From Wikipedia, the free encyclopedia
ობი-ვან კენობი (ინგლ. Obi-Wan Kenobi [ˈoʊbiːˌwɑːn_kəˈnoʊbiː]) — გამოგონილი პერსონაჟი „ვარსკვლავური ომების“ სამყაროდან. თავდაპირველ ტრილოგიაში ობი-ვანი ჯედაი ოსტატია, მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, რომლის როლსაც ინგლისელი მსახიობი ალეკ გინესი ასრულებს. პრიქველების ტრილოგიაში, რომელიც მოგვიანებით გამოვიდა, პერსონაჟის ახალგაზრდა ვერსია ორი მთავარი პროტაგონისტიდან ერთ-ერთია (ანაკინ სკაიუოკერთან ერთად) და მის როლს შოტლანდიელი მსახიობი, იუან მაკგრეგორი ასრულებს. ორიგინალ ტრილოგიაში იგი პირველად მოხსენიებულია სახელით „ბენ კენობი“, რომელსაც იგი გალაქტიკური იმპერიისგან მიმალვაში ყოფნის დროს იყენებს. იგი ლუკ სკაიუოკერის მენტორია და სწორედ ის გააცნობს ლუკს ჯედაის გზას. დართ ვეიდერთან დუელში თავის გაწირვის შემდეგ ობი-ვანი ლუკის დახმარებას და ხელმძღვანელობას იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალის საშუალებით აგრძელებს. პრიქველების ტრილოგიაში, რომლის სიუჟეტიც ორი ათეული წლით ადრე ვითარდება, იგი თავდაპირველად ჯედაი ოსტატის, ქუაი-გონ ჯინის პადავანია (შეგირდი), ხოლო მოგვიანებით, ანაკინ სკაიუოკერის, ლუკის მამის მენტორი და მეგობარი. კენობის ხმა მცირე ხნით ისმის გაგრძელების ტრილოგიაში, როცა ის მთავარ გმირს, რეის ელაპარაკება. იგი მთავარი პერსონაჟია სხვადასხვა სახის პროდუქციაში, მათ შორის, მინი-სერიალში „ობი-ვან კენობი“, რომელშიც მის როლს კვლავ მაკგრეგორი ასრულებს.
ობი-ვან კენობი | |
---|---|
ვარსკვლავური ომები - პერსონაჟი | |
ალეკ გინესი ობი-ვანის როლში, ფილმში ვარსკვლავური ომები | |
პირველი გამოჩენა | ვარსკვლავური ომები |
შემქმნელი | ჯორჯ ლუკასი |
მსახიობი |
ალეკ გინესი (ეპიზოდები IV-VI) იუან მაკგრეგორი (ეპიზოდები I-III და VII) |
ახმოვანებს |
როგორც ბენ კენობი:
სხვები:
როგორც ობი-ვან კენობი:
სხვები:
|
ინფორმაცია | |
სხვა სახელები |
ბენ კენობი „მოხუცი ბენი“ |
სახეობა/რასა | ადამიანი |
სქესი | მამრობითი |
საქმიანობა | ჯედაი |
წევრობა |
|
ოსტატები |
|
შეგირდები |
|
დაბადების ადგილი | სტიუჯონი[3][4][5] |
ალეკ გინესს IV ეპიზოდში (1977) შესრულებულმა როლმა ოსკარის ნომინაცია მოუტანა მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, რაც „ვარსკვლავური ომების“ ფილმებისთვის დღემდე ერთადერთ სამსახიობო ნომინაციად რჩება. დადებითი კრიტიკული შეფასება მოჰყვა მაკგრეგორის შესრულებასაც პრიქველების ტრილოგიაში. გინესმა IV ეპიზოდში შესრულებული როლისთვის სატურნის ჯილდო მოიპოვა, ხოლო 20 წლის შემდეგ იმავე როლისთვის იგივე ჯილდოზე მაკგრეგორიც წარადგინეს ფილმისთვის „ფარული საფრთხე“ (I ეპიზოდი).
პერსონაჟის შთაგონების წყარო გახდა გენერალი მაკაბე როკუროტა, პერსონაჟი აკირა კუროსავას ფილმიდან „დამალული ციხესიმაგრე“, რომლის როლსაც ტოსირო მიფუნე თამაშობს (მსახიობი, რომლის აყვანაც ჯორჯ ლუკასს თავდაპირველად ობი-ვანის როლზე სურდა).[6] 1977 წლის ფილმის ადრეულ მონახაზებში ობი-ვანის პირველი შეხვედრა ლუკთან პირდაპირ აღებულია „ჰობიტიდან“, რაც ადასტურებს, რომ პერსონაჟის შთაგონების ერთ-ერთი წყარო განდალფი იყო.[7] ლუკასის თავდაპირველი გეგმით, პირველ ფილმში ობი-ვანი უნდა გადარჩენილიყო, თუმცა, აღმოაჩინა, რომ კულმინაციურ საბრძოლო სცენაში პერსონაჟი უფუნქციოდ რჩებოდა. მოგვიანებით, ლუკასი ამბობდა, რომ „უფრო ძლიერი, საინტერესო და დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, თუ მას დართ ვეიდერი მოკლავდა და შემდეგ სხვა ფორმით გააგრძელებდა არსებობას.“[8]
ობი-ვანი პირველად ჩნდება ვარსკვლავურ ომებში, როგორც 57 წლის განდეგილი ტატუინზე, ფსევდონიმით ბენ კენობი. როცა ლუკ სკაიუოკერი და C-3PO მოგზაურობენ უდაბნოში R2-D2-ის საპოვნელად, ობი-ვანი გადაარჩენს მათ ტუსკანებისგან. ობი-ვანის სახლში, ახლად ნაპოვნი R2-D2 რთავს პრინცესა ლეიას ჩანაწერს, სადაც იგი ამბობს, რომ R2-D2-ს აქვს გალაქტიკური იმპერიის სუპერიარაღის, სიკვდილის ვარსკვლავის, გეგმა. ლეია კენობის სთხოვს გეგმებისა და R2-D2-ს უსაფრთხოდ ჩაყვანას პლანეტა ალდერანზე აჯანყებულთა ალიანსის დასახმარებლად. ობი-ვანი ლუკს უმხელს თავის საიდუმლო იდენტობას და ეუბნება, რომ ის ჯედაია. კენობი ხსნის, რომ ჯედაებზე ნადირობდნენ და ისინი გაანადგურა იმპერიამ, მის ყოფილ შეგირდის და ლუკის მამის მკვლელის, დართ ვეიდერის დახმარებით. ობი-ვანი ლუკს აძლევს მამამისის სინათლის მახვილს და სთხოვს, გაჰყვეს ალდერანზე და დაიწყოს წვრთნა. ლუკი, თავიდან, უარყოფს შეთავაზებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ნახავს იმპერიული შტურმტრუპერების მიერ დახოცილ ბიძა ოუენსა და დეიდა ბერუს, გადაწყვეტს, გახდეს ჯედაი.
მოს აისლიში ობი-ვანი ძალას იყენებს იმპერიელების მოსატყუებლად და სამხედრო კონტროლის პუნქტის გასავლელად.[9] ისინი შედიან ადგილობრივ კანტინაში და ხვდებიან ჰან სოლოსა და ჩუბაკას. ლუკი და ობი-ვანი ჰან სოლოს უთანხმდებიან და ალდერანისკენ მიფრინავენ ჰან სოლოს „ათასწლიანი შავარდენით“. გზაში ობი-ვანი ლუკს აცნობს სინათლის მახვილით ბრძოლას. უეცრად ის გრძნობს „დიდ არეულობას ძალაში“ და როცა ხომალდი გამოდის ჰიპერსივრციდან, ის და დანარჩენები გაიგებენ, რომ იმპერიამ ალდერანი გაანადგურა. „შავარდენი“ ამჩნევს TIE გამანადგურებელს. ისინი აედევნებიან TIE-ს სიკვდილის ვარსკვლავამდე, რის შემდეგად მასიური კოსმოსური სადგურის ტრაქტორული სხივის არეალში ხვდებიან. სიკვდილის ვარსკვლავის ბორტზე, ობი-ვანი ანეიტრალებს ტრაქტორსხივს. რამდენიმე წამის შემდეგ ობი-ვანი ვეიდერს შეხვდება და იწყება ბრძოლა. ობი-ვანი დუელს ყურადღების გასაფანტად იყენებს, რაც სხვებს გაქცევის საშუალებას აძლევს. ობი-ვანი ვეიდერს მისი მოკვლის საშუალებას აძლევს, თუმცა კენობის სხეული სიკვდილამდე უეცრად ქრება.[ა] ფილმის ბოლოს, როცა აჯანყებულები თავს ესხმიან სიკვდილის ვარსკვლავს, ობი-ვანი ლუკს ესაუბრება ძალის მეშვეობით და ეხმარება იმპერიული სუპერიარაღის განადგურებაში.
„იმპერიის საპასუხო შეტევაში“ ობი-ვანი ჩნდება რამდენჯერმე, როგორც ძალის მოჩვენება. ყინულის პლანეტა ჰოთზე ის ჩნდება, რათა ლუკი გაგზავნოს პლანეტა დეგობაზე, ჯედაი ოსტატ იოდას საპოვნელად. იოდას სკეპტიციზმის მიუხედავად, ობი-ვანი არწმუნებს მას ლუკის გაწვრთნის აუცილებლობაში. მოგვიანებით, ობი-ვანი კვლავ ჩნდება და სთხოვს ლუკს, არ წავიდეს ღრუბლების ქალაქში მეგობრების გადასარჩენად, თუმცა, ლუკი ამ რჩევას არ ითვალისწინებს.[11]
ჯედაის დაბრუნებაში ობი-ვანი ჩნდება იოდას სიკვდილის შემდეგ დეგობაზე. ობი-ვანი ადასტურებს, რომ ვეიდერი ნამდვილად ლუკის მამა, რაც წინა ეპიზოდში ჯერ თავად ვეიდერმა უთხრა ლუკს, ხოლო შემდეგ, იოდამ დაადასტურა და ასევე გაუმხელს, რომ ლეია ლუკის ტყუპი დაა. ის მოუწოდებს ლუკს, შეებრძოლოს ვეიდერს და დაამარცხოს იგი. აჯანყებულთა გამარჯვების შემდეგ კენობი ჩნდება ენდორზე გამარჯვების აღნიშვნისას, იოდასა და გამოსწორებული ანაკინ სკაიუოკერის ძალის მოჩვენებებთან ერთად.[12]
„ფარულ საფრთხეში“, რომლის მოქმედებაც ორიგინალ ტრილოგიამდე 32 წლით ადრე მიმდინარეობს, 25 წლის ობი-ვან კენობი ქუაი-გონ ჯინის (ლიამ ნისონი) მოწაფეა.[13][ბ] ის მიჰყვება თავის ოსტატს კორუმპირებულ სავაჭრო ფედერაციასთან მოსალაპარაკებლად, რომელსაც პლანეტა ნაბუს გარშემო თავისი ფლოტით ბლოკადა აქვს დაწესებული. ისინი ებრძვიან საბრძოლო დროიდებს და ეშვებიან ნაბუზე ფედერაციის ხომალდებით. ნაბუზე ქვაი-გონი და ობი-ვანი გადაარჩენენ პლანეტის 14 წლის დედოფალ პადმე ამიდალას (ნატალი პორტმანი) ჯარ ჯარ ბინკსის (აჰმედ ბესტი) დახმარებით და გაფრინდებიან რესპუბლიკის დედაქალაქ პლანეტა კორუსანტისაკენ. გაქცევისას ხომალდის ჰიპერძრავა ზიანდება, რის გამოც ისინი ისინი ეშვებიან ტატუინზე, სადაც ხვდებიან 9 წლის მონა ანაკინ სკაიუოკერს. კვაი-გონს სჯერა, რომ ბიჭი „რჩეულია“, რომელიც, წინასწარმეტყველების მიხედვით, ძალას ბალანსს მოუტანს. ანაკინი უერთდება ჯგუფს კორუსანტზე წასვლისას. ტატუინის დატოვებისას მათ თავს ესხმით დართ მოლი, სითი შეგირდი. სითების ორდენი ამ დრომდე 1000 წლის წინ განადგურებულად ითვლებოდა.
როცა კვაი-გონი და ობი-ვანი ნაბუზე ბრუნდებიან ბლოკადის დასასრულებლად, მათ კვლავ ხვდება მოლი და იწყება ბრძოლა ორი ერთის წინააღმდეგ. მოლი სასიკვდილოდ ჭრის კვაი-გონს და თითქმის კლავს ობი-ვანს, თუმცა კენობი ახერხებს მის დამარცხებას და შუაზე გაჭრას. იგი სიტყვას აძლევს ქუაი-გონს, რომ შეასრულებს მის უკანასკნელ თხოვნას და გაწვრთნის ანაკინს, როგორც ჯედაის, საბჭოს თანხმობით ან მის გარეშე. იოდა ობი-ვანს ჯედაი რაინდად ნათლავს და გარკვეული ყოყმანის შემდეგ, უფლებას აძლევს, ანაკინი მოწაფედ აიყვანოს.[15]
10 წლის შემდეგ, ფილმ „კლონების შეტევაში“, ობი-ვანი პატივცემული ჯედაი და ანაკინის (ჰეიდენ კრისტენსენი) ოსტატია. ანაკინი ძლევამოსილი, თუმცა ამპარტავანი ჯედაია, რომელიც ფიქრობს, რომ ობი-ვანი არ აძლევს განვითარების საშუალებას. პადმეს, ამჟამად სენატორის მკვლელობის მცდელობის აღკვეთის შემდეგ ობი-ვანი მარტო მიდის მკვლელის საპოვნელად პლანეტა კამინოზე. აქ ის შეიტყობს კლონების მასიური არმიის შესახებ, რომელიც პლანეტის მაცხოვრებლები რესპუბლიკისთვის ქმნიან. კლონები შექმნილი არიან ჯანგო ფეტის (ტემუერა მორისონი), თავებზე მონადირის, დნმ-ისგან. ობი-ვანი და ჯანგო ფეტი იბრძვიან მას შემდეგ, რაც კენობი მიხვდება, რომ სენატორის მკვლელობა სწორედ ჯანგომ სცადა. ფეტი გარბის ჯეონიოზისზე კლონ შვილთან, ბობა ფეტთან ერთად.
ჯეონოზისზე ობი-ვანი აღმოაჩენს ზოგიერთი ვარსკვლვური სისტემის შეთქმულებას რესპუბლიკის წინააღმდეგ რევოლუციის შესახებ, რომლის უკანაც დგას ყოფილი ჯედაი და ამჟამად სითების ლორდი, ქუაი-გონის ყოფილი ოსტატი, გრაფი დუკუ (კრისტოფერ ლი). ანაკინისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ ობი-ვანს დუკუ შეიპყრობს, დაკითხავს და სიკვდილს მიუსჯის. ანაკინი, პადმე და სხვა ჯედაები მიდიან ჯიენოსისზე ობი-ვანის სიკვდილით დასჯამდე. კენობი და სკაიუოკერი ებრძვიან დუკუს, თუმცა მარცხდებიან, მათ სიცოცხლეს გადაარჩენს იოდა, ხოლო დუკუ გარბის.[16]
„სითების შურისძიებაში“, სამი წლის შემდეგ, ობი-ვანი არის ჯედაი ოსტატი და ჯედაების საბჭოს წევრი, ასევე რესპუბლიკის დიდი არმიის გენერალი. ანაკინი, ახლა უკვე ჯედაი რაინდი, რჩება ობი-ვანის პარტნიორად და ორივე ომის გმირები და ახლო მეგობრები არიან. ფილმი იწყება კორუსანტის ბრძოლით. ობი-ვანი და ანაკინი მიდიან გატაცებული კანცლერი პალპატინის გამოსახსნელად, რომელიც კიბორგი სეპარატისტი მეთაურის, გენერალ გრივუსის კრეისერზე იმყოფება. გრივუსის ხომალდზე დუკუ კვლავ დაუპირისპირდება ჯედაებს, ბრძოლიდან გამოთიშავს ობი-ვანს, თუმცა ანაკინი ამარცხებს გრაფს და კლავს მას პალპატინის ბრძანებით. კორუსანტზე დაბრუნების შემდეგ კენობი მიდის უტაპაუზე გრივუსის მოსაძებნად და კლონების ომის დასასრულებლად.
სეპარატისტთა ბაზის აღმოჩენის შემდეგ, ობი-ვანი ებრძვის და კლავს გრივუსს. მალევე პალპატინი, რომელიც, სინამდვილეში სითების ლორდი დართ სიდიუსია და ომის უკანაც ის დგას, გასცემს ბრძანება 66-ს. კლონები თავს ესხმიან ჯედაებს, თუმცა, ობი-ვანი გადარჩება და ხვდება იოდასა და ალდერანის სენატორ ბეილ ორგანას სენატორის ხომალდზე Tantive III. ობი-ვანი და იოდა კორუსანტზე დაბრუნებისას აღმოაჩენენ, რომ ჯედაების ტაძარში ყველა ჯედაი დახოცილია. გადარჩენილი ჯედაებითვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ გულგატეხილი ობი-ვანი უყურებს უსაფრთხოების ჰოლოგრამის ჩანაწერს, სადაც ჩანს, რომ ჯედაები ტაძარში ანაკინმა დახოცა, რომელიც ახლა სიდიუსის შეგირდია ახალი სახელით – დართ ვეიდერი. იოდა მიდის სიდიუსთან საბრძოლველად და ობი-ვანს დაავალებს ვეიდერთან შებრძოლებას. კენობი ყოყმანობს, თუმცა თანხმდება, როცა იოდა ამბობს, რომ ანაკინ სკაიოუკერი აღარ არსებობს, ის „შთანთქა“ ვეიდერმა.
ობი-ვანი სტუმრობს პადმეს ვეიდერის ადგილსამყოფლის გასაგებად და იგებს, რომ სწორედ ვეიდერია პადმეს ქმარი და მისი ჯერ არდაბადებული ბავშვის მამა. როცა პადმე თავის ქმართან მიდის ვულკანურ პლანეტა მუსტაფარზე, მას შეუმჩნევლად მიჰყვება კენობი. ჩასვლისას ობი-ვანი ანაკინს უპირისპირდება. ანაკინი კენობის და პადმეს მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს და პადმეს ძალის საშუალებით დახრჩობას ცდილობს, რის გამოც იგი გონებას კარგავს. ხანგრძლივი და დაუნდობელი დუელის შემდეგ ობი-ვანი ვეიდერს ფეხებსა და მარცხენა ხელს აჭრის და ლავის ტბაში ტოვებს სასიკვდილოდ, ხოლო მისი სინათლის მახვილი თან მიაქვს. სიდიუსი გადაარჩენს ვეიდერს და გადააქცევს კიბორგად, რომელსაც ორიგინალ ტრილოგიაში ვხვდებით.
ობი-ვანს პადმე მიჰყავს ასტეროიდ პოლის მესაზე, სადაც ის ტყუპებზე – ლუკსა და ლეიაზე მშობიარობას გადაჰყვება. ლეიას შვილად აიყვანს ბეილ ორგანა, ხოლო ლუკს იშვილებენ ანაკინის ნახევარძმა ოუენ ლარსი და ბერუ ტატუინზე. იოდა ობი-ვანს ჰპირდება, რომ გარდაცვლილ ქუაი-გონთან კომუნიკაციას ასწავლის, რომელიც ობი-ვანს სიკვდილის შემდეგ ძალის მოჩვენების სახით ცოცხლებთან კომუნიკაციას ასწავლის. ტატუინზე, ობი-ვანი ოუენს და ბერუს გადასცემს ჩვილ ლუკს, ხოლო თავად რჩება იმავე პლანეტაზე, რათა თვალყური ადევნოს მას და დაელოდოს დროს, როცა შესაძლებელი გახდება დართ სიდიუსთან და ახლადშექმნილ გალაქტიკურ იმპერიასთან ბრძოლა.
„ძალის გამოღვიძებაში“, რომელიც „ჯედაის დაბრუნებიდან“ 30 წლის შემდეგ მიმდინარეობს, მთავარ გმირს, რეის (დეიზი რიდლი) ობი-ვანის ხმა ლუკის და ანაკინის სინათლის მახვილთან შეხებისას ესმის. ობი-ვანის რეის სახელს ამბობ, ხოლო შემდეგ იმეორებს სიტყვებს, რომლებიც ლუკს უთხრა „ათასწლეულის შევარდენის“ ბორტზე წვრთნისას: „These are your first steps“ („ეს შენი პირველი ნაბიჯებია“). ეს სიტყვები თავდაპირველად ჯეიმზ არნოლდ ტეილორმა ჩაწერა, თუმცა, მოგვიანებით იგი მაკგრეგორით ჩაანაცვლეს.[17] სიტყვა „რეი“ ამოჭრილია ალეკ გინესის ჩანაწერიდან, სადაც ის ამბობს სიტყვას „afraid“.[1]
ფილმში „უკანასკნელი ჯედაი“ ლუკი არაპირდაპირ ახსენებს ობი-ვანს, როცა ჯედაების დაცემის შესახებ რეის ესაუბრება. იგი, ასევე, მოხსენიებულია R2-D2-ს ჩანაწერში, რომლითაც იგი ლუკის დაყოლიებას ცდილობს, დაეხმაროს წინააღმდეგობის მოძრაობას პირველი ორდენის ტირანიის წინააღმდეგ. რაიან ჯონსონის თქმით, მას სურდა, ფილმში იუან მაკგრეგორი ყოფილიყო, თუმცა, იმის გამო, რომ მარკ ჰემილის და იუან მაკგრეგორის ინტერაქცია ეკრანზე მანამდე არასოდეს მომხდარა, იოდას გამოჩენას უფრო მეტი ემოციური დატვირთვა ექნებოდა.[18]
„სკაიუოკერის აღზევებაში“ პალპატინთან ბრძოლისას რეის სხვა ჯედაებთან ერთად ობი-ვანის ხმაც ესმის.[19]
ობი-ვანი არაპირდაპირად ახსენეს 2016 წლის ფილმში „განდგომილი ერთი“.[20] აჯანყებულთა ალიანსის ლიდერი, მონ მოთმა (ჯენევიევ ო’რილი), ესაუბრება ბეილ ორგანას სიკვდილის ვარსკვლავის გეგმების გადაცემაზე ჯედაისთვის, რომელიც რესპუბლიკის დაცემის შემდეგ მიმალვაშია. იგულისხმება, რომ ისინი ობი-ვან კენობის გულისხმობენ.
წინასწარ წარმოებაში იყო სოლო ფილმი ობი-ვანის შესახებ, თუმცა იგი სერიალის სასარგებლოდ გაუქმდა. პროექტი იყო ყველაზე მოთხოვნადი ანთოლოგია The Hollywood Reporter-ის გამოკითხვაში.[21] „სოლოს“ ფინანსური წარუმატებლობის გამო იგი საბოლოოდ, მინისერიალის სახით გამოვიდა.[22][23] ფილმის რეჟისორი და სცენარისტი უნდა ყოფილიყო სტივენ დოლდრი.[24][25] TMZ-ს მიხედვით, ფილმის მოვლენები განვითარდებოდა „სითების შურისძიებიდან“ რამდენიმე წლის შემდეგ. მათში იქნებოდნენ ტუსკენები და სამხედრო მეთაური, რომლებიც ობი-ვანს ლუკის დასაცავად მიმალვიდან გამოსვლას აიძულებდნენ.[26]
ობი-ვანი არის ანიმაციური მიკროსერიალის ვარსკვლავური ომები: კლონების ომებისა და კომპიუტერული გრაფიკით ანიმაციური სერიალ ვარსკვლავური ომები:კლონების ომების მთავარი პერსონაჟი, მას ახმოვანებს ჯეიმზ არნოლდ ტეილორი. ორივე სერიალში ობი-ვანი არის გენერალი კლონების ომებში და ანაკინთან ერთად აქვს უამრავი თავგადასავალი სეპარატისტებთან ბრძოლისას. ომებში ობი-ვანს დიპლომატიურმა ნიჭმა „მომლაპარაკებლის“ ზედმეტსახელი მოუტანა, მას ბრძოლების დასრულება იარაღის გარეშე შეეძლო.[27] ბოლოს ნახსენებ სერიალში იგი არაერთხელ ებრძვის გენერალ გრივუსს, ბნელ ჯედაი ასაჟ ვენტრესსა და გრაფ დუკუს. ასევე წარმოჩენილია მისი სასიყვარულო ურთიერთობა სატილ კრიზსთან და მოსისხლე მტრის, დართ მოლის, დაბრუნება.[28]
ანიმაციურ სერიალ აჯანყებულებში, ახალ იმედამდე 4 წლით ადრე, ობი-ვანი ჩნდება საპილოტე სერიაში როგორც ჰოლოგრამა. მესამე სეზონში პროტაგონისტი ეზრა ბრიჯერი იგებს, რომ ობი-ვანი ცოცხალია ტატუინზე, როცა ობი-ვანს იპოვის დართ მოლიც.[29] ეპიზოდში „ტყუპი მზები“ ობი-ვანი იპოვის უდაბნოში დაკარგულ ეზრას და ეუბნება, რომ მოლი მის გამოყენებას ცდილობდა. იმავე მომენტში მოლი თავს ესხმის მათ, კენობი ეზრას გაქცევას უბრძანებს. ობი-ვანი სასიკვდილოდ ჭრის მოლს მოკლე დუელის შედეგად, სიკვდილამდე მოლი კენობის ამცნობს, რომ იცოდა ლუკის არსებობის შესახებ და ამბობს, რომ ლუკი შურს იძიებს მათთვის. მოლის სიკვდილის შემდეგ კენობი შორიდან აკვირდება ლუკს.[30]
აჯანყებულებში ობი-ვანს ახმოვანებს სტივენ სტანტონი, რომელმაც ჩაანაცვლა ჯეიმზ არნოლდ ტეილორი.[31][32] აჯანყებულების შემქმნელი დეივ ფილონი, რომელიც პერსონაჟზე მუშაობდა კლონების ომებშიც თქვა, რომ იგი აპირებდა ივან მაკრეგორისთვის ეთხოვა პერსონაჟის გახმოვანება, თუმცა გადაიფიქრა.[2][33]
ივან მაკგრეგორი დაუბრუნდა როლს სერიალში ობი-ვან კენობი Disney+-ში, სერიალის მოქმედებები მიმდინარეობს ორიგინალ და პრიქველ ტრილოგიებს შორის.[34][35][36][37][38] სერიალის შესახებ ოფიციალურად ცნობილი გახდა 2019 წლის 23 აგვისტოს, D23 Expo-ზე. მაკგრეგორის თქმით, სერიალის გამოცხადებამ შვება მოჰგვარა, რადგან მანამდე, 4 წლის განმავლობაში ხალსის მოტყუება უწევდა, ასევე, განაცხადა, რომ სერიალი 6 ერთსაათიანი ეპიზოდისგან იქნებოდა შემდგარი.[36] სერიალის რეჟისორია დებორა ჩოუ, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერები ჩოუ და ჰოსეინ ამინი, რომელიც სიუჟეტის ავტორიცაა. აღმასრულებელ პროდიუსერებს შორისაა მაკგრეგორი, კეთლინ კენედი და ტრეისი სიუორდი.[37] 2020 წელს, დისნეის ინვესტორთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ სერიალში მონაწილეობას მიიღებდა და დართ ვეიდერის როლს დაუბრუნდებოდა ჰეიდენ კრისტენსენი[39] და მისი სიუჟეტი „სითების შურისძიებიდან“ ათი წლის შემდეგ განვითარდებოდა.[35][გ] 2021 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ გადაღებები აპრილში დაიწყებოდა და მსახიობებს შორის იქნებოდა ჯოელ ეჯერტონი,[დ] ბონი პისი,[ე] კუმაილ ნანჯიანი, ინდირა ვარმა, რუპერტ ფრენდი, ო'ში ჯექსონ ჯუნიორი, სუნგ კანგი, საიმონ კასელი და ბენი საფდი.[38]
ობი-ვან კენობი მოკლე ხნით ჩნდება რომანში „ბნელი მოციქული“ (Dark Disciple, 2015), რომელიც „კლონების ომის“ დაუმთავრებელ ეპიზოდებს ეფუძნება. მასში გაშლილია კენობის და განდგომილი ჯედაის, კუინლან ვოსის მეგობრობა.[41]
„უკანასკნელი ჯედაის“ (2017) რომანიზაციაში, რომლის ავტორია ჯეისონ ფრაი, ლუკს, ძალასთან შეერთების მომენტში კენობის ხმა ესმის: „let go“.
Marvel Comics-ის ხუთი გამოცემისგან შემდგარი მინისერია „ობი-ვანი და ანაკინი“ (Obi-Wan and Anakin) ეხება სათაურში მოხსენიებულ პერსონაჟებს I და II ეპიზოდებს შორის პერიოდში.[41] 2015 წლის კომიქსში ლუკ სკაიუოკერი ტატუინზე, ობი-ვანის მიტოვებულ საცხოვრებელში მიდის და იქ დღიურს აღმოაჩენს, რომელშიც ობი-ვანის წარსული თავგადასავლებია მოთხრობილი.[41][42]
ობი-ვანი მთავარი პერსონაჟია კლაუდია გრეის რომანისა „ოსტატი და შეგირდი“ (Master and Apprentice, 2019), რომლის სიუჟეტიც I ეპიზოდზე ადრე ვითარდება. წიგნში დეტალურადაა მოთხრობილი მისი ურთიერთობა თავის ოსტატთან, ქუაი-გონ ჯინთან.[43] ასევე, იგი მთავარი პერსონაჟია მაიკ ჩენის რომანისა „საძმო“ (Brotherhood, 2022), რომლის სიუჟეტიც კლონების ომის დასაწყისში ვითარდება.[44] პერსონაჟის ცხოვრების ადრეულ წლებს და მისი მოწაფეობის პერიოდს ეხება კირსტენ უაითის რომანი „ვარსკვლავური ომები: პადავანი“ (Star Wars Padawan, 2022).[45]
ობი-ვან კენობი ხშირად ჩნდება ვარსკვლავური ომების გაფართოებული სამყაროს კომიქსებსა და წიგნებში. ამაში შედის „კლონების ომამდე“ გამოსული ყველანაირი ნამუშევარი ეპიზოდური ფილმების გარდა, რომლებიც 2014 წლის აპრილში Disney-მ და Lucasfilm-მა „ლეგენდების“ სათაურის ქვეშ გააერთიანა და არაკანონიკურად გამოაცხადა.[46][47][48]
ობი-ვანის ცხოვრება I ეპიზოდში განვითარებულ მოვლენებამდე მეტწილად მოტხრობილია ჯუდ უოტსონის სერიებში „ჯედაის შეგირდი“, რომელიც ქვაი-გონის მოწაფეობის დროს მის თავგადასავლებს შეეხება. რომანებიდან მნიშვნელოვანი მოვლენებია მისი ბრძოლა ბნელ ჯედაი ზანატოსთან და მისი პირველი დამოუკიდებელი მისია. უოტსონის სერიები „ჯედაის დავალება“ (Jedi Quest) მოგვითხრობს კენობის თავგადასავლებზე ანაკინთან ერთად III ეპიზოდამდე.
ობი-ვანის გმირობები კლონების ომამდე და ომის დროს მოთხრობილია რომანებში Outbound Flight, The Approaching Storm და The Cestus Deception.
ობი-ვანის ცხოვრება „სითების შურისძიებასა“ და „ახალ იმედს“ შორის ძირითადად მოთხრობილია ჯუდ უოტსონის სერიებში „უკანსკნელი ჯედაი“ (The Last of the Jedi). სიუჟეტი რესპუბლიკის დაცემიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ვითარდება. მასში მოთხრობილია კენობის მიერ ჯედაების დიდი წმენდას გადარჩენილების ძებნის პროცესი, განსაკუთრებით, ანაკინის ყოფილი მოწინააღმდეგის, ფერუს ოლინის ძებნა. ასევე, ნაჩვენებია, თუ როგორ ეგუება კენობი განდეგილის ცხოვრებას ტატუინზე და ლუკის მეთვალყურეობას. ობი-ვანი აღმოაჩენს, რომ ვეიდერი კვლავ ცოცხალია მას შემდეგ, რაც მას ჰოლონეტზე, გალაქტიკის ოფიციალურ ჰოლოგრაფიულ მაუწყებლობაზე იხილავს.
ობი-ვანი ჩნდება რომანის Dark Lord: The Rise of Darth Vader ბოლო თავში, სადაც სიუჟეტი „სითების შურისძიებიდან“ ცოტა ხნის შემდეგ ვითარდება და სადაც ის შეიტყობს, რომ ვეიდერი მუსტაფარზე მომხდარ დუელს გადაურჩა.
ბევრ წიგნში, რომელიც „ჯედაის დაბრუნების“ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება, კენობი ძალის აჩრდილის სახით ჩნდება. რომანში The Truce at Bakura, იგი ლუკს აფრთხილებს საფრთხის შესახებ, რომელსაც სსი-რუუკი წარმოადგენს; The Lost City of the Jedi-ში იგი ლუკს იავინ IV-ზე არსებულ ჯედაების ქალაქისკენ გაუძღვება. რომენში „იმპერიის მემკვიდრე“ (Heir to the Empire) კენობი ლუკს ემშვიდობება და ეუბნება, რომ აჩრდილის ფორმიდან არსებობის უფრო მაღალ ფორმაში უნდა გადაინაცვლოს. გამომშვიდობებამდე ლუკი ეუბნება, რომ ობი-ვანი მისთვის მამასავით იყო, რაზეც კენობი პასუხობს, რომ ლუკი მასაც შვილივით უყვარდა.
Kenobi წარმოადგენს 2013 წლის 27 აგვისტოს გამოსულ რომანს, რომელშიც გადმოცემულია ტატუინის უდაბნოში კენობის ცხოვრების პირველი დღეები. მისი ავტორია ჯონ ჯექსონ მილერი,
ობი-ვან კენობი არაერთ ვიდეოთამაშში ჩნდება, რომელთა შორისაა:
Marvel-ის 1977 წლის კომიქსი „ვარსკვლავური ომები“ , #24-ში გვხვდება კენობი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში.
პერსონაი გვხვდება Dark Horse Comics-ის არაერთ ნაწარმოებში, მათგან რამდენიმე კლონების ომის პერიოდს ეხება. კომიქსში Star Wars: Republic (1998–2006) ობი-ვანი სეპარატისტებს ებრძვის. მას იტაცებს და აწამებს ასაჟ ვენტრისი, შემდეგ კი ანაკინი გადაარჩენს („Hate & Fear“). მოგვიანებით, კენობი შეიპყრობს განდგომილ ჯედაი ოსტატ ქუინლან ვოსს („The Dreadnaughts of Rendili“). კომიქსების სიუჟეტის განმავლობაში კენობი სულ უფრო ეჭვით განეწყობა პალპატინის გეგმების და ანაკინზე მისი გავლენის გამო.
არაკანონიკურ ისტორიაში სახელწოდებით "Old Wounds", რომელიც Star Wars: Visionaries ფარგლებში გამოიცა (2005), სიუჟეტი „სითების შურისძიებიდან“ რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება. ტატუინზე მყოფი ობი-ვანი ლუკის დასაცავად დართ მოლს დაუპირისპირდება. დუელი მთავრდება, როცა მოლს ოუენ ლარსი კლავს და კენობის აფრთხილებს, რომ ლუკისგან თავი შორს დაიჭიროს. ძალის დახმარებით, ობი-ვანი არწმუნებს ლუკს, რომ როცა დასჭირდება, ყოველთვის მის გვერდით იქნება.
ორიგინალ ფილმზე ჟურნალმა Mad შექმნა პაროდია სახელწოდებით „ვარსკვლავური ღრიალები“ (Star Roars), რომელშიც გვევლინება პერსონაჟი სახელით „Oldie Von Moldie” (ქართ. „ობიანი ბებერი“). პერსონაჟს აქვს სინათლის ხმალი, რომელიც ელექტროკაბელით მუშაობს. შანხაის ღამის კლუბს, რომელიც ნაჩვენებია ფილმ „ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ტაძრის“ დასაწყისში, ეწოდება „ობი-ვანის კლუბი“ (ლუკასმა შექმნა როგორც „ვარსკვლავური ომების“, ასევე „ინდიანა ჯონსის“ სერიები). ანალოგიური სახელწოდებით არსებობდა რეალური კლუბი პეკინის ზიჰაის უბანში, თუმცა იგი დაიხურა 2010 წლის ზაფხულში. „სუპერ მარიო ძმების სუპერ შოუს“ ერთ-ერთი ეპიზოდი, „Star Koopa“ („ვარსკვლავური ომების“ პაროდია) ასევე შეიცავდა პაროდიას ობი-ვანის პერსონაჟზე სახელით „Obi-Wan Toadi“ (ქართ. „ობი-ვან გომბეშო“), ხოლო კინემატოგრაფიული სეგმენტი „Zenned out Mario“ შეიცავდა პაროდიას „Obi-Wan Cannoli“ სახელით. „Pinky and the Brain“ 1998 წლის ეპიზოდში „ვარსკვლავური უორნერები“ („Star Warners“, პაროდია ვარსკვლავურ ომებზე) პერსონაჟი Slappy Squirrel განასახიერებდა ობი-ვანის პაროდიას სახელით „Slappy Wanna Nappy“. „Family Guy“-ს („მეოჯახე ტიპი“) ეპიზოდში „ლურჯი მოსავალი“ ობი ვან კენობის პაროდიას ასრულებს ჰერბერტის პერსონაჟი. მოკლემეტრაჟიან ფილმში „Thumb Wars“ („ცერების ომები“) ობი-ვანის პერსონაჟი იშარჟება სახელით „Oobedoob Benubi“. ფილმში მისი სრული სახელია „Oobedoob Scooby-Doobi Benubi – გალაქტიკაში ყველაზე სულელური სახელი“. 1977 წლის „ვარსკვლავური ომების“ პაროდიაში „Hardware Wars” („აპარატურის ომები“), ობი-ვანის პაროდიას წარმოადგენს პერსონაჟი „Augie Ben Doggie“.
ალეკ გინესმა მოიპოვა ოსკარი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის IV ეპიზოდისთვის.
პაროდიული ჟანრის სიმღერაში „The Saga Begins“ („საგა იწყება“), რომელიც გამოშვებულ იქნა I ეპიზოდიდან („ფარული საფრთხე“) დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, „უცნაური ალ“ იანკოვიჩი მღერის აღნიშნული ფილმის იუმორისტულ მონახაზს, რომელიც გადმოცემულია ობი-ვანის პერსპექტივიდან. მელოდიად გამოყენებულია სიმღერა „American Pie“ („ამერიკული ნამცხვარი“).
2003 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა განათავსა ობი-ვან კენობი 37-ე ადგილზე AFI-ს ასწლეულის ას გმირსა და ბოროტმოქმედს შორის, გმირთა კატეგორიაში.[51] იგი, ასევე, დასახელებულია მესამე საუკეთესო „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟად IGN-ის მიერ[52], ისევე, როგორც UGO Networks-ის ყველა დროის ერთ-ერთ ფავორიტ გმირად.[53]
2004 წელს ლუბიჩის კომუნის საბჭომ (პოლონეთი) მიიღო რეზოლუცია, რითაც ობი-ვან კენობის სახელი მიენიჭა მის ერთ-ერთ ქუჩას გრაბოვეცში, რომელიც წარმოადგენს პატარა სოფელს ქალაქ ტორუნის მახლობლად.[54] ქუჩას სახელი ეწოდა 2005 წელს. ქუჩის სახელის დაწერილი ფორმა Obi-Wana Kenobiego არის პოლონურ ენაზე არსებითი სახელის ნათესაობითი ფორმა: ობი-ვან კენობის (ქუჩა).[55]
The Guardian-ის კარიკატურისტმა სტივ ბელმა გამოსახა ჯერემი კორბინი, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერი, ობი-ვან კენობის ვიზუალით.[56]
იუან მაკგრეგორის პორტრეტები ობი-ვან კენობის როლში ხშირად ეშლებათ იესოს ხატებში.[57]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.