა და ბეჭდური მედიის თავისუფლება, მიუკერძოებლობა, ინფორმაციის სიზუსტე და მაღალი სტანდარტების დაცვა დემოკრატული სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 2019 წლის დეკემბერში, როდესაც სოციალური ქსელის Facebook-ის მიერ 418 პროსახელისუფლებო გვერდი და ანგარიში გაუქმდა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში“, რაც ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური ნარატივის გავრცელებაში გამოიხატებოდა, მათ რეკლამაზე კი ჯამში $ 316.000 იყო დახარჯული.[50]
ინფორმაციის მიწოდების მრავალი ტრადიციული საშუალება ნელ-ნელა იცვლება თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით. ტექნოლოგიური პროგრესი მნიშვნელოვან პოტენციურ უპირატესობებს სთავაზობს ჟურნალისტებს, რომლებიც ცდილობენ სიტყვის თავისუფლების შენარჩუნებას და მისი ხარისხის განმტკიცებას. ამ პროცესის არაერთი მაგალითი გვხვდება უახლოეს წარსულში:
ბუნებრივია, მთავრობები ცდილობენ ახალ მედია ტექნოლოგიებზე ბერკეტების გამოძებნა, ამის მაგალითია ჩინეთის მცდელობა — სახელმწიფოს ინტერნეტ-პროვაიდერის კონტროლი, რომლის საშუალებითაც ინტერნეტზე წვდომას აკონტროლებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მალე ეს ბევრად რთულ ამოცანად იქცევა, რადგან ჟურნალისტები მუდმივად განაგრძობენ ახალი ტექნოლოგიის ძიებას და ერთი ნაბიჯით გაუსწრებენ ზოგადად ნელა მოძრავ სამთავრობო ინსტიტუტებს, რომლებიც აქტიურად ცდილობენ მათ ცენზურას.
2015 წლის 12 თებერვალს საერთაშორისო ორგანიზაციამ, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF), გამოაქვეყნა თავისი წლიური ანგარიში. მოხსენებაში განხილული იყო 180 სახელმწიფო პრესის თავისუფლების, დამოუკიდებელი მედიის და ჟურნალისტთა მდგომარეობის თვალსაზრისით. ირანი ამ სიაში 173-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუჰანის დაპირებების მიუხედავად, სიტყვისა და ჟურნალისტების თავისუფლება არ გაუმჯობესებულა. ანგარიშის თანახმად, ირანმა მესამე ადგილი დაიკავა ჟურნალისტთა პატიმრობის სიაში.[51]
2016 წლის 13 დეკემბერს საერთაშორისო ორგანიზაციამ, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, (RSF) გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში. მოხსენებაში ნათქვამია: 348 ჟურნალისტი დააკავეს და 52 მძევლად აიყვანეს ირანში 2016 წელს. თურქეთის შემდეგ, ჩინეთს, სირიას, ეგვიპტეს და ირანს დაკავებული ჟურნალისტების თითქმის ორი მესამედი ჰყავს.[52]
RSF-ის 2017 წლის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ირანი კვლავ რჩება ჩინეთთან, თურქეთთან, ვიეტნამთან და სირიასთან ერთად იმ სახელმწიფოთა შორის, სადაც განსაკუთრებით ხშირია ჟურნალისტთა დაკავება და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2017 წელს მოკლეს 50 ჟურნალისტი და 326 დააკავეს, 54 რეპორტიორი კი მძევლად აიყვანეს. [53]
RSF-ის ყოველწლიური მოხსენების მიხედვით, 2018 წელს ჟურნალისტთა მკვლელობისა და დაკავების ფაქტების უპრეცედენტო რაოდენობაა — ერთი წლის განმავლობაში 80 ჟურნალისტი მოკლეს, 348 დააკავეს და 60 მძევლად აიყვანეს. ირანი კვლავ რჩება იმ ხუთ სახელმწიფოთა (ჩინეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი და ეგვიპტე) შორის, რომლებიც დასახელებულია, როგორც „ჟურნალისტთა ციხე“. მოხსენების მიხედვით, ირანი 144-ე ადგილზეა და კვლავ ჟურნალისტთა საპყრობილედ ითვლება.[54]
RSF-ის ყოველწლიური მოხსენების მიხედვით, 180 სახელმწიფოს შორის ნორვეგია იყო ყველაზე თავისუფალი და უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში პრესის თავისუფლების კუთხით. მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ ფინეთი და შვედეთი. იმავდროულად, ირანი 180 სახელმწიფოდან 170-ე ადგილზეა, რომელიც ხელს უშლის მედიის თავისუფლებას.[55]
21 აპრილს RSF– მა თავის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა მედიის თავისუფლების უახლესი რანჟირებით. ირანის ისლამური რესპუბლიკა ამ ჩამონათვალში 173-ე ადგილზეა, რაც 2019 წელთან შედარებით გაუარესებული შედეგია. ირანის მოკავშირე სამი ქვეყანა, სირია, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა 174-ე, 177-ე და 180-ე ადგილზე არიან. ეს ორგანიზაცია ადანაშაულებს ჩინეთსა და ირანს კორონავირუსის გავრცელების შესახებ ახალი ამბების ცენზურაში.[56]
ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და პროფესიული საქმიანობის მხარდამჭერი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ერთიანი განცხადების მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს თითქმის ყველა წამყვანი ორგანიზაცია, ისინი ითხოვენ უზრუნველყონ ჟურნალისტთა და მედიის თანამშრომლების უსაფრთხოება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა — დაუბრკოლებლად შეძლონ ინფორმაციის ინტერნეტითა და კავშირსგარეშე სხვა მეთოდებით გავრცელება. შეშფოთებით აღნიშნეს, რომ მთავრობები უკვე ახორციელებენ მკაცრს ზომებს და არაპროპორციულად ზღუდავენ სიტყვის თავისუფლეას, რაც ხელს უშლის ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობას, ადეკვატურად გააშუქონ კორონა ვირუსისგან გამოწვეული კრიზისი სხვადასხვა სახელმწიფოში. დაკავებულია არაერთი ჟურნალისტი, რომლებიც კოვიდ-19-ით გამოწვეული შედეგების ობიექტურად გაშუქებას ცდილობდნენ.[57]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.